განაცებული ქოცები და პიარი პოლიტიკის ნაცვლად - პეტრე მამრაძის ბლოგი
17-04-2014
განაცებული ქოცები და პიარი პოლიტიკის ნაცვლად - პეტრე მამრაძის ბლოგი
,,ნახეთ რა დრო დაგვიდგა - აშშ-ს პრეზიდენტი ობამა ნაკლებად საყვედურობს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო, ვიდრე საყვედურობდა რუსეთში ჰომოსექსუალების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტად დრონი მეფობენ და არა მეფენი!"", ვუთხარი ორიოდე კვირის წინათ დასავლელ პოლიტოლოგებს. კოლეგებმა გულიანად იცინეს ჩემს ხუმრობაზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, ახალგაზრდა ამერიკელმა, თქვა, რომ ჰომოსექსუალების შემთხვევაში ობამას შეუძლია ბევრი ილაპარაკოს და ცოტა აკეთოს, ხოლო ყირიმის ანექსიისა და, საზოგადად, უკრაინის კრიზისის შემთხვევაში მან უნდა შეასრულოს ის, რასაც დაიქადნის. წინააღმდეგ შემთხვევაში,
მისი ავტორიტეტი საბოლოოდ გაქარწყლდება. ბევრის გაკეთება კი არც აშშ-ს და არც ევროპას არ შეუძლია, ამიტომ განცხადებებშიც თავშეკავებულები არიან.

1920 წლის დეკემბერში (საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისა და საქართველოს გასაბჭოებამდე სულ ორი თვით ადრე) ერთა ლიგა (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) ბჭობდა საქართველოს გაწევრებაზე. მაშინ საფრანგეთის წარმომადგენელმა ვივიანიმ ასე
დაასაბუთა თავისი ქვეყნის უარყოფითი პოზიცია: ,,ლიგის ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი, რომელზედაც ბევრს ლაპარაკობენ და რომელსაც მე-10 მუხლი ეწოდება. ეს მუხლი გვავალდებულებს მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანაწევრს, რომელიც საფრთხეში ჩავარდება – თანახმად მე-10 მუხლის ფორმულისა, – მაშინვე, როგორც კი ამას გავიგებთ. და რადგან ყველაზე უვარგისი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყო ხალხის გონებაში სიცრუისა და მოტყუების განმტკიცებას, რომ ხალხი დაარწმუნო, თითქოს მას დაეხმარებიან, მაშინ, როდესაც მას ვერ დაეხმარებიან – ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია თავისი დახმარება მიაწვდინოს ევროპის განაპირას, იგი ისე მისცემს ხმას, როგორც მისცა საფრანგეთმა და როგორც მე მივცემ ახლა, ე.ი. კომისიის პროექტის თანახმად, ეს სახელმწიფოები დაშვებულ იქნენ მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზაციებში"". ვივიანის პოზიციას, იმავე მიზეზის გამო, ბრიტანეთმა და სხვებმა დაუჭირეს მხარი და კენჭისყრის შედეგად საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს.

,,ჩვენ არ უნდა ვატყუებდეთ და მით უფრო არ უნდა ვაქეზებდეთ პატარა სუსტ სახელმწიფოებს მათთვის ერთა ლიგის დახმარებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის დაპირებებით, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მსგავს ვერაფერს მოვიმოქმედებთ"", განაცხადა ნევილ ჩემბერლენმა 1938 წლის თებერვალში, ანუ მიუნხენის შეთანხმებამდე ნახევარი წლით ადრე, ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას. დღეს დასავლელ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მაშინ, 1938 წელს, ბრიტანეთს და საფრანგეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ - მიუნხენის შეთანხებაზე უარის თქმა მათთვის სრულ სამხედრო კატასტროფას მოასწავებდა.

