,,მცირე შეცდომა" თუ ,,სისტემამ კრახი განიცადა"?
28-12-2013
,,მცირე შეცდომა" თუ ,,სისტემამ კრახი განიცადა"?
,,ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა", თქვა გამოჩენილმა ფრანგმა იურისტმა ანტუან ბულო დე ლა მერტმა ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის დახვრეტასთან დაკავშირებით. დე ლა მერტის სიტყვები (ზოგჯერ მათ შეცდომით ტალეირანს მიაწერენ) მოარული გახდა. პოლიტიკაში მართლაც ხშირია შემთხვევები, როდესაც შეცდომას დანაშაულზე უარესი შედეგები მოჰყვება.

ა.წ. 17 დეკემბერს კრახგანცდილი სადისტური სისტემის ხერხემალმა ვანო მერაბიაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 14 დეკემბრის ღამით ის უკანონოდ გაიყვანეს ციხის საკნიდან და მიიყვანეს მთავარ პროკურორთან, რომელმაც მასზე ზეწოლა განახორციელა (მერაბიშვილის
სიტყვებით ,,აკაჩავებდა" მას). 24 დეკემბერს სტრიპტიზმერმა უგულავამ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე წლების წინათ გერმანიაში გაასამართლეს ,,ყაჩაღური ქურდობისათვის". საბუთების ციტირების გარდა უგულავამ იმ გერმანული ციხის ფოტოც აჩვენა, რომელშიც ფარცხალაძე სასჯელს იხდიდა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ მერაბიშვილი და უგულავა ნაწილობრივად მაინც სიმართლეს ამბობდნენ: მერაბიშვილი სულ
ცოტა იმ ნაწილში, რომ საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს, უგულავა კი იმ ნაწილში, რომ ფარცხალაძე მართლაც გასამართლებული იყო. ორივემ ისეთი რამ თქვა, რისი დოკუმენტური უარყოფა ტყუილის შემთხვევაში ხელისუფლებისათვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ ორივეს დიდი მორალური ზიანი მიადგებოიდა. დამტკიცდებოდა, რომ ყოფილი პრემიერი - ნაცისტების ამჟამინდელი გენმდივანი და დედაქალაქის მერი უტიფრად ტყუოდნენ, თაღლითობდნენ (დასავლეთის თვალში ისინი მაშინვე დაკარგავდნენ პოტენციურად პოლიტიკურად დევნილების იმიჯს); გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მაშინათვე წაუყენებდნენ დამატებით ბრალდებას დანაშაულის დაბრალებისათვის. ცხადია, ასეთ ტყუილებს მხოლოდ კლინიკური გიჟები თუ გამოიგონებდნენ (შემთხვევითი როდია, რომ მერაბიშვილის განცხადების დღეს თინა ხიდაშელი ამბობდა, რომ საჭირო იყო გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და რომ გამოძიებას ,,სულ ჩვიდმეტი წუთი" დასჭირდებოდა სიმართლის დასადგენად. ხოლო მომდევნო დღეებში, როდესაც ქოცების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აშკარად გადაწყვიტა დაეფარათ ფარცხალაძის დანაშაული, ხიდაშელი მერაბიშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მის ,,მოლანდებებზე" ალაპარაკდა).

ორივე შემთხვევაში ქოცებმა, იდიოტიზმთან მიახლოებული თავისი მოქმედებით, მაშინვე დაასაბუთეს, რომ მერაბიშვილი და უგულავა სიმართლეს ამბობდნენ და ლანგარზე მიართვეს მათ პოლიტიკური ნიშნით დევნილების იმიჯი. ეს მძიმე დარტყმაა საქართველოს იმიჯისათვის და ამ დარტყმის შედეგები მალე წინ დაგვხდება. მაგრამ ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ კრიზისმა გამოაშკარავა, რომ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ოპერატიულად ეროვნული ინტერესებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და მათი დაუყოვნებლივ აღსრულება. ისიც ცხადი გახდა, რომ მართვის სისტემა დეფორმირებულია და დიდად აცდენილია კონსტიტუციით და დანარჩენი კანონებით განსაზღვრულ პრინციპებს და წესებს.

მაინც როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას?

