სახელმწიფოობანა და პამპულაობა - პეტრე მამრაძის ბლოგი
13-09-2014
სახელმწიფოობანა და პამპულაობა - პეტრე მამრაძის ბლოგი
(ციკლიდან ,,მივჯირყვნოთ პროვინციალიზმი"")

"ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში შეთანხმებული პროექტია";

"ივანიშვილი წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების მშვიდობიან და პოზიტიურ ვარიანტს";

"რუსეთი გვთავაზობს, უფრო სწორად, ცივილიზებულ სამყაროს სთავაზობს და არა მარტო ჩვენ, ე.წ. Soft Power Solution-ს, ანუ არა ძალადობით, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში მისთვის მისაღები ძალით";

"ივანიშვილი საინტერესოა ჩემთვის მაშინ, თუკი ის ქართულ პოლიტიკაში რუსულ პოლიტიკას ცივილიზებული ფორმით წარმოადგენს".


აი ასეთი ტექსტი წაიკითხა 2013 წლის 15 მაისს
პარლამენტის სხდომაზე ნაცების ფრაქციის წევრმა ნუგზარ (,,ბოცო") წიკლაურმა. წიკლაურის ყოველი სიტყვა ქოცების ემოციურ პროტესტს იწვევდა - ამით ქოცები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თავისი ერთგულება ივანიშვილისადმი. ,,ბოცომ" აცალა ქოცებს და შემდეგ განაცხადა, რომ მან წაიკითხა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ ქოცების საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები. დარბაზი
ერთბაშად გაისუსა.

,,მარგველა მინისტრი გახდა. ესე იგი ქვეყანას დედა აღარა ჰყავს!", მეუბნებოდნენ ძველი ნაცნობები, ვინც ახლოს გაიცნო გიორგი მარგველაშვილი, მისი ღირებულებები, ფსიქიკა და ქცევის მანერა იმ წლებში, როდესაც ,,მარგველა", როგორც ეძახდა მას ზურაბ ჟვანია, ჟვანიას ერთგვარი მრჩევლის როლს ასრულებდა.

,,ბოცოს" საპარლამენტო გამოსვლამდე 13 დღით ადრე განათლების მინისტრმა და ამავდროულად ვიცე-პრემიერმა მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ". "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქოცების მთავრობის ზოგიერთმა წევრმა იმის თქმაც კი გაბედა, რომ შრომის კოდექსის პროექტი ზუსტად შეესაბამებოდა ,,ოცნების" მიერ ხალხისათვის არჩევნებამდე შეთავაზებულ პროგრამას და, ამრიგად, ის ,,ოცნების" ოცნება იყო და არა როზა ლუქსემბურგისა.

დემოკრატიულ ქვეყნებში მინისტრები ხშირად ცხარედ კამათობენ მთავრობის სხდომებზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყვეტილების დაცვა და აღსრულება ყველასათვის სავალდებულოა და მინისტრები მხოლოდ მაშინ აცხადებენ საჯაროდ, რომ არ იზიარებენ მოცემულ გადაწყვეტილებას, როდესაც აპირებენ, პროტესტის ნიშნად დატოვონ კაბინეტი. სწორედ ეს მოხდა რამდენიმე კვირის წინათ საფრანგეთში, სადაც ეკონომიკის მინისტრის საჯარო საპროტესტო განცხადებას კაბინეტის გადახალისება მოჰყვა. სულ სხვაა საქართველო. მარგველაშვილის მიერ შრომის კოდექსის გაბითურების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქემ, საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა, არ მიჯირყვნა ვიცე-პრემიერი მარგველაშვილი, არამედ თქვა, რომ "მარგველაშვილის განცხადებას მე ვიზიარებ თავიდან ბოლომდე. შრომის კოდექსის შემოღებაზე ინიციატორები ვიყავით ძალიან ბევრნი და ერთ-ერთი მეც გახლდით". იმავე განცხადებაში ივანიშვილმა სავსებით ლოგიკურად დაასაბუთა ახალი კოდექსის უვარგისობა და ის მიზეზებიც, რის გამოც მისმა მთავრობამ შეიტანა ასეთი კოდექსი პარლამენტში. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ქოცებს შრომის კოდექსის პროექტზე ხმა აღარ ამოუღიათ.

