მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ? - კვირის პალიტრა

მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ?

"ძალიან გთხოვთ პოლიტიკაში საერთოდ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. ეს, რაც აქ ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცეები", ასე უპასუხა მიუნჰენში მყოფმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს კომენტარი მერაბიშვილის მიერ გვამების მოთხოვნაზე. ამ სიტყვების წარმოთქმისას სააკაშვილი ნაძალადევად იღიმოდა და შემდეგ სწრაფად გაეცალა ჟურნალისტებს. ადამიანებმა, რომლებმაც პირადად ახლოს გაიცნეს სააკაშვილი, იციან, რომ მის ასეთ ღიმილს მისი ისტერიკა ან გაქცევა მოჰყვება ხოლმე. მკითხველს ვურჩევ დახარჯოს რამდენიმე წუთი და მოუსმინოს იუთუბზე სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიურ მონოლოგს, რომელიც მან 2012 წლის 28 თებერვალს პარლამენტში წარმოთქვა. მაშინ ჯონდი ბაღათურიამ საჯარო რეესტრში მოპოვებული საბუთები წარმოადგინა, რომლითაც სააკაშვილის კორუფციული მოქმედებები დასტურდებოდა და რომელთა არსებობას ის ვერანაირად ვერ უარყოფდა. საგულისხმოა, რომ ამ საბუთებთან დაკავშირებით გამოძიება დღესაც არ არის დაწყებული ისევე, როგორც მრავალ სხვა საქმეზე. ისიც საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინათ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი. თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია". წარმოიდგინეთ, როგორ სკანდალს გამოიწვევდა დემოკრატიულ ქვეყნებში პარლამენტის წევრის მსჯელობა იმაზე, უნდა დავიჭიროთ თუ არა ვინმე და როგორი შედეგები ექნებოდა ასეთ სკანდალს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნგრეთში მოღვაწე ადეიშვილი ვერ დაიჭირა აქამდე და კეზერაშვილის ექსტრადიციაც ფრიად სათუო ჩანს. 3 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი დარბაზიდან დარბაზიდან გაათავისუფლა გირაოს გარეშე. ამ ფონზე როგორია ალბათობა იმისა, რომ საფრანგეთის სასამართლო დათანმხდება კეზერაშვილის ექსტრადიციას საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში იციან: საქართველოს მთავარი პროკურორი ყაჩაღური ქურდობისათვის იყო ნასამართლევი გერმანიაში და უკანონოდ გაიყვანა პატიმარი მერაბიშვილი ციხიდან მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. ისიც იციან, რომ ამ ინფორმაციის განსაჯაროების შემდეგაც ახალი მთავრობა, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ჯიუტად იცავდა ფარცხალაძეს და არ გაათავისუფლა თანამდებობიდან, სანამ მან თვითონ არ ისურვა ეს? ყველაფრის ამის შემდეგ ამერიკის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის პირველი "მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე" (ეს თანამდებობა საგანგებოდ სააკაშვილისათვის შეიქმნა) როგორღა უნდა დაიჭირონ, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ საქმეც არ არის აღძრული მის მიმართ?

სააკაშვილის ფრაზა აბსურდისა და ცინიზმის კულმინაციაა. წარმოიდგინეთ, სერიულ მკვლელს რომ ჰკითხონ მის მიერ ჩადენილ მკვლელობეზე და მან თქვას, რომ საკმარისზე მეტად იყო ჩართული ეროვნულ პოლიტიკაში და სთხოვოს ინტერვიუერს აღარ ჩარიოს ის პოლიტიკაში და ,,თავი დაანებოს ამ საკითხზე მაინც". მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უდანაშაულო ადამიანების ლიკვიდაცია, დაპატიმრება, სასტიკი წამება და ა.შ., ან სააკაშვილის პირადი ბრძანებით, ან მასთან შეთანხმებით ხორციელდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც მერაბიშვილი/ადეიშვილი საკუთარი ერთგულების დამტკიცებისა და სააკაშვილზე გავლენის გაზრდისათვის ,,ინიციატივას იჩენდნენ" - ახსენებდნენ მას მათ მიერ ,,ჯაშუშური ქსელების" და ,,მოღალატეების" აღმოჩენის შესახებ და სააკაშვილისაგან ნებართვის მიღების შემდეგ შესაბამის ოპერაციებს ატარებდნენ. ახლახან რამდენიმე პირი დამნაშავედ სცნეს პოლკოვნიკ თეთრაძის წამებით მკვლელობაში. გმირმა სამხედრომ ჯაშუშობაში აბსურდული ბრალდების ,,აღიარებას"" სიკვდილი არჩია. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას არ დაუდგენია, ვის ბრძანებას ასრულებდნენ მსჯავრდებულები! არადა სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილის პირდაპირი ბრძანების გარეშე თეთრაძის დაპატიმრებას და წამებას ვერავინ გაბედავდა. ბლოგის წინა წერილში ვციტირებ ვახტანგ მაისაიას. ცნობილი მეცნიერი და ნატოს ოფიციალური რეპორტიორი ჰყვება, როგორ დააბრალეს ჯაშუშობა ნატოს (!) სასარგებლოდ და ასახელებს იმ ადამიანების გვარებს, ვინც აწამებდნენ მას და დღეს თანამდებობაზე არიან და მნიშვნელოვან საქმეებს ,,იძიებენ"". აქვე აღვნიშნავ, რომ თუ შედგება სააკაშვილის სადისტური სისტემის მიერ ჩდენილი იმ დანაშაულების სრული სია, რომელიც ახალ ხელისუფლებას დღემდე არ აქვს გამოძიებული, ყველაფერი კომენტარის გარეშე იქნება გასაგები.

,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", ამბობს სადისტური სისტემის ხერხემალი გახმაურებულ ვიდეოჩანაწერში და ამ ტევად ფრაზაში სისტემის არსია მოცემული. მერაბიშვილის სიტყვებიდან ჩანს, რომ სისტემის მესვეურთა აზრით, დადგმულ სცენას მისი სისრულისა და დამაჯერებლობისათვის, სულ ცოტა ორი გვამი სჭირდებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ მომენტში ,,საგვამე მასალა" ჯერ შერჩეულიც არ ჰყავდათ და კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე მხოლოდ შემდეგ შეარჩიეს, როგორც ,,ოპტიმალური მასალა". ძნელია წარმოიდგინო რაიმე უფრო ფანტასტიკური, უსუსური და სასაცილო, ვიდრე მერაბიშვილის შემდგომი განცხადებები, რომ მას და სხვებს მაშინ ეგონათ, რომ მუხროვანში ,,მეამბოხეებს"" ორი რუსი მრჩეველი ჰყავდათ და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კვალის დასაფარავად მეამბოხეებმა თვითონ მოკლეს ის მრჩევლები და მერაბიშვილი მათი გვამების მოძებნას ავალებდა თავის ხელქვეითებს. საგულისხმოა, რომ ამჟამად ბრიტანეთში სამხედრო ატაშედ მომუშავე გენერალმა ნაირაშვილმა ,,გურიანიუსთან" საუბრისას ,,რუსი მრჩევლების გვამები" არ ახსენა, არამედ თქვა რომ "ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, ორი-სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით (მაინც რა?!, პ.მ.), მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი".

იხ. სრულად