პასუხი არის მარტივი და ცხადი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის. მერაბიშვილის განცხადების შემდეგ მაშინვე უნდა გაერკვიათ სიმართლე: ეკითხათ მთავარი პროკურორისათვის და ენახათ ციხის კადრები. (იურისტები ერთხმად მეუბნებიან, რომ სასჯელაღსრულების მინისტრს სრული უფლება აქვს ყოველგვარი გამოძიების გარეშე ნახოს კადრები (შესაბამისი დანადგარი მის კაბინეტში დგას) და გააცნოს ისინი კოლეგებს). სიმართლის დადგენის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ. პარალელურად, თავისთვის მაინც უნდა გაერკვიათ იყო ეს ფარცხალაძის ,,თვითშემოქმედება", თუ ის სხვებთან შეთანხმებით ან სულაც სხვისი ბრძანებით მოქმედებდა. შიდა გარჩევის შემდეგ საჯარო მოქმედებაზე უნდა გადასულიყვნენ. მაშინვე უნდა დაწყებულიყო გამოძიება: პროკურატურას უნდა გამოეძია მერაბიშვილის განცხადებაში ჩამოყალიბებული ბრალდების სისწორე, ვინაიდან მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება (და ვალდებულიც არის) გამოიძიოს პროკურატურის მუშაკების დანაშაული; ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (და არა გენისპექციას), თავის მხრივ, უნდა გამოეძია მათი თანამშრომლების დანაშაული. ყველა შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით, უნდა ეჩვენებინათ ტელევიზიით ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა. (მერაბიშვილს ტყუილი რომ ეთქვა, ამის დამადასტურებელ კადრებს მაშინვე გვაჩვენებდნენ და სათანადო დასკვნასაც დადებდნენ. ამიტომ ამ ვარიანტს არც განვიხილავ). ხელისუფლების ასეთი სამართლიანი, პრინციპული პოზიცია, მხოლოდ გაამყარებდა ქოცების ავტორიტეტს. ეს იქნებოდა დემონსტრაცია იმისა, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის სადისტური სისტემის მეთოდები წარსულს ჩაბარდა და ახალი ხელისუფლება განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას. ხელისუფლება სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ფარცხალაძისნაირი დამნაშავეები დააწინაურა და პირობას დადებდა, რომ აწი ასეთ საკადრო შეცდომას აღარ დაუშვებდა. (მიაქციეთ ყურადღება: ასეთი მოქმედების შემდეგ უგულავას განცხადებას თანამდებობიდან მოხსნილ და ძიების ფიგურანტად მყოფ ფარცხალაძის ძველ ნასამართლეობაზე არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა აღარ იქნებოდა).

აღსანიშნავია, რომ ქოცების ლიდერებს შორის თუნდაც ერთ კაცს რომ გამოეჩინა პრინციპულობა, ხელისუფლება ვერ მიიღებდა მთავარი პროკურორის დანაშაულის დაფარვის დანაშაულებრივ და ქვეყნისათვის უაღრესად საზიანო გადაწყვეტილებას.

მაგალითად, სასჯელარსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს, თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ შეესრულებინა და ეთქვა თავისიანებისათვის, რომ სიმართლეს იტყოდა საჯაროდ და კადრებსაც ყველას გააცნობდა, ყველა ,,ჯიუტი"" მაშინვე უკან დაიხევდა და ყველაფერი ქვეყნისათვის და მათთვისაც სასიკეთოდ დასრულდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარეს და/ან პარლამენტის წევრ ქოცებს მაშინათვე რომ ეთქვათ, რომ შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას, გამოითხოვდნენ ვიდეომასალას და ა.შ., ყველაფერი ისევ სასიკეთოდ დასრულდებოდა.

მარაზმისათვის წერტილის დასმა შეეძლო ჩვენს ,,ხათრით არჩეულ" ,,პლასტელინ"" პრეზიდენტსაც. მისი უფლებამოსილება სავსებით საკმარისია ამისათვის. უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ის ვალდებულიც იყო ეს გაეკეთებინა.