ნებისმიერმა მთავრობამ შეიძლება დაუშვას შეცდომა. ჩვენს შემთხვევაში კურიოზული მხოლოდ ის არის, რომ ვიცე-პრემიერ მარგველაშვილს თავისი პრინციპული პოზიცია მთავრობის სხდომაზე უნდა გამოეხატა და არა სტუდენტებთან შეხვედრის დროს. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ დაიწყეს უცხოელმა დიპლომატებმა და ექსპერტებმა ,,ქოცების" კურიოზულ ქმედებებზე ,,ინქრედიბლ, ინქრედიბლ"-ის (,,დაუჯერებელი") ძახილი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ვიცე-პრემიერ მარგველაშვილის მიერ შრომის კოდექსის გაბითურებიდან 9 დღის შემდეგ, ივანიშვილმა მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომისა და უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს კოალიციაში კონკურენტი არ ჰყავდა და სხვა კანდიდატურებზე მსჯელობა არც გამართულა.

,,ხომ გეუბნებოდით, რომ საქართველოს დედა აღარა ჰყავს", მეუბნებოდნენ ყოფილი კოლეგები. მე კი ვპასუხობდი, რომ შეიძლებოდა ბევრად უარესის წინაშე დავმდგარიყავით. მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ ქოცები ერთმანეთთან მწვავე კონკურენციის რეჟიმში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მარგველაშვილი მართლაც ერთადერთია და განუმეორებელი და კონკურენტი არ ჰყავს. წარდგენიდან 4 დღის შემდეგ კი ,,ბოცომ"" წაიკითხა პარლამენტში მარგველას ის გამონათქვამები, რომლებიც წერილის დასაწყისში მოვიყვანე. იმ დღეს, მარგველას ციტირების შემდეგ, წიკლაურმა თქვა:

,,მის [მარგველას] წარდგენას "ქართული ოცნების" კოალიციის წევრების მხრიდან ენით აღუწერელი ხოტბა, ქება-დიდება მოჰყვა და ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, რომ კოალიციაში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთნაირად დადებითად და ხბოს აღტაცებით შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება. იყო გამონათქვამები, რომ ეს არის იდეალური ვარიანტი, საუკეთესო კანდიდატი, ყველა ღირსებით შემკული კაცი, ვინც კი ჰყავდა კოალიციას. მე მინდა, ვკითხო "თავისუფალი დემოკრატების", ასევე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, რომლებიც დროს არ გაუშვებენ არასდროს, რომ თავიანთ მისწრაფებებზე თავისუფალი სამყაროს მიმართ ისაუბრონ. თქვენ ეთანხმებით ამ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს, ეთანხმებით იმას, რომ შეთანხმებული პროექტის ნაწილები ხართ, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა? რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც ასეთი ქება-დიდება მოისმინა, მარგველაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და მითითება მისცა ქართველ ხალხს, რომ "ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ხალხმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ, კოალიცია მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს". ვფიქრობ, ეს მართლაც არის უკვე უპრეცედენტო კადნიერება, რაც მიმართულია ჩვენი ხალხისკენ. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, პრორუსულია თუ პროდასავლური "ქართული ოცნება", ამაზე საუბარი ზედმეტია".

,,კარგად მესმის, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილი ისე წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად, რომ არაფერი იცოდა მარგველაშვილის განცხადებებზე, რომ ივანიშვილი ,,რუსული პროექტია" და ა.შ. მაგრამ ახლა თუ გაიგებს ივანიშვილი, რა თქვა წიკლაურმა პარლამენტში?", ვუთხარი მე ,,ოცნების" აქტიურ წევრს, ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც შემხვდა იმ დღეებში. ,,ვინაა მისთვის ამის მთქმელი?", უიმედოდ მითხრა ნაცნობმა.

,,ალბათ, იმედი დიდი საქართველოს მომავლისა, თავიდანვე იყო ილუზიური. ამას დღეს ბევრი ხვდება, მაგრამ რა არის იმის მიზეზი, რაც ჩვენ ჩვენი თავისაგან შევქმენით მეოცე საუკუნის ბოლოს? როგორია ჩვენი ავადმყოფობის ფურცელი? დიაგნოზი და პროგნოზი?
დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია - გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით - ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება - აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა", - წერდა გიორგი მარგველაშვილი 2001 წელს წერილში ,,ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ!".

