კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, კაპიტანო რაიან გრისტ! - პეტრე მამრაძის ბლოგი - კვირის პალიტრა

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, კაპიტანო რაიან გრისტ! - პეტრე მამრაძის ბლოგი

"სააკაშვილმა ცუდად მომზადებულ ჯარს უგუნური ოპერაციის განხორციელება უბრძანა, რითაც უზრუნველყო, რომ ქართული დროშა აღარასოდეს აფრიალდება ტერიტორიის თითქმის ერთი მეხუთედის თავზე"" - წერდა ავტორიტეტული ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ კინგი 2008 წლის შემოდგომაზე.

,,საქართველოს ოცნებები განადგურდა, მაგრამ ქვეყანამ ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს"", განაცხადა ტალიავინის კომისიის წევრმა ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკმა ქრისტოფერ ლანგტონმა.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ დღემდე არ შემხვედრია არც ერთი დასავლელი დიპლომატი და მეცნიერი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა დააგვირგვინა ოთხწლიანი კონტრპროდუქტიული პოლიტიკა სამხედრო ავანტიურით. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც აცნობიერებდნენ რა სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს, იმასაც არ უარყოფდნენ, რომ დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსიც პასუხისმგებელია მომხდარ კატასტროფაზე. დასავლეთის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საჯაროდ საუბარი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაბედა. მათ შორის რაიან გრისტიც იყო.

,,ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას) ბრალს სდებენ იმაში, რომ მან ვერ შეასრულა თავისი მისია და დროულად ვერ გააფრთხილა მსოფლიო, რომ ზაფხულში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი მზადდებოდა"" - ასეთი კომენტარი დაურთო ბიბისი-მ 2008 წლის ნოემბერში რაიან გრისტისგან აღებულ ინტერვიუს. ინტერვიუში გრისტმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა ეუთოს ხელმძღვანელობა ქართული მხარის სამხედრო აქტიურობაზე მანამ, სანამ ქართული ჯარი შეიჭრებოდა სამხრეთ ოსეთში. გრისტმა თქვა, რომ ეს იყო ,,სრული კრახი"" (,,აბსოლუტე ფაილურე""). გრისტმა დასძინა, რომ ,,ეუთო მუშაობდა სამხრეთ ოსეთში მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ის ინსტიტუტი ვიყავით, რომელმაც მისიის დონეზე იცოდა და გრძნობდა იმას, რაც ხდებოდა. მაგრამ დიპლომატიურ დონეზე ,,ბურთის მოძრაობას"" აშკარად არ აკვირდებოდნენ. არადა ცხადი იყო, რომ რაღაც დუღდებოდა"". 7 აგვისტოს 15.00 საათზე ეუთოს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ქართული არტილერიისა და ,,გრადის"" ტიპის სარაკეტო დანადგარების მნიშვნელოვანი რაოდენობა გორის ჩრდილოეთით. გრისტმა აღნიშნა, რომ მან თბილისში მყოფ ელჩებს,,ძალიან მკაფიოდ"" აუხსნა, რომ მიმდინარეობდა ,,ძლიერი ესკალაცია"". ,,ეს მისცემდა რუსეთის ფედერაციას საშუალებას, გაემართლებინა თავისი მოქმედება, როგორც აუცილებელი თავისი სამშვიდობოებისათვის დახმარების გასაწევად"", განაცხადა გრისტმა. შედარებისათვის: 2008 წლის 8 აგვისტოს, ანუ 080808-ში, 10:10-ზე (!) აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა საიდუმლო დეპეშით აცნობა ვაშინგტონს: ,,თუ ქართველები მართალს ამბობენ და ბრძოლა დასრულებულია (ანუ ქართველებმა გაიმარჯვეს), მაშინ ნამდვილად უცნობია, როგორი იქნება რუსეთის როლი და არსებობს თუ არა კონფლიქტის გაფართოების პოტენციალი"". 2006 წელს ახალჩამოსული ჯონ ტეფტი მაშინვე დამეთანხმა, რომ ცხინვალში ჩვენი ჯარის შესვლის შემთხვევაში რუსული ავიაცია დაბომბავდა ყველა იმ ობიექტს საქართველოში, რომელსაც ჩათვლიდა საჭიროდ.