ხაზს ვუსვამ - საკმარისი იყო ამ ადამიანებს (ერთს მაინც!) პრინციპული პოზიცია დაეკავებინა არა საჯაროდ, არამედ პრობლემის შიდა განხილვის დროს და საჯაროდ დემარშების გაკეთება აღარ მოუწევდათ. ,,ჯიუტები" უკან დაიხევდნენ, ვინაიდან მათ სიჯიუტეს აზრი დაეკარგებოდა და ყველაფერი მაქსიმუმ 24 საათში დასრულდებოდა, ანუ 18 დეკემბერს.

აღსანიშნავია, რომ ქოცების ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოთხოვნა დაეწყოთ გამოძიება. (ნანუაშვილი შეხვდა მერაბიშვილს და შემდეგ განაცხადა, რომ დარწმუნდდა გამოძიების აუცილებლობაში).

ნაცვლად ამისა, ქოცები მოქმედებდნენ და ახლაც მოქმედებენ ქვეყნისა და საკუთარი თავის იმდენად საზიანოდ და დამნაშავე ნაცისტების სასარგებლოდ, როგორც ნაცების მიერ დაქირავებული ადამიანებიც ვერ მოახერხებდნენ. მათი ყოველი განცხადება ადასტურებს იმას, რომ მერაბიშვილი (შემდეგ უგულავა) სიმართლეს ამბობდნენ, ხოლო ქოცების ლიდერებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება დაეფარათ ჩადენილი დანაშაული. ყველა განცხადების ჩამოთვლა შეუძლებელია. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმეს, რომელიც დამამახსოვრდა.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი არ გაუყვანიათ, რომ სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, მის სამინისტროს კადრების ნახვის უფლება არ აქვს, ხოლო ის მთლიანად იზიარებს პროკურატურის აზრს, რომ გამოძიების დაწყება არ არის საჭირო! რომ ვიდეომასალის წაშლას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი აკონტროლებს და ის, როგორც მინისტრი ამაში არ ერევა!

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა ღარიბაშვილმა მერაბიშვილის განცხადებას ჩვეულებრივი პროვოკაცია და ტყუილი უწოდა, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიკაიძემ მერაბიშვილის განცხადება შეაფასა, როგორც ,,არასერიოზული". (წარმოიდგინეთ რა შეფასება მიეცემა დასავლეთში იმას, რომ პატიმრის ასეთ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი არასერიოზულად მიიჩნევს, პრემიერი კი მაშინვე ტყულად აფასებს!).

ტრაგიკომიკურია დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ანეკდოტად დარჩება: ,,საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. პირველ რიგში იმიტომ, რომ რამაც ამ განცხადებამდე მიიყვანა აღნიშნული პირები, საერთოდ ჩვენი ქვეყანა, იმაზეა ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. რა თქმა უნდა, ქალაქის მერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, ეს უკვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია. ამასობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა ორგანომ, დაწესებულებამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორად გადაწყდეს ეს საკითხები. ამიტომ, თითოეული ამ მიმართულებით, მოუთმენლად ველით სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებებს და საბოლოო დასკვნებს", თქვა უსუფაშვილმა. არადა, როგორც ზევით დავწერე, ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ შეესრულებინა და პრობლემის შიდა განხილვისას პრინციპული პოზიცია რომ დაეკავებინა, ყველაფერი იქვე მოგვარდებოდა და ქვეყანას კრიზისი ასცდებოდა.
27 დეკემბერს უსუფაშვილმა კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. ,,მთელ ამ აურზაურში, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული მცირე შეცდომა, რომ ყველა საკითხზე მყისიერად არ გაიცა ამომწურავი, ფაქტებით გამყარებული პასუხები. ამან პროცესში ვნებათღელვა შეიტანა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და თუ ხვალ და ზეგ დაისმება რამე კითხვა ფარცხალაძესთან თუ უსუფაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებას განვუმარტავთ ყველაფერს და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს"", თქვა ,,მოუთმენელი მოლოდინის" რეჟიმში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ. მიაქციეთ ყურადღება ფრაგმენტს ,,ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია". ეს ფრაზა ნიშნავს, რომ მერაბიშვილის სკანდალს უსუფაშვილი ამოწურულად მიიჩნევს. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ვიდეომასალა განადგურებულია და უსუფაშვილმა ეს კარგად იცის. უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუშვა მცირე შეცდომა, რომელიც მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ,,ყველა საკითხზე მყისიერად არ გაიცა ამომწურავი, ფაქტებით გამყარებული პასუხები". მარაზმი კი ის არის, რომ ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ შეესრულებინა, ყველა საკითხზე მართლაც და მყისიერად გაიცემოდა ამომწურავი, ფაქტებით გამყარებული პასუხები!

