მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ? - კვირის პალიტრა

მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ?

"ძალიან გთხოვთ პოლიტიკაში საერთოდ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. ეს, რაც აქ ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცეები", ასე უპასუხა მიუნჰენში მყოფმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს კომენტარი მერაბიშვილის მიერ გვამების მოთხოვნაზე. ამ სიტყვების წარმოთქმისას სააკაშვილი ნაძალადევად იღიმოდა და შემდეგ სწრაფად გაეცალა ჟურნალისტებს. ადამიანებმა, რომლებმაც პირადად ახლოს გაიცნეს სააკაშვილი, იციან, რომ მის ასეთ ღიმილს მისი ისტერიკა ან გაქცევა მოჰყვება ხოლმე. მკითხველს ვურჩევ დახარჯოს რამდენიმე წუთი და მოუსმინოს იუთუბზე სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიურ მონოლოგს, რომელიც მან 2012 წლის 28 თებერვალს პარლამენტში წარმოთქვა. მაშინ ჯონდი ბაღათურიამ საჯარო რეესტრში მოპოვებული საბუთები წარმოადგინა, რომლითაც სააკაშვილის კორუფციული მოქმედებები დასტურდებოდა და რომელთა არსებობას ის ვერანაირად ვერ უარყოფდა. საგულისხმოა, რომ ამ საბუთებთან დაკავშირებით გამოძიება დღესაც არ არის დაწყებული ისევე, როგორც მრავალ სხვა საქმეზე. ისიც საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინათ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია". წარმოიდგინეთ, როგორ სკანდალს გამოიწვევდა დემოკრატიულ ქვეყნებში პარლამენტის წევრის მსჯელობა იმაზე, უნდა დავიჭიროთ თუ არა ვინმე და როგორი შედეგები ექნებოდა ასეთ სკანდალს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნგრეთში მოღვაწე ადეიშვილი ვერ დაიჭირა აქამდე და კეზერაშვილის ექსტრადიციაც ფრიად სათუო ჩანს. 3 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი დარბაზიდან დარბაზიდან გაათავისუფლა გირაოს გარეშე. ამ ფონზე როგორია ალბათობა იმისა, რომ საფრანგეთის სასამართლო დათანმხდება კეზერაშვილის ექსტრადიციას საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში იციან: საქართველოს მთავარი პროკურორი ყაჩაღური ქურდობისათვის იყო ნასამართლევი გერმანიაში და უკანონოდ გაიყვანა პატიმარი მერაბიშვილი ციხიდან მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. ისიც იციან, რომ ამ ინფორმაციის განსაჯაროების შემდეგაც ახალი მთავრობა, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ჯიუტად იცავდა ფარცხალაძეს და არ გაათავისუფლა თანამდებობიდან, სანამ მან თვითონ არ ისურვა ეს? ყველაფრის ამის შემდეგ ამერიკის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის პირველი "მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე" (ეს თანამდებობა საგანგებოდ სააკაშვილისათვის შეიქმნა) როგორღა უნდა დაიჭირონ, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ საქმეც არ არის აღძრული მის მიმართ?

