განგაში!!! - კვირის პალიტრა

განგაში!!!

ბევრჯერ მითქვამს - მაქვს ფრიად საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს და სადისტური კლეპტოკრატული სისტემის კიდევ რამდენიმე თავკაცს იმდენი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამშობლოს ღალატის ჩათვლით, რომ ამ დანშაულების ნაწილის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა არც ერთ მათგანს არ უნდა ასცდეს. კარგა ხანია იმასაც ვამტკიცებ, რომ თუ გამოძიებამ მათი დანაშაული ,,ვერ გამოიძია"", ეს ადამიანები საქართველოს არშემდგარი სახელმწიფოებრიობის თვალსაჩინოებად იქცევიან. მაგრამ ახლა სხვა და, ჩემი ვარაუდით, ფრიად საგანგაშო ვითარებაზე უნდა ვიმსჯელო.

ყურადღებით მოვისმინე კრახგანცდილი სადისტური სისტემის ,,ხერხემლის" ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება ციხიდან მისი უკანონო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. გულდასმით წავიკითხე ამ განცხადების პრესაში გამოქვეყნებული ტექსტი, გავეცანი პოლიტიკოსების რეაგირებას. ცხადია, მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე შეუძლებელია იმის მყარად მტკიცება, რომ ის თავიდან ბოლომდე შეთხზული არ არის იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ზურაბ ადეიშვილთან და სხვებთან ერთად თავისი ,,ხერხემლობის"" პერიოდში მრავალი უბინძურესი საქმე შეთითხნა და, ხშირ შემთხვევაში, წამებით აიძულა უდანაშაულო ადამიანებს ეღიარებინათ მათ მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდებები.

ამავდროულად, მთელს ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ მერაბიშვილის განცხადების სულ ცოტა ერთი ნაწილი, კერძოდ ის, რომ ის უკანონოდ გაიყვანეს ციხიდან და მიიყვანეს სადღაც, სადაც მას პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ, საკმაოდ დამაჯერებლად მეჩვენება. (სათანადო ანკეტის შევსებისას ამ შემთხვევაში ავირჩევდი პასუხს ,,უფრო მჯერა, ვიდრე არ მჯერა") ბევრჯერ მინახავს, როგორ იტყუებოდა მერაბიშვილი (თუნდაც პარლამენტში სამთავრობო საათის დროს ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას) და როგორი გამომეტყველება ჰქონდა მას ამ დროს. ისიც მინახავს, როგორი იყო, როდესაც სიმართლეს ამბობდა და ეს გამოცდილება მკარნახობს იმას, რომ ციხიდან გაყვანაზე და იმაზე, რომ ოთახში, სადაც მიიყვანეს, ორი ადამიანი ამოიცნო, მერაბიშვილი შეიძლება სიმართლეს ამბობდეს. ამას ემატება ის, თუ როგორ მიანიშნა მან, რომ ციხეში მოქმედებს ვიდეოთვალები და რომ მისი გაყვანა არაერთმა მუშაკმა დაინახა.

საგანგაშოა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო არ აკონკრეტებს, გაიყვანეს თუ არა მერაბიშვილი საკნიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ,,ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ აღნიშნა, რომ ,,თუ გამოძიება დაიწყება ამ თემასთან დაკავშირებით, სამინისტრო მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი". სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელებმა, ცხადია, იციან სიმართლე და ისიც იციან, რა დააფიქსირა ან არ დააფიქსირა ვიდეოაპარატურამ. მერაბიშვილი ციხიდან უკანონოდ რომ არ გაეყვანათ, თვით მინისტრი სოზარ სუბარი მაშინვე კატეგორიულად განაცხადებდა, რომ მერაბიშვილის განცხადება არის ტყუილი, აბსურდი და ბინძური პროვოკაცია; რომ მსგავსი რამ სასჯელაღსრულების სისტემაში პრინციპულად გამორიცხულია; რომ კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით ვერავინ ვერ შეძლებს ამ სისტემაში შეღწევას და, მითუმეტეს, პატიმრის გაყვანას და მერე მის დაბრუნებას და ა.შ. მინისტრს ეს არ გაუკეთებია!

ასევე საგანგაშოა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების რეაქცია. ბევრი მსმენია ქოცებში არსებული კომუნიკაციის დეფიციტის შესახებ. (საკმარისია გავიხსენოთ ალასანია-ღარიბაშვილის საჯარო სიტყვიერი პაექრობა ე.წ. ,,ჯიხადის" კლიპის გამოძიებაზე). მაინც ძნელად წარმოსადგენია ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მერაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და მთავარი პროკურატურისაგან იმის გაგება, თუ რა მოხდა სინამდვილეში. არადა ამ სტრუქტურების ხელმძღვანელებს რომ ეთქვათ პარლამენტის თავმჯდომარისათვის და უმრავლესობის ხელმძღვანელებისათვის, რომ მერაბიშვილი არსად არ გაუყვანიათ და აგერ არის ვიდეომასალა, რომელზედაც მსგავსი არაფერია დაფიქსირებული, მაშინ უსუფაშვილის და სხვების განცხადებების შინაარსი და ტონი სულ სხვა იქნებოდა. შექმნილ ვითარებაში სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებში უნდა შედიოდეს ვიდეომასალების სასწრაფო ამოღება და ჩვენება, თუნდაც პარლამენტში შერჩეული ნდობით აღჭურვილი ჯგუფისათვის, მერაბიშვილის ადვოკატებისათვის, ომბუდსმენისათვის და ა.შ., მაგრამ უმრავლესობა ამას არ ითხოვს და კომისიის შექმნაც არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