საგულისხმოა, რომ ერთა ლიგაში ვივიანის გამოსვლიდან 88 წლის შემდეგ, 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტის წინ, ისევ საფრანგეთმა (პრემიერ-მინისტრის პირით) გულწრფელად დააფიქსირა თავისი პრინციპული პოზიცია - მან განაცხადა, რომ საქართველოსათვის არ შეიძლებოდა MAP-ის (ანუ ნატოში გაწევრიანების გეგმის) მიცემა. საფრანგეთის პრემიერმა რბილი დიპლომატიური ენით ისაუბრა, მაგრამ მისი არგუმენტები არსებითად დაემთხვა ვივიანის არგუმენტებს. ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველომ სულ ოთხ თვეში, 2008 წლის აგვისტოში მოიმკო იმ ,,ყველაზე უვარგისი პოლიტიკის"" შედეგები, რომელიც ,,იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყო ხალხის გონებაში სიცრუისა და მოტყუების განმტკიცებას, რომ ხალხი დაარწმუნო, თითქოს მას დაეხმარებიან, მაშინ, როდესაც მას ვერ დაეხმარებიან"". ეს ,,ყველაზე უვარგისი პოლიტიკა"" კი, პრაქტიკულად მთლიანად, პუტინის ,,სასარგებლო იდიოტების" - სააკაშვილის და მისი თანამზრახველების თვითმოტყუებისა და მათი მხრიდან ხალხის მოტყუების პოლიტიკა იყო.

საუბედუროდ, ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ არჩევნების მეორე დღიდან გადაიბარა სააკაშვილის რეჟიმისაგან ერის მოტყუების ესტაფეტა. შარშან პრემიერმა ღარიბაშვილმა ,,ისტორიული" უწოდა ევროგაერთიანებასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირებას და განაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდებოდა. წელს იანვარში ტალინში ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა, რბილად რომ ვთქვათ, გააოცა საქართველოს დასავლელი პარტნიორები. გთავაზობთ მისი გამოსვლის ფრაგმენტებს:

,,წევრობის სამოქმედო გეგმა - ეს ჯადოსნური სიტყვა MAP - ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: ,,სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?""

"თუ პასუხი არის "არა" და "ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება უფრო ფართო რეგიონში და ამიტომაც ეს დაპირება [რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი] მაშინ იყო მნიშვნელოვანი [2008 წელს] და არა ახლა, ზოგიერთი ახალი გარემოებების გამო" - ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის".

უსუფაშვილმა იქვე განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალები საქართველოში - მმართველი კოალიცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პროდასავლურ კურსს ემხრობიან, 2014 წელი შესაფერისი დროა, რათა დასავლეთი დაეხმაროს საქართველოს ბოლო დროს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციაში ერთი მხრივ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და მეორე მხრივ, MAP-ის მინიჭებით.

მან გააფრთხილა, რომ ამის გაუკეთებლობა უბიძგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს წამოწიონ მოსაზრება: "ნატოში მისწრაფება რომ არა, საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა". უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები პოპულარული გახდება, მაგრამ ეს შესაძლოა იქცეს "ერთადერთ დარჩენილ არჩევნად, თუ ხალხი იგრძნობს, რომ სხვა ვარიანტი აღარ არსებობს".

"ერთი ვარიანტია იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი გაკეთებაც ჩვენ არ გვინდა; მეორე ვარიანტია, რომ გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი - ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წარმატების აშკარა დემონსტრირებით და მესამე ვარიანტია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში ან რუსულ იმპერიაში დაბრუნება; სხვა ვარიანტები არ არსებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი "ძალიან მცირე პროგრესით" დასრულდება, ეს არასაკმარისი იქნება. "ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე MAP-ის მიღება. "ეს უბრალოდ არ მუშაობს", - განაცხადა მან.

ღარიბაშვილის და უსუფაშვილის გამონათქვამები მაგალითისათვის მოვიყვანე. განაცებული ქოცების მსგავსი გამოსვლები თითქმის ყოველდღე გვესმის და ამ გამოსვლებში საერთოა ის, რომ პრაქტიკულად ყველა წინადადება ტყუილს შეიცავს და, თანაც, ძალზე საზიანო ტყუილს ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის.