სააკაშვილის ფრაზა აბსურდისა და ცინიზმის კულმინაციაა. წარმოიდგინეთ, სერიულ მკვლელს რომ ჰკითხონ მის მიერ ჩადენილ მკვლელობეზე და მან თქვას, რომ საკმარისზე მეტად იყო ჩართული ეროვნულ პოლიტიკაში და სთხოვოს ინტერვიუერს აღარ ჩარიოს ის პოლიტიკაში და ,,თავი დაანებოს ამ საკითხზე მაინც". მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უდანაშაულო ადამიანების ლიკვიდაცია, დაპატიმრება, სასტიკი წამება და ა.შ., ან სააკაშვილის პირადი ბრძანებით, ან მასთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც მერაბიშვილი/ადეიშვილი საკუთარი ერთგულების დამტკიცებისა და სააკაშვილზე გავლენის გაზრდისათვის ,,ინიციატივას იჩენდნენ" - ახსენებდნენ მას მათ მიერ ,,ჯაშუშური ქსელების" და ,,მოღალატეების" აღმოჩენის შესახებ და სააკაშვილისაგან ნებართვის მიღების შემდეგ შესაბამის ოპერაციებს ატარებდნენ. ახლახან რამდენიმე პირი დამნაშავედ სცნეს პოლკოვნიკ თეთრაძის წამებით მკვლელობაში. გმირმა სამხედრომ ჯაშუშობაში აბსურდული ბრალდების ,,აღიარებას"" სიკვდილი არჩია. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას არ დაუდგენია, ვის ბრძანებას ასრულებდნენ მსჯავრდებულები! არადა სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილის პირდაპირი ბრძანების გარეშე თეთრაძის დაპატიმრებას და წამებას ვერავინ გაბედავდა. ბლოგის წინა წერილში ვციტირებ ვახტანგ მაისაიას. ცნობილი მეცნიერი და ნატოს ოფიციალური რეპორტიორი ჰყვება, როგორ დააბრალეს ჯაშუშობა ნატოს (!) სასარგებლოდ და ასახელებს იმ ადამიანების გვარებს, ვინც აწამებდნენ მას და დღეს თანამდებობაზე არიან და მნიშვნელოვან საქმეებს ,,იძიებენ"". აქვე აღვნიშნავ, რომ თუ შედგება სააკაშვილის სადისტური სისტემის მიერ ჩდენილი იმ დანაშაულების სრული სია, რომელიც ახალ ხელისუფლებას დღემდე არ აქვს გამოძიებული, ყველაფერი კომენტარის გარეშე იქნება გასაგები.

,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", ამბობს სადისტური სისტემის ხერხემალი გახმაურებულ ვიდეოჩანაწერში და ამ ტევად ფრაზაში სისტემის არსია მოცემული. მერაბიშვილის სიტყვებიდან ჩანს, რომ სისტემის მესვეურთა აზრით, დადგმულ სცენას მისი სისრულისა და დამაჯერებლობისათვის, სულ ცოტა ორი გვამი სჭირდებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ მომენტში ,,საგვამე მასალა" ჯერ შერჩეულიც არ ჰყავდათ და კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე მხოლოდ შემდეგ შეარჩიეს, როგორც ,,ოპტიმალური მასალა". ძნელია წარმოიდგინო რაიმე უფრო ფანტასტიკური, უსუსური და სასაცილო, ვიდრე მერაბიშვილის შემდგომი განცხადებები, რომ მას და სხვებს მაშინ ეგონათ, რომ მუხროვანში ,,მეამბოხეებს"" ორი რუსი მრჩეველი ჰყავდათ და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კვალის დასაფარავად მეამბოხეებმა თვითონ მოკლეს ის მრჩევლები და მერაბიშვილი მათი გვამების მოძებნას ავალებდა თავის ხელქვეითებს. საგულისხმოა, რომ ამჟამად ბრიტანეთში სამხედრო ატაშედ მომუშავე გენერალმა ნაირაშვილმა ,,გურიანიუსთან" საუბრისას ,,რუსი მრჩევლების გვამები" არ ახსენა, არამედ თქვა რომ "ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, ორი-სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით (მაინც რა?!, პ.მ.), მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი".

