დომხალი, პოპური და ვასიკო ოდიშვილის ავტორიტარიზმი (ნაწილი პირველი)
21-01-2014
დომხალი, პოპური და ვასიკო ოდიშვილის ავტორიტარიზმი (ნაწილი პირველი)
,,რაღაც უნებურად მაგონდება დომხალი, პოპური და სხვა ასეთი საგნები.
...რა კარგია, რომ უმრავლესობას არ ესმის და არ გრძნობს თავზე დაცემულ უბედურების სიმძიმეს. უბრალო ყოველდღიური აზრები და გრძნობები სჭარბობენ. ადამიანები ტრიალებენ, როგორც გამხმარი ფოთლები შემოდგომის ქარის დროს""
ზურაბ ავალიშვილი, ,,საქართველოს დამოუკიდებლობა"" (1919 წლის მაისში ჩაწერილი ფრაგმენტი)

,, ვასახელებ პირებს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელები და დღესაც თანამდებობებზე არიან.... ჩემი საქმე არათუ შეკერილი, კურიოზებითაც აღსავსეა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პერსონალურად
ჯაშუშობისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას მხარს არ უჭერდა(?!ვ.მ.). მაპატიოს ბატონმა ირაკლიმ, მაგრამ მას ასეთი წარმოდგენა ჩემი, სიმონ კილაძის, ფოტორეპორტიორებისა და კიდევ სხვათა საქმეებზე მომუშავე შსს-ს იმ მაღალჩინოსნებმა შეუქმნეს, რომლებიც თავის დროზე თავად აყალბებდნენ და კერავდნენ ამ საქმეებს.

ისინი არათუ თანამდებობებზე არიან, მათი უმრავლესობა დაწინაურებულიცაა. ვალერი ზუმბაძე
(გამომძიებელი, რომელიც ჩემს საქმეს იძიებდა და დღეს უკვე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსია. სხვათა შორის, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასაც ხელმძღვანელობს, რაზეც მოგვიანებით განცხადებას გავაკეთებ), ასევე ოდეერი ოთო ორჯონიკიძე, რომელიც დღეს ოდეერების უფროსია, უშუალოდ ის მაწამებდა (ეს ოდეერები "ნაცების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა მხოლოდ აწამებდნენ ხალხს, მკვლელობებსაც კი სჩადიოდნენ); ვასახელებ ზუმბაძის ყოფილ მოადგილე ლადო დათაშვილს, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩემს დაკითხვებში შუაღამისას. სწორედ ამ დროს მაწამებდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც იძიებდნენ ფოტორეპორტიორების საქმეს, ვინც მონაწილეობდნენ სერგო თეთრაძის წამებაში. თეთრაძე ამ კაციჭამიებს წამებისას შემოაკვდათ. მე დაგისახელეთ პირები, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და ამასთან, კარგად მანიპულირებადი ფიგურები არიან. ასეთი ადამიანები მარიონეტები არიან, მათი ფსიქოპორტრეტი ასეთია: უნდა გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე მათგან მოითხოვენ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს მარიონეტებად დარჩებიან. ამიტომ ვთხოვ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ნუ დაუჯერებს ასეთ ხელქვეითებს, მოხსნას ჩემს საქმეს გრიფი "საიდუმლო", რის შემდეგაც საზოგადოება მერაბიშვილის, უგულავასა და სხვათა დანაშაულებებსა და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე ბევრ რამეს შეიტყობს"", ეს მოკლე ფრაგმენტია ვახტანგ მაისაიას ინტერვიუდან, რომელიც 13 იანვარს კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა. ყველას, ვისაც დღევანდელ სიტუაციაში გარკვევა სურს, ვურჩევდი გაეცნოს ინტერვიუს სრულ ტექსტს. ნატოს ყოფილ ოფიციალურ რეპორტიორს ვახტანგ მაისაის კარგად ვიცნობ იმ დროიდან, როდესაც ის ზურაბ ჟვანიას აპარატში მუშაობდა. მან გმირულად გაუძლო ნაცისტების წამებას. მის საქმეში კი ყველაზე მარაზმატული ის არის, რომ ნაცისტები მას ნატოს (!!!) სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებდნენ.
შარშან, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და კანონის სრული დაცვით გააფორმა საპროცესო გარიგება ლადო ბედუკაძესთან, ადამიანთან, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიტანა ციხიდან წამების ამსახველი ცნობილი კადრები. ბევრს ემახსოვრება, როგორ გააკრიტიკეს კბილაშვილი ნაცებმა და ქოცებმა. დავით უსუფაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ კოალიციაში არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, ნაცები კი კბილაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. არჩილ კბილაშვილს მაშინაც და ახლაც ხელები სუფთა ჰქონდა და მარიონეტიც არასოდეს ყოფილა. მან კორექტული, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა კოალიცია ,,ოცნების"=" ლიდერებს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე პირები სისტემაში განაგრძობდნენ მუშაობას, ზოგიერთი კი შესაძლოა უფრო მაღალ თანამდებობაზეც ყოფილიყო, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. მთავარი პროკურორის ამ განცხადებას კოალიციის მხრიდან არავითარი საჯარო რეაგირება არ მოჰყოლია! (წარმოიდგინეთ ქოცების დისკრედიტაცია სამართალდამცველ სტრუქტურებში, ბედუკაძე ციხეში რომ დარჩენილიყო იმ ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ, რომლებიც ადრე აწამებდნენ პატიმრებს და ქოცების გამარჯვების შემდეგ განაგრძეს სისტემაში მუშაობა და ზოგი დაწინაურდა კიდეც. ბედუკაძის ბედზე მათ ხელში აღარაფერს ვამბობ).

