განაცებული ქოცები და პიარი პოლიტიკის ნაცვლად - პეტრე მამრაძის ბლოგი - კვირის პალიტრა

განაცებული ქოცები და პიარი პოლიტიკის ნაცვლად - პეტრე მამრაძის ბლოგი

საუბედუროდ, ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ არჩევნების მეორე დღიდან გადაიბარა სააკაშვილის რეჟიმისაგან ერის მოტყუების ესტაფეტა. შარშან პრემიერმა ღარიბაშვილმა ,,ისტორიული" უწოდა ევროგაერთიანებასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირებას და განაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდებოდა. წელს იანვარში ტალინში ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა, რბილად რომ ვთქვათ, გააოცა საქართველოს დასავლელი პარტნიორები. გთავაზობთ მისი გამოსვლის ფრაგმენტებს:

"თუ პასუხი არის "არა" და "ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება უფრო ფართო რეგიონში და ამიტომაც ეს დაპირება [რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი] მაშინ იყო მნიშვნელოვანი [2008 წელს] და არა ახლა, ზოგიერთი ახალი გარემოებების გამო" - ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის".

"ერთი ვარიანტია იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი გაკეთებაც ჩვენ არ გვინდა; მეორე ვარიანტია, რომ გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი - ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წარმატების აშკარა დემონსტრირებით და მესამე ვარიანტია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში ან რუსულ იმპერიაში დაბრუნება; სხვა ვარიანტები არ არსებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი "ძალიან მცირე პროგრესით" დასრულდება, ეს არასაკმარისი იქნება. "ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე MAP-ის მიღება. "ეს უბრალოდ არ მუშაობს", - განაცხადა მან.

ღარიბაშვილის და უსუფაშვილის გამონათქვამები მაგალითისათვის მოვიყვანე. განაცებული ქოცების მსგავსი გამოსვლები თითქმის ყოველდღე გვესმის და ამ გამოსვლებში საერთოა ის, რომ პრაქტიკულად ყველა წინადადება ტყუილს შეიცავს და, თანაც, ძალზე საზიანო ტყუილს ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის.

ევროკავშირთან მსგავს ,,ისტორიულ" ხელშეკრულებას სირიის, ტუნისის, თურქეთის და ლათინოამერიკის ქვეყნების ჩათვლით 30-მდე ქვეყანამ მოაწერა ხელი და ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე იმყოფებიან ეს ქვეყნები ევროინტეგრაციის მხრივ. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ გულწრფელად თქვეს, რომ ამ ხელშეკრულებისათვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ იქნება კარგი ჩვენთვის და ჩვენმა პრესამ არაერთხელ გამოაქვეყნა ობიექტური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ქოცებმა შესანიშნავად იციან, რომ მაპ-იც არაფერს იძლევა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ნატო არ არის ვალდებული დაიცვას ქვეყანა, რომელსაც მაპი მიანიჭა. მაპი გაწევრიანების გარანტიასაც არ იძლევა და ამ მხრივ სააკაშვილმა სიმართლე თქვა, რომ 2008-ში ბუქარესტში მაპ-ზე მეტი მივიღეთ. უფრო მეტიც, მაპის არათუ მიღება, არამედ მასზე საუბარიც კი, რუსეთის გენერალიტეტზე და პოლიტიკურ ელიტაზე მოქმედებს ისე, როგორც კორიდის არენაზე გამოვარდნილ ხარზე წითელი ჩვარი. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრმა დასავლელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მაპი რომ ჰქონოდა, რუსეთის არმია საქართველოში გაცილებით მეტ სისასტიკეს გამოიჩენდა. მაშინ მედვედევმაც გულახდილად ისაუბრა ამაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მაპი რომ ჰქონოდა, იგივეს გააკეთებდნენ და შედეგები ,,შეიძლება რიგით უფრო რთული ყოფილიყო".

დროს და ადგილს დავზოგავ და მკითხველს ვთავაზობ, თვითონ გაანალიზოს უსუფაშვილის გამონათქვამების არაადექვატურობა და ის ლოგიკური წინააღმდეგობები, რომელიც იქ უხვად არის. აღვნიშნავ მხოლოდ მთავარ მარაზმს: საქართველოში დღეს მოსახლეობის მცირე პროცენტიც კი არაფერს ელოდება ნატოსგან და მაპსაც არაფერს უკავშირებს და მაპის არმიღება ქვეყნის შიგნით არავითარ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს. ამ ტერმინის შინაარსი ძალიან ცოტამ თუ იცის. სააკაშვილმა და მისმა ნაცისტებმა კი შესანიშნავად იციან, რომ ნატო აღარ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში და რომ რუსეთის მიერ საქართველოს მთლიანი დანაწევრების შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ახლა არის ყირიმთან დაკავშირებით. საქმე მხოლოდ ის არის, რომ ნაცები ყოველთვის იყვირებენ, რომ ნატოსთან ურთიერთობაში პროგრესის არქონა ქოცების ბრალია, რომ ქოცები პრორუსული ძალაა და ა.შ. განაცებულ ქოცებს კი პიარ პინგპონგი აქვთ ნაცებთან გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, ვინ არის უფრო ,,პროდასავლური" და ამ პინგპონგს ეწირება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მიაქციეთ ყურადღება უსუფაშვილის საოცრად გულახდილ ფანტასტიკურ ფრაზას, რომ ნატოს სამიტზე მცირე პროგრესის შემთხვევაში "ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად". აი რაზე წუხს პარლამენტის თავმჯდომარე და ხალხის ქვეშ აშკარად ,,პროდასავლურ"" ნაცებს გულისხმობს.

