სად ისურვებს ნატო ჯარების განლაგებას? - კვირის პალიტრა

სად ისურვებს ნატო ჯარების განლაგებას?

ნორვეგიის ყოფილი პრემიერი იენს სტოლტენბერგი 1 ოქტომბერს შეუდგა ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას. 5 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრ ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთისა, ვინაიდან ნატო დაიცავს თავის წევრებს და რომ ნატოს ჰყავს ძლიერი არმია, რომელსაც განათავსებს იქ, სადაც მოუნდება, ალიანსის საზღვრების ფარგლებში. საქმე ის არის, რომ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ ნატოს წევრები - პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამაოდ სთხოვენ ნატოს ხელმძღვანელობას განათავსოს მათ ტერიტორიაზე ჯარი და ამით დაუმტკიცოს პუტინის მთავრობას, რომ რეალურად დაიცავს ამ ქვეყნებს რუსეთის შესაძლო აგრესიისგან. მაგრამ თავის დროზე, ნატოს გაფართოების პროცესში, ნატომ ხელი მოაწერა რუსეთთან იმაზე, რომ ვარშავის პაქტის ამ ყოფილ წევრ სახელმწიფოებში და ბალტიისპირეთში არ განათავსებდა თავის ჯარს. ნატო ახლაც ასრულებს რუსეთისთვის მიცემულ ამ პირობას, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების ფარული შეყვანით პუტინმა უხეშად დაარღვია ის ხელშეკრულება, რომლის თანახმად რუსეთი ნატოს ზოგიერთ წევრთნ ერთად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გარანტიის პირობით უკრაინის ხელისუფლებამ შეასრულა ნატოს დაჟინებული მოთხოვნა - გადასცა თავის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღი რუსეთს.

აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ასეთი პოზიციის გამო ა.წ. 22 ივნისს პოლონეთის საგარეო მინისტრმა სიკორსკიმ პოლონეთის ყოფილ ვიცე-პრემიერთან იაცეკ როსტკოვსკისთან საუბარში თქვა შემდეგი (მომყავს მათი საუბრის მცირე ფრაგმენტი):

,,სიკორსკი: იცი რა, პოლონეთ-აშშ-ს კავშირს არანაირი ფასი არ აქვს. პირიქით, ზიანსაც გვაყენებს. იმის გამო, რომ პოლონეთს უსაფრთხოების ყალბ განცდას უქნმის.

როსტკოვსკი: რატომ?

სიკორსკი: სრულ მძღ-ერში ვართ. გერმანიასაც გადავიკიდებთ და რუსეთსაც და გვგონია, რომ ყველაფერი არის სუპერ მხოლოდ იმის გამო, რომ ფრაერებივით ორალური სექსით ვემსახურებით ამერიკელებს (სიკორსკიმ უწმაწური სიტყვებით აღწერა ორალური სექსით მომსახურება, პ.მ.). ლუზერები, სრული ლუზერები ვართ"".

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ პოლონეთში დიდი სკანდალი გამოიწვია. გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მანამდე უცნობი ქართველი მსახიობი ქალბატონის ცნობილმა ფრაზამ, რომ ორალური სექსი მისთვის ,,მოსული პონტია"". ცნობილი პოლონელი მოღვაწეების აზრით, სიკორსკის მიერ პოლონეთ-აშშს ურთიერთობის ასეთი შეფასება ძვირად დაუჯდება პოლონელ ხალხს.

სტოლტენბერგის განცხადებამ, რომ ,,ნატო განათვსებს ჯარებს იქ, სადაც მოუნდება"", გრომიკოს მოგონებების ერთი ფრაგმენტი გამახსენა. გრომიკო წერს, რომ სტალინს ძალიან უყვარდა კარგი მუსიკა და დიდად აფასებდა კლასიკურ ოპერას და ოპერის გამოჩენილ მომღერლებს, მათ შორის ივანე კოზლოვსკის. ერთხელ კრემლში დახურულ კონცერტზე პოლიტბიუროს წევრებმა ხმაურიანად, დაჟინებით მოითხოვეს, რომ კოზლოვსკის ხალხური სიმღერები ემღერა. მაშინ სტალინმა მშვიდად თქვა: ,,ამხანაგებო, ნუ ახდენთ ზეწოლას კოზლოვსკიზე. დაე იმღეროს ის, რაც თვითონ სურს. მას კი სურს იმღეროს ლენსკის არია ჩაიკოვსკის ,,ევგენი ონეგინიდან"".