ევროკავშირთან მსგავს ,,ისტორიულ"" ხელშეკრულებას სირიის, ტუნისის, თურქეთის და ლათინოამერიკის ქვეყნების ჩათვლით 30-მდე ქვეყანამ მოაწერა ხელი და ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე იმყოფებიან ეს ქვეყნები ევროინტეგრაციის მხრივ. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ გულწრფელად თქვეს, რომ ამ ხელშეკრულებისათვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ იქნება კარგი ჩვენთვის და ჩვენმა პრესამ არაერთხელ გამოაქვეყნა ობიექტური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ქოცებმა შესანიშნავად იციან, რომ მაპ-იც არაფერს იძლევა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ნატო არ არის ვალდებული დაიცვას ქვეყანა, რომელსაც მაპი მიანიჭა. მაპი გაწევრიანების გარანტიასაც არ იძლევა და ამ მხრივ სააკაშვილმა სიმართლე თქვა, რომ 2008-ში ბუქარესტში მაპ-ზე მეტი მივიღეთ. უფრო მეტიც, მაპის არათუ მიღება, არამედ მასზე საუბარიც კი, რუსეთის გენერალიტეტზე და პოლიტიკურ ელიტაზე მოქმედებს ისე, როგორც კორიდის არენაზე გამოვარდნილ ხარზე წითელი ჩვარი. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრმა დასავლელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მაპი რომ ჰქონოდა, რუსეთის არმია საქართველოში გაცილებით მეტ სისასტიკეს გამოიჩენდა. მაშინ მედვედევმაც გულახდილად ისაუბრა ამაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მაპი რომ ჰქონოდა, იგივეს გააკეთებდნენ და შედეგები ,,შეიძლება რიგით უფრო რთული ყოფილიყო"".

დროს და ადგილს დავზოგავ და მკითხველს ვთავაზობ, თვითონ გაანალიზოს უსუფაშვილის გამონათქვამების არაადექვატურობა და ის ლოგიკური წინააღმდეგობები, რომელიც იქ უხვად არის. აღვნიშნავ მხოლოდ მთავარ მარაზმს: საქართველოში დღეს მოსახლეობის მცირე პროცენტიც კი არაფერს ელოდება ნატოსგან და მაპსაც არაფერს უკავშირებს და მაპის არმიღება ქვეყნის შიგნით არავიტარ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს. ამ ტერმინის შინაარსი ძალიან ცოტამ თუ იცის. სააკაშვილმა და მისმა ნაცისტებმა კი შესანიშნავად იციან, რომ ნატო აღარ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში და რომ რუსეთის მიერ საქართველოს მთლიანი დანაწევრების შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ახლა არის ყირიმთან დაკავშირებით. საქმე მხოლოდ ის არის, რომ ნაცები ყოველთვის იყვირებენ, რომ ნატოსთან ურთიერთობაში პროგრესის არქონა ქოცების ბრალია, რომ ქოცები პრორუსული ძალაა და ა.შ. განაცებულ ქოცებს კი პიარ პინგპონგი აქვთ ნაცებთან გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, ვინ არის უფრო ,,პროდასავლური"" და ამ პინგპონგს ეწირება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მიაქციეთ ყურადღება უსუფაშვილის საოცრად გულახდილ ფანტასტიკურ ფრაზას, რომ ნატოს სამიტზე მცირე პროგრესის შემთხვევაში "ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად". აი რაზე წუხს პარლამენტის თავმჯდომარე და ხალხის ქვეშ აშკარად ,,პროდასავლურ"" ნაცებს გულისხმობს.

