გვაქვს უთვალავი ფერითა (ათი წელიწადი ნოემბრიდან - ნოემბრამდე) - კვირის პალიტრა

გვაქვს უთვალავი ფერითა (ათი წელიწადი ნოემბრიდან - ნოემბრამდე)

,,Come on! Misha was and still is a dictator and you guys know it very well!’’ (,,მორჩით რა! მიშა იყო და ახლაც არის დიქტატორი და თქვენ, ბიჭებო, ეს შესანიშნავად იცით!’’) ემოციურად ეუბნებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და სააკაშვილის გადადგომის შემდეგ თბილისში ჩამოსულ ამერიკელ დიპლომატებს ჩემი მეგობარი, თბილისში მცხოვრები ინგლისურენოვანი ბიზნესმენი. ,,როგორ ფიქრობთ, დიქტატორი რომ არ ყოფილიყო, შეძლებდა სულ 4 წელიწადში ამ უბედური ქვეყნის ასეთ გარდაქმნას? კორუფციის აღმოფხვრას? ქურდების ამოძირკვას? ინფრასტრუქტურის შექმნას? ცხადია ამის ნაწილსაც ვერ გააკეთებდა! ახლა ქართველ ხალხს სჭირდება თანადგომა, თქვენ კი იმაზე მსჯელობთ, რამდენად იმსახურებს დახმარებას ქვეყანა, რომლის რეჟიმი არ არის დემოკრატიული. ისე ლაპარაკობთ, თითქოს ადრე ეს ყველაფერი არ იცოდით!’’, არ ცხრებოდა ჩემი მეგობარი. ამერიკელები კი ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ რომ საქართველოს ყურადღებას მომავალშიც არ მოაკლებდნენ.

,,ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა განვლო გზა მთელი ხალხისათვის საყვარელი ლიდერიდან - ხალხის უმრავლესობისათვის საძულველ ტირანამდე’’, წერს ოლგა ალიონოვა, ჟურნალისტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აშუქებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. უოლტერ რასელ მიდის აზრით სააკაშვილი ,,საქართველოს ყველაზე საშინელი მტერია’’, დაგ ბენდოუმ ის ,,იდიოტ ბავშვს შეადარა’’, კოლინ პაუელმა სიენენის ეთერში ,,ჭკუანაღრძობი’’ უწოდა. მეორე მხრივ, დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა მრავალი წერილი, რომლებშიც აქცენტი სააკაშვილის მმართველობის დროს გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე კეთდება, ამ დღეებში კი ,,უოლ სტრიტ ჯორნალმა’’ სააკაშვილი ქართველ ჯორჯ ვაშინგტონად აღიარა.

მაინც როგორ უნდა შეფასდეს ჩვენი ისტორიის ბოლო ათი, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი წელიწადი - 2003 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე?

მეოცე საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი იოზეფ შუმპეტერი აღნიშნავს, რომ როდესაც ჩვეულებრივი, პოლიტიკურ პროცესებში უშუალოდ არაჩართული ადამიანი იწყებს მსჯელობას პოლიტიკურ საკითხებზე, ის მაშინათვე ველურ, პრიმიტიულ არსებად გარდაიქმნება, ვნებებს აჰყვება, კარგავს ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარს, მისი აზროვნება ასოციატური და აფექტური ხდება. შუმპეტერი დასძენს, რომ ასეთი რამ ემართებათ არა მხოლოდ გაუნათლებელ, არამედ ფრიად განათლებულ, კულტურულ ადამიანებსაც. აქ ვერ მოვიყვან შუმპეტერის ბრწყინვალე ანალიზს და არგუმენტაციას. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ მისი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ გასულ 70 წლის განმავლობაში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა მრავალჯერ დაამტკიცა მისი აზრების სისწორე. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის რეაგირებაც საქართველოში ბოლო მეოთხედ საუკუნის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ბევრი ადამიანი მართლაც ნამდვილ ველურად გარდაიქმნება, როგორც კი პოლიტიკაზე მიდგება საუბარი.

