იდიოტი ბავშვი და მისი კლოუნები კიევში - კვირის პალიტრა

იდიოტი ბავშვი და მისი კლოუნები კიევში

 

,,ჩვენი ცხოვრება ის არის, რასაც ვფიქრობთ მასზე’’

მარკუს ავრელიუსი, რომაელი იმპერატორი და ფილოსოფოსი

 

,,ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე იმას, რომ ადამიანებისათვის მხიარული გართობისა და დროის კარგად გატარების საშუალება მიმეცა. როგორ დამიფასდა ეს? ჩემი ძალისხმევისათვის ჯილდოდ მხოლოდ შეურაცხყოფა და დევნა მოვიხვეჭე’’, ამბობდა გასული საუკუნის 30-იან წლებში ალ კაპონე, საზოგადოების უდიდეს მტრად და ამერიკელი განგსტერების ყველაზე სახიფათო ბოსად აღიარებული ბოროტმოქმედი. მისი თანამედროვენი ირწმუნებიან, რომ ალ კაპონე არ თვალთმაქცობდა - მას სწამდა, რომ საზოგადოებისათვის მზრუნველი და  კეთილისმყოფელი მოღვაწე იყო, რომელსაც ვერ გაუგეს და რომელიც არ დააფასეს. ჯაბა იოსელიანი ისე ჩავიდა საფლავში, რომ საქართველოსათვის შესრულებულ განსაკუთრებულ პირად მისიაში იოტისოდენა ეჭვიც არ შეპარვია. ამ დროს ჩემი მეგობარი, ინგლისელი სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც კარგად იცნობდა დიდუბის პანთეონში დაკრძალულ ამ სისხლიან კლოუნს და მის ,,მოღვაწეობას’’, მარწმუნებდა, რომ ჯაბა იოსელიანი აკუწვის ღირსი იყო თუნდაც ახალგაზრდების მასობრივი გარყვნისათვის.

ალ კაპონეს და ჯაბა იოსელიანის თვითდაჯერებულობა წესია და არა გამონაკლისი. პუტინთან დაახლოებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ პუტინი გულწრფელი იყო, როცა საკუთარ თავზე თქვა, რომ უდიდესი დემოკრატია მაჰათმა განდის შემდეგ. ფრიად იშვიათი გამონაკლისი ის შემთხვევებია, როცა ბოროტმოქმედებს ესმით, რომ ბოროტებას და დანაშაულს სჩადიან.

მიხეილ სააკაშვილი ახლოს გავიცანი ჯერ კიდევ 1992 წელს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ,,იდიოტ ბავშვს’’ და სადისტური ავტორიტარული კლეპტოკრატიის ერთერთ მთავარ შემქმნელსა და სამშობლოს მოღალატეს გულწრფელად სწამს, რომ დიდი მოღვაწეა, გამოჩენილი რეფორმატორია, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელია, საქართველოს მტრებთან შეუპოვარი და უშიშარი მებრძოლია და რომ ამ ეტაპზე ისტორიული მისია აღასრულა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და მსოფლიოში. სწამს აგრეთვე, რომ მთავარი გასაკეთებელი ჯერ წინ არის. სწორედ ასეთი რწმენითა და პათოსით აღვსილი ჩავიდა კიევში და სიტყვა წარმოთქვა იქ შეკრებილ დემონსტრანტების წინაშე. სააკაშვილისა და მისი კლოუნების თეატრის გასტროლებს უკრაინაში ქვემოთ დავუბრუნდები, ახლა კი მოკლედ იმაზე, თუ რა მოხდა და ხდება ახლა კიევში.

,,В моем отечестве родном,

Сказать не побоюсь,

Всю жизнь чекиста с паханом

Был нерушим союз.

 

…Вот вам история — и в ней,

Что ценно для меня,

Дела давно минувших дней

Плюс нынешнего дня.

 

Один когда-то был зека,

По молодости лет,

Другой — мечтал служить в ЧК,

Едва увидев свет.

 

Нет ничего дурного тут

У каждого свой путь,

У нас любой почетен труд,

Каким он там ни будь.

 

…Летели дни, года текли,

Меняло время масть,

И оба-двое, как могли,

Так и вошли во власть.

 

Один рулит в одной стране,

Другой — в стране другой,

Один всей тушей на коне,

Другой — одной ногой.

 

Но, если помощь одному

Понадобится вдруг,

Протянет вмиг другой ему

Одну из чистых рук’’.

