კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია.... - კვირის პალიტრა

კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია....

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

გიორგი მარგველაშვილი, ,,ნიჩურტა - მე ქართველი ვარ"", 2001

ერთხელ, 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესჩივლა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომ მას (სააკაშვილს) დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა; რომ ისეთ საქმეებს ჩაეჭიდა, რომ ჯონ კენედივით დიდხანს არ აცლიდნენ და მალე მოკლავდნენ. ამაზე ზურაბ ჟვანიამ უთხრა: ,,არა მიშა, შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ. არავინ არ მოგკლავს და ჯანმრთელობაც არ გიმტყუნებს. გავა ბევრი, ძალიან ბევრი წელი და ბოლოს, ინდოჩინეთის რომელიმე ქვეყნის პატარა ქალაქის გარეუბანში, კოკაინ-ბარში აღმოაჩენენ 120 წლის ჩამომხმარი მოხუცის ცხედარს და ტრაგედია ის იქნება მხოლოდ, რომ აღარავის ემახსოვრება, რომ ეს კაცი ოდესღაც ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნის, საქართველოს, პრეზიდენტი იყო"". ამაზე გულიანად იცინა ორივემ.

დააპატიმრებენ თუ არა სააკაშვილს მისი ვადის დასრულების შემდეგ? - აი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც უკვე ერთი წელია მისვამენ დასავლეთელი დიპლომატები და ექსპერტები. კითხვის ფორმა სხვადასხვაა. ზოგჯერ მეკითხებიან, აპირებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დაჭერას, ან რა გეგმები აქვს ივანიშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით და ა.შ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ივანიშვილი მართლაც მიდის პოლიტიკიდან, ასეთმა შეკითხვებმა იკლო, სამაგიეროდ გახშირდა კითხვა - აღძრავენ თუ არა სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილის მიმართ?

ყოველთვის ვპასუხობ, რომ პოლიტიკურ დევნას სააკაშვილის მიმართ არავინ განახორციელებს, მაგრამ თუ გამოძიებას შეუგროვდება სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი მასალები, მაშინ ამ მასალებისათვის კანონით გათვალისწინებული მსვლელობის მიცემას ვერავინ შეაჩერებს: ვერც მინისტრთა კაბინეტი, ვერც პარლამენტი და ვერც ივანიშვილი. ვახსენებ დასავლეთელ კოლეგებს, რომ ასეთ დროს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დანაშაულზე ხელის დაფარვა და საქმის აღძვრისათვის ხელის შეშლა მძიმე დანაშაულია და ამას ვერავინ გაბედავს. იმასაც ვუხსნი, რომ საქართველოში ყველასათვის აშკარაა, რომ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს იმდენი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამშობლოს ღალატის ჩათვლით, რომ ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეს. ჩემი პასუხი და ახსნა აშკარად არ მოსწონთ. ფორმალურად მეთანხმებიან, სევდიანად მიქნევენ თავს და აფიქსირებენ იმას, რომ მხოლოდ პოლიტიკურ დევნას გულისხმობდნენ. მერე იწყებენ საუბარს იმაზე, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან გავლენიანი ადამიანები, ვისაც ეს არ აწყობს და არ უნდა; რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში ევროკავშირი აღარ მოაწერს ხელს საქართველოსთან ვაჭრობისა და ასოციაციის ხელშეკრულებაზე (ამ ხელშეკრულების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე წინ ვეღარაფერი დაუდგება, მაგრამ მისი ხელმოწერა გაისად იგეგმება); ხოლო თუ სააკაშვილს დააპატიმრებენ გაისად, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მაშინ ევროპარლამენტი დაბლოკავს მის ამოქმედებას. მე ვახსენებ, რომ ა.წ. 12 სექტემბერს შესრულდა 50 წელი (!), მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ანალოგიურ ხელშეკრულებას და ახლა თურქეთი ისევე შორსაა ევროკავშირში გაწევრიანებისაგან, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ. ესეც არ მოსწონთ.

დასავლეთელ ექსპერტებს შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც შესანიშნავად იციან სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და კერძო საუბრებში აქეთ მეუბნებიან, რომ ამ კრიმინალის ადგილი ნამდვილად ციხეშია. მაგრამ ეს ადამიანებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ სააკაშვილის დაპატიმრებამ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს.

