აურზაური პარაფირების გამო
03-12-2013
აურზაური პარაფირების გამო
,,ისეთი ამაღალვებელია დღევანდელი დღე, ხელმოწერის პროცესში ცოტა ცრემლებიც წამომივიდა და ცოტა ხელიც ამიკანკალდა, მაგრამ მაინც მტკიცე ხელით მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ისტორიული დღე მართლაც იქნება შეუქცევადი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე და საქართველო ძალიან მალე გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 29 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან ერთად, ,,სულიკოს""და ,,შალახოს"" თანხლებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების ხელმოწერის
შემდეგ.

მოზარდობაში რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, რომელსაც კარგად ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის (1918-1921) წლები და ხშირად იხსენებდა მაშინდელ ამბებს. ამ დღეებში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე პოლიტიკურ წრეებსა და მას-მედიაში ატეხილი აურზაური მახსენებდა მათ მონაყოლს.

,,საგარეო ბაზრის უქონლობის გამო სახელმწიფოს და კერძო პირთა მარნებში დიდძალი ღვინო დაგროვდა. მხედრობის და
ინტელიგენციის ფართო წრეები თითქოს შიშმა მოიცვა, ეს ღვინო არ დაძმარებულიყო. რადგან ყველას არ შეეძლო ოფიციალურ ბანკეტებს დასწრებოდა, დაიწყო გაუთავებელი ღრეობა ოჯახებსა, ყავახანებსა და სასადილოებში. ეს იყო ნამდვილი ლხინი ჟამიანობის დროს. დიდძალი ღვინო ისმებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. დიდძალი ღვინო დაიღვარა იმის გამო, რომ ჯერ გერმანიამ, ხოლო შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებმა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნეს. დიდი სიხარული გამოიწვია, აგრეთვე, საქართველოს რესპუბლიკის ცნობამ შვეციისა, ნორვეგიისა და შვეიცარიის მიერ. ეს აღტაცება ადვილი გასაგები იყო: ფრთხილი ნაბიჯით საქართველო პირველად თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დიდ კონცერტში შედიოდა. ამრიგად, თითქო ბოლო ეღებოდა მის ტრაგიკულ განმარტოებას, რომელიც თითქმის ხუთასი წელიწადი გაგრძელდა. ნახევრად დამშეული ხალხის დიდი ნაწილი მზად იყო უდრტვინველად აეტანა ყოველივე გაჭირვება, ოღონდ კი ეროვნული სახელმწიფოს საძირკველი განმტკიცებულიყო"", წერს გამოჩენილი მოღვაწე, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გერონტი ქიქოძე ,,თანამედროვის ჩანაწერებში"".
აი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი ამ მოგონებებიდან:

,,...(საგარეო საქმეთა) სამინისტრო სავსე იყო ფრანგულად და ინგლისურად მოლაპარაკე მოხელეებით, რომელთაც დაუსრულებელი ბანკეტები დროს არ უტოვებდა თუნდ ,,ტანი" და ,,ტაიმსი" ეკითხათ. ამიტომ საქართველოს დიპლომატებს, სხვათა შორის, არ გაუგიათ, რომ დიდი ბრიტანეთის კოალიციური კაბინეტის მეთაური ლოიდ-ჯორჯი ლენინის მთავრობას შეუთანხმდა, რომ მისი მთავრობა არ ჩაერეოდა რუსეთის და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ურთიერთობაში"". (ზოგიერთი მკითხველისათვის ეს, ალბათ, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია. პ.მ.)