 

წერდა რუსი პოეტი იგორ ირტენიევი 2004 წელს. მაშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასწარი მონაცემების საფუძველზე პრეზიდენტად გამოცხადდა. უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია დაიწყო. ჩეკისტმა პუტინმა მრავალჯერ მიულოცა ქურდ იანუკოვიჩს გაპრეზიდენტება. ჩეკისტი დარწმუნებული იყო, რომ მისი მხარდაჭერა იანუკოვიჩის მდგომარეობას გაამყარებდა და იმასაც ვერ ხვდებოდა, რომ მისი ყოველი მილოცვის შემდეგ მაიდანზე მეტი ხალხი გამოდიოდა. პუტინის მილოცვები ანეკდოტად იქცა; რევოლუციის შედეგად უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო გახდა, პრემიერად კი იულია ტიმოშენკო დაინიშნა. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ტიმოშენკო და იანუკოვიჩი ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ დროისათვის უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწბილებული იყო იუშჩენკო-ტიმოშენკოს მმართველობით, ტიმოშენკოს კი ბევრი უკრაინელი ელიტარული კორუფციის სიმბოლოდ აღიქვამდა. მიუხედავად ამისა პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტური დაინიშნა. ტიმოშენკოს მხარდასაჭერად სააკაშვილმა უკრაინაში ორ ათასზე მეტი პოლიციელი გააგზავნა ,,დამკვირებლებად’’. ეს დასაბუთებულია უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათ მიერ შევსებული ანკეტებით. უცხოელი ექსპერტების შეფასებით ჩარტერულ რეისებზე და უკრაინაში რამდენიმე დღის განმავლობაში დესანტის შენახვაზე საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ათი მილიონი დოლარი დახარჯა. უკრაინის ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში აჩვენებდა ჩვენი პოლიციელების გადაადგილებას კიევში და სხვა ქალაქებში. თუმცა ზოგმა გადაადგილებაც ვერ შეძლო. ,,ბატონო პეტრე, ამ გიჟების ხელში კიევში ამოვყავით თავი და დიდი სირცხვილი ვჭამეთ. ჩვენი სასტუმროს ჰოლში ,,ბერკუტის’’ ჯგუფი დადგა და გარეთ ვერც გავედით’’, მითხრეს 2010 წელს საპატრულო მანქანიდან გადმოსულმა პოლიციელებმა. ასევე უწყვეტ რეჟიმში კიევის ტელევიზია და რადიო გადასცემდა სააკაშვილის ტიმოშენკოსთან და გივი თარგამაძის უკრაინაში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან სატელეფონო საუბრების ცნობილ ჩანაწერებს. ბევრს ემახსოვრება, როგორ უხსნიდა იდიოტი ბავშვი ტიმოშენკოს, რომ გაუგზავნა ყველაზე სანდო, ძლიერი და ენერგიული ადამიანები და რომ მთავარი იყო იულია დაკავშირებოდა გივის. გივი (იგივე ,,ვასილიჩი’’) კი უხსნიდა ქართველ ქურდებს, რომ თუ დონეცკი ხმას არ მისცემდა ტიმოშენკოს, ის დონეცკს გაუპატიურებდა (!). ატყდა საერთაშორისო სკანდალი. თვითონ იანუკოვიჩი მაქსიმალურად იყენებდა ამ თემას და მეორე ტურში სულ 2-3%-ით გაიმარჯვა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ეს პროცენტები სწორედ სააკაშვილმა დააკარგვინა ტიმოშენკოს. უკრაინაში ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი იყო საქართველოს მთავრობის ასეთი ჩარევით. იმ დღეებში შოთა რუსთაველის ძეგლს კიევში თხევადი ბეტონი გადაასხეს. სააკშვილმა ერთერთმა პირველმა მიულოცა იანუკოვიჩს გამარჯვება. ამის შემდეგ იდიოტი ბავშვი ყველასათვის მოულოდნელად ჩავიდა იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ სააკაშვილი არ იყო დაპატიჟებული.