მარგველაშვილის ეს დიაგნოზი ხშირად მახსენდება: გამახსენდა, როცა მოვისმინე მისი განცხადება, რომ "ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ხალხმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ, კოალიცია მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს"; გამახსენდა, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრმა გვამცნო, რომ ,,გერაინის თანხებით ხდებოდა თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება"; მაშინაც გამახსენდა, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა სრულიად ანტიკონსტიტუციური ,,მორატორიუმი" ,,დაჭერებზე" და როდესაც თქვა, რომ ,,ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის სწრაფად იზრდება..."; ყოველთვის მახსენდება, როცა სწრაფად მზარდი ლექსოს მორიგ ,,ჭიკაიზმებს" ვისმენ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც.

,,არ დავმალავ - ველოდი უკეთესს. პირველი ორი თვე საკმაოდ ბევრი პოლემიკა მქონდა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან. ჩვენ შორის მრავლად იყო გაუგებრობა. ორი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ გამოავლინა ხასიათი. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას. ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება",- განაცხადა ივანიშვილმა ა.წ. 19 მარტს.

როგორც ჩანს, სწორედ მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდგომ ორ თვეში აღმოაჩინა ივანიშვილმა მასში ის ,,განსხვავებული თვისებები" და ,,ხასიათი", რომელთა გამო ადამიანები, ვინც ,,მარგველას"" კარგად იცნობდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მისი გამინისტრება იმას მოასწავებდა, რომ ,,საქართველოს დედა აღარ ჰყავდა"...

იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ თავის დროზე სწორედ მარგველაშვილი გამოვიდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე ინიციატივით, რომ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში არავინ არ უნდა შესულიყო, ვინაიდან ეს შენობა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების დანაშაულის და ბოროტების სიმბოლოდ იქცა. შემდეგ კი თვითონ დაარღვია ეს პირობა და თანაგუნდელებთან შეთანხმების გარეშე შევიდა ამ შენობაში.

კალიგულას სასახლეში დამკვიდრებით მარგველაშვილმა ფაქტობრივად ნაცების დაკვეთა შეასრულა.
არანაკლებად სერიოზულია ის, რომ მარგველაშვილმა (ნეტა ვისი რჩევით?) არავითარი რეაგირება არ მოახდინა პროკურატურის კანონიერ მოთხოვნაზე, მოეხსნა გრიფი საიდუმლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააკაშვილის დიდ დანაშაულს - დიდი ოდენობის თანხების მითვისებას ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისათვის. მკითხველს ახსოვს - საქმე ეხება იმას, რომ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს ხარჯავდა თავისთვის და ფავორიტი ქალებისათვის ძვირფასი ნივთებისა, თუ კოსტიუმების შესაძენად; შვილების განათლების ხარჯების დასაფარად, ბოტოქსის ოპერაციაზე და ა.შ. პროკურატურა იძულებული იყო მეორედ მიემართა პრეზიდენტისათვის. მარგველაშვილმა ისევ უპასუხოდ დატოვა პროკურატურის წერილი. დაიკარგა ძვირფასი დრო და პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა პრეზიდენტის პოზიციის შესახებ. მაშინ იყო, რომ მარგველაშვილი თავს იმით იმართლებდა, რომ თურმე ისეთ ხელსაყრელ მომენტს არჩევდა, რომელ მომენტშიაც სააკაშვილის დანაშაულის დამადასტურებელი საბუთების განსაჯაროება შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებდა ქართულ სახელმწიფოს (!!!). ვისაც ეს არ ახსოვს და ახლა ამ სტრიქონების წაკითხვისას ვერ იჯერებს ამ ფანტასტიკურ ამბავს, შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს ზუსტი ციტატები. მარგველაშვილმა მაშინ პროკურატურას იქეთ დასდო ბრალი. ქვეყნის პრეზიდენტი პირადად ამტკიცებდა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა საკუთარი წერილის განსაჯაროების უფლება.