იოზეფ შუმპეტერმა თავისი დასკვნები დასავლეთ ევროპელებზე დაკვირვების საფუძველზე გამოიტანა. დასავლეთ ევროპელებისაგან განსხვავებით, პოსტსაბჭოური სივრცის წარმომადგენლებს, ე.წ. ,,ჰომო სოვიეტიკუსებს’’, სრულიად ობიექტური ისტორიული პირობების გამო მასობრივად ახასიათებთ კატეგორიული აზროვნება, ,,მიტინგიტისათვის’’ დამახასიათებელი რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და  სინამდვილის მხოლოდ შავ ან თეთრ ფერებში აღქმა (თანაც, საკმაოდ ხშირად, ,,ჰომო სოვიეტიკუსს’’ თეთრი შავად ეჩვენება, შავი კი თეთრად). არადა რვა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩვენმა გენიალურმა წინაპარმა განაცხადა, რომ ეს ქვეყანა ,,გვაქვს უთვალავი ფერითა’’....

მოცემულ წერილში, შავთეთრი სურათის ნაცვლად,  გთავაზობთ  ჩვენი უახლესი ისტორიის ბოლო ათი წლის მოკლე და სქემატურ, მაგრამ ამავდროულად პირუთვნელ, მიუკერძოებელ, ყოველგვარ ემოციებს მოკლებულ ანალიზს და შეფასებებს.

მოკლე შესავალი: 1998 წლის აგვისტოში ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში გერი ბეკერმა საქართველოს ,,თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩემპიონი უწოდა’’. გამოჩენილი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად მძიმე სტარტისა (სამოქალაქო ომი, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების თარეში, სისხლიანი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და სხვა, საქართველომ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით შეძლო ვითარების სტაბილიზირება, უაღრესად ეფექტიანი რეფორმების წამოწყება და მოკლე დროში ბრწყინვალე შედეგების მიღწევა. ამავდროულად ბეკერი წუხდა, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ დაწესებული გადასახადი იმდენად მაღალი იყო, რომ ქართველი ბიზნესმენები ვერ იხდიდნენ მას და ერჩივნათ ,,ჩრდილში’’ გადასვლა, რის გამოც კორუფცია სწრაფად იზრდებოდა...

კორუფციის სწრაფმა ზრდამ, რაც, ცხადია, ბეკერის მიერ დასახელებული მიზეზის გარდა სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული, არ შეუშალა ხელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის (სმკ) ახალგაზრდა ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ბეკერის წერილის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ გამოეცხადებინა, რომ სმკ-ამ შევარდნაძის ხელმძღვანელობით უდიდეს წარმატებებს მიაღწია სახელმწიფოს აღმშენებლობაში, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელი სამარდჟამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში და რომ ის ამაყობს იმით, რომ დგას შევარდნაძის გვერდით. (მკითხველს შეუძლია გაეცნოს სააკაშვილის ვრცელ გამოსვლას youtube - ის მეშვეობით და გაიხსენოს, რას ამბობდა სააკაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ 10 წლის განმავლობაში შევარდნაძეზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე ,,სააკაშვილის ეპოქამდე’’. ასეთი გახსენება დაეხმარება მიუკერძოებელ მკითხველს ზუსტად შეაფასოს არამარტო სააკაშვილის უზნეობის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების განვითარების დონე.

კორუფცია კი 1998 – 2003 წლებში მზარდი სისწრაფით იზრდებოდა და ტოტალური გახდა. შეიქმნა სრულიად აუტანელი ვითარება და 2003 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ბოლო წვეთი იყო დატანჯული მოსახლეობისათვის.