მოგვიანებით აშშ-ს წამყვანმა ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობებში უოლტერ რასელ მიდმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა გაუკეთა თავის ქვეყანას ის, რასაც ყველაზე საშინელი მტერიც ვერ უზამდა. კავკასიის შესანიშნავმა მცოდნემ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა თავის ცნობილ წერილში ,,ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს თბილისში"" დაასკვნა, რომ სააკაშვილმა აუსრულა პუტინს ის, რასაც პუტინის პირადი აგენტიც ვერ შეძლებდა. სააკაშვილის ბრძანებით ,,ცუდად მომზადებული ჯარის"" მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, გრისტის პროგნოზი გამართლდა: რუსეთმა (და არა საქართველომ!) მყისიერად მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და მოსთხოვა მას მიეღო გადაუდებელი ზომები სააკაშვილის მიერ წამოწყებული სისხლისღვრის შესაჩერებლად. ამასობაში, სააკაშვილის ბრძანებით, ცხინვალისაკენ კარგად მომზადებული კორტეჟი მიჰქროდა. მიჰქონდათ გადასატანი ტრიბუნები, გასაშლელი სცენა, ორი ათასი დროშა, წითელი ფიანდაზები და საერთოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდა სააკაშვილს 08.08.08-ში ცხინვალის ცენტრში აღლუმის ჩასატარებლად. კორტეჟს სტრიპტიზმერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. სწორედ უგულავა უყვიროდა ტელეფონით ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ ოფიცრებს და კატეგორიულად მოითხოვდა, დანიშნულ დროში ჩატეულიყვნენ. ჩვენი ,,ნაციონალური"" ტელეარხების ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ თბილისიდან გაფრთხილებულები იყვენ: თბილისის დროით 13.00-14.00 საათამდე ცხინვალში სამხედრო აღლუმი ჩატარება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა...

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ქ-ნი ტერი ჰაკალა შვებულებაში იმყოფებოდა. მის მოადგილეს, კაპიტან გრისტს კი ბევრი რამ გადახდა იმ დღეებში. მას მოუწია მისიის დამკვირვებლების ევაკუაციის უზრუნველყოფა; ორშაბათს, 11 აგვისტოს ღამით, მას მწვავე შელაპარაკება მოუვიდა შვებულებიდან დაბრუნებულ მისიის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა გადამდგარიყო და 12 აგვისტოს თვითონ ჩავიდა ცხინვალში სრული სურათის დასადგენად. მაშინ იყო, რომ თავისი დიდ გამოცდილებისა და ვაჟკაცობის წყალობით ის გადაურჩა დახვრეტას მას შემდეგ, რაც ოსმა ბოევიკებმა მანქანიდან გადმოათრიეს და მიწაზე დააგდეს.