თავიდანვე მესმოდა, რომ ,,მუხროვანის ამბოხი" დადგმული სპექტაკლი იყო და, როგორც პარლამენტის წევრმა, სათანადო განცხადებებიც გავაკეთე. სანდო ადამიანებისაგან, ვისაც უშუალოდ ჰქონდა შეხება ,,გვამების მოპოვების" ოპერაციასთან, მაშინვე გავიგე, რომ ერთი ქალბატონის გამოყენებით კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე მიკროავტობუსში ჩასვეს. მიკროავტობუსში დადებული ფანერის უკან მერაბიშვილის მკვლელები იმალებოდნენ და იქედან გახსნეს ცეცხლი ისე, რომ გვამებად შერჩეული ადამიანების დაკავება არც უცდიათ. არადა ეს უპრობლემოდ შეეძლოთ. გია კრიალაშვილს ვიცნობდი. კობა ოთანაძესთანაც შენახვედრი ვარ მრავალი წლის წინათ. კატეგორიულად გამოვრიცხავ მათი მხრიდან რაიმე ამბოხის დაწყებას. თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ კოლეგა ოფიცრებს უზიარებდნენ თავის აზრს სააკაშვილის რეჟიმზე, ეუბნებოდნენ, რომ აღლუმზე გასვლა ჯარისთვის თავის მოჭრა იქნებოდა და ეს კარგად იცოდნენ მერაბიშვილის უწყებაში. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქართულ ჯარში განწყობა სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი უაღრესად უარყოფითი იყო. ჯარისკაცები და ოფიცრები დარწმუნდნენ იმაში, რომ აგვისტოს დღეებში სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად უაზროდ გაწირა ისინი, უღალატა არმიას და სახელმწიფოს, თვითონ კი მთელი მსოფლიოს დასანახად ლაჩრულად, პანიკურად გაიქცა გორში, სადაც მაშინ არაფერი ხდებოდა. ჯარი იმითაც იყო შეურაცხყოფილი, რომ რუსებმა უპრობლემოდ გაზიდეს დიდძალი სამხედრო ტექნიკა. ზოგიერთ ოფიცერს ეჭვი გაუჩნდა, რომ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა იმისათვის წამოიწყეს, რომ ვეებერთელა თანხები ჩამოეწერათ და სამხედრო შესყიდვების განხორციელებისას ჩადენილი დანაშაული დაეფარათ. (კეზერაშვილსაც არასოდეს უმოქმედია სააკაშვილის პირდაპირი ბრძანების გარეშე). 2008 წლის აგვისტოში ბათუმში სრულიად უდანაშაულო ოფიცერი როინ შავაძე სასტიკად აწამეს და შემდეგ ჩაცხრილეს. ასევე მოკლეს მეტყევე დავით ცინდელიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ აგვისტოს დღეებში ნაცნობმა დაურეკა რუსეთიდან, ჰკითხა რა ხდებოდა და ახალგაზრდა კაცმა მხოლოდ ის უთხრა, რაც ტელევიზიით გადაიცემოდა, სხვა ინფორმაცია არც გააჩნდა. ეს ყველაფერი ადამიანების დასაშინებლად კეთდებოდა. პირადად მე აგვისტოს დღეებში ბევრ ახალ დევნილს შევხდი. ადამიანები გულახდილად მიყვებოდნენ იმას, რაც საკუთარი თვალით ნახეს, ყვებოდნენ ახალაიების, უგულავას, გოკა გაბაშვილის და სხვების სამარცხვინო, მოღალატეურ მოქმედებაზე. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ყველამ უარი მითხრა შეხვედრაზე. ერთმა თამარაშენელმა კაცმა კი საერთო ნაცნობის პირით შემომითვალა: ,,ხმა რომ ამოვიღოთ, გაგვანადგურებენ". მუხროვანის სპექტაკლიც იმ ფონზე, რომ რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია იყო შეკრებილი, ჩაფიქრებული იყო, როგორც დაშინების მასშტაბური ოპერაცია და ჯარში არსებული საპროტესტო მუხტის განეიტრალება. მახსოვს, უცხოელ დიპლომატებს და სამხედრო ატაშეებს ყველაზე მეტად ის უკვირდათ, რომ სააკაშვილმა მაქსიმალურად გააპიარა მუხროვანის ამბები, რამაც დიდად დააზიანა საქართველოს იმიჯი. მათ მიაჩნდათ, რომ მთავრობას საკმარისზე მეტი ძალა ჰქონდა იმისათვის, რომ მუხროვანში რაიმე რეალური პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი უხმაუროდ მოეგვარებინა. მე მათ ვუხსნიდი, რომ მუხროვანის ამბები სწორედ პიარისათვის იყო ინიცირებული და დადგმული.

ვარდების რევოლუციის შემდეგ მალე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ახალი ხელისუფლება მოქმედებდა პრინციპით - მიზანი ამართლებს საშუალებას და არად აგდებდა კანონის უზენაესობას. გაისმა ხელისუფლების სუსტი კრიტიკა, მაგრამ სააკაშვილმა და სხვებმა კრიტიკოსებს მაშინათვე ,,კორუმპირებული რეჟიმის მომხრეების, კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების მოწინააღმდეგების"" იარლიყი მიაკერეს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებას ძირითადად სააკაშვილის სადისტური სისტემის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ეს კი ქოცებს კრიტიკაზე კონსტრუქციული რეაგირების აუცილებლობისაგან ათავისუფლებს. ნაცვლად ამისა, ქოცები ეუბნებიან ნაცებს: ,,თქვენ თვითონ ხართ დამნაშავეები" და განაგრძობენ ძვირფასი მანქანების შეძენას და უნიათო მმართველობას. კონტრასტისათვის მოვუსმინოთ პირუთვნელ ანალიტიკოსს:

,,აღმასრულებელი ხელისუფლება ლამის ფეოდალის კარის ციხესიმაგრეს დაემსგავსოს, სადაც უშურველად არიგებენ თანამდებობებს ნათესავ-მეგობრებსა და ნათელ-მირონებზე. ამ ჩაკეტილ სივრცეში ,,უცხოს" არაფერი ესაქმება, ემანდ დისბალანსი არავინ შეიტანოს ამ საყოველთაო ერთხმიანობაში. აბა, ინტელექტუალური რესურსი და საზოგადოების მხარდაჭერა რა მოსატანია ნათესავისა და ნათელ-მირონის მორჩილება-ერთგულებასთან", ამბობს გამოცდილი და ობიექტური ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ,,პრემიერისათვის" 28 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც იგი დეტალურად საუბრობს ქოცების ყველა დადებით მიღწევაზეც. ,,უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და თუკი მერაბიშვილი ცრუობს, ამით წერტილი დაესმება ,,ნაციონალური მოძრაობის"" ერთწლიან კამპანიას მასზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის თაობაზე. ხოლო თუ მერაბიშვილის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ურევია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს თვითწმენდა საკუთარ რიგებში, რათა არ შეუდგეს იმ მოლიპულ გზას, რომელიც თავის დროზე ""ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიარა: როცა ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების პროცესში დაიწყეს კანონის მოთხოვნათა იგნორირება და შემდეგ კი კანონი და კონსტიტუცია მთელ საზოგადოებას თავზე გადაახიეს"", ამბობს ხათუნა ლაგაზიძე იმავე ინტერვიუში. პირადად მე 17 დეკემბერს ავტეხე განგაში პრესისა და მას-მედიის მეშვეობით. მაგრამ ხელისუფლებამ არავისგან არაფერი შეისმინა და დღეს აშკარაა, რომ ქოცები ერთ დიდ ციგაში ჩასხდნენ და დაქანდნენ მოლიპულ ციცაბო ფერდობიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ისეთი პროცესია, რომელსაც მერაბიშვილის მამხილებელი ახალი კადრები და მისი უსუსური ტყუილები ვერ შეაჩერებს და ვერც გადაფარავს.

ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ისტორიაში უდიდესმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გმირობისა და თავგანწირვის ფასად გადაარჩინა ჩვენი ერი და სახელმწიფო ნაცისტების სადისტურ სისტემას და სრულ კოლაფსს. ივანიშვილმა არა მარტო საკუთარი თავი გაწირა, არამედ დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი! პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ივანიშვილს მოუწია იმ ადამიანურ რესურსთან მუშაობა, რომელიც მაშინ აღმოჩნდა მის გარშემო. სხვა არჩევანი მას არ ჰქონდა და, შედეგად, კოალიციაში შევიდნენ ისეთი ადამიანები და დაჯგუფებები, რომლებიც ივანიშვილის გარეშე საპარლამენტო ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ. ახლა ვნახოთ რას წერს გია ხუხაშვილი ,,კვირის პალიტრის"" ბლოგზე. ბატონი გიას აზრი განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ თავიდანვე პირადად ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანი და მისი მრჩეველი იყო.

,,მას შემდეგ, რაც ივანიშვილმაც დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას. მით უმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე"", წერს ხუხაშვილი.

,,ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად". ეს არის დიდი მოაზროვნის, ლორდ ექტონის ცნობილი ფრაზა ჩემი მცირე მოდიფიკაციით - ორიგინალს მხოლოდ ერთი სიტყვა - ,,აგიჟებს", დავუმატე. ამ აზრის სისწორე კაცობრიობის მთელმა ისტორიამ დაასაბუთა. სწორედ ძალაუფლების ეს თვისება იწვევს იმას, რომ როგორც თავად ხუხაშვილი აღნიშნავს, ,,ძალაუფლება - ყველაზე მძიმე გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც შეიძლება მოუწიოს პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს...". აღსანიშნავია, რომ კაცობრიობის ისტორია იცნობს იშვიათ შემთხვევებს, როდესაც ცალკეულმა პიროვნებამ ბრწყინვალედ ჩააბარა ძალაუფლებით გამოცდა და არა იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაუღალავად ასრულებდა ,,შოლტისა"" და ,,ყარაული ძაღლის"" ფუნქციებს, არამედ საკუთარი მაღალი ზნეობისა და იდეალების გამო. ასკეტურად მცხოვრებ აბრაჰამ ლინკოლნს რომ ურჩიეს თეატრში არ წასულიყო, ვინაიდან იქ მასზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი, ლინკოლნმა მშვიდად თქვა, რომ ყოველ ამერიკელს უნდა ჰქონდეს უფლება გაცვალოს საკუთარი სიცოცხლე პრეზიდენტის სიცოცხლეზე და წავიდა თეატრში, სადაც სიცოცხლეების აღნიშნული გაცვლა შედგა კიდევაც. 50 წლის წინათ ლინკოლნის ფრაზა სიტყვა-სიტყვით შეახსენა თავის გარემოცვას მეორე მსოფლიო ომის გმირმა ოფიცერმა ჯონ კენედიმ, როდესაც 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში პირადმა დაცვამ სთხოვა მას გამგზავრებულიყო დახურული და არა ღია მანქანით, ვინაიდან მოსალოდნელი იყო თავდასხმა...