უსუფაშვილის და სხვების მიერ გაკეთებული განცხადებები გახმოვანდა ,,ქოცების" მრავალი წარმომადგენლის განუწყვეტელი გამოსვლების ფონზე: ,,თქვენ თვითონ ხარ ცუდები! პროვოკატორები! ჯობია თქვენს დანაშაულებზე ილაპარაკოთ! თქვენი განცხადებებისა არ გვჯერა, არა არაო!" და ა.შ. და ა.შ. ყოველი ასეთი განცხადება, რომელსაც ქოცები ,,17 წუთიანი გამოძიების" ნაცვლად აკეთებენ, ძირავს მათ ისევე, როგორც ძირავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს მისი უაზრო ფართხალი.

,,...სამართლებრივად მას (ფარცხალაძეს) ნასამართლობა არ გააჩნია და თუ მას ოდესმე სამართლებრივად პრობლემა ჰქონდა, ჰქონდა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა.... მე მქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და მისგან მივიღე ძალიან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, არ არსებობს არც ერთი ნიუანსი, რომელიც სამართლებრივ ან მორალურ ეჭვს იწვევს მის ბიოგრაფიაში"", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა 27 დეკემბრის დილით.

იმავე დღის საღამოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რომ ,,ფარცხალაძე არის ნასამართლევი, მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში". მიუხედავად ამისა, პრემიერმა მიიჩნია, რომ ამ საკითხმა ზედმეტი ხმაური გამოიწვია.

,,ამ ოროსან ბავშვებს ან ჩვენ ვგონივართ იდიოტები ან თვითონ იდიოტები არიან", მითხრა ამის შემდეგ გულმოსულმა ცნობილმა იურისტმა, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცის რა აქვთ ჩადენილი ნაცისტებს და რაზე არიან წამსვლელები. მეორე ცნობილმა იურისტმა კი მითხრა, რომ ჩაიხედა საქმეში და აღმოაჩინა, რომ ფარცხალაძის ნასამართლეობა მოხსნილი არ არის. ნასამართლეობის მოხსნა მხოლოდ სასამართლოს შუძლია, გერმანიის სასამართლოს კი ეს არ გაუკეთებია.

ფარცხალაძე ღარიბაშვილის მოთხოვნით დაინიშნა. (გავიხსენოთ: თეა წულუკიანმა, რომელსაც კანონი ავალებდა ფარცხალაძის მთავარ პროკურორად ფორმალურ წარდგენას, თავი დაიზღვია და მაშინვე განაცხადა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობდა, მაგრამ ღარიბაშვილს ენდობოდა). პრემიერის განცხადება ბევრ კითხვას ბადებს. აღიარებს ის თუ არა, რომ ფარცხალაძემ მოატყუა იგი და დაუმალა თავისი ნასამართლეობა? თუ იცოდა ყველაფერი და მაინც დაანიშნინა ფარცხალაძე წულუკიანს? თუ ეს ასეა, მაშინ ხომ არ აქვს საფუძველი ქალაქში გავრცელებულ ჭორებს, რომ ფარცხალაძე ვერ გაბედავდა მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანას და მის ,,დაკაჩავებას" პრემიერის ნებართვისა თუ ბრძანების გარეშე?

მაინც რა მოხდა სინამდვილეში? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