7-8 აგვისტოს გრისტი თბილისში იმყოფებოდა. ეუთოს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ოსურ მხარეს ქართული სოფლები არ დაუბომბავს, სროლაც არ ყოფილა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის არავითარი საბაბი არ არსებობდა. ისიც დააფიქსირეს, რომ 7 აგვისტოს ღამის თორმეტის ნახევრის შემდეგ ქართულმა არტილერიამ და ,,გრადის"" სარაკეტო დანადგარებმა განახორციელეს ცხინვალის მასიური დაბომბვა ყოველგვარი შერჩევისა და ზუსტი დამიზნების გარეშე. ეუთოს დამკვირვებლების მეთაურმა იანგმა ეს ოქტომბერშიც გაიმეორა თბილისში ჩამოსული ნატოს სამხედრო ატაშეებისათვის. ამის შემდეგ მას აეკრძალა ინტერვიუების მიცემა. ეს აკრძალვა არ გავრცელდა ეუთოს მისიიდან წასულ კაპიტან გრისტზე, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში ინტერვიუ მისცა ბიბისის, ,,ნიუ იორკ თაიმს""-ს და სხვა გამოცემებს. ეუთოს დამკვირვებლების დასკვნა კი ბევრმა სხვა წყარომაც დაასაბუთა და ის შევიდა დასავლეთში შედგენილ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, მათ შორის ტალიავინის კომისიის დასკვნაში, ევროპის საბჭოს ცნობილ რეზოლუციაში და ა.შ. დასავლელი პარტნიორების რჩევით სააკაშვილის რეჟიმი დაეთანხმა ამ დასკვნებს. ევროპის საბჭოს რეზოლუციაც საქართველოს დელეგაციის (ჩიორები და გოკები) მხარდაჭერით მიიღეს და ის ქართული დიპლომატიის მორიგ გამარჯვებადაც შერაცხეს. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა მისი ზუსტი ციტირება და ნაცისტებმა მორთეს ყვირილი, რომ ივანიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა და თქვა, რომ ,,საქართველომ დაიწყო ომი"", მაგრამ ამაში ხომ არაფერია განსაკუთრებული? 9 წლის განმავლობაში ნაცისტები მიიჩნევდნენ, რომ ჩვენი ხალხი ბრბოა, რომელსაც ყველაფერს დააჯერებ ტელეეკრანით მიწოდებული სათანადო ,,კარტინკით"" და უგუნური, თავხედობის ყოველ ზღვარს გადაცილებული ტყუილებით. სწორედ ამ აზრზე დაყრდნობით ნაცისტები აწარმოებდნენ სრულიად განსხვავებულ საგარეო და საშინაო პიარს. გარეთ ეთანხმებოდნენ ტალიავინის კომისიის დასკვნას, ევროპის საბჭოს რეზოლუციებს და ა.შ. შიგნით კი აცხადებდნენ, რომ გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანაზე.

კაპიტან გრისტს ნაცისტებმა მაშინვე აბსურდული ცილი დასწამეს - რომ ის ავრცელებდა შვიდი აგვისტოს მოვლენების რუსულ ვერსიას და რომ მას კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან. ,,მტკიცებულებად"" იმას ასახელებდნენ, რომ 12 აგვისტოს ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე წავიდა ცხინვალში, შეხვდა იქ ვინმე ცხოვრებოვას და ა.შ. რატომ შეარჩიეს გრისტი? რატომ არ დააბრალეს ჯაშუშობა და ა.შ., ეუთოს დამკვირვებლებს? იმიტომ, რომ გრისტი გადადგა და აღარ იყო ეუთოს თანამშრომელი. თანაც გადადგა ჰაკალასთან კონფლიქტის შემდეგ და ინტერვიუებში ამხილა ეუთოს უმოქმედობა. მისი ლანძღვა ეუთოს მისიასთან დაპირისპირებას არ გამოიწვევდა და იგი პიარისთვის საუკეთესო კანდიდატი იყო.

გავიდა წლები და სააკაშვილის 08.08.08 ავანტიურისა და ღალატის მოწმე გრისტი ა.წ. იანვარში საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. ნაცისტების ნარჩენებმა, ძველმა და ახალმა ,,სახეებმა"", ისევ კივილი მორთეს. ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფრიდან ისევ ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა. მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა მტკიცე და ძლიერი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გრისტი საუკეთესო კანდიდატი იყო ყველა კანდიდატს შორის.

პრესიდან გავიგე, რომ გრისტის წინააღმდეგ უკვე გამოქვეყნდა პეტიცია, რომლის ტექსტში წერია: "საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებლები, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას. რაიან გრისტი მოქმედებდა რა თავისი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ, 2008 წელს ამაგრებდა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ზიანს აყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაიან გრისტის ქმედება დაგმო "ეუთომ" და იგი გაწვეულ იქნა.

საზოგადოება "ივერია", ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარმოუდგენლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას არ ცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ არ წარადგენს.

ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე.