ციტირებაზე დროს აღარ დავხარჯავ. დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად ახსოვს ის ამაზრზენი, სამარცხვინო კინკლაობა ღია ეთერში, რომელიც გაიმართა მარგველაშვილისა და ღარიბაშვილს შორის (აგრეთვე მათ წარმომადგენლებს შორის) იმაზე, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან შალახოს თანხლებით რატიფიცირებულ ხელშეკრულებაზე. ეს კინკლაობა და პამპულაობა პროვინციალიზმის სრულ (იმედია არა საბოლოო) გამარჯვებას მოასწავებს. ქაჯობამ-გვაჯობა! მოაზროვნე ადამიანები დარწმუნდნენ იმაში, რომ ქვეყანაში უზენაეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობეზე აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისი სათოფეზე მიკარებაც არ შეიძლებოდა საზოგადოდ სახელმწიფო სამსახურთან, არათუ მაღალ თანამდებობებთან. ,,სააკაშვილის დროს მავნე საბავშვო ბაღი მართავდა საქართველოს და ახლაც ასეა", მეუბნებიან გულახდილ საუბრებში უცხოელი ნაცნობ-მეგობრები, თუმცა ყველა მეთანხმება, რომ ახლანდელ მავნე და სრულიად უნიათო საბავშვო ბაღს ჯერჯერობით არ ჩაუდენია ის მძიმე დანაშაულები, რაც ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა.

ნორმალურ ქვეყანაში ისიც დიდი სკანდალი იქნებოდა, რომ ერდოღანის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტი მარგველაშვილი ბოლო მომენტში აღარ წავიდა. მაია ფანჯიკიძე კი ხალხს უხსნიდა, რომ ასე გადაწყდა იმის გამო, რომ მარგველაშვილი უკვე ნამყოფი იყო თურქეთში, ღარიბაშვილი კი ჯერ არა. მაგრამ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ბუკა-მინისტრმა განუმარტა ხალხს, რომ ,,უელსში, ნატო-ს სამიტზე გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი და კითხვა, გაემგზავრება თუ არა პრემიერიც, აღარ არის რელევანტური". მაგიური სიტყვა ,,რელევანტური"-ს გამო ბუკა-მინისტრის ეს ფრაზა რამდენიმე დღის განმავლობაში დომინირებდა ჩვენს მას-მედიაში და მე ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ჩაიხედავდა ლექსიკონში ამ სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად. დარწმუნებული ვარ, ალექსი პეტრიაშვილს ,,რელევანტურის" მაგივრად რომ ეთქვა, რომ ,,კითხვას აზრი აღარ აქვს", მისი ფრაზა ასეთი პოპულარული ვერ გახდებოდა.

გაეროში პრეზიდენტის წასვლა-არწასვლაზე კამათმა და კინკლაობამ პროვინციალიზმის სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული სიმაღლეები დაიპყრო. (მაგალითად, ჩემი თვალით ვუყურე გადაცემას, რომელშიც ასაბუთებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ნატოს სამიტზე წასვლა პრემიერმა პრეზიდენტს დაუთმო, უპრიანი იქნებოდა გაეროს სამიტი პრეზიდენტს დაეთმო პრემიერისათვის). საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოებრიობას ამ კინკლაობით გაცილებით დიდი ზიანი მიადგა, ვიდრე მიადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გაემგზავრებოდა კლიმატის სამიტზე, პრემიერი კი გენერალური ასემბლეის გახსნაზე და ეს ყოველგვარი კინკლაობისა და კომენტარების გარეშე განხორციელდებოდა.