ასეთი კითხვების და საუბრების ინტენსიობა გაიზარდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად, ვინაიდან ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან პრეზიდენტის იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს სააკაშვილს დაპატიმრებისგან. ასევე გახშირდა ამ თემაზე პუბლიკაციები დასავლურ პრესაში.

,,სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრება საქართველოს რუსული ორბიტისკენ უბიძგებს - "ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაპატიმრება შეაჩერებს ევროკავშირთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას"", ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ნეილ ბაკლის წერილი ,,ფაინენშელ თაიმსში"" 28 ოქტომბერს.

,,პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გზავნილები არაერთგვაროვანია. ივანიშვილიც, რომლის კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" სულ რაღაც ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, გადადგომას აპირებს. ის ემიჯნება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ნებისმიერ შესაძლო სისხლისსამართლებრივ დევნას, მაგრამ იმეორებს, რომ გამოძიება გამორიცხული არ არის.

ის ან იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილის ბედი – მისი დაკავება, სასამართლო, ციხე – უკვე გადაწყვეტილია, ან სააკაშვილს ემიგრაციისკენ უბიძგებს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გარკვეულ დროს შეერთებულ შტატებში გაატარებს, ამბობენ მისი მეგობრები, მაგრამ გამგზავრებაზე უარს ამბობს.

სააკაშვილი აღიარებს შეცდომებს, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაუშვა. მაგრამ მისი დაპატიმრება დარტყმა იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დემოკრატიასთან დაკავშირებული იმედებისთვის მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში (!!! პ.მ). ეს დიდი ალბათობით შეაჩერებს საქართველოს გეგმებს, ხელი მოაწეროს გრძელვადიან პოლიტიკურ და სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი დემოკრატიული განვითარებისათვის. თბილისი, სხვა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მსგავსად, ამ შეთანხმების პარაფირებას (ფინალური ნაბიჯი ხელმოწერის წინ) მომავალ თვეში სამიტზე იმედოვნებს.

"ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაპატიმრება აღქმული იქნება უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაკავების გამეორებად. ტიმოშენკო 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერია, ეს რევოლუცია კი, როგორც მიჩნეულია, საქართველოს "ვარდების რევოლუციით" იყო შთაგონებული. მას შემდეგ რაც ტიმოშენკოს გათავისუფლება უკრაინისთვის ევროკავშირთან შეთანხმების პირობად იქცა, საეჭვოა, ევროპელი ლიდერები საქართველოს სხვაგვარად მიუდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დემოკრატიული რეგრესი მას შემდეგ, რაც იქ 2010 წელს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა, გაცილებით უარესი იყო"".

ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე კი, საქართველოს შეიძლება არ დარჩეს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იმაზე მეტად წავიდეს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, ვიდრე დღეს ამას ივანიშვილი აკეთებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებასაც კი, კავშირში, რომელშიც მოსკოვთან ერთად გაერთიანებული არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ბელარუსი და ყაზახეთი, და რომელიც შეიძლება "ევრაზიის კავშირად" გარდაიქმნას"", ასკვნის ნეილ ბაკლი.

,,თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში"". განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

,,ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას" თქვა ბილდტმა და დასძინა, რომ ,,საქართველოში არსებობს "შურისძიების პოლიტიკის" საფრთხე"".

ცნობისათვის: შვედეთის ყოფილი პრემიერის და ამჟამინდელი საგარეო მინისტრის კარლ ბილდტის სახელი რამდენიმე სკანდალს უკავშირდება. ამ სკანდალების გამო შვედეთის პარლამენტარებმა მოითხოვეს კიდევაც მისი გადადგომა. წლების წინათ კი შვედმა ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ 2006 წელს მინისტრად დანიშვნამდე ბილდტი ხელმძღვანელობდა ბრიუსელში განლაგებულ არასამთავრობო საკოსულტაციო კომპანიას, რომელმაც რამდენიმე მილიონი დოლარი მიიღო საქართველოს მთავრობისაგან.

