სამართალი და მშვიდობა ანუ ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან
სამართალი და მშვიდობა ანუ ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან
"ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან"
ოსია წინასწარმეტყველი(8:7)

"არ არსებობს ჭეშმარიტი მშვიდობა სამართლიანობის, სიმართლის, სამართალისა და სოლიდარობის გარეშე."
რომის პაპი იოანე პავლე მეორე

,,ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი მოდელირება:
ნიურნბერგის პროცესი არ ჩატარდა!
ის კი არადა, – გერინგი, გებელსი, რიბენტროპი, შპეერი, როზენბერგი, ზეის-ინკვარტი, კეიტელი, ფრანკი – დაკავებით კი დააკავეს, მაგრამ სასამართლომ გირაოთი გამოუშვა.
ბორმანმა ოჯახთან ერთად საიდუმლო ბუდე მოიწყო არგენტინაში და გერმანელ ხალხს ნოსტალგიურ-ოპტიმისტურ ღია წერილებს წერს.
ჰიმლერი, კალტენბრუნერი და ჰაიდრიხი გაქცეული არიან
სადღაც. თუმცა დადის ხმები, რომ მალე დაბრუნდებიან…
ფუნკმა ბიზნესი წამოიწყო ისარელში…
რაც მთავარია, ჰიტლერი განუწყვეტლივ მოგზაურობს. – სამხრეთ ამერიკაში, საუდის არაბეთში, იაპონიაში (რა თქმა უნდა, ამ მოდელირებაში იაპონიაც არ დაუბომბია არავის), ჩინეთში და შვეიცარიაში (მონტროში ისვენებს ზამთარში და ლოზანაში – ზაფხულში)… და წუხს, რომ მისი
მმართველობის ბოლო წლებში ჰინდენბურგის მთავრობიდან გადმოყოლილმა და შემოპარულმა ვიღაც ორმა ტიპმა, რომელთაც არც კი იცნობდა პირადად – ვინმე მიულერმა და ვინმე ახმანმა, დიდი ჩირქი მოსცხეს რაიხს, დაახლოებით 6 მილიონი ებრაელისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნით, რის გამოც ეს უკანასკნელნი სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ. ჰიტლერი ძალზე წუხს, რომ ეს ორი ნაძირალა დროზე ვერ გაშიფრა და მოითხოვს მათ დაკავებას და სასტიკად გასამართლებას.
საღამოობით, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი "დოიჩე ველეს" თოქ-შოუებში გამოდიან და ადენაუერის ხელისუფლებას სასტიკად აკრიტიკებენ უმუშევრობის ზრდისა და გერმანელი ერის იმედების გაცრუების გამო. შპეერი და შახტი გერმანული ეკონომიკის და მარკის მოახლოებულ კრახზე ლაპარაკობენ. შპეერმა თავისუფალი უნივერსიტეტი დააარსა და ლოზუნგად ნაცნობი ფრაზა შეინარჩუნა – "არბაიტ მახტ ფრაი …" (შრომა ათავისუფლებს, პ.მ.)
გერმანელი ხალხი დაბნეულია, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება განუწყვეტლივ დახაუს, ბუხენვალდს და ოსვენციმს აშუქებს, ხოლო ზოგიერთზე კი ისევ ისე სახეებია და ისევ ის ინსტრუმენტები… გებელსიც კვლავინდებურად მოდაშია და ამტკიცებს, რომ სწორედ ნაცისტური გერმანიის კრახმა უნდა მოახდინოს გერმანელ ხალხში ნაციზმის ხელახალი აღორძინება, რადგან სწორედ ახლა მიხვდება გერმანელი ხალხი, რა საშინელი შეცდომა იყო ჰიტლერისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა და ამით ფიურერის გრანდიოზული რეფორმების შეჩერება…