სააკაშვილის ,,უპასუხისმგებლო" (დაგ ბენდოუს შეფასებით) ავტორიტარული რეჟიმის დროს გადაწყვეტილებას სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ღებულობდნენ ერთად (გადამწყვეტი ხმა, ცხადია, სააკაშვილს ჰქონდა). კონსტიტუციით განსაზღვრული დანარჩენი შტოები (სასამართლოს ჩათვლით) და მათი ხელმძღვანელები, ნაცვლად თავისი მოვალეობის შესრულებისა, უპირობოდ ასრულებდნენ ამ ,,ტროიკის" დანაშაულებრივ დავალებებს. ამჟამად ძალაუფლების ცენტრად გუნდში ღარიბაშვილი აღიქმება. კოალიციაში შემავალი პარტიებისათვის, მათ შორის მათთვის, ვისაც სძულთ საკუთრივ ,,ოცნების" წარმომადგენლები, ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა თავის ნაცვლად. ცნობილი ფორმულის (,,სტალინი ეს არის ლენინი დღეს") გამოყენებით რომ ვთქვათ, მათთვის ,,ღარიბაშვილი ეს არის ივანიშვილი დღეს". ამიტომაც ყველამ შეიკავა თავი პრინციპული პოზიციის დაკავებისაგან; ყველა დაეთანხმა ღარიბაშვილის მოსაზრებას და იმაზე გადავიდა, რომ მაქსიმალურად ხელი დაებანა და დისტანცირება მოეხდინა ამ სკანდალებისაგან, თანაც ისე, რომ ,,ძალაუფლების" ცენტრთან ღია კონფლიქტში არ შესულიყო. ამ ადამიანების დიდი ნაწილის ,,ოცნებაა", რომ ღარიბაშვილი გადაყვეს ამ სკანდალებს თავის ფარცხალაძიანათ, თვითონ კი პოზიციები გაიმაგრონ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა ,,მცირე შეცდომასთან" არამედ სახეზეა, რომ ქვეყნის მართვის სისტემამ ,,კრახი განიცადა"" და ჩვენ ისევ ,,პლურალისტურ ფეოდალიზმტან" და არა დემოკრატიულ მმართველობასთან გვაქვს საქმე.

თუ ვითარება დროულად არ გამოსწორდა, შევეგუოთ იმასაც, რომ კრახგანცდილი სისტემა ვერ მოერევა ქვეყნის წინაშე არსებული დიდი პრობლემების გადაჭრას და შედეგი სავალალო იქნება.

პეტრე მამრაძე, 28 დეკემბერი, 2013 წელი
ana
05 მარტი 2014 04:02
აღარაფერია ამის შემდეგ გასაკვირი,საქარტველო უპრეზიდენტო და უმტავრობო ქვეყანაა,ხოდა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.. ნაცები ტუ ნაცისტები რაც გინდატ ის უწოდეტ ძველს და ახალ მტავრობას ყველა ტანაბრად გასვრილია ამ საქმეში,ყველას ქონდა ურტიერტობა უგულავას და მერაბიშვილტან,ყველას რაგაც ბრალიეულობა აქვს წარსულში რის გამოც ვერ გადაუწყვეტიათ მატი დასჯა, და ნასამარტლევ გენ პროკურორის განტავისუფლება ,აბა ვის აწყობდა პატიოსან ,საქმის ერტქულ ადამიანის გენ.პროკურორობა??არავის,ხოდა მოიშორეს კიდეც,, სუფტა ხელები მის გარდა არავის არც ქონდა და არც გექნებატ..ყველა ერტად ,,ჩასარეცხები ხარტ..სოზარ სუბარი ერტ დროს იყო ვიტომ საზოგადოების დაცველი,მაგრამ ის არც მაშინ ვარგოდა და არც ეხლა ,, მაშინ ნაცებს ემსახურებოდა დღეს კი ოცნებას,,რა შეიცვალა ამიტ??
manana
10 იანვარი 2014 11:57
ვფიქრობ,ყველა მინისტრი დამოუკიდებელი უნდა იყოს და არ უნდა მოქმედებდეს ბიდზოს კარნახიტ ,რომელიც პოლიტიკის აზრზე არ არის,(დიპლომატია ხო საერტოდ)ზალიამნ მომცონს ენერგეტიკის მინისტრი ,ბ-ნი კალაზე,რომელმაც სახალხოდ გაილაჰქრა ნებისმიერი ბერიზე- დუბაზის გორული ქმედებების ცინააგმდეგ,ბრავო კალაზე,დანარცენებზე ჯერჯერობიტ აზრი არ გამაცნია,ცემი ოცნებაა,გაიგვიზე ოცნება ავოიეეეე
bero
05 იანვარი 2014 19:41
ბატონ პეტრეს მოსაზრებებს ხშირად არ ვეთანხმები, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი!

რედაქტორის რჩევით