უახლეს ისტორიაში ძალაუფლების გამოცდის ბრწყინვალედ ჩაბარების მაგალითებია ვაცლავ ჰაველი ჩეხეთში და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. ივანიშვილი იმითაც გამოირჩევა, რომ სიცოცხლის რისკზე შეგდების გარდა, საკუთარი ჯიბიდან მილიარდები დახარჯა ერისათვის, რომელსაც თავის დიდ ოჯახად აღიქვამს. მის გარემოში ყველამ იცოდა, რომ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეობას არავითარი ტკბობა არ მოჰქონდა მისთვის. ივანიშვილი მას აღიქვამდა მძიმე და არასასიამოვნო, მაგრამ ერისათვის აუცილებელ სამუშაოდ და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მას. სულ სხვაა ხსენებული გამოცდის ჩაბარება პიროვნებათა ჯგუფის მიერ. კაცობრიობის ისტორია არ იცნობს არც ერთ შემთხვევას, და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ ძალაუფლების გამოცდა პიროვნებათა ჯგუფს ჩაებარებინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და მას-მედია თავზე ადგა და უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა მას.

,,ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას", წერს ხუხაშვილი ციტირებულ ნაწყვეტში და ეს აზრი არის ობიექტურ რეალობას სრულიად მოწყვეტილი და აბსურდული: ჩვენ რომ ,,დავიცადოთ"", ჩვენ ვერაფერს ვერ შევუსაბამებთ კონსტიტუციას, ვინაიდან ექტონის კანონმა დაცდა არ იცის და ჩვენი ,,დაცდის"" ყოველი დღე ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებათა ჯგუფის გარყვნას და გაგიჟებას მოემსახურება. თუ დიდხანს დავიცდით, შეიძლება ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ისევ გვამების მოტანას მოითხოვს დიდი პრემიების სანაცვლოდ...

,,ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თვითონ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას"", განაგრძობს ხუხაშვილი იგივე წერილში. ვაი, რომ ეს აზრიც აბსურდულია. პოლიტიკური ძალები და აღმასრულებელი ხელისუფლება თვითონ არასოდეს არ გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, კომპეტენციის ზღვარს, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ აიძულებს მათ ეს გააკეთონ! ხაზს ვუსვამ, კი არ სთხოვს, კი არ შეახსენებს ან მიუთითებს, არამედ აიძულებს! სხვა შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი პიროვნებათა ჯგუფი არა თუ დარჩება ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში, არამედ მთელ ქვეყანას ბნელეთში მოაქცევს და სულ მალე მხოლოდ გმირები თუ გაბედავენ საჭირბოროტო თემების ,,აწევას"".

ასევე, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მას-მედიის ჩათვლით, შეუძლია ბრძოლით დაუმტკიცოს ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებათა ჯგუფს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. თუ ჩვენ მოვიცდით, ან არასაკმარისად ვიბრძოლებთ, მაშინ ხელისუფლება ამას არასოდეს არ გააცნობიერებს. პირიქით - ძალაუფლების მპყრობელნი საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის სწორედ ბატონობა და ყველაფრის დაუსჯელად კეთების უფლება და არა პასუხისმგებლობა და მსახურება და მათი ასეთი მიდგომა ,,სახალხო ლეგიტიმაციას"" ნაცლად საერთო-სახალხო ზიზღს და სიძულვილს შესძენს მათ. ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ გვაკლია.