"ჩვენ დავბრუნდებით! – ამაყად აცხადებენ ნაცისტები – ჩვენ ისევე დემოკრატიულად დავბრუნდებით, როგორც პირველად მოვედით! ჩვენ გვიყვარს დემოკრატია და დემოკრატიაც გვწყალობს ჩვენ!"
- საიდან და როგორ უნდა დაბრუნდნენ?.. მე მგონი, არსადაც არ წასულან… – ამბობს კლაუსი, ზეინკალი, რომელიც ბედნიერია, რომ მიუხედავად ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრობისა, სამუშაო არ დაუკარგავს…""
ცნობილი ბლოგერის სოლომონ თერნალის მიერ ერთი წლის წინათ გამოქვეყნებულ ამ ,,არალირიკულ ინტერმეცოს"" იმას დავუმატებდი, რომ ბუნდესტაგში, თუ თოკ-შოუს გამოსვლებში გერინგი, გებელსი, რიბენტროპი და სხვები სასტიკად გააკრიტიკებდნენ ადენაუერს და მის მთავრობას გერმანიის დანაწევრებისათვის, მასში საოკუპაციო ზონების გაჩენისათვის, აგრეთვე იმისათვის, რომ სტალინმა 1949 წელს მეორე გერმანული სახელმწიფო, ე.წ. გდრ შექმნა და იქ წითელი არმიის უძლიერესი შენაერთები განალაგა, რომ საბჭოთა მესაზღვრეებმა გდრ-ფრგ-ს საზღვარზე მსოფლიოში ყველაზე დაცული და ღრმად ეშელონირებული საზღვარი შექმნეს და იმ მავთულხლართების გადალახვის მცდელობას ყოველწლიურად მრავალი გერმანელის სიცოცხლე ეწირებოდა (ამასთან შეადარებით ჯონჯოლის კრეფისათვის დაკავებულების მეორე-მესამე დღეს დაბრუნება, ერთგვარ პასტორალურ იდილიად უნდა აღვიქვათ); იმისათვის, რომ 1945 წლის შემდეგ 9 მილიონი გერმანელი აყარეს ევროპაში ისტორიული დასახლების ადგილებიდან და ლტოლვილებად ქცეული გერმანელებიდან 1 მილიონი დაიღუპა შიმშილისა და ცხოვრების აუტანელი პირობების გამო; იმისათვის, რომ სსრკ-მ 1961 წელს ერთ დღეში ააგო ბერლინის კედელი და მრავალი ოჯახი გაიყო და მრავალი გერმანელი შეეწირა საკუთარ ოჯახთან შეერთებისა და ბერლინის კედლის გადალახვის მცდელობას და ა.შ. ,,როგორ?!"" იყვირებდნენ ნაცისტები ,,ეს ყველაფერი ხდება, თქვენ კი პასიურობთ, არაფერს აკეთებთ! სტალინის და ბერიას აგენტები ხართ, გერმანიის მოღალატეები და სხვა არაფერი!"" ახლა წარმოიდგინეთ რა შავ დღეს დააყრიდნენ ნაცისტები კანცლერ ვილი ბრანდტს, რომელმაც 1972 წელს გდრ-თან ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ფრგ-ს ხელშეწყობით გდრ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრი გახდა. 1973 წლის 8 ნოემბერს ფრგ-მ ოფიციალურად სცნო (!!!) გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. წარმოიდგინეთ ნაცისტების რეაქცია ამაზე! (ამ დროისათვის გერმანიის პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილს ესმოდა, რომ ადენაუერის არჩეული გზა ერთადერთი სწორი გზა იყო და ამით გერმანიის გამთლიანების დაჩქარებას უწყობდნენ ხელს. 16 წლის შემდეგ, 1989 წელს გერმანია გამთლიანდა).

