ვინ არის ახლა პამპულა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ახლა პამპულა?

ამონარიდი პეტრე მამრაძის ბლოგიდან:

”უცხოელი დიპლომატები და მოღვაწეები, რომლებიც ამ პერიოდში შეხვდნენ მარგველაშვილსაც და ღარიბაშვილსაც, გულახდილ საუბრებში ამბობენ, რომ მარგველაშვილი მათთვის უფრო სიმპატიურია და მისაღები; რომ პრეზიდენტი მათზე თანამედროვე, ღია, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ღარიბაშვილი კი უფრო შებოჭილია, დაძაბული და ა.შ. ერთი სიტყვით, უცხოელებთან ურთიერთობაში მარგველაშვილი აშკარად არ ავლენს იმ თვისებებს, რომელიც გამოავლინა ივანიშვილთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა. ღარიბაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა კარგად იციან უცხოელების მარგველაშვილისადმი სიმპატიების შესახებ. ვფიქრობ, ამან გარკვეული წილი შეიტანა იმაში, რომ ,,პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ნაბიჯები გადაიდგა" და მარგველაშვილის ვიზიტი ამერიკაში ჩაიშალა.

როდესაც უცხოელების მიზიარებენ თავის სიმპატიებს მარგველაშვილისადმი, ვფიქრობ იმაზე, რომ მარგველას ადგილზე სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, თუნდაც სრულიად გამოუცდელი პოლიტიკაში, მაგრამ პრინციპული და მტკიცე, რომელიც პრეზიდენტის ფიცს არ გატეხდა და განუხრელად შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, მაშინ ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ქოცები ვერ გაბედავდნენ ბევრ რამეს, სახელწიფო ,,რემენას" ტესტს ჩააბარებდა და ჰაკიმ ფაშას მართვის მანკიერ სისტემას მკვეთრი ჩარჩოები დაუწესდებოდა. მაგრამ ეს ფანტაზიის სფეროა. რეალობა კი არის ის, რომ პრეზიდენტი არის მარგველა, ვისაც ახლაც სწამს, რომ გარშემო ყველა ,,ჟილკობს"", ამიტომ სხვას უნდა აჯობო ,,ჟილკობაში", თორემ პამპულა იქნები. ცხადია ასეთ ადამიანს ულიმიტოდ გამოიყენებენ ნაცები საკუთარი მიზნებისათვის.

ღარიბაშვილი ცდილობს ისე მართოს საქართველო, როგორც აქციების საკონტროლო პაკეტის მქონე ხელმძღვანელმა შეიძლება მართოს სააქციო საზოგადოება. მართვის ასეთი სისტემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სხვა, შესაბამის კანონებს. გარდა ამისა, ის ძალზე არაეფექტიანია და საქართველოს მოსახლეობა ამას გრძნობს და ხედავს. მართვის ასეთი, ე.წ. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა, პრაქტიკულად ყოველთვის არაეფექტიანია, ხოლო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და კერძო საკუთრების ინსტიტუტების არსებობის პირობებში, მაშინაც კი, როცა ეს ინსტიტუტები ძალზე სუსტია, მართვის ასეთი სისტემა აბსურდულიც ხდება. საქართველოს მოდერნიზაციაზე კი, რის გარეშე ჩვენი სახელმწიფოებრიობა საერთოდ ვერ შედგება, ასეთ მართვის დროს ლაპარაკიც ზედმეტია.

,,რა არის ქართული სახელმწიფო თუ არა თამაში - ,,სახელმწიფოობანა"?.....თამაშში, რომელშიც ერთი მხარე ,,ჟილკობს", მეორეც ცდილობს ,,ჟილკობით" მოიგოს. ყოველი უქონელი ქართველის მიზანია არა გამოასწოროს ვითარება, არამედ თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე. ჩვენი სახელმწიფო ,,პამპულაობის" თამაშსა ჰგავს, თუ წაგართვეს ბურთი - შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართმევ, - სხვა....", წერდა საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩემს მიერ უკვე ციტირებულ წერილში. ბედის ირონიითა და ,,ჟილკობით" ამ ადამიანმა 5 წლით ჩაიგდო მნიშვნელოვანი ბურთი ხელში. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხათრით ბიძინა მარგველაშვილი, როგორც ეძახდნენ მას არჩევნების პერიოდში, 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს აირჩია ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად 5 წლის ვადით. ამრიგად მარგველაშვილს ვადა 2018 წლის ოქტომბერში ეწურება, პარლამენტს კი, და პარლამენტთან ერთად ღარიბაშვილს - ორი წლით ადრე, 2016 წლის ოქტომბერს.

ასეთ პირობებში მთავარი რელევანტური კითხვა ასეთია- ვინ არის ახლა პამპულა?

წაიკითხეთ ბლოგის სრული ვერსია - სახელმწიფოობანა და პამპულაობა - პეტრე მამრაძის ბლოგი