,,2003 წლისათვის საქართველოში რეფორმები შეფერხდა და ჩიხში შევიდა. საქართველო ფაქტობრივად არშემდგარ სახელმწიფოდ იქცა. მატულობდა პოლიტიკური ძალაუფლების ფრაგმენტაცია, უსაზღვროდ იზრდებოდა კორუფცია და კრიმინალი, მასწავლებლებისათვის ხელფასებისა და პენსიონერებისათვის პენსიების გაცემა მასობრივად იგვიანებდა, ინფრასტრუქტურა კოლაფსს უახლოვდებოდა, ქვეყნის დიდ ნაწილს საერთოდ არ მიეწოდებოდა ელექტოენერგია, გზების მდგომარეობა კი განუწყვეტლივ უარესდებოდა’’, ასე შეაფასა მსოფლიო ბანკმა საქართველოში ვარდების რევოლუციამდე შექმნილი ვითარება. მბ-ს ანგარიშის ამ ფრაგმენტში გასაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფრაზა ,,მატულობდა პოლიტიკური ძალაუფლების ფრაგმენტაცია’’. ამ წერილში არ გავაანალიზებ ამ ფრაზის აზრს. ვფიქრობ ყველა, ვისაც ის წლები ახსოვს, ხვდება, რა როლი შეასრულა პოლიტიკური ძალაუფლების მზარდმა ფრაგმენტაციამ მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემოდგომაზე სააკაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია. მისი პროგრამა და ლოზუნგები (კორუფციის დამარცხება, ბიზნესმენების, თვითდასაქმებულებისა და გლეხობის გათავისუფლება ზედმეტი გადასახადებისაგან, პენსიების დროული გაცემა და გაზრდა და ა.შ.) ყველასათვის გასაგები ენით და უაღრესად დამაჯერებლად იყო წარმოდგენილი. მომავალში ,,გამარჯვებული ხალხის გამარჯვებულ ტელევიზიად’’ წოდებული ,,რუსთავი-2’’ შეუფერხებლად და ეფექტურად აშუქებდა სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების შეუპოვარ ბრძოლას კორუმპირებულ ხელისუფლებასთან. აღსანიშნავია, რომ ჟვანია-ბურჯანაძის გუნდისაგან განსხვავებით, არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიებში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები არავითარ გარიგებებში არ შედიოდნენ სხვებთან და ითხოვდნენ მხოლოდ იმ ხმებს, რაც რეალურად მოიპოვეს. ჟვანიას გუნდი კი, ვარდების რევოლუციის დღეებში, აპროტესტებდა იმ პროცენტებს, რომელიც სინამდვილეში მიღებული არ ჰქონდა. ყველაზე კარგად ეს სიყალბე თვითონ ჟვანიამ და მისმა თანამებრძოლებმა იცოდნენ.... შეგახსენებთ იმასაც, რომ 2003 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დროსაც ჟვანიას და სააკაშვილის გუნდების ლიდერები არ ერიდებოდნენ აგრესიულ, სალანძღავ საჯარო განცხადებებს ერთმანეთის მისამართით. მათი გაერთიანება კი მხოლოდ ბოლო დღეებში შედგა ხალხის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად - ისინი მიხვდენენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის მხარდაჭერას დაკარგავდნენ. წინასაარჩევნო პერიოდში და ნოემბრის დღეებში ედუარდ შევარდნაძე პრაქტიკულად არ ერეოდა პროცესებში, მისი გარემოცვის მოქმედება კი სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, ბოლო აკორდის - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ჩათვლით, მხოლოდ ,,რევოლუციონერებს’’ აძლევდა ხელს. შევარდნაძეს აზრადაც არ მოსვლია გამოეყენებინა ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენების ბრძანება რომც გაცემულიყო, მას არავინ შეასრულებდა. ჩემი ყურით გამიგია, როგორ ლანძღავდნენ უკანასკნელი სიტყვებით მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფო კანცელარიის შენობის გარშემო ჩაყენებული, ფარებით და ხელკეტებით აღჭურვილი პოლიციელები. ამასობაში მათი უფროსების ნაწილი მიტინგზე გამოდიოდა და საზეიმოდ აცხადებდა, რომ პოლიცია ხალხის გვერდით იდგა.

აქვე უარვყოფ მყარად დამკვიდრებულ მითს და ვაცხადებ, რომ არც ჯორჯ სოროს, არც აშშ-ს ადმინისტრაციას, არც არავითარ დასავლურ ორგანიზაციას არანაირი ქმედითი დახმარება არ გაუწევიათ რევოლუციონერებისათვის. უფრო მეტიც. აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი აშშ-ს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელით კატეგორიულად აფრთხილებდა რევოლუციის ლიდერებს არ მოეთხოვათ შევარდნაძის გადადგომა კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადამდე. მაილსი იმასაც ეუბნებოდა მათ, რომ შევარდნაძის იძულებით ვადამდელი გადადგომის შემთხვევაში, რევოლუციის ლიდერები ადრე თუ გვიან შევარდნაძეზე ბევრად უარესად დაასრულებდნენ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამის პასუხად ამ ლიდერებმა მაილსს ,,ვარდების რევოლუციის დაუძინებელი მტერი’’ უწოდეს. 2003 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს პრესაში ბევრი დაიწერა რიჩარდ მაილსზე, როგორც ვარდების რევოლუციის ორგანიზატორზე და დირიჟორზე. ერთერთმა ტელევიზიამ ,,დოკუმენტური’’ ფილმიც კი უძღვნა ამ თემას. (ეს ყველაფერი გავახსენე მას 2005 წელს მისი გაცილებისას. გულიანად იცინა და მითხრა: ,,რას იზამ. ხშირად ასე იწერება კაცობრიობის ისტორია’’).

