არჩევნები, როგორც ყოველთვის, ანუ ამბოხიდან ამბოხამდე
13-06-2014
არჩევნები, როგორც ყოველთვის, ანუ ამბოხიდან ამბოხამდე
,,საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო. საქართველო ახლა არის პროვინცია"
გალაკტიონი

,,არჩევნებს ბუნებრივად აიგივებენ დემოკრატიასთან. თუმცა სამხრეთ კავკასიის მუდამ მდუღარე ქვეყანაში - საქართველოში, კვირა დღეს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ამტკიცებს, რომ ამ მხრივ ვითარება სულაც არ არის მარტივი. საბჭოთა კავშირის 11 ყოფილ სახელმწიფოში (ბალტიის ქვეყნების გარდა), არჩევნებს იმაზე მეტი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ვიდრე საბჭოურ წლებში ჰქონდა. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განხორციელებული მანიპულაციებისა და ფალსიფიკაციის გამო არჩევნები მხოლოდ ყალბ ლეგიტიმურობას ანიჭებს რეალურად
ისედაც ძალაუფლების მპყრობელ ელიტას. კვირას დანიშნული არჩევნები შედარებით თავისუფალი და სამართლიანი იქნება - საქართველო კი უფრო პლურალისტულია სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რეალობას ნიღბავს" - წერდა ცნობილი მეცნიერი ჯეიმს ნიქსი წერილში ,,კიდევ ერთი აზრს მოკლებული არჩევნები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში". ნიქსიმ თავისი
წერილი შარშან 25 ოქტომბერს, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა. წერილში იგი იმასაც აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უეჭველად გიორგი მარველაშვილი გახდებოდა, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი იყო ძალაუფლების სათავეში უკვე მყოფი ივანიშვილის ნება.

პლასტელინი-პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. ამ პერიოდში ივანიშვილმა მარგველაშვილით განხიბლვა მოასწრო, საქართველო კი კვლავინდებურად აოგნებს დასავლელ დიპლომატებს და დამკვირვებლებს თავისი პლურალისტულობით: პატარა ქვეყანაში, რომელშიც მაქსიმუმ 4-5 სრულყოფილი პოლიტიკური პარტია თუ იარსებებდა, 200-მდე პარტიაა დარეგისტრირებული. აქედან 30-ზე მეტი პარტია მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ფანტასტიკურმა კინკლაობამ იმაზე, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე ევროგაერთიანებასთან, ბევრ უცხოელს ამოუწურა გაოგნების უნარი....

ორიოდე დღის წინათ ავტობუსი ვმგზავრობდი. რამდენიმე ,,საარჩევნო სუბიექტმა" ჩაგვიქროლა მანქანებით და დროშებით; ფილარმონიასთან კი პატარა მიტინგი იყო გამართული და სანამ ავტობუსი გაჩერებაზე იდგა, მგზავრები სრულიად მარაზმატულ ლოზუნგებს ვისმენდით. ,,ლენჩია, ლენჩი ჩვენი ხალხი! როგორ შეიძლება ამდენი წელი ამის ატანა და მოთმინება? როგორ შეიძლება ამ პარტიებისათვის ხმის მიცემა? ხალხზე ხომ მაინც არავინ იზრუნებს. ყველა საკუთარი ჯიბისათვის იბრძვის და სხვა არაფრისათვის! რამდენჯერ უნდა მოვტყუვდეთ?", ვერ მოითმინა ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა. მას სულ ორი-სამი მგზავრი აჰყვა. დანარჩენებში სრული აპათია სუფევდა და, უმრავლესობის დუმილის ფონზე, ის ქალბატონიც და სხვებიც მალე დადუმდნენ. ქალბატონს ვერ დავეთანხმები, ჩვენი ხალხი ნამდვილად არ არის ლენჩი და ეს ბევრჯერ დამტკიცდა ბოლო 25 წლის განმავლობაში და ტოტალიტარული საბჭოური რეჟიმის პერიოდშიც. მაშ რა ხდება ჩვენს თავს? რატომ განვაგრძობთ 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე სიარულს, როგორც ეს სამართლიანად აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს?

ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე ის არის, რომ ობიექტური ისტორიული პირობების გამო ჩვენი ხალხი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სსრკ-ს დაშლას და სახელმწიფო დამოუკიდებლობის მიღებას. ჩვენთან არ არსებობდა და განვლილ წლებში ვერც შეიქმნებოდა აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. ნაცვლად ამისა ჩვენში ე.წ. პლურალისტური ფეოდალიზმი და მისთვის დამახასიათებელი კლიენტელიზმი სუფევს სხვა თანმდევ მოვლენებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ კლიენტი ლათინურად მდიდარ ან/და გავლენიან პირზე (პატრონზე) დამოკიდებულ ადამიანს ნიშნავს, კლიენტელიზმი კი საზოგადოების პოლიტიკური სტრუქტურირების ისეთ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ლიდერი (პატრონის) და მასზე დამოკიდებული და მისადმი ერთგული პირების (კლიენტების) ურთიერთობებზე არის დამყარებული. კლიენტელიზმი ვლინდება ცალკეული ლიდერების პირადი ,,გუნდების"", ე.წ. პერსონალური კლიენტელების სახით; აგრეთვე პატრონ-კლიენტის კავშირებზე დამყარებული კლიენტელიზებული ინსტიტუტების და პოლიტიკურ-ფინანსური დაჯგუფებების სახით. ასეთი ჯგუფებისათვის დამახასიათებელია მათი სტრუქტურების ჩაკეტილობა და იერარქიულობა და რესურსებისათვის ბრძოლაში არაფორმალური ხერხებისა და ურთიერთობების გამოყენება.
ვარდების რევოლუციამდე ორი-სამი წლით ადრე გურიაში კრძალავდნენ პოლიციასთან ურთიერთსროლაში დაღუპულ ყაჩაღ ძმებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობებში ედებოდათ ბრალი. ყაჩაღების კუბოებს უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა. ტელევიზიამ გააშუქა ეს დაკრძალვა. ჟურნალისტმა ჰკითხა ერთ მოხუც ქალბატონს, თუ რატომ ჩამოვიდა ის თავისი სოფლიდან დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად. ,,რა ვქნა შვილო? ისევ ესენი იყვნენ ჩვენი პატრონები ამ წლებში"" უპასუხა ძონძებში გამოწყობილმა ქალბატონმა თავისი სრულიად უკბილო პირით.
ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოაცხადა ბრძოლა კლიენტელიზმთან და საზოგადოებას მერიტოკრატიის დამკვიდრებას დაპირდა. თანამედროვე გაგებით მერიტოკრატია წარმოადგენს ისეთ სისტემას, რომელშიც კანონის უზენაესობა უზრუნველოფს ადამიანებს შორის თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას, რის შედეგადაც ადამიანების მოღვაწეობის ყველა სფეროში, მათ შორის საჯარო სამსახურში, დაწინაურდებიან ისინი, ვინც ამას ობიექტურად იმსახურებს თავისი მიღწევებით და ღირსებებით. მერიტოკრატია გამორიცხავს კლიენტელიზმს და ნეპოტიზმს. ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში მიღწეულ წარმატებებზე არაერთხელ დავწერე, მათ შორის ბლოგზე განთავსებულ წერილებში. მაგრამ ავტორიტარული კლეპტოკრატიის, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმის შექმნის კვალობაზე, სააკაშვილის თანამოაზრეები მის თანამზრახველებად გადაგვარდნენ; სააკაშვილის ,,მერიტოკრატია"" კი ისეთ სისტემად ჩამოყალიბდა, რომელშიც დაწინაურება შეეძლო მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მზად იყო შეესრულებინა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ნებისმიერი დანაშაულებრივი დავალება. სააკაშვილი ცდილობდა მონოპოლისტი პატრონი ყოფილიყო. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის უკანასკნელი დამოუკიდებელი ბიზნესმენი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. სააკაშვილის სადისტურ სისტემაზე დამყარებულმა ,,მერიტოკრატიამ"" მხოლოდ გააღრმავა ხალხის ნიჰილიზმი კანონის უზენაესობის მიმართ და განამტკიცა რწმენა, რომ თუ პატრონი არ გყავს, ვერაფერს გახდები ამ ცხოვრებაში და საკუთარ ქონებას და უსაფრთხოებასაც ვერ დაიცავ.