გაპრეზიდენტების შემდეგ იანუკოვიჩმა ჩააბარა წამყვანი თანამდებობები თავისი ვაჟიშვილის ძმაკაცებს, დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი და თავის მხარდამჭერ ბანდიტ-ოლიგარქებთან ერთად დაიწყო უკრაინის ,,მტაცებლური’’ ძარცვა. სადღეისოდ უკრაინის საგარეო ვალი 60 მილიარდ დოლარს აღემატება და უკრაინა ბანკროტ სახელმწიფოდ გამოცხადების ზღვარზეა მისული. უკრაინელი ხალხი გაწბილდა და გამწარდა. იანუკოვიჩმა სწრაფად დაკარგა ისედაც მინიმალური და საეჭვო ლეგიტიმურობა, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაშიც. იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უარის თქმა ბოლო წვეთი იყო. საქმე ის არის, რომ იანუკოვიჩმა ბევრჯერ განაცხადა, რომ უკრაინა უსათუოდ მოაწერდა ხელს ამ ხელშეკრულებას და ბოლო მომენტში, ბევრისათვის სრულიად მოულოდნელად, აცნობა ხალხს და მთელ მსოფლიოს, რომ აჩერებს ამ პროცესს. ისიც არ დამალა, რომ ეს მას პუტინმა აიძულა თავისი ზეწოლით. უკრაინელი ხალხის დიდმა ნაწილმა იანუკოვიჩის გადაწყვეტილება უნამუსო მოტყუებად, პუტინის ზეწოლა კი დიდ შეურაცხყოფად აღიქვა და ამან მასობრივი პროტესტები გამოიწვია. წინა წერილში ავხსენი, რომ ხელშეკრულება, რომელსაც წლების წინათ თურქეთის და სირიის ჩათვლით მრავალმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, ნამდვილად არ იძლება ევროკავშირთან დაახლოების და, მით უმეტეს, მასში შესვლის რაიმე გარანტიას, მაგრამ მას დიდი სიმბოლურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ცნობილი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში დაწყებულია მძლავრი საერთო-სახალხო ეროვნული მოძრაობა, რომლისთვისაც უკრაინის ოპოზიციური ლიდერები სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. უკრაინელი ხალხის დიდ ნაწილს უნდა დააღწიოს თავი მართვის პოსტსაბჭოურ მოდელს - ,,პოსტსაბჭოურ გეტოს’’ და რუსეთის ხელისუფლების დიქტატს. ,,Российское давление стало импульсом, который ускоряет процесс формирования украинского национального сознания и появления национализма, ориентированного на Европу. Приходится констатировать, что укрепление украинского самосознания происходит за счет отталкивания украинской нации от России. В этом «заслуга» прежде всего Кремля’’, წერს ცნობილი რუსი მეცნიერი ლილია შევცოვა. (შეგახსენებთ, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო იმავე წლის 1 დეკემბერს უკრაინელმა ხალხმა დაადასტურა ქვეყნის დამოუკიდებლობა რეფერენდუმზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზრდასრული მოსახლეობის 84%-მა პროცენტმა, საიდანაც 90%-მა (!) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. უკრაინის ამ გადაწყვეტილებას ორიოდე კვირის შემდეგ მოჰყვა სსრკ-ს დაშლის გამოცხადება ბელოვეჟსკაია პუშჩაში. აღსანიშნავია, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მარშალმა ბერიამ მიმართა პოლიტბიუროს ვრცელი წერილით, სადაც ასაბუთებდა, რომ საჭირო იყო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება უკრაინელების შემდგომი ინტეგრაციისათვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ძალა ვერ შეაკავებდა უკრაინას სსრკ-ში, ხოლო უკრაინის გასვლის შედეგად სსრკ დაიშლებოდა.) ,,პოსტსაბჭოური გეტოდან’’ თავის დაღწევაზე არანაკლებად, მეტად თუ არა, უკრაინელებს იანუკოვიჩის და მისი კლანურ-კორუმპირებული რეჟიმის მოშორება სურთ. სადღეისოდ ,,პახანი’’ იანუკოვიჩი პოლიტიკურ გვამად არის ქცეული და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ელის ჩეკისტ პუტინს ახლო მომავალში. ’’პუტინი იმაზე უფრო თავხედურად მოქმედებს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამავდროულად, იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა’’, თქვა კიევში ჩასულმა სააკაშვილმა და ეს სრული სიმართლეა. ამასობაში იანუკოვიჩის მხრიდან ძალის გამოყენების ყოველი მცდელობა ხალხის უმრავლესობის უკურეაქციას იწვევს და ასეთი პოლიტიკის განაგრძნობის შემთხვევაში ძალოვანები სულ მალე ხალხის მხარეზე გადავლენ.