,,თუ იცი, რატომ ჭიანურდება ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნა? იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ეძებს ისეთ ადამიანს, რომელიც ერთი მხრივ მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნება, მეორე მხრივ კი ისეთი ბიოგრაფიისა და რეპუტაციის მქონე, რომ კომპრომატს ვერავინ ამოუქექავს. ასეთი ადამიანის პოვნა კი ძნელია"", მითხრა ,,სისტემის შიგნით"" მომუშავე ცნობილმა პიროვნებამ. მიაქციეთ ყურადღება: ის, რომ კანონით მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს იუსტიციის მინისტრმა და მანვე უნდა წარადგინოს იგი თანამდებობაზე დასანიშნად და ის, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ღიად აბუჩად აგდებს კანონს, როცა აცხადებს, რომ მალე თვითონ შეარჩევს და დანიშნავს ახალ პროკურორს, აღარავის უკვირს.

,,სტატიას თუ "ოცნების" გულშემატკივრის კუთხით შევაფასებთ (მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით), მასში სწორადაა განხილული ქოცების მიერ დაშვებული შეცდომები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულშია გადაზრდილი და თუ ეს ხელისუფლება თავად არ გაემიჯნება მას, მაშინ ქოცებს შემდგომი ხელისუფლება მოსთხოვს პასუხს"", წერს ,,ლუხუმი"" ბლოგზე განთავსებული ჩემი ბოლო წერილის - ,,მცირე შეცდომა" თუ ,,სისტემამ კრახი განიცადა?""-ს კომენტარში. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და ვგულშემატკივრობ ეროვნულ ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ ადამიანს, განურჩევლად პირადი სიმპატია-ანტიპატიისა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ მთლიანობაში აღებული ხელისუფლება ყველგან და ყოველთვის აუცილებელ ბოროტებას წარმოადგენს და ის ყოველთვის ,,ტირის იმდენს, რამდენიც გასდის"" მოცემულ პირობებში.

ნასამართლევი ფარცხალაძის დანიშვნა მთავარ პროკურორად იყო შეცდომა და როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს: ,,ასეთი ადამიანები მარიონეტები არიან, მათი ფსიქოპორტრეტი ასეთია: უნდა გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე მათგან მოითხოვენ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს მარიონეტებად დარჩებიან"". გაიხსენეთ ფარცხალაძის მიერ ვერტმფრენების გაგზავნა მინარეთის დემონტაჟისათვის და თბილისის მერიის 25-ე თანამშრომლის ერთ დღეში დაკავება, უხეში პროცესუალური დარღვევებით და მათი გათავისუფლება ატეხილი სკანდალის შემდეგ. (იმ დღეს თბილისში ნატოს დელეგაცია იმყოფებოდა ნატოს გენმდივან რასმუსენთან ერთად). სანდო ადამიანებისაგან შევიტყე, რომ ფარცხალაძის ,,გადადგომის"" შემდეგ ღარიბაშვილი მას ისევ ფინანსურ პოლიციაში აბრუნებდა, მაგრამ ივანიშვილმა ეს აღარ მოუწონა.