ჯერ კიდევ შარშან ქოცებმა მიმართეს ნატოს ხელმძღვანელობას თხოვნით შეექმნათ რაიმე პროცესი, რომელსაც ხალხის თვალში ნატოსთან ურთიერთობაში მიღწეულ დიდ წარმატებად გაასაღებდნენ. ბრიუსელმა შესთავაზა ქოცებს წარმოედგინათ თავისი წინადადება. ქოცებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მოიფიქრეს შემდეგი რამ: დაე ნატომ გამოაცხადოს, რომ ცნობს რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად აფზაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად, ამავდროულად მზად არის მიიღოს თავის რიგებში საქართველო იმ ურთიერთშეთანხმებული დათქმით, რომ ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი, ანუ ნატოს ვალდებულება დაიცვას თავისი წევრი გარე აგრესიისაგან, გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გამოკლებით. როგორც ჩანს ბრიუსელშიც მოიძებნენ ადამიანები, ვინც ამ მარაზმის განხილვა დაიწყეს. შარშან აგვისტოში საქართველოში ნატოს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ,,ამაზე ფიქრობენ და ლაპარაკობენ თქვენი ქვეყნის მოქალაქეები"" (გვარები არ თქვა).

ნატოსთან ურთიერთობაში რეალური პროგრესი ნამდვილად არ იქნება მიღწეული, სამაგიეროდ დღითიდღე პროგრესირებს უსუფაშვილის გამონათქვამების არაადექვატურობა.

,,ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს"" - განაცხადა უსუფაშვილმა ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სულ რამდენიმე დღის წინათ.

,,2008 წლის აპრილში, ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველო ალიანის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატო-სკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მიაქციეთ ყურადღება: უსუფაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ნატო არ აპირებს საქართველოს დაცვას, ანუ იმ ქვეყნის დაცვას, რომლის ტერიტორიაზე სააკაშვილმა თავისი ხელით დააბრუნა რუსეთის სამხედრო ბაზები და ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სარაკეტო კომპლექსებია განლაგებული (სხვა შეიარაღებაზე არაფერს ვამბობ); უსუფაშვილმა, რომელმაც იცის, რომ ნატო არათუ ჩვენს დაცვას, არამედ რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებასაც არა აპირებს საქართველოს გამო, ანუ ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ საქართველო ყოველმხრივ ,,ნატოს გარეშეა"", გარდა ყალბი პიარისა, აცხადებს, რომ ,,ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს""(!)

,,გვესმის, რომ თუ საქართველო ნატო-სკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება"". ესეც მარაზმის მორიგი კულმინაციაა. თუ გესმის, რომ საქართველოს მხრიდან ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯი მაშინვე (მე კი დარწმუნებული ვარ, პრევენციულადაც) რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს და თუ იცი, რომ ნატო არ დაგიცავს, მაშინ რატომ ამბობ რომ ,,რისკავ""? მოქმედებას, რომელსაც გადარჩენიც მცირე შანსიც არ ახლავს, რისკი არ ჰქვია. ასეთ მოქმედებას სულ სხვა სიტყვებით ამკობენ... ამბობ, რომ ,,რისკის"" გამო გჭირდება პასუხი, არადა პარლამეტის თავმჯდომარის რანგში წელიწადნახევარია, ისმენ ნატოს ხელმძღვანელებისაგან კატეგორიულ პასუხს, რომ ნატო არ დაიცავს საქართველოს. რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ თვითონ ვერ ეუბნები საჯაროდ საკუთარ ხალხს სიმართლეს პირადი პიარ მოსაზრებების გამო და გინდა, რომ ეს ნატოს ხელმძღვანელებმა გააკეთონ?

უსუფაშვილის განცხადებებით გაოგნებულმა ზოგიერთმა დასავლელმა ექსპერტმა ისიც კი მითხრა, რომ უსუფაშვილს ეს უაზრო რიტორიკული კითხვები იმისთვის სჭირდება, რომ მერე ხალხს მიმართოს -,,რა ვქნათ, ნატო გარანტიას ვერ გვაძლევს"" და ამის შემდეგ ქოცებმა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა განახორციელონ.