,,ყველაზე ცუდად სამხედრო უწყება იყო მოწყობილი. ბოლო დროს მას მეთაურობდა ქალურ სნეულებათა ექიმი პარმენ ჭიჭინაძე, რომელსაც არც თავის სპეციალობაში, არც პარტიულ მუშაობაში არაფრით თავი არ გამოუჩენია"". (,,აი კიდევ ერთი პარმენ ჭიჭინაძე"", იტყოდა ხოლმე ბიძაჩემი, როცა კომუნისტურ წლებში რაიმე თანამდებობაზე ინიშნებოდა აშკარად არაკომპეტენტური ადამიანი. დავუმატებ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თბილისის პოლიციის უფროსად (,,მთავარ პოლიცმაისტერად"") მამაჩემის კლასელის, ბატონ იგორ ურუშაძის მამა, ესერთა პარტიის წევრი, სტომატოლოგი აპოლონ ურუშაძე დაინიშნა. პარმენ ჭიჭინაძისაგან განსხვავებით ის კარგ სტომატოლოგად იყო აღიარებული. საგულისხმოა, რომ თბილისის მთავარი ინჟინერის თანამდებობა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის თხოვნით პაპაჩემმა პეტრე მამრაძემ დაიკავა. პაპა უპარტიო იყო, მაგრამ ,,ჭავჭავაძისტად"" იყო ცნობილი და მენშევიკებს ილიას მკვლელებს უწოდებდა. მიუხედავად ამისა სთხოვეს მთავარი ინჟინერი ყოფილიყო, ვინაიდან ესმოდათ, რომ დედაქალაქის უწყლოდ და უსინათლოდ დარჩენა დიდ პრობლემებს შექმნიდა).

,,როგორც კი თბილისში პარიზიდან დეპეშა მოვიდა, რომ დიდი მოკავშირე სახელმწიფოების საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტი სცნო, მოწვეულ იქნა იმჟამად არდადაგებზე დათხოვნილი დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომა. ეს სხდომა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა: გამოცხადდა მთელი მთვრობა, დიპლომატების ლოჟებში უცხო სახელმწიფოების, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, შეერთებული შტატების, პოლონეთის, საბერძნეთის, ლიტვის, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ისხდნენ უორდროპის მეთაურობით; ქანდარა გაჭედილი იყო უცხო დამსწრეებით, გარედან დემონსტრაციის აღფრთოვანებული ყიჟინა ისმოდა. (,,სულიკოს"" და ,,შალახოს"" არ უკრავდნენ. პ.მ)

ნოე ჟორდანიამ ჩვეულებისამებრ მოკლე სიტყვა წარმოთქვა. მან განაცხადა, ამიერიდან ქართველი ერი დიდი ევროპელი ერების ოჯახში შევიდა, არა რაიმე მოწყალების სათხოვნელად, არამედ თანასწორი თანასწორთა შორისო. საქართველოს ბედი დასავლეთის ბედს გადაეჯაჭვა და ამ კავშირის გაწყვეტა არავითარ ძალას არ შეუძლიაო. ჩვენი გზები (რუსეთთან) ერთმანეთს დაშორდნენ. ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიან, ჩვენ - დასავლეთისაკენ ...", იხსენებს გერონტი ქიქოძე.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, 1920 წლის იანვარში, დიდი მოკავშირე სახელმწიფოების საბჭოს არ უცვნია საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე. ამჟამინდელი პარაფირებისა არ იყოს, საბჭომ მაშინ მხოლოდ აღიარა ის ფაქტობრივი ვითარება, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. იურიდიულად საქართველოს დამოუკიდებლობა დიდი სახელმწიფოების საბჭომ 1921 წლის 27 იანვარს სცნო. სომხეთს და აზერბაიჯანს ეს პატივი წილად აღარ ხვდათ, მათი დამოუკიდებლობა 1920 წელსვე დასრულდა. საქართველომ კი დე-იურე ცნობის შემდეგ მთელი ერთი თვე (!) იარსება, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ - 1921 წლის 26 თებერვალს წითელი არმია შემოვიდა დიდი სახელმწიფოს საბჭოს მიერ იურიდიულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობილ საქართველოში. ასე დაეწია მაშინ აღმოსავლეთისაკენ მიმავალი რუსეთი დასავლეთისაკენ მოძრავ საქართველოს....