საქართველოში რეგისტრირებული 200-მდე პოლიტიკური პარტია რეალურად ცალკეული ლიდერების პირადი ,,გუნდების"" პერსონალურ კლიენტელებს წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. სააკაშვილის რეჟიმის წლებში, საქართველოში და ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკაში მოვლენების ანალიზისას დასავლელი მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ იმიტაციური დემოკრატიის აბრას ამოფარებული ავტორიტარული რეჟიმები აიძულებდნენ პოლიტიკურ დაჯგუფებებს (,,პარტიებს"") ,,ჩაშენებულიყვნენ"" საერთო სისტემაში, პატრონი რეჟიმის მორჩილ კლიენტებად გარდაქმილიყვნენ და ე.წ. ,,სისტემური ოპოზიციის"" როლი შეესრულებინათ - წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ,,პარტიების"" პოლიტიკური პროცესებიდან ფაქტობრივი გარიყვა და მარგინალიზაცია. მკითხველს არ გაუჭირდება ჩამოთვალოს ის ,,ოპოზიციური"" პარტიები, რომლებიც სააკაშვილის მორჩილ კლიენტებად გარდაიქმნენ, ისეთი, რომლებიც თავიდანვე შეიქმნა რეჟიმის მორჩილ კლიენტებად და ისეთი, რომლებმაც სრული მარგინალიზაცია განიცადეს. აქვე გავიხსენოთ, რომ ,,ქართულ ოცნებაში"" ის ხუთი პარტია გაერთიანდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერსაც ვერ გადალახავდა და ,,პლასტელინის"" გაპრეზიდენტებისა არ იყოს, პარლამენტში მხოლოდ ივანიშვილის ხათრით მიღებული ხმების წყალობით მოხვდა.
30-ზე მეტი პოლიტიკური ,,პარტია"", რომელიც ამჯამად მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში წარმოადგენს სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მარგინალიზებული და რეჟიმის მორჩილ კლიენტებად ქცეული პარტიების ერთობლიობას. 2012 წლის შემდეგ მათ, ცხადია, გარკვეული ევოლუცია განიცადეს. ზოგიერთი პარტია დარჩა მარგინალად და ახლანდელმა არჩევნებმა შეიძლება მხოლოდ გაზარდოს მათი მარგინალიზაციის დონე. ზოგიერთი დარჩა ნაცების მორჩილ კლიენტად და ახლაც ემსახურება ნაცებს. ნაცების ზოგიერთი ყოფილი კლიენტი ახლა ახალ პატრონს ეძებს და თუ მიიჩნევს, რომ იპოვა, კიდევაც ქმნის ახალ პატრონთან ერთად გარკვეულ, ზოგ შემთხვევაში გარეგნულად სრულიად კურიოზულ ალიანს. ზოგიერთმა წინ წაიწია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 10.2%-ის დაგროვების შემდეგ მნიშვნელოვნად დაძლია მარგინალიზაციის დონე. დღეს ბურჯანაძის პარტია ჯონდი ბაღათურიას ,,ქართულ დასთან"" ერთად არჩევნებზე რეგისტრირებულია, როგორც პარტია ,,ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა"" (ქდმ), ხოლო არჩევნებში მონაწილეობს ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის"" სახელით. ქდმ-ს ამომრჩევლები იცნობენ, როგორც გიორგი თარგამაძის პარტიას და ბევრს მიაჩნდა, რომ ეს პარტია ნაცების მორჩილი ,,კლიენტი"" იყო. გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან წავიდა და, რამდენადაც ვიცი, მისი წასვლა ბურჯანაძე-ბაღათურია-ქდმ-ის