ნამდვილად არ ვიცი, მერაბიშვილის 14 დეკემბერს ღამით საკნიდან უკანონო გაყვანა ფარცხალაძის თვითშემოქმედება და მისი მხრიდან მორიგი ,,იმაზე მეტის კეთება, ვიდრე ავალებდნენ" იყო, თუ ღარიბაშვილთან შეთანხმებული მოქმედება. მაგრამ ფაქტია, რომ მერაბიშვილი მართლაც გაიყვანეს, რაც დანაშაულია. ფაქტია ისიც, რომ ნაცვლად ამ დანაშაულისაგან გამიჯვნისა, ღარიბაშვილმა მიიღო მისი დაფარვის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილა ქოცების ყველა ლიდერი. წინა წერილში აღვნიშნე, რომ მინისტრ სოზარ სუბარს, ხათრით არჩეულ პლასტილინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, სხვა მინისტრებს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს იმ დღეს, 17 დეკემბერს, გუნდის შიგნით რომ დაეკავებინათ პრინციპული პოზიცია, ყველაფერი 17 ან მაქსიმუმ 18 დეკემბერს დასრულდებოდა ფარცხალაძის დანაშაულის მხილებით და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით. გუნდის არც ერთ წევრს არ მოუხდებოდა საკუთარ გუინდთან საჯაროდ დაპოირისპირება. ქოცებს ასცდებოდა ის სირცხვილი და დისკრედიტაცია, რომელიც გამოიწვია შემდეგ უგულავას განცხადებამ ფარცხალაძის ნასამართლეობაზე გერმანიაში ყაჩაღური ქურდობის გამო. დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია და ,,ლუხუმი"" სამართლიანად აღნიშნავს, რომ ქოცების შეცდომა სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდა, მაგრამ ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მართვის სპეციალისტისათვის, არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ქოცებმა დაუშვეს შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია და რომ სახელმწიფო მართვის ახლანდელმა სისტემამ კრახი განიცადა. ახლა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ მერაბიშვილი გაყვანილი იყო. განსხვავება მხოლოდ შეფასებებშია: ,,მერე რა, რომ გაიყვანეს და ,,აკაჩავეს""? რა, უარესის ღირსი არ არის? თვითონ რომ გაყავდათ უდანაშაულო ადამიანები და აწამებდნენ და რეებს უშვებოდნენ, ის კარგი იყო?"", ამბობს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე და ადამიანურად ეს სრულიად გასაგებია. ვისაც არ ჰქონია პირდაპირი ან ირიბი შეხება ნაცისტების სადისტურ სისტემასთან, ვთხოვდი ნახონ იუთუბზე არჩილ კბილაშვილის მოხსენება ციხეებში დამკვიდრებულ წამებაზე და სასტიკ მოპყრობაზე. ეს მოხსენება 2300 პატიმრის დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზეა აგებული და ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტური სისტემა გაბოროტებულმა ავადმყოფებმა შექმნეს. ,,ნუთუ არ ესმის ხელისუფლებას, რომ თავისი მოქმედებით მერაბიშვილს ეხმარება?"", მითხრა არაერთმა დასავლეთელმა ექსპერტმა და დიპლომატმა ამ დღეებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა კი საჯარო გამოსვლაში ყველაფერი თქვა, რისი თქმაც კი შეიძლებოდა დიპლომატიური ენის გამოყენებით. ""როგორც თავად მერაბიშვილმა განაცხადა, ის მოულოდნელად გაიტაცეს საკნიდან და მოხდა მისი დაკითხვა. ჩვენ შევეცადეთ მიგვეღო სრული ინფორმაცია და ზუსტი სურათი, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულად მოვახერხეთ და ამ წუთშიც კი არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა, რა მოხდა სინამდვილეში"", - განაცხადა მაიკლ იენსენმა და აღნიშნა, რომ ""ჩვენი აზრით, მეტი სიცხადე უნდა იყოს, რომელი ჩანაწერი რა ხნის განმავლობაში ინახება"". იენსენმა დასძინა, რომ ევროპის საბჭოს დელეგაციისათვის რთული იყო ინფორმაციის მიღება ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით და ""თითქოს მოგვეჩვენა, რომ ხელისუფლებას გაუჭირდა მკაფიო პასუხების გაცემა"". ვინც დიპლომატიური ენა იცის, დაადასტურებს, რომ იენსენი ამაზე მკვეთრად ვერ ისაუბრებდა და რომ იენსენის განცხადება განაჩენის ტოლფასია. საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის კი ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ ღარიბაშვილის კომენტარი იენსენის განცხადებაზე კატასტროფულია. ,,აქაც პრობლემაა კომუნიკაციის, ალბათ, ვისთანაც ჰქონდათ საუბარი, ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს. სოზარ სუბარის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება... არავითარ გაყვანა-გატაცებას, რომელსაც თავიანთ ფანტაზიებში ყვებოდნენ, სასაცილო ისტორია მოიფიქრეს, ადგილი არ ჰქონია"", განაცხადა ღარიბაშვილმა და პრემიერის მხრიდან ასეთი განცხადება ბევრად უფრო სატირალია, ვიდრე სასაცილო. მით უფრო როცა ასეთ განცხადებას მაშინათვე არ მოჰყვება იმათი დასჯა, ვინც ,,ამომწურავი პასუხი ვერ გასცა"" ევროსაბჭოს დელეგაციას და ახალი, ამჟამად უკვე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დელეგაციის წევრებისათვის, რასაც ისინი სიამოვნებით დაადასტურებდნენ. აქვე მინდა მივცე მკითხველს იმის სრული გარანტია, რომ სააკაშვილის სადისტური სისტემის ნარჩენების მსახურები უწყვეტ რეჟიმში აწვდიან უცხოურ ორგანიზაციებს მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებულ ინფორმაციას, ფაქტების და დეტალების აღწერით, ქოცების აბსურდული განცხადებების ზუსტი ციტირებით და ა.შ. და ეს ინფორმაცია დამაჯერებელია უცხოელებისათვის.