მკითხველს არ გაუჭირდება გარკვეული პარალელების გავლება იმ დროსთან. რად ღირს თუნდაც ის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ცდილობს ქედმაღლური იერითა და ირონიული ღიმილით დაფაროს თავისი სრული არაკომპეტენტურობა. მაგრამ ფრაგმენტები პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან მოვიყვანე ჩვენი დროის იმ ეპოქასთან არა მსგავსების, არამედ სწორედ განსხვავებების წარმოსაჩენად. ახლა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან არა ორი, არამედ ოცდაორი წელია გასული და პირვანდელი ტერიტორიის ჯერ მხოლოდ 20% დავკარგეთ განუსაზღვრელი დროით. ეიფორია წარსულს ჩაბარდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციაზე დაუსრულებელი ლაპარაკი არავითარ ენთუზიაზმს არ იწვევს. ადამიანები იბრძვიან გადარჩენისათვის. ყოველ დილას, ვაკეში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირზე, რუსეთის საკონსულოს წინ იმდენი ადამიანი გროვდება ვიზის მიღების იმედით, რომ მანქანების მოძრაობა ფერხდება. (ილია ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ,,იდიოტმა ბავშვმა"" დაარქვა პუტინის ჯინაზე). ახალგაზრდა მამაკაცები აფორმებენ ფიქტიურ ქორწინებებს რუს ქალებთან და გადიან საშოვარზე. აი ასეთი პერმანენტული მიტინგი მიმდინარეობს ახლა რუსეთის საკონსულოს წინ.
ასოცირების პარაფირებულ ხელშეკრულებაზე ჩვენში ბევრი ითქვა და დაიწერა. განსაკუთრებით აღვნიშნავ ლევან ბოძაშვილის წერილებს (ინტერნეტშია განთავსებული), რომლებშიც ლაკონიურად და ზუსტად არის აღწერილი ამ ხელშეკრულების არსი და მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ პარაფირება ნიშნავს მხარეების დასტურს, რომ ისინი ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმდნენ. პარაფირება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და ის მერე ამოქმედდება. ევროკავშირი გვპირდება, რომ საქართველოს მხრიდან სათანადო პროგრესის მიღწევის შემთხვევაში პარაფირებულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის შემოდგომაზე. ამის შემდეგ ევროკავშირის 28 წევრის სახელმწიფოს პარლამენტებმა ცალ-ცალკე უნდა მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიცირება და ის ამოქმედდება. თავის დროზე მსგავსი ხელშეკრულება ევროკავშირმა გააფორმა და აამოქმედა მრავალ სახელმწიფოსთან, მათ შორის თურქეთთან (50 წლის წინათ), სირიასთან, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანასთან და სხვებთან. ხელშეკრულების ამოქმედება (მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების შემთხვევაში) უდავოდ სასარგებლო იქნება საქართველოსათვის და ძირითადად ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ამ სარგებელის მიღებას. ამავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს ის, თუ რას არ იძლევა ეს ხელშეკრულება.
ამ დღეებში ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულების პარაფირებას (!) აქვს დიდი ისტორიული მნიშვნელობა; რომ ამ პარაფირებით საქართველოს ინტეგრაციამ ევროპაში შეუქცევადი ხასიათი მიიღო; რომ მალე მიმზიდველები გავხდებით ჩვენი აფხაზებისა და ოსებისათვის და სხვა მრავალი.
ამ და მსგავს განცხადებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და, თუნდაც, მისი ამოქმედება, არ იძლევა ევროკავშირში ოდესმე გაერთიანების არავითარ გარანტიას. ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში არც ევროკავშირი და არც ნატო არ აპირებენ საქართველოს მიღებას თავის რიგებში, ხოლო ათი წლის შემდეგ ვითარების პროგნოზირება ჩვენს დინამიკურ დროში შეუძლებელია.