შერწყმის პირობა იყო. საქმეში ნაკლებად ჩახედულმა მკითხველმა შეიძლება იკითხოს - რაში დასჭირდათ ბურჯანაძე-ბაღათურიას ასეთი კომბინაცია? პასუხი მარტივია. ქდმ-ს თავისი ნულოვანი (თუ უარყოფითი არა) პოპულარობის ფონზე წინა წლებში გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს დაგროვებული: ასეთ პარტიებს არ სჭირდებათ 25 ათასი მხარდამჭერის ხელ შეგროვება, მათ ავტომატურად ატარებენ რეგისტრაციაში; მათ ჰყავთ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში; ეკუთვნით უფასო სატელევიზიო დრო და სხვა. მე არ შემიმოწმებია კონკრეტულად რა პრივილეგიები აქვს ამჟამად ქდმ-ს და ჩამოვთავალე ის, რაც ზოგადად მახსოვს. ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი უფლებების წყალობით ასეთ პარტიებს შეუძლიათ არსებობა, სხვა პარტიებთან ალიანსების შექმნა და ახალი პატრონის პოვნა მაშინაც, როცა კარგავენ საკუთარ პოპულარობას და ძველ პატრონს. პრესაში გამოჩნდა სარკასტული შეფასებები ადგილობრივ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის ქდმ-ად მოვლენის გამო. პუბლიცისტები მსჯელობენ ამ სუბიექტების პოლიტიკური ორიენტაციის თითქოს-და სრულ შეუთავსებლობაზე. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია კახა კუკავას ,,თავისუფალი საქართველოს"" და ფიქრია ჩიხრაძის და მამუკა კაციტაძის ,,ახალი მემარჯვენეების"" ერთ ბლოკში გაერთიანებამ. ავტორები მსჯელობენ იმაზე, რა უნდა მომხდარიყო, რომ უკიდურესად ,,პრორუსულ"" და ,,ანტიდასავლურ"" პოლიტიკოსად ცნობილი კუკავა გაერთიანებულიყო პრინციპულად ,,პროდასავლურ"" ,,ახალ მემარჯვენეებთან"", რომლებმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება თავისი პოლიტიკური პროგრამის ნაწილად გახადეს. პასუხი ყველა ასეთ შემთხვევაში არის მარტივი. საქართველოში არ არსებობს არც პრორუსული და არც პროდასავლური მრწამსის პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკოსების ლოზუნგები და პროგრამები მთლიანად განპირობებულია პოლიტიკური და ეკონომიკური კონიუნქტურით; ,,პროდასავლური"" პარტია ერთ დღეში ,,გარდაიქმნება"" ,,პრორუსულად"", თუ ამას ითხოვს პარტიის ახალი დამფინანსებელი და ა.შ. ამ ფონზე კომიკურია, როცა ჩვენი პოლიტიკური ექსპერტების, მათ შორის შედარებით კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტების სერიოზული იერით მსჯელობა ამა თუ იმ ბლოკის პროგრამებზე და პროდასავლურ-პრორუსულობაზე. (არადა რა ქნან? რაღაცა ხომ უნდა ილაპარაკონ.). ქართული პოლიტიკის ყველაზე უფრო ზუსტ, ადექვატურ ანალიზს წლიდან-წლამდე ისევ ვასიკო ოდიშვილი უზრუნველყოფს თავისი ,,აბებით"".
ქართულ კლიენტელიზმზე ადრეც ბევრი დაიწერა და ახლაც შეიძლება მრავალი მაგალითის მოყვანა. დროს და ადგილს დავზოგავ და მხოლოდ მთავარს შეგახსენებთ.
"მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა", განაცხადა ღარიბაშვილმა ა.წ. აპრილში მთავრობის სხდომაზე.