,,ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს..."", ასე იწყებს კვირის პალიტრის ბლოგზე განთავსებულ თავის წერილებს გია ხუხაშვილი. ამას დავუმატებ, რომ ძალაუფლება ყველაზე მძიმე გამოცდაა სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლებაში მოსვლა და სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათება, სამოქალაქო სექტორის უკიდურესი სისუსტის გამო, ქვეყნის მთელი მატერიალური და ფინანსური რესურსების მიტაცების საშუალებას წარმოადგენს. პრესიდან გავიგე, რომ ,,ახალგაზრდა იურისტებმა" შავი ჯიპების ეპოპეა უწოდეს კვლევას, რომლის თანახმადაც ორწელიწად-ნახევარში სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონი ლარი დახარჯეს და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ქოცების ხელისუფლების შავ ჯიპებზე მოდის. ცალკე თემაა ქოცების ახსნა განმარტებები ასეთ ხარჯებზე და სხვა მსგავს საკითხებზე. როცა ვუსმენ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ქვეყანაში ვასიკო ოდიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა და მისი ბრძანებით ხელისუფლების მიზანი გახდა ვასიკო ოდიშვილის სიუჟეტებითა და ფრაზებით მომარაგება. მაგალითად გია ვოლსკი ემოციურად ასაბუთებდა, რომ ირინა იმერლიშვილმა დიდი თანხა დაზოგა, როდესაც ახალ მანქანაში 40 ათასი ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან, ვინაიდან იმერლიშვილმა ჩააბარა შესაბამის ფირმას ძველი მანქანა, რომელიც მანამდე ბოკერიას ემსახურებოდა და დაამატა ეს თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმერლიშვილის მანქანა გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ვინაიდან უშიშროების საბჭოს მდივანს თავისი ფუნქციების შესრულებისათვის სპეციალური მანქანა სჭირდება. (თვითონ იმერლიშვილმა კი თქვა, რომ ბოკერიას მანქანა სიგარეტის ბოლით იყო გაჟღენთილი) საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქიებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვოლსკის განცხადება აბსურდულია ისევე, როგორც აბსურდულია პლასტილინი-პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც ქოცებმა იმერლიშვილი ,,კომისრად"" დაუყენეს და რომელმაც იმერლიშვილის სამანქანო და სხვა ხარჯებზე განაცხადა: ,,უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებებში ფუფუნების მიმართულებით ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავ"". შეგახსენებთ, რომ ,,პლასტილინის"" აზრით ქართველები ვართ ,,ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."" (იხ. გიორგი მარგველაშვილი, ,,ნიჩურტა - მე ქართველი ვარ"", 2001)

მანქანების თემის ამოსაწურად რეკორდულ ინფორმაციას გთვაზობთ: პრესაში ატეხილი ხმაურის პასუხად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ,,კორპორაციამ 2013 წლის 21 ნოემბერს ,,ტოიოტა ცენტრ"" თბილისმა ორი ხელშეკრულება გააფორმა და სედანისა და ჯიპის ტიპის ავტომობილების შესაძენად 1 135 130 (მილიონ ასოცდათხუთმეტი ათას ასოცდაათი) ლარი დახარჯა"" და გადასცა ეს მანქანები ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შესაბამისი დანაყოფისთვის, რომელიც კორპორაციაში ახორციელებს კორპორაციის კუთვნილი სტრატეგიული ობიექტების (გაზსადენების სისტემა, ნავთობსადენები, ნავთობის საბადოები) დაცვას".