2004 წლის იანვრის დასაწყისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. არჩევნებში მონაწილეთა 95-მა პროცენტმა სააკაშვილს მისცა ხმა. უცხოელმა დამკვირვებლებმა იმ არჩევნებს ,,ზვავური არჩევნები’’ უწოდეს. სააკაშვილმა და მასთან ერთად ,,ახალგაზრდა რეფორმატორთა’’ მთელმა გუნდმა ხალხის ნდობის უძლიერესი მანდატი მიიღო. მაშინდელი ეკონომიკური ვითარება მართლაც კატასტროფული იყო. ახალ ხელისუფლებას პრაქტიკულად ცარიელი ხაზინა დახვდა და სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდი გაშმაგებული ენერგიით შეუდგა ვითარების გამოსწორებას. ახალ ლიდერებს კარგად ესმოდათ, რომ დანაპირების სწრაფად და დამაჯერებლად არშესრულების შემთხვევაში ხალხის ნდობა და სიყვარული სულ მალე გაწბილებით და სიძულვილით შეიცვლებოდა. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში (პირობითად 2007 წლის 7 ნოემბრამდე) ახალმა ხელისუფლებამ საოცარ შედეგებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში ბევრის მნახველი უცხოელი ექსპერტები ხშირად ამბობდნენ, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ახალგაზრდებს ,,ჯადოსნური ჯოხი’’ ეპყრათ ხელში - ,,საკმარისია გააქნიონ ეს ჯოხი და ყველაფერი უცებ იცვლება’’, ამბობდნენ ისინი. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთ მოკლე დროში შესაძლებელი იყო მასობრივი კორუფციის აღმოფხვრა; კრიმინალების თარეშის აღკვეთა და ე.წ. ,,კანონიერი ქურდების’’ ინსტიტუტის განადგურება როგორც ციხეებში, ისე ციხეებს გარეთ; საჯარო სამსახურის მთლიანი რეფორმირება; ახალი, თანამედროვე პოლიციის, არმიის, საბაჟო სამსახურის შექმნა და მრავალი სხვა. წარსულს ჩაბარდა პენსიების გაცემის დაგვიანება (საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ის 3 წელიწადს აღწევდა!). მოკლე ხანში სახელმწიფოს ბიუჯეტი 8-ჯერ გაიზარდა. არანახული ტემპით იზრდებოდა პირდაპირი ფინანსური ინვესტიციები უცხოეთიდან. 2007 წლის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 20% აღწევდა, ეს კი მსოფლიო რეკორდი იყო. სწრაფად და ხარისხიანად შენდებოდა ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში კი გზები, რომლებმაც დააკავშირა თბილისი და სხვა ქალაქები მანამდე ცენტრს პრაქტიკულად მოწყვეტილ დასახლებებთან. ენერგოსისტემის რეფორმირების შედეგად ელექტროენერგია მიეწოდა ისეთ რაიონებსაც, სადაც წლების განმავლობაში ნათურა არ ანთებულა. ერთი დეტალიც: ნაცისტების რეფორმების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველომქმედს, ბიძინა ივანიშვილს. ის არამარტო ვეებერთელა თანხებს ხარჯავდა რეფორმების უზრუნვეყოფისათვის, არამედ მნიშვნელოვან რჩევებსაც აძლევდა რეფორმატორებს. მაგალითად, საბაჟო სამსახურში ვითარების გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რჩევას დაუჯერეს და მებაჟეების ხშირი როტაციები განახორციელეს.

,,რეფორმების შემდეგ საქართველოში განვითარებული პროცესები უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც უნიკალური რეფორმების სისწრაფის, ინსტიტუციური რესტრუქტურიზაციის და ინოვაციების მასშტაბის თვალსაზრისით’’, ასე აფასებს მსოფლიო ბანკი ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში ჩატარებულ რეფორმებს. პირად საუბრებში ექსპერტები ადასტურებდნენ, რომ მბ-ს არსებობის მანძილზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ განუხორციელებია ასეთი სწრაფი და ეფექტიანი რეფორმა ასეთ მოკლე დროში.

სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და განუწყვეტელი ზეჭარბი პიარის შედეგად, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ბოლო წლებში ძალიან აღიზიანებს ნაცისტების მიერ პირველ 4 წელიწადში მიღწეული შედეგების ხსენება. ეს გაღიზიანება ბუნებრივია და სავსებით ადამიანური. საგულისხმოა, რომ ღიზიანდებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც თავის დროზე პირდაპირ თუ ირიბად დაუკავშირა თავისი კეთილდღეობა ვარდების რევოლუციამდე მოქმედ კორუმპირებულ სისტემას, არამედ ისინიც, ვინც თავიდან აღფრთოვანებული იყო ნაცისტების მიღწევებით. მაგრამ ფაქტები ჯიუტია და ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად რჩება განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს იგი.

წერილის მოცულობა არ მაძლევს საშუალებას უფრო დეტალურად აღვწერო ნაცისტების მნიშვნელოვანი მიღწევები. კონტრასტისათვის მინდა გავიხსენო ზოგი რამ, რაც ხდებოდა ჩვენში ვარდების რევოლუციამდე. მახსოვს, როგორ ეჩურჩულებოდა მთავრობის სხდომაზე ერთი ძალოვანი მინისტრი სხვა მინისტრებს, რომ შაქრომ (კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა) მობილურით დაურეკა და რაღაც დაავალა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ასულიყო შაქროსთან წყნეთში. მაშინდელი ხელისუფლების მრავალი წევრი ამაყობდა ცნობილ ქურდებთან ურთიერთობით. ზოგიერთ კანონიერ ქურდს კი აეროპორტში ხვდებოდნენ პოლიციის კორტეჟით, როგორც უცხო ქვეყნის პრეზიდენტს. ,,სასამართლოების შენობების დერეფნებში რომ გაიარო, ოთახებიდან ფულის გადაცემის შრიალს გაიგონებ’’, იუმორით მეუბნებოდა ერთი ცნობილი იურისტი.

ამ ადგილამდე მისულმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ავტორს მიაჩნია, რომ 4 წლის განმავლობაში, 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის 7 ნოემბრამდე სააკაშვილი და მისი თანაგუნდელ-თანამზრახველები მხოლოდ კარგ საქმეებს აკეთებდნენ და ყველაფერ ერთ დღეში, 2003 წლის 7 ნოემბერში შეტრიალდა. ,,ნურას უკაცრავად!’’, როგორც იტყოდა ჩვენი ,,მაღალი’’. მთავარი სწორედ ის არის, რომ სააკაშვილი და სხვები ყოველთვის მოქმედებდნენ სრულიად მანკიერი პრინციპით: ,,მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას’’. ეს პრინციპი მათ ნამდვილ კულტად აქციეს. უკლებლივ ყველა დადებითი და მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული იყო არა მარტო პატიოსანი მუშაკების დაუღალავი შრომის, არამედ ხელმძღვანელი პირების უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შედეგად. რეფორმატორებმა არა მარტო შეცვალეს მრავალი კანონი და ამ ცვლილებებით გაიფართოეს თავისი უფლებები და შეზღუდეს საზოგადოების კონტროლი, არამედ უხეშად არღვევდნენ მოქმედ კანონებსაც. საკმარისია ითქვას, რომ ელიტარული კორუფციის სიმბოლოებად ცნობილი ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები სრულიად უკანონო იყო. მართალია, ეს ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიდნენ საპროცესო გარიგებებში და ამით ადასტურებდნენ თავის კორუმპირებულობას, მაგრამ მათ აპატიმრებდნენ მათი ბრალეულობის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რაც დიდი დანაშაული იყო ხელისუფლების მხრიდან. ასევე, სრულიად გაუმჭვირვალე იყო მათ მიერ თანხების გადახდა. დღემდე ვერავინ დაადგინა, რა თანხები ჩაირიცხა მაშინ ბიუჯეტში და რა - ნაცისტების ე.წ. ,,ობშჩიაკში’’. ასევე უკანონო მეთოდებით ხორციელდებოდა სახელმწიფო სამსახურის რეფორმა. ეს რეფორმა ერთი და იგივე სქემით მიმდინარეობდა: სამინისტროს ან სხვა უწყების ხელმძღვანელად ინიშნებოდა ნაცების ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მაშინათვე უკანონოდ მოითხოვდა, რომ ყველას დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე საკუთარი სურვილით. ამ მოთხოვნას უკლებლივ ყველა ასრულებდა. დიდი იყო შიში და ყველას ესმოდა, რომ სასამართლოში ჩივილს აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ პირველი პირი თვითონ არჩევდა ვინ დაეტოვებინა სამსახურში და ვინ არა. ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრად დანიშნულმა ოქრუაშვილმა სამინისტროში მისვლისთანავე ბრძანა ყველა კარი ჩაეკეტათ და არავინ გაეშვათ, მაგრამ პირველ წუთებში ზოგი პირველი სართულის ფანჯრებიდან გადახტა და გაქცევით უშველა თავს. წლების შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილს და რამდენიმე ადამიანს, ოქრუაშვილის ჩათვლით, პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა და ამან უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. კაცობრიობის მთელი ისტორია ცხადყოფს, რომ უსამართლობასთან უსამართლო მეთოდებით ბრძოლის შედეგად საბოლოოდ უფრო დიდი უსამართლობა მიიღწევა. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა იყო.