სანამ ქოცები და ნაცები პიარ პინგპონგით არიან გატაცებული, მსოფლიოში ბევრი რამ სწრაფად იცვლება. არსებული პროცესები ზუსტად და ღრმად გაანალიზა შესანიშნავმა ბულგარელმა მეცნიერმა კრასტევმა:

,,საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება ემყარებოდეს ხელშეკრულებებს, მაგრამ ფუნქციონირებს რაციონალური მოლოდინების საფუძველზე. როდესაც ირკვევა, რომ ეს მოლოდინები მცდარი იყო, ძირითადი საერთაშორისო წესრიგი იმსხვრევა. სწორედ ეს მოხდა უკრაინის კრიზისის განვითარების დროს.

სულ რამდენიმე თვის წინათ დასავლეთელი პოლიტიკოსების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში რევიზიონიზმი ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა და რომ პუტინი რუსეთის ინტერესების დცვის საკუთარ ხედვაში არ მოიაზრებდა შეიარაღებულ ძალების გამოყენებას პოსტსაბჭოურ სივრცეში. ახლა ცხადია გახდა, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა უხეში შეცდომა დაუშვეს.

რუსეთის ჯარების მიერ ყირიმის დაკავების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ კრემლი მხარს დაუჭერს ყირიმის გამოყოფას უკრაინიდან, მაგრამ არ მიუერთებს მას რუსეთის ფედერაციას. ეს თვალსაზრისიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა.

ამჟამად დასავლეთს აღარ აქვს წარმოდგენა იმაზე, რისი გამკეთებელია რუსეთი. სამაგიეროდ რუსეთმა ზუსტად იცის რას გააკეთებს და, რაც მთავარია, რას არ გააკეთებს დასავლეთი. ამ ვითარებამ სახიფათო ასიმეტრია შექმნა.

მაგალითად, როდესაც მოლდოვა სთხოვს ევროკავშირს, მიიღოს ის თავის რიგებში, რუსეთმა შეიძლება მოახდინოს მოლდოვასგან გამოყოფილი დნეპრისპირეთის ანექსია, სადაც რუსეთის ჯარები ოცი წლის განმავლობაში იმყოფებიან. ახლა მოლდოვამ იცის, რომ ეს თუ მოხდა, დასავლეთი არ ჩაერევა და არ დაიცავს მას იარაღით ხელში"", წერს კარსტევი.

მოიაქციეთ ყურადღება - კარსტევი, რომლის პროგნოზები წარსულში ხშირად გამართლებულა, ახსენებს მოლდოვის შესაძლო მიმართვას ევროკავშირისადმი (!) და არა ნატოსადმი და უშვებს იმას, რომ რუსეთი ამის პასუხად დნეპრისპირეთის ანექსიას მოახდენს.

კარსტევზე უფრო კატეგორიულია პოლიტოლოგი იუჯინ კოგანი:

,,მე ვფიქრობ, ყირიმის ეპიზოდი საქართველოსთვის საგანგაშო უნდა იყოს. შეიძლება პარალელების გავლება ყირიმის მოვლენებსა და 2008 წლის ომს შორის, იმ სამწუხარო განსხვავებით, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსები კიდევ უფრო დაოსტატდნენ მინიმალური დანაკარგით მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ის, რაც ახლა ყირიმში ხდება, რუსეთის სიგნალია საქართველოსა და მოლდავეთისათვის - თუ უკრაინის გზას დაადგებით და ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის იდეას თავიდან არ ამოიგდებთ, თქვენც იგივე მოგელით. ასე რომ, გაფრთხილდით და კარგად დაფიქრდით, რის მიღწევას ლამობთ. ასჯერ გაზომეთ, მზად ხართ თუ არა, ბოლომდე გაუძლოთ და ის შედეგებიც იტვირთოთ, რაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისკენ სწრაფვას მოჰყვება. მე ხაზგასმით ვამბობ; სწრაფვას და არა - ხელმოწერას, რადგან არა მგონია, ამ შემთხვევაში ხელის მოწერამდე მიაღწიოთ"", ამბობს კოგანი ,,კვირის პალიტრისათვის"" 10 მარტს მიცემულ ინტერვიუში.