,,საპარლამენტო კომისია რატომ უნდა შევქმნათ? ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა რაიმე ისეთი ხდება, რაზეც გამოძიება ვერ სცემს პასუხს. ეს არის 17–წუთიანი გამოძიების თემა, რად უნდა ამას საპარლამენტო კომისია და აჟიოტაჟი?! რახან ვანომ თქვა, ამიტომ მთელი ქვეყანა უნდა დავირაზმოთ და მისი სიტყვების მიხედვით ვიცხოვროთ?! გიგა ბოკერიას უნდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ამ საქმეს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იქნება, თუკი გამოძიება დაიწყება სწრაფად, ეს ვიდეოფირი იქნება ამოღებული და ყველაფერს ვნახავთ ყველანი... რად უნდა ამას ან პარლამენტი ან პროკურატურა ან ჩინები ან მედლები"", თქვა პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა ,,ნეტგაზეთთან"" ინტერვიუში, გუშინ, 17 დეკემბერს. ამავე ინტერვიუში და ,,რუსთავი 2""-ის გადაცემაში ხიდაშელმა ისიც განაცხადა, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ხელისუფლება აგვიანებს! ნაცვლად მერაბიშვილის გამოსვლის შემდეგ მყისიერი განცხადებისა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და 17 წუთიანი ან, თუნდაც 170 წუთიანი გამოძიების ჩატარების შემდეგ იმის განცხადებისა, რომ გამოძიება გაეცნო ფირებს და მერაბიშვილის ინფორმაცია არ დასტურდება და, შესაბამისად, მერაბიშვილის ბრალი დამძიმდება დანაშაულის დაბრალების გამო (ფირების განსაჯაროება მერეც შეიძლებოდა, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ), ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველ რიგში პრემიერი ღარიბაშვილი, ,,ძლიერ" განცხადებებს აკეთებენ და უკვე იმას მიაღწიეს, რომ ომბუდსმანი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები ითხოვენ გამოძიების სასწრაფო დაწყებას, გამოძიება კი არ დაწყებულა. მინდა აღვნიშნო, რომ ღარიბაშვილის ვარაუდი, რომ მერაბიშვილი თავისი განცხადებით აშანტაჟებს სააკაშვილს, ნაკლებად დამაჯერებელია ჩემთვის, ვინაიდან გაუგებარია, რა მოქმედებას შეიძლება ითხოვდეს სააკაშვილისაგან მერაბიშვილი ამ შანტაჟით.

რატომ აყოვნებს ხელისუფლება? სააკაშვილის სადისტური სისტემის მოწინააღმდეგე ექსპერტებს შორისაც კი გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს სჭირდება დროის გაწელვა იმისათვის, რომ მოასწროს ვიდეოჩანაწერის გაყალბება და იმ კადრების წაშლა, სადაც მერაბიშვილის გაყვანა-შემოყვანაა დაფიქსირებული. სპეციალისტების აზრით ეს ტექნიკურად საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. თუმცა ფირის გაყალბების შემთხვევაში კვალიფიციურ და დამოუკიდებელ ექსპერტიზას გაყალბება არ გამოეპარება. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მერაბიშვილს გაიაროს გრაფოლოგიური ექსპერტიზა (ცნობილი ,,ტყუილის დეტექტორის" თანამედროვე ვარიანტი) და თუ მერაბიშვილი დათანხმდება ამას იმ პირობით, რომ ამ ექსპერტიზას უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ, ხელისუფლება უნდა დათანმხდეს ამ მოთხოვნას. გრაფოლოგიური ტესტი აბსოლუტური სიზუსტით ადგენს ტყუის თუ არა ადამიანი. შეგახსენებთ, რომ წლების წინათ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის საქართველოში მკვლელობის შემდეგ, მოწმეები და ბრალდებული დათანმხდნენ ამ ტესტის გავლაზე, რომელიც ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს. ტესტმა დაასაბუთა, რომ ყველა მონაწილე ამბობდა სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა და იმ დღიდან აშშ-ს მხარეს არავითარი პრეტენზია არ აქვს საქართველოს მიმართ ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