კარგი იქნებოდა, ,,ახალგაზრდა იურისტებმა" ან სხვა არასამთავროებმა მოიპოვონ ინფორმაცია, რომელ თანამდებობის პირებს ემსახურება სახელმწიფო მანქანები საქართველოზე გაცილებით უფრო მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ან ისრაელში და როგორია ამ მანქანების ფასი და კლასი; კარგი იქნება უცხოელ სპეციალისტებს ჰკითხონ, რამდენი და როგორ მანქანაა საჭირო ნავთობსადენების დაცვისას. გარწმუნებთ, ეს ინფორმაცია შემზარავ შთაბეჭდილებას მოახდენს როგორც ,,ჯიუტებზე და ჩლუნგებზე"", ასევე ,,გონებრივად სუსტებზე"". მანქანების თემა კი საინტერესოა იმით, რომ მკვეთრად, რელიეფურად წარმოაჩენს, როგორი ადამიანები არიან მოსული ხელისუფლებაში და რისთვის უნდათ ძალაუფლება. ის რად ღირს, რომ იციან, რომ მანქანების შეძენას ხმაური მოჰყვება, რომ მოუწევთ უსუსური, აბსურდული და სამარცხვინო თავის მართლება და მაინც მიდიან ამაზე, ვინადან იმდენად სწყურიათ ფუფუნებით და ,,სტატუსით"" ტკბობა, რომ ეს მათ თავდაცვის ინსტინქტსაც თრგუნავს.

,,ფუფუნების მიმართულების" გარდა მნიშვნელოვანია აგრეთვე ქოცების დიდი ნაწილის განწყობა, რომელიც არა მარტო ძვირფასი მანქანების, ტელეფონების და ა.შ. შეძენით და შიდა ვალის აღების ხარჯზე (!) თავისათვის ხელფასებისა და პრემიების მტაცებლური გაზრდით გამოიხატება, არამედ მათ განცხადებებშიც მკვეთრად აისახება. ეს განწყობა მდგომარეობს შემდეგში: ,,ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ რეპრესიებს არ შევუშინდით, ბევრი რამ გადავიტანეთ, გადაგარჩინეთ და მოგაშორეთ სააკაშვილის სადისტური სისტემა, მოგაშორეთ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები და ახლა თქვენ ჩვენს კრიტიკას და ჩვენთვის არასასიამოვნო თემების ,,აწევას"" ბედავთ და კადრულობთ? ძვირფასი მანქანების შეძენას და მაღალ პრემიებს გვაყვედრებთ? სააკაშვილი თავის ბანდასთან ყველაფერს გართმევდათ, თან გიჭერდათ და გაწამებდათ და ხმას ვერ იღებდით და ახლა ჩვენ მოგვადექით? და ა.შ.
ვფიქრობ მკითხველს ესმის საითქენ მივყავართ ასეთ განწყობას და შესაბამის ქცევას. ამ თემას მომდევნო წერილებში დავუბრუნდები.
პეტრე მამრაძე, 21 იანვარი, 2014 წელი
vaxa
10 თებერვალი 2014 20:39
სრულად ვეთანხმები! ბატონო პეტრე, უარყოფით კომენტარებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. იგი იოდოდეფიციტის ბრალია.
vaxa
10 თებერვალი 2014 20:36
სრულად ვეთანხმები! ბატონო პეტრე, უარყოფით კომენტარებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. იგი იოდოდეფიციტის ბრალია.
martali
01 თებერვალი 2014 01:16
ყოველივე სიმართლეა რაც აქ წერია, უბრალოდ ოდნავ იგრძნობა დაბოღმილი ადამიანის განწყობა
და ბატონო პეტრე, ერთს ავღნიშნავდი კიდევ (გკითხავდი, მაგრამ პასუხს არ ვეღირსები დარწმუნებული ვარ), ისეთი ძირგამომპალი და აშმორებული ეპოქის შვილი ბრძანდებით, რომელსაც შევარდნაძის ეპოქა ჰქვია და რატომღაც არასოდეს მსმენია გაგეკრიტიკებინოთ ან შევარდნაძე ან საკუთარი თავი, თვითკრიტიკა და თვითირონია არ გაწყენდათ.
არსად და არასოდეს გავმხდარვარ მოწმე იმისა, ყოფილ ჩინოვნიკს თავისი ცოდვები ეღიარებინოს და სამწუხაროდ არც თქვენ ხართ გამონაკლისი, ღმერთის თუ გწამთ მაშინ ჯოჯოხეთის გეშინოდეთ ....

რედაქტორის რჩევით