,,არალირიკული ინტერმეცო" ხშირად მახსენდება, როცა ნაციონალურ არხებზე ვხედავ სააკაშვილის სადისტური სისტემის ,,ცნობად სახეებს"": გიგის და გიგას, ვასილიჩს და ხათუნას (დუეტში), აკოს და კაკოს, ჩიორას და გოკას, დათოს და ბოცოს და მრავალ სხვას. ვფიქრობ ყველას ახსოვს უსუფაშვილის განცხადება, რომ მთავარია ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა. გახმაურებულ ფარულ ჩანაწერში გიგი უგულავა უსუფაშვილს ეკითხება, როგორ ხარო. პარლამენტის თავმჯდომარე კი მზრუნველი და გულშემატკივარი მეგობრის ინტონაციებით პასუხობს სტრიპტიზ-მერს: ,,მე რა მიშავს გიგი. მთავარია შენ როგორ ხარ?"" ამ პასუხით უსუფაშვილი ეუბნება გიგის, რომ მას გიგის პროკურატურაში დაბარებასთან არაფერი აქვს საერთო. ვიხსენებ ხოლმე ,,ლირიკულ ინტერმეცოს" და ვფიქრობ იმაზე, რომ სააკაშვილის ანტიეროვნული, სადისტური სისტემის თავკაცებმა შეინარჩუნეს დიდძალი ფინანსები, ორგანიზაცია, განაცებული ქოცების დახმარებით თავს არხეინად გრძნობენ და ხშირ შემთხვევაში შეტევაზე გადადიან. მათ საკუთარი ტელევიზიაც შექმნეს და ჟურნალ-გაზეთებს გამოსცემენ; ასევე შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებშიც დაასაქმეს ყველა, ვინც კი კვლავ ემსახურება მათ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროფესორებად კვლავ იღწვიან მათი მორჩილი ,,ინტელიგენტები"" - ყოველგვარ პრინციპებს და ზნეობის ნორმებს მოკლებული ,,აღზევებული ლექი""; ადამიანები, რომლებიც წლების წინათ კერძო საუბრებში სააკაშვილს გიჟს და გადარეულს უწოდებდნენ და სამართლიანად აცხადებდნენ, რომ ის დაღუპავდა საქართველოს. იმ წლებში ჩემი არ ერიდებოდათ და პირადად შევესწარი მრავალ ასეთ ეპიზოდს. სწორედ ეს ლექი აღზევდა. პოლიციური რეჟიმის გაძლიერების კვალდაკვალ მათ შეწყვიტეს რეჟიმის კრიტიკა და ენთუზიაზმით მიიღეს ნაცების შეთავაზება: სკამების (ზოგი მინისტრიც კი გახდა), მაღალი ხელფასებისა და პრემიების, ჯიპებისა და ახალი ბინების გულისთვის ისინი ,,ერთგულად"" ემსახურებოდნენ და კვლავ ემსახურებიან გიჟ სააკაშვილს. ჩვენს პატარა საზოგადოებაში კარგად იციან, როგორ ,,გაბიზნესმენდნენ"", ხშირ შემთხვევაში, მათი მამები ან ძმები და გახდნენ მსხვილი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები, იმპორტიორი ფირმების მფლობელები; როგორ მდიდრდებოდნენ ეს ოჯახები ხალხის გაკოტრებისა და სრული გაღატაკების ხარჯზე. ამ არაკაცებს სჯეროდათ, რომ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის სადისტური სისტემა საიმედოდ იცავდა და პანიკაში ჩავარდნენ, როცა ამ ,,სისტემამ კრახი განიცადა"". თუმცა მალე დაინახეს, რომ ქოცების ხელში სამართალი ,,ურმით მიჭრიალებდა"". ისიც მალე შეიტყვეს, რომ ქოცების განაცების პროცესში ურემი სიმბიოზად ქცეულ კოჰაბიტაციაში გაეჩხირა, ნაცების მხრიდან კი ფინანსური ნაკადები არ შეწყდა. შეიტყვეს ეს ყველაფერი და კვლავ აყვავდნენ.

სააკაშვილის სადისტური სისტემის რუტინულ მოქმედებებზე ბევრი ითქვა. მაინც მინდა მცირე ინფორმაცია მოვიყვანო და ვთხოვო მკითხველებს ამ ტექსტის კითხვისას ცოცხლად წარმოიდგინონ ყველაფერი, რაც მოთხრობილია:

,,სახლში შემოგვივარდა ლევან ტაბიძე თავის ნიღბიანებთან ერთად და დიდიან-პატარიანად ყველა სასტიკად გვცემეს. ცემის გამო დავკარგე დედა და ასევე შვილი, რომელსაც მუცლით ვატარებდი. იმ დღეების გახსენება ჩემთვის სიკვდილია ჩემი ძმა იმ ღამით სამსახურში მორიგე იყო. სამხედრო პოლიცია მისულა და წამოუყვანია. გზაში ისე უცემიათ, რომ სასწრაფოს გამოძახება გამხდარა საჭირო. კარი მისი დახმარებით გააღეს და სახლში ოცამდე ნიღბიანი შემოვიდა. მხოლოდ ლევან ტაბიძეს ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და არც ნიღაბი ეკეთა... უკვე გვეძინა. ტაბიძე ჩემს ოთახში შემოვიდა, საწოლიდან ფეხებით გადმომათრია, მცემდა (ცხვირიც გამიტეხა) და ღრიალებდა, - გვითხარი, სად არის ოთანაძეო. ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი მომეშალა. თვალიდან არ ამომდის ის "ბართლომეს ღამე".