წინა წერილში აღვნიშნე, რომ ქოცები აღიქვამენ ღარიბაშვილს ძალაუფლების მპყრობელად, ვინაიდან ივანიშვილმა დატოვა ღარიბაშვილი თავის მაგივრად. ერთი სიტყვით ქოცებისათვის ,,ღარიბაშვილი არის ივანიშვილი დღეს"". ღარიბაშვილის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს გავერკვეთ მის მოტივაციაში.

წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი. იგი ზუსტად და პატიოსნად ასრულებდა თავის ფუნქციებს, დაიმკვიდრა პატიოსანი და ერთგული მუშაკის სახელი. ,,ვპირდები მოსახლეობას, რომ გავაგრძელებ იმ დიდ სვლას, რა გზითაც მიდიოდა ბიძინა ივანიშვილი. გავაგრძელებ მის დიდ საქმეს. პირნათლად ვემსახურები ჩემს ხალხს და ქვეყანას." - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ვფიქრობ, მას შემდეგ ღარიბაშვილი ცდილობს რაც შეიძლება ეფექტიანად და სწრაფად შეასრულოს თავისი დანაპირები. სწორედ ამისათვის უნდა, რომ გააკონტროლოს ყველა სტრუქტურა ისევე, როგორც აკონტროლებდა შსს-ს, რაც საბედისწერო შეცდომაა. ვითარებას ამძიმებს ერთი მხრივ ის, რომ 30 წლის კაცს არ აქვს სახელმწიფო და პოლიტიკური მართვის არავითარი გამოცდილება. მას აშკარად წარმოდგენაც კი არა აქვს ამ რთულ და სპეციფიკურ საქმეზე. ზოგიერთი მინისტრის მსგავსად ისიც ცდილობს საკუთარი არაკომპეტენტურობის დაფარვას თვითდაჯერებული ქცევითა და განცხადებებით (,,მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება"", თქვა მიუნხენში ყოფნისას ახალგაზრდა პრემიერმა). მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნე, მისი გარემოცვა უყურებს მას, როგორც ძალაუფლებისა და, შესაბამისად, კეთილდღეობის დარიგება-განაწილების ცენტრს და ნაცვლად მისთვის სიმართლის თქმისა და პრინციპული პოზიციის დაკავებისა, ქოცების ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ღარიბაშვილისათვის (ანუ ივანიშვილისათვის) საკუთარი ერთგულების მტკიცებაში. არადა მათ შორის ბევრნი არიან, ვინც ზურგს უკან დასცინის და ლანძღავს ამ ახალგაზრდა კაცს და ოცნებობს, რომ მან კისერი მოიტეხოს. ასეთ პირობებში ადამიანს უწევს სწავლა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე, ეს კი ძვირად უჯდება ქვეყანას.

ცნობილი ანეკდოტია, რომ ტეხასში საკონცერტო დარბაზში ეკიდა პლაკატი წარწერით: ,,ჯენტლმენებო, ნუ ესვრით პიანისტს! ის უკრავს ისე, როგორც შეუძლია"". ირაკლი ღარიბაშვილიც ისე უკრავს, როგორც შეუძლია და აზრადაც არ მოსდის, რომ მისი განცხადებების დიდი ნაწილი შეუთავსებელია მის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობასთან და მხოლოდ კომიკურ იერს მატებს მას. მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ვესროლოთ მას და სხვებს ჩვენი სამართლიანი და დასაბუთებული კრიტიკა. ვითარება მართლაც სახიფათოა. საქმე ის არის, რომ ფსევდოლეგიტიმური, ხათრით არჩეული ქოცების გარდა ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ორგანიზებული, გამოცდილი და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მქონე დაჯგუფება, რომელსაც ასე ინტენსიურად ეხმარებიან ქოცები თავისი კონტრპროდუქტიული მოქმედებით. (გავიხსენოთ პრემიერ ივანიშვილის განცხადება ,,ჩვენი მიზანია პოლიტიკას ჩამოვაშოროთ ,,ნაციონალური მოძრაობა"" და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ,,ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ,,ნაციონალური მოძრაობა"").

ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში კი ხალხის დიდ ნაწილს სწრაფად ეცვლება აღტაცება და სიყვარული ზიზღითა და სიძულვილით და პირიქით.

პეტრე მამრაძე, 3 თებერვალი, 2014 წელი