,,ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად’’. ლორდ ექტონის ეს უნივერსალური კანონიც არასოდეს დარღვეულა. 2004 წლის იანვარში სააკაშვილის ხმების 95%-ით არჩევის შემდეგ ხელისუფლებას ვეღარავინ აკონტროლებდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი მას-მედია სუსტი იყო და ვერ ასრულებდა ე.წ. ,,ყარაული ძაღლის’’ და ,,შოლტის’’ ფუნქციას ხელისუფლების მიმართ. პოლიტიკური ოპოზიციის მოქმედება უსუსური და კონტრპროდუქტიული იყო. გავიხსენოთ ყაჩაღი-გამომძალველი მოჭიდავეების დაცვა; 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციური ლიდერების მოწოდებები, რის შედეგადაც ხალხი რამდენიმე დღეში დაიშალა; საკნებით რუსთაველის გადაკეტვა 2009 წელს და მრავალი სხვა. ამ პირობებში ექტონის კანონი მძლავრად ამოქმედდა ჩვენში. თანაც ნაცისტების ლიდერების უმრავლესობას არ სჭირდებოდა დრო გარყვნისათვის. ისინი ამისათვის მთლიანად მზად იყვნენ. ერთადერთი, რაც მათ პირველ თვეებში აყოვნებდა, იყო საზოგადოების რეაქციის შიში. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ბევრი რამე გასდიოდათ, მაშინათვე დიდი ხალისით მიეცნენ გარყვნას და ძალაუფლებით ტკბობას. ხაზს ვუსვამ - ყველაფერი ეს დაიწყო ვარდების რევოლუციის პირველი დღეებიდან და ვითარდებოდა მართლაც და უნიკალური რეფორმების განხორციელების პარალელურად. უკონტროლო, აბსოლუტური ძალაუფლების მპყრობელ ახალგაზრდების აბსოლუტური გარყვნა გარდაუვალი იყო, მაგრამ ექტონის კანონის უნივერსალურობა, ცხადია, არ ათავისუფლებს მათ არც სისსხლის სამართლის და არც ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან. მოვიყვან მაგალითს. რომელიმე ქვეყანაში სამართალდამცველების მუშაობა მკვეთრად რომ გაუარესდეს, ცოტა ხანში ასევე მკვეთრად გაიზრდება სისხლის სამართლის დანაშაული და დამნაშავეთა რაოდენობა, მაგრამ დამნაშავეებს ვერ გაამართლებს ის, რომ დანაშაულის ჩადენა პოლიციის ცუდი მუშაობის გამო გაბედეს. ზუსტად ასევე, სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს ვერანაირად ვერ გაამართლებს ჩვენში სამოქალაქო საზოგადოების ისტორიული პირობებით გამოწვეული სისუსტე.