აი ასეთი ვითარება გამოიყენა სააკშვილმა იმისათვის, რომ ისევ, თუნდაც ცოტა ხნით, მსოფლიო მას-მედიის ყურადღება მიეპყრო. ამავდროულად მას გულწრფელად სწამს, რომ კიევში ჩავიდა, როგორც მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთერთი შუქურა და დიდი მოღვაწე.  ’’დღეს ჩამოვედი ევროპის ცენტრიდან, ევროპელ ლიდერებთან ერთად, იმიტომ, რომ თქვენ თავად ხართ ევროპის შუაგული. თქვენ იცავთ უკრაინის ინტერესებს. ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველოშიც ძალიან უყვართ უკრაინა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა პუტინის რუსეთი ცალ-ცალკე არ მოგვერიოს. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით ჩვენ ვერავინ მოგვერევა. მე ვარ უკრაინელი და ვარ ქართველი, ეს ნიშნავს, რომ ვარ ევროპელი. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები როგორც "გაზპრომი", გაცილებით ნაკლები ტანკები გვაქვს, მაგრამ ნება, რომელიც ჩვენ გვაქვს ძლიერია. ჩემო ძმებო და დებო, თქვენ დღეს ისტორიას ქმნით, ვიცი, რომ გცივათ და გიჭირთ აქ ყოფნა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი ბრძოლა მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება ევროპას!’’, - განაცხადა კრახგანცდილი სადისტური სისტემის შემქნელმა გულანთებულმა დემოკრატმა და თავისუფლებისათვის მებრძოლმა. სააკაშვილის ბრძანებით მისი ათიოდე ე.წ. ,,ჩმორი’’ ნაცისტი 300-იან ყინვაში იყინებოდა მაიდანზე გაშლილ კარავში და ამზადებდა ნიადაგს ,,შუქურის’’ ჩამოსვლისათვის. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ კიევში ჩასული სააკაშვილის თეატრის ზოგიერთი კლოუნი წლების წინათ მას მხოლოდ იდიოტად და გიჟად მოიხსენებდა.

,,პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი გასულ კვირას, აგრეთვე, ჩავიდა კიევში, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მიტინგზე მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა. მაგრამ, ქართველი დეპუტატებისგან განსხვავებით, მას არ უცდია პოლონური საზოგადოების მოტყუება უხეში პროპაგანდისტული შტამპების გამოყენებით, არამედ (პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში) პატიოსნად მიანიშნა პროცესის სირთულესა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე: «უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას სახელმწიფოს დაშლის ეშინიათ. დაპირისპირება, რომელიც საგარეო პოლიტიკაში შეხედულებების სტრატეგიული განსხვავებებისგან გამომდინარეობს, საშიშია. უკრაინის დაშლის საფრთხე ახლა უფრო დიდია, ვიდრე «ნარინჯისფერი რევოლუციის» დროს. მაიდანზე შეკრებილები პროტესტს გამოხატავენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, მათი ნაწილი ძალზე პროევროპულია, მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ყველა მოწინააღმდეგე მხარს უჭერს ევროკავშირს» (ყურადღება მივაქციოთ ბოლო ფრაზას, როცა პოლონელი პოლიტიკოსი არა ინუკოვიჩის მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზე საუბრობს). ეჟი ბუზეკი უკრაინის ევროინტეგრაციის თანმიმდევრული მომხრეა და ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ ფრიად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლონურ საზოგადოებასთან საუბარში ცდილობს, სიტუაცია ობიექტურად აღწეროს და გულწრფელად ესაუბროს მას პროცესის რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, კერძოდ, უკრაინის დაშლაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი კონტინენტის დესტაბილიზაციას გამოიწვევს’’, წერს დიმიტრი მონიავა წერილში ,,მაიდანი მათი არსებობისა’’.

ეჟი ბუზეკი მართალია. ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერის, დასავლეთისაგან ფინანსური დახმარების მიღების და იანუკოვიჩის მალე გასტუმრების შემთხვევაშიც უკრაინას რთული მომავალი ელოდება. თუმცა ამ პირობების არშესრულების შემთხვევაში გრძელვადიანი პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა.

მახსოვს აფხაზეთში უკრაინელ მოხალისეთა ბანაკი და ბანაკის თავზე დიდი ტრანსპარანტი: ,, აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვით ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობას ვიცავთ’’; მახსოვს მოხალისე უკრაინელი მამა-შვილი. ვაჟიშვილი როცა მოკლეს გადამთიელებმა, მამამ გადაასვენა შვილის ცხედარი სამშობლოში და მაშინათვე დაბრუნდა აფხაზეთში. მახსოვს გმირი უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც ურთულეს პირობებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობით წამოსული დევნილების ნაწილი. ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს ყველაფერი ის, რაც მათთვის კარგია და რაც თვითონ სურთ და დავეხმაროთ მათ უპასუხისმგებლო ყვირილისა და პროვოკაციების მოწყობის გარეშე.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ,,იდიოტ ბავშვს’’ რეიგანის ყოფილმა თანაშემწემ, ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა დაგ ბენდოუმ შეადარა, ხოლო ტერმინი ,,სააკაშვილის კლოუნების თეატრი’’ ტელეკომპანია ,,სქაი-ნიუს’’-მა შემოიღო.

პეტრე მამრაძე, 13 დეკემბერი, 2013 წელი