დედაჩემს თავში და გულმკერდის არეში კონდახს ურტყამდნენ, მამასაც სასტიკად გაუსწორდნენ. ჩემი და არასრულწლოვანი იყო მაშინ, ამ საშინელების შემხედვარე, ფანჯარას მივარდა და ყვიროდა, - არ მომეკაროთ, თორემ გადავხტებიო. მისთვის ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ. ჩემს რძალს საძინებელში შეუცვივდნენ და ბავშვის თვალწინ სცემეს. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს სპეცრაზმელები უყვიროდნენ, - შედით სახლებში, თორემ ყველას ჩაგცხრილავთო. მოდულში მთელი ოჯახი სხვადასხვა მანქანით წაგვიყვანეს. ჩემი მეუღლე იმ ღამეს შინ არ იყო და სამსახურში მიაკითხეს. ისიც სასტიკად იყო ნაცემი... ჩემს პატარა ძმისშვილს ცალი ფეხით იქნევდნენ ჰაერში და ყვიროდნენ, - გვითხარით, სად არის კობა ოთანაძე, თორემ ბავშვს შუაზე გავხლეჩთო. პატარა მანამ ჰყავდათ თავდაღმა დაკიდებული, სანამ არ გაწითლდებოდა. მერე, ალბათ, არ მოკვდესო და ზიზღით მოგვიგდეს..."", იხსენებს კობა ოთანაძის ნათესავი ნათია ზარიძე ,,კვირის პალიტრისათვის"" მიცემულ ინტერვიუში.

სააკაშვილის სადისტური მმართველობის წლებში საქართველოში ასობით ათასი ოჯახი გაუბედურდა. განადგურდა სოფლის მეურნეობა და მთლიანად ეკონომიკა. სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ღალატის შედეგად დავკარგეთ კოდორის ხეობა - აფხაზეთის ტერიტორიის 30%; დავკარგეთ ახალგორის რაიონი; მოღალატეებმა რუსული სამხედრო ბაზები დააბრუნეს საქართველოში; რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რაკეტები კი საქართველოს ნებისმიერ წერტილს წვდება, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩეს და ,,გიგი კარგად იყოს".

ყოველთვის ვგმობდი და ახლაც ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. მკითხველს შეუძლია იუთუბზე ნახოს, როგორ მორბოდა ჩემსკენ აკაკი ბობოხიძე, როგორ მლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და როგორ ჩამარტყა თავში. არც გამიხედია მისკენ, ისე გავნაგრძე გამოსვლა და ჩემს გამოსვლაში მისი ხულიგნური თვდასხმა არც მიხსენებია - აშშ-ს ცნობილი მოღვაწეების აზრს ვციტირებდი - რომ სააკაშვილმა ლანგარზე მიართვა პუტინს საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობა. ნაცებმა ეს იცოდნენ და გულზე სკდებოდნენ. კარგად მახსოვს რა ბაქქანალია ატყდა მაშინ დარბაზში ბობოხიძის მხარდასაჭერად. ყველაზე მეტს კი ისინი ყვიროდნენ, ვინც ახლა გმობს რეზო თაბუკაშვილის საქციელს. ამის შემდეგ განვაცხადე, რომ ნაცებმა შეიძლება საქმე აღძრან ჩემს წინააღმდეგ იმის გამო, რომ ჩემი თავის ქალით ხელი ვატკინე ნაცების გამოჩენილ პოლიტიკოსს.