,,რა ქენით შოთა? იხმარეთ ესენი ყველა ბოლოდან?" ეკითხება მერაბიშვილი შოთა უტიაშვილს 2011 წლის ზაფხულში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში. (ეს ფრაზა გამახსენდა გუშინ, შოთა უტიაშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის ,,მაესტროს" ეთერში კამათის ყურებისას). მერაბიშვილს მაშინ ფოტორეპორტიორები ჰყავდა მხედველობაში. რამდენიმე დღით ადრე ,,ხერხემალი" შეხვდა ჟურნალისტებს; განაცხადა, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს ჯერ კარგად არ იცნობდა და დაპირდა, რომ ყველაფერს შეისწავლიდა და რამდენიმე დღეში ,,წელში გამართული"" ისევ შეხვდებოდა მას-მედიას. ,,ნეტა რას გულისხმობს მერაბიშვილი?"", მკითხეს მაშინ მასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში მოსულმა ცნობილმა ჟურნალისტებმა. ,,ცხადია იმას, რომ ახლა თავის ჯალათებს დაავალებს ნებისმიერი ხერხებით აიძულონ ფოტორეპორტიორები აღიარონ მათთვის წაყენებული მარაზმატული ბრალდება"", ვუპასუხე მე. აი კიდევ ერთი მაგალითი ისეთი ვითარებისა, როცა რაღაცაში დარწმუნებული ხარ, მაგრამ ვერ ამტკიცებ - მე რამდენჯერმე მოვუსმინე მერაბიშვილ-უტიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მათი ხმებია, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია.

ხელისუფლების დაყოვნების ყოველი საათი და გამოძიების დაწყების ნაცვლად ,,ძლიერი"" განცხადებების კეთება (ანუ ,,ლაპარაკი საქმის ნაცვლად"") ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, დასავლეთელი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და მას-მედია რეაგირებას არ დააყოვნებენ. შემდგომი დაყოვნების შემთხვევაში ხელისუფლებისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის მძიმე შედეგი დადგება, სადისტური სისტემის თავკაცები კი დიდ გამარჯვებას მოიპოვებენ. ეს დამნაშავეები საბოლოოდ მოირგებენ პოლიტიკურად დევნილების შარავანდედს და ყველა შემდგომი გამოძიების შედეგი ინტერპრეტირებული იქნება, როგორც ჩვენებების ზეწოლისა და მუქარის მეშვეობით მოპოვება.

ხაზს ვუსვამ - მე ვმსჯელობ მხოლოდ იმ ეჭვებზე, რომელიც მერაბიშვილის განცხადებამ და მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გამიჩინა და იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს ეჭვები არ გამართლდება. ჩემი ეჭვი რომც გამართლდეს, სავსებით შესაძლებელია, რომ მერაბიშვილი ბევრ რამეს ამახინჯებს და აზვიადებს, როცა ყვება თუ რა ჰკითხა, რა მოსთხოვა და რითი ემუქრებოდა მას მთავარი პროკურორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცინიზმით სავსეა მისი განცხადება, რომ ,,სააკაშვილის კორუფციაში დადანაშაულება სრული უაზრობაა".

მერაბიშვილის სკანდალური განცხადება სამოქალაქო საზოგადოების გამოცდაც არის. თუ სამოქალაქო საზოგადოება და მას-მედია ვერ მიაღწევენ იმას, რომ ხელისუფლებამ უქზუნველყოს სრულყოფილი, გამჭვირვალე, ,,17 წუთიანი"" გამოძიება, რომელიც ბოლომდე მოფენს ნათელს ამ საქმეს; თუ ამ გამოძიების შემდეგ ხელისუფლება არ მიიღებს შესაბამის ზომებს (დამნაშავეთა დასჯა კანონის სრული სიმკაცრით, თუ მერაბიშვილი მართლაც იყო გაყვანილი ციხიდან და მერაბიშვილისათვის ბრალის დამძიმება, თუ დასაბუთდა, რომ მან ტყუილი თქვა), მაშინ, ეკონომიკური სიდუხჭირისა და ქოცების მიმართ მზარდი უნდობლობის ფონზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი მნიშვნელოვნად გართულდება.

პეტრე მამრაძე, 18 დეკემბერი, 2013 წელი

პ.ს. ამ წერილის დასრულების შემდეგ ვნახე ,,ინტერპრესნიუსის"" ინფორმაცია, რომელიც უცვლელად მომყავს:

ვანო მერაბიშვილი - ხელისუფლება ფიქრობს, წაშალოს თუ არა ციხის სათვალთვალო კამერების მასალა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

როგორც მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 მაისის საქმის განხილვისას განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება არც დაიწყება.

"24 საათის წინ გავაკეთე ძალიან სერიოზული განცხადება და ამ დრომდე არ ჩატარებულა არანაირი გამოკითხვა და არც დაწყებულა რაიმე საგამოძიებო ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, გამოძიება არც ჩატარდება. ძნელია, იპოვო პატიოსანი პროკურორი, ვინც ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ეს საქმე განწირულია", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, წაშალოს თუ არა ციხის სათვალთვალო კამერების მასალა.

"დიდი ხანი ვიმუშავე სისტემაში და ვიცი, ნებისმიერი მცდელობა, რომ ვიდეოში თარიღი წაიშალოს ან გამოსახულება დამახინჯდეს, ექსპერტიზის დროს აისახება", განაცხადა მერაბიშვილმა.