ძალზე ბევრ ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რაც ემოციურად არ უნდა. ცოტანი არიან ისეთები, ვისაც ძალუძს თვალი გაუსწოროს რეალობას, როგორი არასახარბიელოც უნდა იყოს ის. კარგად მახსოვს, რომ 2000-იან წლებში არც ერთი დასავლელი კოლეგა (თანამემამულეებზე აღარაფერს ვამბობ) არ მიჯერებდა, რომ პუტინის რეჟიმმა შეიძლება სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს არაერთხელ მითქვამს საჯარო გამოსვლებშიც, ხოლო 2008 წლის გაზაფხულზე წერილიც დავწერე ამაზე. უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგაც არავინ მიჯერებდა, რომ პუტინის ჩეკისტური რეჟიმი ყირიმის სრულ ანექსიას მოახდენს.

ვითარება კი სწრაფად იძაბება. "მათ (რუსებს) გადააქვთ თავიანთი ტექნიკის ყველაზე საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში. ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რეალურად საქართველოს არმია არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. უკრაინის საზღვრებთან ჩვენ ათობით ათას სამხედროს ვხედავთ და საუბარია არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაზე, არამედ მათ დანიშნულებასა და კონფიგურაციაზე. რამდენი სამხედრო ერთეულია განთავსებული საზღვარზე და რისი შესაძლებლობა აქვთ მათ. აღმოსავლეთ საზღვარზე მათ დღეისთვის ყველაფერი გააჩნიათ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როჯერსმა.

რუსეთის პრესაში კი ღიად წერენ იმაზე, რაზედაც წლების განმავლობაში ხშირად მისაუბრია - რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარდება ,,რეფერენდუმი"", მოსახლეობა მოითხოვს ჩრდილო ოსეთთან, ანუ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას და პუტინიც უარს არ იტყვის ამაზე.

შარშან ბლოგის წერილებში დეტალურად გავაანალიზე, როგორ მიაღწია ,,იდიოტმა ბავშვმა"" იმას, რომ ნატომ განუსაზღვრელი დროით ჩაგვირაზა კარები, ხოლო ნატოსთან ურთიერთობაზე საუბარიც კი სახიფათო გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ვწერდი იმაზეც, რომ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელში ნატო, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების შეუვალი გარანტი უნდა ყოფილიყო, ჩვენთვის იმ სტაფილოდ გადაიქცა, რომელიც ნაცებმა მთელ ერს ცხვირწინ დაუკიდეს და მას აქეთ დავდივართ მოჯადოებულ წრეზე, ვკარგავთ სახელმწიფოს, სტაფილოს კი ვერც ვუახლოვდებით.

ეს წერილი ძველი ქართული ანდაზით დავიწყე და ანდაზითვე დავასრულებ:

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!

ეს ანდაზა უნივერსალური არ არის, მაგრამ ჩვენი შემთხვევისათვის ზედგამოჭრილია.

პეტრე მამრაძე, 12 აპრილი 2014 წელი

ვიტო
27 აპრილი 2014 13:50
რაც საქართველო არსებობს სულ იდგა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, , ასე რომ ეს არახალია, ჩვენ ეხლაც მოთმინებით დაველოდებით ჩვენი ამჟამად ძლიერი მტრის დასუსტებას და გავაგრძელებთ ისეთივე თაღლითურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ეს კარგად იცის პეტრემ, მაგრამ არ ამბობს.
მინდია
23 აპრილი 2014 18:30
თბილისელს

ჩემო ძმაო შესანიშნავად ჩამოაყალიბე ის რისი თქმაც მსურდა. რაიმეს დამატება ჩემი მხრიდან უაზრობაა. მხოლოდ ერთს ვიტყვი დროა ყველა თავმოყვარე ქართველმა გავითავისოთ ეს.