"გიო მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი ჯუნიორი თბილისური ინტელიგენციის ნაბიჭვრები [არიან], "კაი ოჯახიდან გამოსულობის" და ვაკელობის გარდა რომ არაფერი აქვთ ცხოვრებაში საამაყო. მათი ქცევა უკვე მთლიანად ძაღლის ინსტინქტზე დავიდა. ტერიტორიას იცავენ უცხოებისაგან" - წერს ნაცების პროფესორი და ექს მინისტრი გია ნოდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გია ნოდიას მამა პარტიული მუშაკი ყოფილა და უფროსი თაობისაგან გამიგია, რომ კარგი და ერისათვის სასარგებლო საქმეების კეთებას ახერხებდა იმ ტოტალიტარულ-კომუნისტურ სისტემაში. ბედის ირონიაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დამკვიდრებულ სადისტურ ავტორიტარულ კლეპტოკრატიას, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმს, მისი ვაჟიშვილი ემსახურება. პროფესორ ნოდიას ზემოთ მოყვანილი სიტყვები რომ წავიკითხე, აკა მორჩილაძის ,,მოგზაურობა ყარაბაღში""-ს ის ადგილი გამახსენდა, სადაც მამა ეუბნება საკუთარ ვაჟიშვილს: ,,კაცები კი არა, ნაბიჭვრები ხართ"".
პრაქტიკულად ყოველდღე მაქვს აქტიური კონტაქტი ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. მახსოვს ის ენთუზიაზმი და რწმენა, რომელიც სუფევდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და შეშფოთებით ვაკვირდებოდი იმას, როგორ კარგავდნენ ადამიანები იმის იმედს, რომ ურმით მოჭრიალე სამართალი ოდესმე დანიშნულების ადგილს მიაღწევდა; როგორ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ აწი ნაცებს თვითონ გაუსწორდებიან ყველგან, სადაც ნახავენ.
,,სამართალმა ხელი რომ მომაჭრას, არ მეტკინებაო"", ნათქვამია ძველ ქართულ ანდაზაში და მის სისწორეს კაცობრიობის მთელი ისტორია ადასტურებს. ფაქტია ისიც, რომ უსამართლოდ ხელის მოჭრა და მით უფრო წამება საშინელ ტკივილს იწვევს ადამიანებში, ხოლო როცა სადისტური სისტემის თავკაცები და მათი გოშიები ამის შემდეგ უტიფრად იქცევიან და საკუთარი თავი დემოკრატებად და რეფორმატორებად მოაქვთ, ეს უკვე მთელი ერის შეურაცხყოფად აღიქმება და ბევრისათვის აუტანელი ხდება.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობით სამართლიანობის აღდგენის მცდელობას საბოლოო ჯამში უფრო მეტი ძალადობა და უსამართლობა მოაქვს. ისიც გვახსოვდეს, რომ ძალადობის ყოველი შემთხვევა ნაცებს აძლევს ხელს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ხალხის პროვოცირებისათვის. გაიხსენეთ, რას ყვიროდა გიგი უგულავა საჯარო ბიბლიოთეკის წინ და როგორ მოახდინეს მან და სხვა ნაცებმა ძალადობის პროვოცირება მაშინ.
,,არ არსებობს ჭეშმარიტი მშვიდობა სამართლიანობის, სიმართლის, სამართალისა და სოლიდარობის გარეშე"", თქვა საუკუნის პიროვნებად აღიარებულმა იოანე პავლე მეორემ. 2012 წლის ოქტომბრიდან წელიწადი და რვა თვეა გასული და ჭეშმარიტ მშვიდობამდე ბევრი გვიკლია, ჩვენში არსებული სამართლიანობის, სიმართლის, სამართალისა და სოლიდარობის მწვავე დეფიციტის პროპორციულად.
ნეტა ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამისათვის?
პეტრე მამრაძე, 30 მაისი, 2014 წელი.
ჯავახელი
10 ივნისი 2014 17:23
რესპუბლიკელები ნაცებზე უარესები არიან...დროა ხალხმა დაიწყოს მოქმედება და ეს ორი წარმონაქმნი მოვაცილოთ პოლიტიკას!
levan
10 ივნისი 2014 12:10
რუსეთის აგენტი ეს კაცი კი არა, სააკაშვილი უფრო მგონია. რა დღეშიც საქართველო ჩააგდო, იგივეს უკეთებს უკრაინას. ისეთივე ფიასკო ელოდება უკრაინას, როგორც ჩვენ 2008 ში. ვისაც ლოგიკურად აზროვნების
თავი აქვს, მიხვდება, რომ ასეა.
გაგა
09 ივნისი 2014 13:27
ეს კაცი რუსეთის აგენტია ვითომ შენიღმული ყველგან რომ ფაშიზმი ელანდებათ ტიპიური რუსული პროპაგანდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?