ამჟამად სახელმწიფო მართვის სფეროში ფრიად თავისებური ვითარება შეიქმნა: პრაქტიკულად მთელი რეალური ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის, პრემიერ ღარიბაშვილის ხელში. ღარიბაშვილი არის ივანიშვილი დღეს - ასე აღიქვამენ მას განაცებული ქოცები (გაიხსენეთ ბოლშევიკების ლოზუნგი, რომ სტალინი არის ლენინი დღეს). დანარჩენებისაგან, პარლამენტში მყოფი ქოცების და პარლამენტის ხელმძღვანელების ჩათვლით, მოითხოვენ უპირობო მორჩილებას და ეს ჯერჯერობით სრულდება. განსხვავებული აზრი ღალატის ტოლფასად მიიჩნევა. ადრეც მითქვამს, რომ ღარიბაშვილმა მინისტრები მხოლოდ იმ ნიშნით შეცვალა, რომ კიდევ უფრო მორჩილი კაბინეტი მიეღო. სადღეისოდ ერთადერთი ურჩი სტრუქტურა პრეზიდენტის ინსტიტუტია. განათლების მინისტრი სანიკიძე სწორედ იმიტომ გადაურჩა გათავისუფლებას, რომ ის მარგველაშვილის კრიატურაა, ხოლო მინისტრებს, პრემიერის ჩათვლით, ისევ პრეზიდენტი ნიშნავს თანამდებობაზე...

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უცხოელი დიპლომატები და მოღვაწეები, რომლებიც ამ პერიოდში შეხვდნენ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც, გულახდილ საუბრებში ამბობენ, რომ მარგველაშვილი მათთვის უფრო სიმპატიურია და მისაღები; რომ პრეზიდენტი მათზე თანამედროვე, ღია, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ღარიბაშვილი კი უფრო შებოჭილია, დაძაბული და ა.შ. ერთი სიტყვით, უცხოელებთან ურთიერთობაში მარგველაშვილი აშკარად არ ავლენს იმ თვისებებს, რომელიც გამოავლინა ივანიშვილთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა. ღარიბაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა კარგად იციან უცხოელების მარგველაშვილისადმი სიმპატიების შესახებ. ვფიქრობ, ამან გარკვეული წილი შეიტანა იმაში, რომ ,,პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ნაბიჯები გადაიდგა" და მარგველაშვილის ვიზიტი ამერიკაში ჩაიშალა.

როდესაც უცხოელების მიზიარებენ თავის სიმპატიებს მარგველაშვილისადმი, ვფიქრობ იმაზე, რომ მარგველას ადგილზე სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, თუნდაც სრულიად გამოუცდელი პოლიტიკაში, მაგრამ პრინციპული და მტკიცე, რომელიც პრეზიდენტის ფიცს არ გატეხდა და განუხრელად შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, მაშინ ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ქოცები ვერ გაბედავდნენ ბევრ რამეს, სახელწიფო ,,რემენას" ტესტს ჩააბარებდა და ჰაკიმ ფაშას მართვის მანკიერ სისტემას მკვეთრი ჩარჩოები დაუწესდებოდა. მაგრამ ეს ფანტაზიის სფეროა. რეალობა კი არის ის, რომ პრეზიდენტი არის მარგველა, ვისაც ახლაც სწამს, რომ გარშემო ყველა ,,ჟილკობს"", ამიტომ სხვას უნდა აჯობო ,,ჟილკობაში", თორემ პამპულა იქნები. ცხადია ასეთ ადამიანს ულიმიტოდ გამოიყენებენ ნაცები საკუთარი მიზნებისათვის.

ღარიბაშვილი ცდილობს ისე მართოს საქართველო, როგორც აქციების საკონტროლო პაკეტის მქონე ხელმძღვანელმა შეიძლება მართოს სააქციო საზოგადოება. მართვის ასეთი სისტემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სხვა, შესაბამის კანონებს. გარდა ამისა, ის ძალზე არაეფექტიანია და საქართველოს მოსახლეობა ამას გრძნობს და ხედავს. მართვის ასეთი, ე.წ. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა, პრაქტიკულად ყოველთვის არაეფექტიანია, ხოლო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და კერძო საკუთრების ინსტიტუტების არსებობის პირობებში, მაშინაც კი, როცა ეს ინსტიტუტები ძალზე სუსტია, მართვის ასეთი სისტემა აბსურდულიც ხდება. საქართველოს მოდერნიზაციაზე კი, რის გარეშე ჩვენი სახელმწიფოებრიობა საერთოდ ვერ შედგება, ასეთ მართვის დროს ლაპარაკიც ზედმეტია.