ანალოგიური პუბლიკაციები და ცნობილი მოღვაწეების გამონათქვამები საკმაოდ ბევრია. მაინც რამ განაპირობა დასავლეთის გარკვეული წრეების ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებისადმი?

პირველ რიგში იმან, რომ დასავლეთში ძალზე შემცირებულია რეალური პოლიტიკური ინტერესი საქართველოსადმი. ეს განპირობა როგორც დასავლეთში 2008 წლის შემდეგ განვითარებულმა ხანგრძლივმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა, რომლის გამო დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას სულ სხვა, გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა უწევს ,,ხანძრის ჩაქრობის"" რეჟიმში; ისე იმან, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო დასავლეთისათვის მუდმივ თავის ტკივილად იქცა. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა დასავლეთმა ნამდვილ ღალატად და პროვოკაციად აღიქვა ,,იდიოტი ბავშვის"" მხრიდან. დღესაც დასავლეთისათვის საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის გაღიზიანებას იწვევს, ეს კი დასავლეთს არანაირად არ უღირს. ასეთი შემცირებული ინტერესის ფონზე საქართველოზე და სააკაშვილზე ლაპარაკობენ ძირითადად ისინი, ვისაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოუწია კონტაქტები საქართველოსთან და ქართულ თემატიკასთან. ამ ადამიანებს შორის საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისთანაც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა წლების წინათ მჭიდრო კავშირი დაამყარეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სააკაშვილი, ბიუჯეტის საიდუმლო გრაფების მეშვეობით, მრავალ მილიონ დოლარს ხარჯავდა ლობისტებისათვის. ეს ფული იხარჯებოდა არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, არამედ, მიზნობრივად სააკაშვილის იმიჯის შესაქმნელად. ხშირ შემთხვევაში სულ რამდენიმე გავლენიანი ადამიანისაგან შემდგარი ლობისტური თუ საკონსულტაციო ორგანიზაცია, ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ დოლარს ღებულობდა სააკაშვილისგან.

ამასთან ერთად, წლების განმავლობაში სააკაშვილი მოქმედებდა ლოზუნგით: ,,ყველა კაი ტიპი ჩვენთან უნდა იყოს და კარგად მიხედილი"". ,,კაი ტიპებში"" სააკაშვილი გულისხმობდა ახალგაზრდებს, ვინც გარკვეული დრო გაატარა დასავლეთში, მოიპოვა დიპლომები და სერტიფიკატები, კარგად დაეუფლა ინგლისურს და, სასურველია, კიდევ ერთ ევროპულ ენას; ვისაც ამერიკელები და ევროპელები ბოლომდე ,,თავისიანად"" მიიღებდნენ და აღიქვამდნენ როგორც ,,პროდასავლურ, ახალგაზრდა რეფორმატორებად"", რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საბჭოურ მენტალიტეტთან და რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ თავი დააღწიონ რუსეთის ჩეკისტური რეჟიმის ზეწოლას და ააშენონ ნამდვილი, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მოწმე ვარ იმისა, რომ სააკაშვილის დავალებით ,,კაი ტიპებზე"" ნამდვილი და უაღრესად წარმატებული ნადირობა მიმდინარეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც დასავლეთიდან დაბრუნებული ,,კაი ტიპები"" თავდაპირველად საკმაოდ უარყოფითად იყვნენ განწყობილი სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი და, მუშაობდნენ რა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აქვეყნებდნენ კრიტიკულ წერილებს სააკაშვილზე და მის მმართველობაზე. ცოტა ხანში კი აღმოჩნდებოდა, რომ მიუხედავად სრულიად ახალგაზრდული ასაკისა და სამუშაო გამოცდილების უქონლობისა, ისინი მაღალ თანამდებობეზე დაინიშნენ საჯარო სამსახურში და ძალიან კარგად იყვნენ ,,მიხედილი"" (მაღალი ხელფასები, ზემაღალი პრემიები, შავი ჯიპები (უსათუოდ შავი - ეს ელიტაში შესვლის ატრიბუტი იყო), განუწყვეტელი ვოიაჟები დასავლეთში და ყველაფერი ის, რასაც იმ ასაკში ვერანაირად ვერ მიაღწევდნენ სხვა გზით ავტორიტარულ კლეპტოკრატიასთან შეკვრის გარდა).

საგულისხმოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ,,ქოცებმა"" ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწიეს ამ მხრივ ,,ნაცებს"". უფრო მეტიც, უცხოური ენისა და დასავლური განათლების მქონე ქოცები დასავლეთთან საუბრისას ძირითადად თავს იკავებდნენ სააკაშვილის კრიტიკისაგან და ლაპარაკობდნენ მის შეცდომებზე და არა დანაშაულზე. თანაც ქოცების ეკლექტური კოალიციის ცალკეული ჯგუფები (გაიხსენეთ მათი ურთიერთდამოკიდებულება) ცდილობენ დაუმტკიცონ დასავლეთს, რომ თვითონ არიან სხვა ქოცებზე უფრო პროდასავლურები. ,,ქოცების"" ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი თავისი კატეგორიული, დოგმატური აზროვნების გამო დასავლეთის უკურეაქცია გამოიწვია (,,ვაუ, ბოკერიაზე უარესები ყოფილანო""). ამას დაერთო ქოცების სერიოზული შეცდომა: ევროპის სახალხო პარტიის სულ 23 წევრის ყოვლად უსამართლო, ცილისმწამებრივ წერილს პასუხად ქოცების მხრიდან ,,წერილების ომი"" მოჰყვა. ამის შედეგად ეს პარტია, რომელიც დომინირებს ევროპარლამენტში, ჩადგა ,,შეურაცხყოფილი კლუბის პოზაში"", რომელიც ,,აწი ყველაფერს იღონებს საკუთარი სახის შენარჩუნებისათვის"" (ვციტირებ ცნობილი ევროპელი დიპლომატის სიტყვებს). სწორედ ევროპის სახალხო პარტია იმუქრება ახლა ასოცირებისა და ვაჭრობის ხელშეკრულების დაბლოკვით სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში. ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა ამ პარტიის თავმჯდომარე მარტენსი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრამდე უბინძურესი ცილი დასწამა ივანიშვილს და ,,ოცნებას"". მარტენსი კი გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს და ვითარდება.....

ასეთია, ასე ვთქვათ, ,,დასავლეთელი მიშისტების"" პოზიცია. მაგრამ დასავლეთში არის არაერთი პროფესიონალი, რომელმაც მალე დაინახა სააკაშვილის მმართველობის ნამდვილი სახე და კარგად ესმოდა, როგორი გარდაუვალი კრახით უნდა დასრულებულიყო ასეთი მმართველობა.

ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე ამერიკელ და დასავლეთელ პოლიტიკოსებს ჰქონდათ იმედი, რომ სააკაშვილი მალე დატოვებდა პრეზიდენტის თანამდებობას. ,,ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ცვლილებები და ვითარების გაუმჯობესება და თქვენი ხალხი ამას ნამდვილად იმსახურებს"", მეუბნებოდნენ ისინი. ვგულისხმობ მათ, ვინც იცოდა სიმართლე სააკაშვილზე და ვისაც უხდებოდა საქართველოსთან ურთიერთობის სფეროში რეალური მუშაობა, ანუ მათ, ვინც თავის წრეში საკაშვილს ,,ფუცკინგ ლუნატიც""-ს (შეიძლება ითარგმნოს, როგორც ,,დედამოტ.. გიჟი"") უწოდებდა და სხვა ეპითეთებსაც არ ზოგავდა მისთვის. მაგრამ მაშინდელი ოპოზიციის, ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში დაწყებულმა აქციებმა გააწბილა უცხოელები ისევე, როგორც გააწბილა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის უდიდესი ნაწილი. 2009 წლის გაზაფხულზე დაწყებულმა პერმანენტულმა აქციებმა და რუსთაველის გამზირის საკნებით გადაკეტვამ, საბოლოოდ დაარწმუნა დასავლეთელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის ალტერნატივას ,,ცავე მენ ანდ წომენ"" (გამოქვაბულის კაცები და ქალები"") შეადგენდნენ. (მკითხველს არ გაუჭირდება გაიხსენოს, ვინ იყვნენ ის კაცები და ქალები და რომელ გამოქვაბულებში არიან ისინი დღეს). შემდგომ წლებში აშშ-ს და ევროპის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში უხსნიდნენ სააკაშვილს და მის წარმომადგენლებს, რომ 2012 წელს მათ უნდა გადასცენ ხელისუფლება ნამდვილ ოპოზიციას, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის, რეპრესიული მექანიზმისა და მასობრივი გაყალბების მეშვეობით შეძლებდნენ, რასაც დასავლეთი აღარ შეურიგდებოდა. ჯერ კიდევ 2010 წელს ჰილარი ქლინტონი პირდაპირ ეუბნებოდა ნაცისტების ლიდერებს, რომ 2012 წლის არჩევნებში მათ ,,გამარჯვებას"" აშშ-ს ადმინისტრაცია აღიქვამდა, როგორც ძალაუფლების უზურპაციას და შესაბამის ზომებს მიიღებდა. (შემთხვევითი როდია, რომ ჩვენი ,,ფუცკინგ ლუნატიც""-ი საჯაროდ აფრთხილება ქართველ ხალხს, რომ არავის უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ ჩამოფრინდებოდა ,,გუდიანი ქალი"" ჰილარი ქლინტონი და წაიყვანდა მას). ადრეც დამიწერია, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერს, სწორედ აშშ-ს ადმინისტრაციის შეუვალმა პოზიციამ აიძულა სააკაშვილი უცებ შეეწყვიტა ძალადობა და ლაპარაკი გამარჯვებაზე და საჯაროდ ეცნო არჩევნებში დამარცხება. აშშ-ს ადმინისტრაციის ამ ,,შოლტ-პოზიციას"" ,,ნუგბარიც"" ახლდა: მათ პირობა და გარანტია მისცეს სააკაშვილს, რომ ,,ოცნება"" არ განახორციელებდა სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკურ დევნას. (სისხლის სამართლის დანაშაულზე, ცხადია, საუბარიც არ ყოფილა). დღეს ასეთ ,,ანტიმიშისტ"" დასავლეთელებს ნამდვილად არ აწყობთ სააკაშვილის დაპატიმრება. რიგი მიზეზებისა გამო ეს ადამიანები წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ საქართველოში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე. დღეს სააკაშვილის დაპატიმრება მათთვისაც სახის დაკარგვა იქნება. მათ აწყობთ ტყუილების გუდისაგან შემდგარი ,,ლამაზი"" ვერსია, რომელსაც დღენიადაგ ამკვიდრებენ: რომ სააკაშვილის სახით საქართველოს ჰყავდა დემოკრატი, პროდასავლური რეფორმატორი ლიდერი, რომელმაც დასავლეთის თანადგომით ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისათვის და დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა ძალაუფლების უპრეცედენტო, მშვიდობიანი გადაცემით. ცხადია, ,,ლამაზ"" ვერსიაში სააკაშვილის შეცდომებიც შედის - ჯერ ხომ არავის ჩაუტარებია მნიშვნელოვანი ინტენსიური რეფორმები შეცდომებისა და ზოგჯერ ძალაუფლების გადამეტების გარეშე! მაგრამ არავინ, არასოდეს ახსენებს უშუალოდ სააკაშვილის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებს და სამშობლოს ღალატს. ასეთია მყარი პოზიცია ვაშინგტონსა და ბრიუსელში იმ ,,ანტიმიშისტებს"" შორის, რომლებსაც უხდებოდათ ურთიერთობა საქართველოსთან და სააკაშვილთან და ბოლო წლებში ნატრობდნენ, რომ ,,მუდმივი თავის ტკივილი"" და ,,ბუასილი"" დროზე მოიცილებინათ.

,,ზოგადად ყველგან, სადაც შეხვედრები გავმართეთ, საუბარი იწყებოდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლებრივი დევნა არ უნდა დაემუქროს. ციხეში ჩასმაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია. როგორც კი ეს საკითხი დადგება, საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება"". ასე იხსენებს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ა.წ. 11 ნოემბერს ,,რეზონანსში"" გამოქვეყნებულ ინტერვიუში. იმავე ინტერვიუში ის ამბობს მეტად მნიშვნელოვან რამეს:

,,ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით განხორციელდა. თუკი ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ყოფილი ხელისუფალი დააპატიმრეს, ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული ლიდერებისათვის, რომლებისთვისაც ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით არასოდეს არ უნდა დათმო და ეცადო, ნებისმიერი მეთოდებით ბოლომდე შეინარჩუნო იგი.