ამასთანავე, პარაფირება არ გვაძლევს უსაფრთხოების არავითარ დამატებით გარანტიას, არამედ პოტენციურად მხოლოდ ზრდის პუტინის რეჟიმის აგრესიულ განწყობას. ბევრჯერ დამიწერია და გავიმეორებ, რომ რუსეთში ურთულესი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა შექმნილი; პუტინის ჩეკისტური რეჟიმი ჩიხშია შესული და მტრის ხატის შექმნა და თავისი მოსახლეობის ყურადღების ამაზე გადატანა ამ რეჟიმის ბოლო არგუმენტად იქცა. პუტინის რეჟიმი დასავლეთთან დაპირისპირებას იმიტირებს. მისი პირდაპირი ზეწოლის შედეგად ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე უარი თქვა სომხეთმა, ხოლო ორიოდე კვირის წინ უკრაინამ უარი თქვა მის ხელმოწერაზე. ამ დღეებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განააცხადა, რომ თუ ევროპამ საქართველო თავისი ფრთის ქვეშ არ აიყვანა, საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან, რაც გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, ვიდრე აქამდე ყოფილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ევროპა არ აიყვანს საქართველოს თავისი ფრთის ქვეშ, ასეთი ფრთა ევროპას არ გააჩნია (საგულისხმოა, რომ მინისტრმა საერთოდ არ ახსენა აშშ). ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდ ნაწილს ისევე, როგორც აშშ-ს არ უღირს რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ან, თუნდაც, ურთიერთობის გაფუჭება, საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების გამო. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უღირს პუტინის რეჟიმს საქართველოს შემდგომი დაწიოკება. ახლანდელი ვითარება გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვლებს იძლევა. საქმე ის არის, რომ პუტინის რეჟიმი თანამიმდევრულად ექცევა საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელმაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთბების აღდგენის აუცილებელ პირობად რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობასა და მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებას აყენებს. კრემლს შესანიშნავად ესმის, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს, ხოლო იმ ქვეყანას, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, კრემლი ვერ დაპატიჟებს საბაჟო კავშირში, ევრაზიულ კავშირში და ა.შ. ამიტომ სომხეთისა და უკრაინისაგან განსხვავებით კრემლი არაფერს ეუბნება საქართველოს მთავრობას ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამავადროულად მოსალოდნელია ირიბი ზეწოლა, განსაკუთრებით სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ. შეიძლება ,,აღმოჩნდეს"", რომ რუსეთის ბაზარზე ახლახან გასული ჩვენი პროდუქცია ისევ ,,უხარისხოა"" და ის აღარ მიიღონ; შეიძლება შეავიწროონ რუსეთში არალეგალურად მცხოვრები მომუშავე ქართველები (თუმცა, რამდენადაც ცნობილია, 2006 წლის დეპორტაციის მათ ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდეთ და არალეგალების რაოდენობა საკმაოდ მცირეა); შეიძლება უფრო ინტენსიურად დააგონ მავთულხლართები; ხელი შეუწყონ პროვოკაციების მოწყობას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ა.შ. პირადად მე არ მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში პუტინის რეჟიმი დიდ დროს და ენერგიას დახარჯავს ასეთ პრესინგზე, მაგრამ სიფრთხილე და სიმტკიცე, ცხადია, გვმართებს.
ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ამ დღეებში არავის დაუსვამს. როგორ მოხდა, რომ საქართველოს მხოლოდ პარაფირება შესთავაზეს, უკრაინას კი სრულყოფილ ხელმოწერას სთავაზობდნენ? მოწმე ვარ იმისა, როგორ გვეუბნებოდნენ პარლამენტის წევრებს დასავლეთელი დიპლომატები და პარლამენტარები, რომ საქართველო თანდათან კარგავდა ლიდერის ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში; რომ უკვე მოლდოვა და უკრაინა უსწრებდნენ და ა.შ. საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიის რეჟიმი უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამაზე წერდა ევროპის საბჭოს კომისარი ჰამარბერგი; აგრეთვე არ ცვლიდა კანონმდებლობას ევროგაერთიანების მოთხოვნების მიუხედავად; არ ებრძოდა მონოპოლიებს, არამედ თვითონ ქმნიდა და აძლიერებდა მათ. წინა წერილებში დამიწერია, როგორი მკვეთრი განცხადება გააკეთა ევროკავშირის მისიამ საქართველოში საქონლის დაკვლის მონოპოლიისა და ამის შედეგად ხორცზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო. თანაც ეს მრისხანე განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროინტეგრაციის მინისტრმა (!) გია ბარამიძემ ცილი დასწამა ევროკავშირს და ,,იდიოტი ბავშვის"" დავალებით განაცხადა, რომ ფასების ზრდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გამო ხდებოდა! სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება. ამ ფონზე საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ,,საქართველო ვერც იოცნებებდა ამ შედეგზე, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, თორნიკე გორდაძე, თამარ კოვზირიძე და სხვა არაერთი სწორი პოლიტიკური ხედვის, პატრიოტული სულისკვეთების თუ უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას ვილნიუსში. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე, "ვარდების რევოლუციის" მთავარი მონაპოვარია"". სალომე სამადაშვილზე, როგორც ელჩზე, კარგის გარდა არაფერი გამიგია, მაგრამ ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩამოთვლილ პიროვნებათაგან მხოლოდ თამარ კოვზირიძეა ის პროფესიონალი, ვინც ბევრი გააკეთა ხელშეკრულების მომზადებისათვის. დანარჩენმა ,,ეშმაკეულებმა"", ემიგრაციაში გაქცეული სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სწორედ იმას მიაღწიეს, რომ ამჟამად მხოლოდ პარაფირება განხორციელდა და არა სრულყოფილი ხელმოწერა. ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს ,,მავნე საბავშვო ბაღის"" წევრს, თორნიკე გორდაძეს. საფრანგეთში ნასწავლმა ამ ახალგაზრდამ შეცვალა ბარამიძე ევროინტეგრაციის მინიტრის პოსტზე 2012 წლის არჩევნების წინ. ფრანგმა ჟურნალისტმა ანტუან ლე მულეკმა გორდაძესგან აღებულ ინტერვიუში ჰკითხა მას აზრი ჩატარებულ რეფორმებზე და ამ რეფორმით გამოწვეულ მოსახლეობის გამწარებაზე, რაზედაც, წერს მულეკი, გორდაძემ ,,მითხრა მხოლოდ დადებითი ეკონომიკურ რეფორმებზე და ჩემი კითხვით აშკარად გაღიზიანებულმა ზიზღით და გამომწვევი ქედმაღლურობით განაცხადა, რომ ,,საქართველოში რომ ჩამოსულიყავით, ნახავდით, რომ სოფლებში კაცები არაფერს აკეთებენ და მთელ დღეს პაპიროსის წევაში და ნარდის თამაშში ატარებენ"". პრობლემა სწორედ ეს არის, მიშისტები ხშირად ასეთები არიან. ეს თანამედროვე ჯვაროსნები დარწმუნებულები არიან რეფორმის სიკეთეში და პრეზიდენტის ნებაში გადააქციოს საქართველო ,,თანამედროვე და ცივილიზებულ"" ქვეყნად განურჩევლად იმისა, რას ფიქრობს ამაზე მათ მიერ მართული ხალხი"".
მკითხველი დამეთანხმება, რომ მხოლოდ კლინიკურ იდიოტს შეიძლება არ ესმოდეს, რომ სწორედ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ ჩატარებული ,,რეფორმების"" შედეგად ქართველ გლეხებს წაერთვათ მიწაზე მუშაობის ყოველგვარი სტიმული; რომ ფერმერობა და გაკოტრება ერთი გახდა. სამაგიეროდ საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული საკვები პროდუქტების 80% ნაცების მიერ შექმნილ მონოპოლისტებს შემოჰქონდათ უცხოეთიდან, ხოლო მიღებული ზემოგების დადგენილ ნაწილს ისევ ნაცების ,,ობშჩაკში"" აბარებდნენ.