მარაზმი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და მთლიანად მოქმედი კანონმდებლობით თანამდებობის არც ერთ პირს, არც პრემიერს, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს არავითარი უფლება გამოაცხადოს მსგავსი მორატორიუმი და რაიმესკენ მოუწოდოს სამართალდამცველებს. მართლმსაჯულების აღსრულებისას სამართალდამცველები მხოლოდ კანონით უნდა ხელმძღვანელობდნენ; არავის აქვს უფლება შეანელოს, შეაფერხოს ან დააჩქაროს გამოძიება და საზოგადოდ მართლმსაჯულების აღასრულება. პრემიერის ეს ,,მორატორიუმი"" თავისი არსით კანონსაწინააღმდეგოა და ანტიკონსტიტუციურიც. ქართველმა იურისტებმა შესანიშნავად იციან, რომ მსგავსი განცხადება, თუნდაც სრულიად კეთილი განზრახვებით გაკეთებული, საკმარისია პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის წამოსაწყებად. ასევე გამაოგნებელი იყო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ "გუშინდელ შემთხვევასთან (ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში, პ.მ.) დაკავშირებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, წინასწარ არაფერს ვიტყვით. არჩევნების შემდეგ, ყველა, ვინც კრიმინალურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა პასუხისგებაში მიეცემა". ეს მორიგი ,,ჭიკაიზმი"" ოფიციალურად ადასტურებს იმას, რომ უკანონოდ გამოცხადებული მორატორიუმი განუხრელად მოქმედებს და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული მართლსაჯულების აღსრულება საჯაროდ ფერხდება, რაც ჭიკაიძის განცხადების გარეშეც ცხადი იყო. პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები მარაზმატულია, მაგრამ მთავარი მარაზმი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ღრმად არის ჩაფლული ჩვენი საზოგადოება კლიენტელიზმის ჭაობში არის ის, რომ ამაზე არავინ მსჯელობს. მსგავსი განცხადებების კეთება დემოკრატიული ქვეყნების არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს თავშიაც არ მოუვიდოდა. მაგრამ ჭკუიდან რომ გადასულიყო ვინმე იმ სივრცეში, რომელთანაც 27 ივნისს ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს ჩვენი პრემიერი, იმ დღესვე ისეთი სკანდალი ატყდებოდა, რომ ეს ადამიანი თვითონ გადადგებოდა თანამდებობიდან. ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები კი მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რამდენად დროული და მიზანშეწონილი იყო ,,მორატორიუმის"" გამოცხადება. ასევე გასუსულია არასამთავრობო სექტორი, სადაც საკმარისად ბევრმა იურისტმა შესანიშნავად იცის, რა ჩაიდინა პრემიერმა უკანონო მორატორიუმის გამოცხადებით. მათ ნაწილს არ უნდა პრემიერის რისხვის დამსახურება, ნაწილს კი ის აკავებს, რომ მორატორიუმის უკანონობაზე ლაპარაკი აღქმული იქნება პოლიტიკოსთა დაპატიმრების მხარდაჭერად და ამას მათ არც ,,დასაჭერი პოლიტიკოსები"" და არც დასავლური ორგანიზაციები არ მოუწონებენ. ნაცნობი იურისტებისაგან ვიცი, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა სთხოვა მათ პრემიერის მორატორიუმის სამართლებრივი შეფასება, მაგრამ ეს შეფასებები არსად გამოქვეყნებულა კომენტარის სახით.
15 ივნისის არჩევნებზე დიდი ალბათობით შესრულდება ღარიბაშვილის ასევე ცნობილი სკანდალური დაპირება, რომ არც ერთ რეგიონსა და არც ერთ ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებდა. გამონაკლისი შეიძლება მარნეული იყოს, სადაც ,,ოცნებამ"" მოხსნა თავისი კანდიდატი არჩევნებიდან და ეს კანდიდატი მთელი დღე არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ახლა ახალი ამბებიდან შევიტყე, ბოლოს დაეთანხმა თავის უფროსებს. ნაცისტები მთლიანად მოშორდებიან რეგიონებში ხელისუფლებას და მხოლოდ პარლამენტში დარჩებიან. დაიწყება ახალი ციკლი. ხელისუფლებაში მოსული დაჯგუფება, ანუ ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფო აპარატს, პირველ რიგში კი სამართალდამცველ სტრუქტურებს, ფინანსურ ნაკადებს, მონოპოლიებს და ა.შ., საბოლოოდ ჩამოყალიბდება ე.წ. ძალაუფლების პარტიად და ფაქტობრივად ერთპარტიულ მმართველობას განახორციელებს. ჩვენ საზოგადოებას და მთლიანად ერს არ შესწევს ძალა და უნარი გააკონტროლოს ეს მმართველობა და რაიმე არსებითი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს მასზე. (ასეთ ფონზე ფარცხალაძის და დარბაისელის რეალური გათავისუფლება მათ მიერ დაკავებული თანამდებობებიდან უდავოდ დიდი წარმატებაა). რეალური ძალაუფლების მპყრობელი დაჯგუფება გარკვეული დროის განმავლობაში შესძლებს ,,მორიგი, აზრს მოკლებული არჩევნების"" ჩატარებას. საქართველოს სპეციფიკა კი ის არის, რომ ჩვენი ხალხი ლენჩი არ არის და ყველაფერს თუ არა, საკმაოდ ბევრს ხედავს და აფასებს. ამის შედეგად ხალხში საკმაოდ სწრაფად იზრდება უნდობლობა და ზიზღი მმართველი ,,ძალაუფლების პარტიის"" მიმართ, როგორი ენთუზიაზმითაც არ უნდა იყოს არჩეული ეს პარტია იგივე ხალხის მიერ. რაღაც მომენტში უნდობლობა და ზიზღი რისხვაში გადავა და მაშინ ,,ძალაუფლების პარტიას"" ვერავითარი მანიპულირება და ფალსიფიკაცია ვეღარ უშველის. ხალხის რისხვას მორატორიუმსაც ვერ გამოუცხადებ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მობილიზებულ, ერთიან მოქმედებას წინ ვერაფერი აღუდგება. ასე იყო 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს; ასე იყო 2012-ში, ციხეში სადისტური წამების კადრების ჩვენების შემდეგ, როდესაც ადამ მიხნიკმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მოიპოვა ქართველი ხალხის ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მილიარდები ვერ შეიძენდა. დიდი ალბათობით მსგავსი რამ მოხდება ახლაც, ოღონდ არა 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ...