აღწერილი პოზიტიური და ნეგატიური პროცესების ფონზე 2007 წელი გარდატეხის წელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ იმ წელს, სიმბოლურად 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, საქართველოში მთლიანად შეწყდა რეფორმების განხორციელება. ამის შემდეგ სააკაშვილი და უკვე თანამზრახველებად გადაქცეული მისი თანაგუნდელები ზრუნავდნენ მხოლოდ პირადი ძალაუფლების შენარჩუნება-გაძლიერებაზე და გამდიდრებაზე. ხუთი წლის განმავლობაში, 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ისინი გამალებით აშენებდნენ ე.წ. ავტორიტარულ კლეპტოკრატიას, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ, პოლიციურ რეჟიმს, რომლის ბირთვს ციხეებში დამკვიდრებული სადისტური სისტემა წარმოადგენდა. სწორედ 2008-2012 წლებში მათ გაანადგურეს სოფლის მეურნეობა,  მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ქვეყანას ვეებერთელა საგარეო ვალი აჰკიდეს (13 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი). უნდა ვაღიაროთ, რომ პატარა საქართველოში ისინი უფრო ახლოს მივიდნენ პოსტსაბჭოური ელიტების სანუკვარ მიზანთან - ,,მართო სტალინივით და იცხოვრო აბრამოვიჩივით’’, ვიდრე ეს შეძლო თვით პუტინმა თავის ჩეკისტებთან ერთად ვეებერთელა რუსეთში (აქ იგულისხმება პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, მილიარდერი აბრამოვიჩი). დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ 2003 – 2007 წლებში უნიკალური ტემპებით განხორციელებული მოდერნიზაციამ საბოლოო ჯამში წელი მოწყვიტა ქვეყანას. ნორმალური ტემპებით განვითარების შემთხვევაში ჩვენ გაცილებით ნაკლები დანაკარგი გვექნებოდა და დღეს გაცილებით უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. აი პასუხი, სააკაშვილის ცნობილ კითხვაზე!

განხილულ დეკადაში განსაკუთრებული ადგილი ბოლო წელს (ანუ პერიოდს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან - დღემდე) უჭირავს. აქაც პოსტსაბჭოურ სივრცეში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დიდმა ქველმოქმედმა სპონტანურად და სრულიად მოუმზადებელმა (ეს ივანიშვილის გულწრფელი სიტყვებია) მიიღო გადაწყვეტილება შემოსულიყო პოლიტიკაში და გადაერჩინა თავისი ერი და სახელმწიფო. საკუთარი თავგანწირვის ფასად მან ეს ბრწყინვალედ შეძლო. თანმდევი შედეგის სახით მან გადაარჩინა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩაუშესკუს ბედს. რომ არა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება, ჩაუშესკუს ბედი ადრე თუ გვიან მათ არ ასცდებოდა. ხშირად ვამბობ, რომ ახალ ხელისუფლებას გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა სამართლიანობის აღსადგენად, თუმცა ამ მხრივ ივანიშვილთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს - ამაზე სხვებს უნდა ეზრუნათ. ამავდროულად ვაცხადებ, რომ ბევრად უარესი იქნებოდა, ახალ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა კვლავ უსამართლო მეთოდებით რომ დაეწყო.

დაბოლოს: ვარდების რევოლუციის შემდეგ მაშინათვე გამოიკვეთა მიმართულებები, რომლებზედაც სააკაშვილს სრული მონოპოლია ჰქონდა. ეს არის ურთიერთობა რუსეთთან და კონფლიქტების მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ სფეროში სააკაშვილის მოქმედება თავიდანვე, 2004 წლის მაისიდან მოყოლებული, სრულიად კონტრპროდუქტიული და ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის უაღრესად საზიანო იყო. 2008 წელს პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან მთლიანად მართულმა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა განახორციელეს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც გარდაუვალი კატასტროფით დასრულდა. ის რაც მათ გააკეთეს, სამშობლოს ნამდვილი ღალატია. ეს თემა ბლოგის რამდენიმე წერილში გავაანალიზე. ხოლო სრული ანალიზი ჩემს წიგნში ,,ავანტიურა 08.08.08’’-ში წარმოვადგინე. სწორედ ამის გამო მოცემულ წერილში აღარ შევეხე მას. თუმცა, სწორედ ამ დანაშაულის გამო, სააკაშვილი, რომელსაც ახლა ,,უოლ სტრიტ ჯორნალი’’ ქართველ ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებს, თავის თანამზრახველებთან ერთად, ისტორიაში სამშობლოს მოღალატედ შევა.

პეტრე მამრაძე, 3 ნოემბერი, 2013 წელი