ჯერ კიდევ შარშან ქოცებმა მიმართეს ნატოს ხელმძღვანელობას თხოვნით შეექმნათ რაიმე პროცესი, რომელსაც ხალხის თვალში ნატოსთან ურთიერთობაში მიღწეულ დიდ წარმატებად გაასაღებდნენ. ბრიუსელმა შესთავაზა ქოცებს წარმოედგინათ თავისი წინადადება. ქოცებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მოიფიქრეს შემდეგი რამ: დაე, ნატომ გამოაცხადოს, რომ ცნობს რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად, ამავდროულად მზად არის მიიღოს თავის რიგებში საქართველო იმ ურთიერთშეთანხმებული დათქმით, რომ ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი, ანუ ნატოს ვალდებულება დაიცვას თავისი წევრი გარე აგრესიისაგან, გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გამოკლებით. როგორც ჩანს ბრიუსელშიც მოიძებნენ ადამიანები, ვინც ამ მარაზმის განხილვა დაიწყეს. შარშან აგვისტოში საქართველოში ნატოს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ,,ამაზე ფიქრობენ და ლაპარაკობენ თქვენი ქვეყნის მოქალაქეები" (გვარები არ თქვა).

ნატოსთან ურთიერთობაში რეალური პროგრესი ნამდვილად არ იქნება მიღწეული, სამაგიეროდ დღითიდღე პროგრესირებს უსუფაშვილის გამონათქვამების არაადექვატურობა.

,,ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს"" - განაცხადა უსუფაშვილმა ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სულ რამდენიმე დღის წინათ.

,,2008 წლის აპრილში, ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველო ალიანის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატო-სკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მიაქციეთ ყურადღება: უსუფაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ნატო არ აპირებს საქართველოს დაცვას, ანუ იმ ქვეყნის დაცვას, რომლის ტერიტორიაზე სააკაშვილმა თავისი ხელით დააბრუნა რუსეთის სამხედრო ბაზები და ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სარაკეტო კომპლექსებია განლაგებული (სხვა შეიარაღებაზე არაფერს ვამბობ); უსუფაშვილმა, რომელმაც იცის, რომ ნატო არათუ ჩვენს დაცვას, არამედ რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებასაც არა აპირებს საქართველოს გამო, ანუ ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ საქართველო ყოველმხრივ ,,ნატოს გარეშეა"", გარდა ყალბი პიარისა, აცხადებს, რომ ,,ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს"(!)

,,გვესმის, რომ თუ საქართველო ნატო-სკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება". ესეც მარაზმის მორიგი კულმინაციაა. თუ გესმის, რომ საქართველოს მხრიდან ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯი მაშინვე (მე კი დარწმუნებული ვარ, პრევენციულადაც) რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს და თუ იცი, რომ ნატო არ დაგიცავს, მაშინ რატომ ამბობ რომ ,,რისკავ""? მოქმედებას, რომელსაც გადარჩენიც მცირე შანსიც არ ახლავს, რისკი არ ჰქვია. ასეთ მოქმედებას სულ სხვა სიტყვებით ამკობენ... ამბობ, რომ ,,რისკის" გამო გჭირდება პასუხი, არადა პარლამეტის თავმჯდომარის რანგში წელიწადნახევარია, ისმენ ნატოს ხელმძღვანელებისაგან კატეგორიულ პასუხს, რომ ნატო არ დაიცავს საქართველოს. რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ თვითონ ვერ ეუბნები საჯაროდ საკუთარ ხალხს სიმართლეს პირადი პიარ მოსაზრებების გამო და გინდა, რომ ეს ნატოს ხელმძღვანელებმა გააკეთონ?

უსუფაშვილის განცხადებებით გაოგნებულმა ზოგიერთმა დასავლელმა ექსპერტმა ისიც კი მითხრა, რომ უსუფაშვილს ეს უაზრო რიტორიკული კითხვები იმისთვის სჭირდება, რომ მერე ხალხს მიმართოს -,,რა ვქნათ, ნატო გარანტიას ვერ გვაძლევს" და ამის შემდეგ ქოცებმა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა განახორციელონ.

სანამ ქოცები და ნაცები პიარ პინგპონგით არიან გატაცებული, მსოფლიოში ბევრი რამ სწრაფად იცვლება. არსებული პროცესები ზუსტად და ღრმად გაანალიზა შესანიშნავმა ბულგარელმა მეცნიერმა კრასტევმა:

იხ. სრულად