მივიჩნევთ, რომ რაიან გრისტის უკან გაწვევა არც ახლა არის გვიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში იმოქმედოს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად",-წერია პეტიციაში. პრესაში აღნიშნულია, რომ პეტიციას 600 კაცზე მეტმა მოაწერა ხელი, მაგრამ პუბლიკაციაში გაცილებით ნაკლები ხელმომწერის გვარია მოყვანილი. ესენი არიან:

გრიგოლ ვაშაძე, ნიკა ვაშაკიძე, ნიკა რურუა, მამუკა კუდავა, მამუკა გამყრელიძე, ნინო კალანდაძე, ნინო ნაკაშიძე, გელა ბეჟუაშვილი, გიგი კუბლაშვილი, გია ჯაფარიძე, ნოდარ ხარშილაძე, პაატა გაფრინდაშვილი, ბათუ ქუთელია, მამუკა ჟღენტი, გიორგი ბადრიძე, სალომე სამადაშვილი, დავით სიხარულიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუჩაიძე, კახა ლომაია, თემურ იაკობაშვილი, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, კოტე გაბაშვილი, კახა გოგოლაშვილი, ლევან დუჩიძე, მაია ჯორჯაძე, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, ნათია მეგრელიშვილი, ზურაბ ოდილავაძე, ალექსანდრე რონდელი.

ობიექტურ მკითხველს ამ გვარებთან დაკავშირებით კომენტარი არ სჭირდება.

დღეს ევროკავშირის მისია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. დასავლეთში დღეს პრაქტიკულად არავითარი დაინტერესება არ არსებობს, რომ მისია რჩებოდეს საქართველოში. ასეთ პირობებში ახალ ხელისუფლებას გაცილებით მკვეთრი პასუხი უნდა გაეცა ნაძირალების ცილისწამებისათვის, ვიდრე გააკეთა.

მთავარი კი ის არის, რომ მიუხედავად სააკაშვილის სიგიჟისა და ღალატისა, აგვისტოს ომის აცილება შეიძლებოდა 7 აგვისტოსაც კი. ამისათვის მაღალი რანგის დიპლომატებს უნდა ემოქმედათ ისევე ოპერატიულად და ისეთივე შემართებით, როგოც მოქმედებდა მაშინ კაპიტანი გრისტი. საკმარისი იყო აშშ-ს ადმინისტრაციას 7 აგვისტოს გაეკეთებინა საჯარო განცხადება, რომ სააკაშვილი აგზავნის ცხინვალისკენ მძიმე არტილერიას, ,,გრადის"" სარაკეტო დანადგარებს და ჯარს და დაეგმო ეს მოქმედება და მისი შესაძლო შედეგები. ამის შემდეგ სააკაშვილი ვეღარ გაბედავდა ავანტიურის დაწყობას! შესაბამის საჯარო განცხადებას რუსეთის წარმომადგენლები აკეთებდნენ, თან ხელებს იფშვნეტდნენ და, როგორც ამერიკელმა დიპლომატებმა თქვეს, ,,ნერწყვიც სდიოდათ"". შვებულებაში მყოფმა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ქ-მა ტერი ჰაკალამ კი მოახსენა 7 აგვისტოს ეუთოს თავმჯდომარეს ალექსანდრე შტუბს, რომ ,,ვითარება სახიფათოა, მაგრამ პრობლემა არ არსებობს"" (რამაც განარისხა გრისტი). ხოლო 2009 წლის სექტემბერში, ანუ 2008 წლის ომის წლისთავზე, სააკაშვილის მიერ წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებულმა აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა 2008 წლის 8 აგვისტოს დილის 10:10-ზე (!) (გორი პირველად 9:40-ზე დაიბომბა - ტეფტის დეპეშის გაგზავნამდე 30 წუთით ადრე!) ატყობინებდა ვაშინგტონს, რომ ,,თუ ქართველები მართალს ამბობენ და ბრძოლა ძირითადად დასრულებულია (ანუ ქართველებმა გაიმარჯვეს), მაშინ ნამდვილად უცნობია, როგორი იქნება რუსეთის როლი და არსებობს თუ არა კონფლიქტის გაფართოების პოტენციალი"". ამ დეპეშის გაგზავნის შემდეგ, სულ მალე, რუსულმა ავიაციამ მასიურად დაბომბა ჩვენი ჯარი ცხინვალში. რუსეთის როლი ბოლომდე გაირკვა და კონფლიქტის გაფართოების პოტენციალის რეალიზაციაც დაიწყო...

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კაპიტან გრისტ!

პეტრე მამრაძე, 17 თებერვალი, 2014 წელი