რაც შეეხება ბატონ პეტრეს, მე ვერ გავიგე მას რა სურს, ისევ ჩვენ ქართველებს გვესაუბრება ნიშნისმოგებით? თვითონ რა ალტერნატივას გვთავაზობდა ან გვთავაზობს? პრინციპულობა და პატიოსნება აი ერთადერთი სწორი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაში.

რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას არ აქვს იმ ქაღალდის ფასი რომელზედაც ის არის დაწერილი.

ოტო ფონ ბისმარკი.
თბილისელი
22 აპრილი 2014 17:47
არ ვიცი, ბატონი პეტრე დამეთანხმება თუ არა, მაგრამ ცნობილი გამოთქმა, "რომ გამოუვალი ვითარება არ არსებობს" - მცდარია. ამის დაჯერება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამიტომ საინტერესოა, თვით ბატონი პეტრე თუ სძლევს საკუთარ თავს და დაიჯერებს იმას, რის დაჯერებაც ემოციურად არ სურს.

დიახ, ეს გამოთქმა ზუსტად მიესადაგება საქართველოს. ნაცნოძრაობაზე ადრინდელი პერიოდიდანაც რომ ვიმსჯელოთ, რუსეთი ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა სათქმელს - არც ერთ ეტაპზე არასოდეს არაფრის ”დაბრუნებას” არ სთავაზობდა და არ სთავაზობს საქართველოს. ის ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეს გვეუბნებოდა - თუ რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე ”დავაყენებდით”, შემდგომ დაშლა-დაქუცმაცებას აღარ განაგრძობდა.
საინტერესოა, აფხაზეთის ომის მერე დათანხმდებოდა თვით ბატონი მამრაძე ასეთ პირობას, 2008 წლის მერე თუ ახლა დათანხმდება?

გამოუვალი ვითარება ჰქონდა და აქვს საქართველოს ყველა მთავრობას, ავკარგიანობისგან დამოუკიდებლად. ნებისმიერ ეტაპზე რუსეთისთვის დათანხმება ნიშნავს იმ კონკრეტულ მომენტში რაც ჩვენთვის წართმეული აქვს, იმაზე ხელის მოწერას და თქმას, რომ პრეტენზიები აღარ გვაქვს. ცხადია, რუსეთი თან იქითაც გვახვეწნინებს, რომ ასეთ ”დიდ წყალობაზე” დაგვითანხმოს და დასავლეთისკენ მიმავალ ხიდებსაც დაგვაწვევინებს.

მივიღებთ ასეთ ვითარებას - რომელიმე (ნებისმიერ) ეტაპზე საქართველო თანხმდება რუსეთს, რომ უკვე მასთან მომხდარის გამო პრეტენზიები აღარ გვაქვს, ოღონდ კი მომავალში დაშლა არ განაგრძოს. ამ დროს, დასავლეთიდან აღარც პოლიტიკური მხარდაჭერა გვექნება და აღარც ფინანსური (აქვე გავაფრთხილებ პროპაგანდის მსხვერპლთ, ვისთვისაც სავალუტო ფონდი ეკონომიკას გვინგრევს და თურმე გასაღების ბაზრად ვუნდივართ, უბრალოდ ხმა ჩაიკმინდონ. რაც ნაკლებ სისულელეს იტყვიან, მათთვისვე უკეთესი იქნება).
მოკლედ, ვრჩებით მხოლოდ რუსეთის დაპირების ამარა, რომ მომავალში აღარ დაგვაქუცმაცებს. რუსეთის შიშველი დაპირება კი ძალიან მაგარი არგუმენტია, ვერაფერს იტყვი. ამის იმედად მტერი დარჩა.
ახლა იკითხავს ზოგი, გამოსავალი სად არისო? პასუხად იხილეთ ამ კომენტარს დასაწყისი.

რედაქტორის რჩევით