სააკაშვილის შემთხვევაც ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი. ევროკავშირს არ უნდა, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მითუმეტეს წარმატებულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ"".

კორნელი კაკაჩია სრულ სიმართლეს ამბობს. ე.წ. ფერადი რევოლუციების ჭკნობისა და ავტორიტარულ რეჟიმებად გარდაქმნის შემდეგ, დასავლეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ავტორიტარული რეჟიმების მშვიდობიან დემონტაჟს და დემოკრატიისაკენ მათ ევოლუციურ და არა რევოლუციურ განვითარებას. ამიტომ, სააკაშვილის შემთხვევაში საკუთარი სახის შენარჩუნების სურვილს ემატება სურვილი იმისა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში მოქმედმა ავტორიტარებმა დაიჯერონ, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემთხვევაში, დასავლეთი მათ დაიცავს პოლიტიკური დევნისა და პატიმრობისაგან, სისხლის სამართლის დანაშაულიც რომ ჰქონდეთ ჩადენილი. საგულისხმოა, რომ დასავლეთში მიესალმებიან თავისი ყოფილი პრეზიდენტების და პრემიერების გასამართლებას. იქ ეს კანონის უზენაესობის გამოვლინებად და იმის გარანტად აღიქმება, რომ ამის შემყურე მოქმედი ლიდერები ვერ გაბედავენ ძალაუფლების გადამეტებას და დანაშაულის ჩადენას. მაგრამ იგივე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დაპატიმრება დიდად შეაფერხებს სხვა ავტორიტარული ლიდერების მშვიდობიან გასტუმრებას.

უცხოელი ექსპერტების აზრით, დასავლეთის განწყობაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ,,სააკაშვილის მანქანის"" ამოქმედებამ: 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაიწყეს მასშტაბური ცილისწამებლური კამპანია ივანიშვილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მაშინათვე შეიმუშავეს ლოზუნგები, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის იმეორებენ: რომ ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში, იმიტომ რომ შეკრული იყო პუტინთან; რომ ახლა პუტინმა დაავალა ივანიშვილს სააკაშვილის მოცილება და საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლა პრორუსული კურსით; რომ პუტინმა ამისათვის ორი მილიარდი დოლარი გადაუხადა ივანიშვილს; რომ უკრაინაში განვითარებული სცენარის მსგავსად, საქართველოში პროპუტინისტური მთავრობის გამარჯვების შემდეგ სააკაშვილსაც დააპატიმრებენ ისევე, როგორც დააპატიმრეს ტიმოშენკო და ა.შ.

საგულისხმოა, რომ არც აშშ-ს ადმინისტრაცია და არც ევროკომისია არ წამოეგო ამ ,,სლოგანებზე"". მათ იცოდნენ სიმართლე და იმედი ჰქონდათ, რომ ივანიშვილი, როგორც ლიდერი, მოიგებდა არჩევნებს და უზრუნველყოფდა ძალაუფლების მშვიდობიან ტრანსფორმაციას. ივანიშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ის ვაცლავ ჰაველს შეადარა. 2012 წლის არჩევნების წინ თბილისში ჩამოსულმა სენატორმა მაკკეინმა (!) კი განაცხადა, რომ ივანიშვილის უკან რუსული ფული არ დგას, რაც მაკკეინისგან სააკაშვილისათვის პოლიტიკური სილის გაწვნის ტოლფასი იყო. სამაგიეროდ ნაცისტების ეს ლოზუნგები აიტაცეს დასავლეთელმა ,,მიშისტებმა"" და ლობისტებმა. გარდა ამისა, ამ ლოზუნგებმა კარგად იმუშავა იმ დასავლეთელ პოლიტიკოსებში (ძირითადად პარლამენტარებში), ვისაც ადრე არ ჰქონია მჭიდრო შეხება საქართველოსთან. ასეთები კი საკმაოდ ბევრნი არიან.

ერთად აღებული ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ყველა ჯურის დასავლეთელ პოლიტიკოსებს ხელს არ აძლევს სააკაშვილის დაპატიმრება, უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი.

როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველოს ახალი ხელისუფლება? სანამ ამას დავწერდე, მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩვენი ერის გ.მარგველაშვილისებურ შეფასებას (იხ. წერილის დასაწყისი). არ ვეთანხმები არა იმიტომ, რომ ასეთი შეფასება ემოციურ პროტესტს იწვევს ჩემში, არამედ როგორც მეცნიერი, ვინაიდან ეს შეფასება არ არის სწორი და ადექვატური. ჩვენი პრობლემა სულ სხვა არის - ისტორიული პირობების გამო ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით თანამედროვე პოლიტიკურ ერად, ჩვენში სუფევს ე.წ. პლურალისტური ფეოდალიზმი და არ გვყავს ელიტა, რომელსაც შეუძლია ,,წარუძღვეს წინა ერსა"". ახლა კი იმას გადავალ, თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა მთავრობამ: ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, სახელმწიფოს ღალატის ჩათვლით და ეს კარგად იცის ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ასეთ პირობებში, სისხლის სამართლის საქმის არაღძვრა მაშინაც, როდესაც დანაშაულის მრავალი სამხილი მოითხოვს ამას, კანონმდებლობის უხეში დარღვევის და შერჩევითი სამართლის ყბადაღებული მაგალითი იქნება. პათოლოგიური პანიკიორი და ლაჩარი სააკაშვილი უკვე ემიგრაციაშია. მისი ექსტრადიცია დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული და შეიძლება ვერც განხორციელდეს დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უკანონო შეჩერება მთელი ერისათვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება. ეს გადაიქცევა ცინიზმის უშრეტ წყაროდ (რისი ნიშნები უკვე უხვად არის) და იმის თვალსაჩინო მტკიცებულებად, რომ ქოცების კოაბიტაცია ნაცებთან მართლაც სიმბიოზში გაფაიზარდა, რომ საქართველო ჯერაც ვერ შედგა, როგორც სახელმწიფო, ჩვენი ხალხი კი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ერს. ეს კი დიდ პრობლემებს შეგვიქმნის ქვეყნის შიგნით. გაცილებით უფრო დიდს, ვიდრე ის პრობლემები, რომლებზედაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ექსპერტი გვაფრთხილებს. ამიტომ არის აუცილებელი სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრვა! ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს უზადოდ. უნდა დაიდოს უტყუარი, დოკუმენტური მტკიცებულებები მისი დანაშაულებისა. ეს მტკიცებულებები უნდა გამოქვეყნდეს, მათ შორის ინგლისურად და სხვა ენებზე. ხელისუფლების შესაბამისი შტოების წარმომადგენლებმა უნდა გააცნონ ეს მტკიცებულებები დასავლეთელ პოლიტიკოსებს, იურისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთ ფონზე, კანონის განუხრელი დაცვის პირობებში, საჭიროა სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება და ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ საჯაროდ იქნა დადგენილი რომელი კოკაინ-ბარის მუდმივ კლიენტად იქცა ფიგურანტი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი საჭიროა მხოლოდ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და ყველა მოქალაქემ იგრძნოს რომ სახელმწიფო შედგა და დაუსჯელი არავინ დარჩება. აქვე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში სააკაშვილს სულ მალე შემოაკლდება გავლენიანი დამცველები დასავლეთში - მის დაცვას ვეღარავინ გაბედავს და ვერ იკადრებს; საქართველოს კი არანაირი პრობლემები არ შეხვდება დასავლეთის მხრიდან - პირიქით, მნიშვნელოვნად გაიზრდება პატივისცემა ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მიმართ.

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: "არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…", წერდა 2001 წელს წერილში ,,ნიჩურტა - მე ქართველი ვარ"", ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი გიორგი მარგველაშვილი, რომლის მიერ გუშინ, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ სააკაშვილს შეუწყდა პრეზიდენტის იმუნიტეტი. მომავალი გვიჩვენებს დასრულდება თუ არა ,,სახელმწიფობანა"" და ,,პამპულობის"" თამაში ჩვენს ქვეყანაში.

პეტრე მამრაძე, 18 ნოემბერი, 2013 წელი