,,რა არის ქართული სახელმწიფო თუ არა თამაში - ,,სახელმწიფოობანა"?.....თამაშში, რომელშიც ერთი მხარე ,,ჟილკობს", მეორეც ცდილობს ,,ჟილკობით" მოიგოს. ყოველი უქონელი ქართველის მიზანია არა გამოასწოროს ვითარება, არამედ თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე. ჩვენი სახელმწიფო ,,პამპულაობის" თამაშსა ჰგავს, თუ წაგართვეს ბურთი - შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართმევ, - სხვა....", წერდა საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩემს მიერ უკვე ციტირებულ წერილში. ბედის ირონიითა და ,,ჟილკობით" ამ ადამიანმა 5 წლით ჩაიგდო მნიშვნელოვანი ბურთი ხელში. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხათრით ბიძინა მარგველაშვილი, როგორც ეძახდნენ მას არჩევნების პერიოდში, 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს აირჩია ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად 5 წლის ვადით. ამრიგად მარგველაშვილს ვადა 2018 წლის ოქტომბერში ეწურება, პარლამენტს კი, და პარლამენტთან ერთად ღარიბაშვილს - ორი წლით ადრე, 2016 წლის ოქტომბერს.
ასეთ პირობებში მთავარი რელევანტური კითხვა ასეთია- ვინ არის ახლა პამპულა?


პეტრე მამრაძე, 2014 წლის 12 სექტემბერი
ნონა
17 სექტემბერი 2014 08:40
კარგი სტატიაა. და სტატიის ბოლოს დასმულ კითხვაზე, ვინაა ახლა პამპულა, ვუპასუხებ, რომ ახლაც და მანამდეც პამპულა ქართველი ერია :(
Nona
15 სექტემბერი 2014 16:50
შენ რომელი პოლიტიკოსები უფრო მოგწონს პეტრე, უცხოელებს რომ ესიმპატიურებათ(წაგვჭამე ყურები ამ შენს ნაცნობ უცხოელებზე წერით), თუ საქართველო რომ უყვარს და ქართულ საქმის გაკეთებას ცდილობს?
ჰა? ჩაიხედე ერთი შენს სულში, გაფიცებ!
ან ეს უცხოელებთან ურთიერთობის კვეხნა რაღაა? მთელი საქართველო უცხოეთსაა მოდებული და ვიღას უკვირს ასეთი კვეხნა?
უცხოელებს ის მოწონთ (სიტყვით), ცინც მათ დაკრულზე ცეკვავს, ხოლო საქმით თავისი ქვეყანა მოწონთ! აგერ მოსწონთ პოროშჩენკო, რადგანაც მისი ხალხის ხარჯზე ასუსტებენ რუსეთს!
ასე რომ, დადუმდი, სანამ საერთოდ არ გაუფასურებულხარ!!!
ელდარ ნადირაძე
15 სექტემბერი 2014 16:49
პეტრე მამრაძევ! რაღაც უსისტემო განათლება კი გაქვს მაგრამ ინტელექტი არ გაგაჩნია და შენი თაცხედობა მაოცებს. თამაზ ჩხენკელის წიგნში "მწვანე ბივრიტი" კარგადაა გაშიფრული სიტყვა "გორსალა", ზოგს რომ სოფლელი ჰგონია და სინამდვილეში შენისთანა პირწავარდნილ იტიფარ და უსირცხვილო კაცს წარმოადგენს. როგორ ბედავ და ლაპარაკობ სხვის პატიოსნებაზე, მორალზე, პატრიოტიზმზე, როცა მთელი ცხოვრება საპირისპიროს აკეთებდი, შენ, შევარდნაძის გამზრახვათა თანამონაწილეს და მისი ნების მონური შემსრულებელს, ახლა გაგახსენდა საქართველო და ახლა გახდი მისი პატრიოტი. კარგ ბიჭად მოგაქვს თავი და თანაც როგორი ირონიით წერ სხვაზე, ჩაიხედე შენ გულში შე ვერაგო კაცო და გაკმინდე ხმა, განა ვერ ხვდები როგორ იშიფრები ამ შენი "ქალწულებრივი აღსარებებით" . თუ შემეხმიანები უფრო კარგად მოგიყვები მოსაყოლს.

რედაქტორის რჩევით