ასეთი ციკლების განმეორებაში მდგომარეობს ჩვენი ერის სიარული მოჯადოებულ წრეზე. ვფიქრობ ყველა ზრდასრულ ადამიანს ახსოვს რამდენი ტრაგედია გადაგვხდა ამ წლების განმავლობაში; როგორ იზარალა ჩვენმა ერმა და ეროვნულმა სახელმწიფომ. მოჯადოებული წრის გარღვევის აუცილებელი პირობაა მმართველი დაჯგუფების ყველა მოქმედების პირუთვნელი და პრინციპული გაკონტროლება; დღეს პრაქტიკულად მთელი ძალაუფლება ერთი ახალგაზრდა ადამიანის ხელშია თავმოყრილი. ამ ადამიანს არ გააჩნია არც პოლიტიკური და არც სახელმწიფო მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება და ხშირ შემთხვევაში მას აშკარად არ ესმის რას აკეთებს და რას ლაპარაკობს. მაგრამ ჩვენ პატიების უფლება არ გვაქვს.
პეტრე მამრაძე, 13 ივნისი, 2014 წელი
kafka
20 ივნისი 2014 14:14
სხდფ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერეს განცხადებას -არც ერთ რეგიონსა და არც ერთ ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დავუშვებთ-ო დემოკრატიასთან არაფერი საერთო არა აქვს. მესმის, რომ ღარიბაშვილი პარტიის ლიდერია, მაგრამ ჩემი გაგებით ეს ფრაზა მთავრობის მთავარი მინისტრის მიერ იყო ნათქვამი. ზრდილობის გულისათვის მაინც გადაეცა ამ ფრაზის თქმის უფლება თავისი პარტიის წევრისათვის, რომელიც არ ზის მთავრობის სავარძელში? თორემ არ ჟღერს კარგად - "არ დავუშვებთ". ბარემ ეთქვა - არ მივცემთ უფლებას.

ან კიდევ რად ღირს მისი პოლიტიკური მათემატიკა - ყველა რომ მოსულყო არჩევნებზე, ხმების 70 პროცენტს მოვაგროვებდით-ო.
Niko
19 ივნისი 2014 17:32
ბატონო პეტრე, როდესაც მორატორიუმზე საუბრობთ, სრულად გეთანხმებით. მეც გაოგნებული დავრჩი ღარიბაშვილის განცხადებით და კიდევ უფრო, როდესაც სრული, სამარისბური სიჩუმის მომსწრე გავხდით საზოგადოების, მით უფრო იურისტების და კიდევ მეტად იურიდიული განათლების მქონე პოლიტიკოსები მხრიდან!
სად არის ამ დროს საქართველოს პარლამენტი?!...
იურიდიული "განხრის" მქონე არასმთავრობო სექტორი?
otari
18 ივნისი 2014 15:03
შევარდნაძეს როგორც გველეშაპს სამი თავი აქვს 1.სააკაშვილი2.ივანიშვილი3.ბურჯანაძე. თქვა შალვა ნათელაშვილმა . რაც სავსებით სწორია.

რედაქტორის რჩევით