ეს ყველაფერი ავუხსენი ლე მულეკს და ბევრ სხვა უცხოელ ჟურნალისტს და ექსპერტს. ისიც ვუთხარი, რომ, საბედნიეროდ, ბოლშევიკებისაგან განსხვავებით ფანატიკოსი რეფორმატერები და ჯვაროსნები არ გვაყავს და ჩვენი ,,ნეოკომები"" (ნეოკომკავშირლები), სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, ფუფუნებაზე და ძალაუფლებით ტკბობაზე ფიქრობენ; მათი ძალაუფლება კი სადისტურ სისტემაზეა დამყარებული.
ყველაფრის ამის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ აკანკალებული, მაგრამ მტკიცე ხელით ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, მაინც მნიშვნეოვანია ჩვენთვის და მასზე უარის თქმა უარესი იქნებოდა საქართველოსათვის, ვიდრე ხელმოწერა. ვილნიუსში გამხორციელებული პარაფირება სასურველ პროცესებს შეუქცევადად ნამდვილად ვერ აქცევს და ისტორიული მნიშვნელობაც არ აქვს. სამაგიეროდ საკმაოდ დიდია მისი სიმბოლურ-პოლიტიკური მნიშვნელობა. საქართველოს მხრიდან ეს არის მკვეთრი დემონსტრირება მთელი მსოფლიოსათვის, რომ ქართველ ხალხს და მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და ღირსეულად ცხოვრების არჩევანი, მიუხედავად მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და იქ რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნისა. ასევე მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტზე დასავლეთის წარმომადგენელთა სრული მხარდაჭერა. ყველაფერი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმი პოლიტიკურ გვამად არის ქცეული. რეჟიმს არ შეუძლია საკუთარი თავის რეფორმირება, შესაბამისად, რუსეთისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობისათვის აუცილებელი რეფორმების ჩატარება და მიექანება კოლაფსისაკენ. ასეთ ვითარებაში ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა დიდად დააზიანებდა საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან, შეამცირებდა დასავლეთის მხარდაჭერას და, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არავითარ შეღავათს არ მოგვიტანდა პუტინის რეჟიმთან ურთიერთობაში - ,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"".
პეტრე მამრაძე, 30 ნოემბერი, 2013 წელი

malkhaz
30 დეკემბერი 2013 10:27
ბატონო პეტრე.
თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რომ ობიექტურად გაარჩიოთ საქმე და თანაც ძალიან გასაგებად წერთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ზოგიერთ ტვინ და ნამუს გამორეცხილ ადამიანს, რომელნიც ცდილობენ მეტად "ბრძნული" კომენტარები გააკეთონ.ერთი სიტყვით მე მომწონს თქვენი სტატიები. ეს უკვე ნიშნავს თქვენს პატივისმცემლებს+1.
@
05 დეკემბერი 2013 11:30
პეტრე ბატონო, ძალიან დაბალი დონის მკითხველისთვის წერთ, რა აზრი აქვს თქვენს მცდელობას. ისინი თქვენს, მართლაცდა საგულდაგულოდ გასალაშინებულ წინადადებებს შორის, მხოლოდ თავიანთთვის მოსაწონ ლანძღვა–გინებას კითხულობენ. რაც შეეხება აზრიანებს, კომენტარებიდან ჩანს როგორ შეპარულად დაგცინიან. დაოკდით ოდნავ.
&
04 დეკემბერი 2013 18:56
ცოტა ხომ გავიწიეთ წინ.ყველაფერი კარგად იქნება!

რედაქტორის რჩევით