ატყდა საერთო სიცილი. კოზლოვსკიმაც გულიანად გაიცინა, შემდეგ კი შეასრულა ის, რაც, ცხადია, მოუნდა - ანუ ლენსკის არია.

,,თავისუფლება გაცნობიერებული აუცილებლობაა"". ფილოსოფიის ისტორიკოსები ამ ფრაზის ავტორად სპინოზას მიიჩნევენ. ისტორიულად ახლო წარსულში ეს ფრაზა მარქსმა და მისმა მიმდევრებმა აიტაცეს. ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის დროს თავისუფლების ეს ფორმულირება რეჟიმის პირმოთნეობისა და ცინიზმის სიმბოლოდ იქცა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთის მიერ ჩადენილმა უხეშმა შეცდომებმა შექმნა დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც აიძულებს დასავლეთს ახლა მაინც გააცნობიეროს მწარე სინამდვილე და მოინდომოს მხოლოდ ის, რაც აუცილებლად უნდა მოინდომოს.

ნატოს ახალი გენმდივანი იენს სტოლტენბერგი საინტერესო პიროვნებაა. ის დაიბადა და გაიზარდა ცნობილი ნორვეგიელი მოღვაწეების ოჯახში. ახალგაზრდა იენსი გაწევრიანდა ნორვეგიის ულტრამემარცხენე ახალგაზრდულ ,,წითელ ჯგუფში"". მეგობრებთან ერთად აპროტესტებდა აშშ-ს ომს ვიეტნამში და მონაწილეობდა ოსლოში აშშ-ს საელჩოს დარბევაში. ოთხმოციანი წლების ბოლოს სტოლტენბერგი დაუახლოვდა ნორვეგიაში აკრედიტებულ რუს ,,დიპლომატს"", სინამდვილეში კი კგბ-ს მზვერავ ბორის კირილოვს. სტოლტენბერგი მაშინ უკვე პოპულარული და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი იყო, მამამისი კი იმ წლებში ნორვეგიის თავდაცვის და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. კირილოვი აღტაცებით ატყობინებდა ,,ცენტრს"", რომ რეგულარულად ღებულობდა საინტერესო ინფორმაციას სტოლტენბერგისგან. იმ წლებში კგბ-მ თავისი წესების შესაბამისად ზედმეტსახელი ,,სტეკლოვი"" შეურჩია ნორვეგიის მომავალ პრემიერს და ნატოს ახლანდელ გენმდივანს. ეს ინფორმაცია მოიპოვა ნორვეგიაში გაზეთ ,,ტრუდის"" კორესპონდენტმა კგბ-ს აგენტმა მიხეილ ბუტკოვმა. ბუტკოვი მაშინ უკვე სამმაგი აგენტი იყო - ემსახურებოდა ბრიტანულ ,,ემ-აი 6""-ს და ნორვეგიულ კონტრდაზვერვას. ატყდა დიდი სკანდალი - ,,სტეკლოვი"" იმ დღეებში ნორვეგიის თავდაცვის ეროვნულ კომისიაში უნდა შეეყვანათ. ამ სკანდალის ფონზე მთელი ძალით გამოვლინდა ნორვეგიის მართლმსაჯულების ობიექტურობა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის ერთგულება, აგრეთვე ნორვეგიის საზოგადოების დონე. სტოლტენბერგ-,,სტეკლოვს"" ვერ დაუმტკიცეს, რომ ის აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას კგბ-ს. მან კი ფიცი დადო, რომ არაფერი იცოდა კირილოვის ნამდვილ მისიაზე და სკანდალი ჩაცხრა. შემდგომ წლებში სტოლტენბერგმა პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის დიდი უნარი გამოიჩინა. ფინანსთა მინისტრად ყოფნისას მან შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა თავდაცვის დაფინანსება ნორვეგიაში და აიყვანა ის ნატოს სტადარტებამდე (მამამისი მაშინ ნორვეგიის პრემიერი გახლდათ). ,,შვილმა აჯობა მამასა"" - 2000-2013 წლებში ჯამში 9 წლის განმავლობაში იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მარტო ნორვეგიაში, არამედ მთელ მსოფლიოში მძვინვარე მძიმე ეკონიმიკური კრიზისის დაძლევაში და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა დასავლეთში, როგორც შეუპოვარმა და გონიერმა ლიდერმა. ა.წ. 28 მარტში, ყირიმის ფორმალური ანექსიიდან ერთი კვირის შემდეგ, ის აირჩიეს ნატოს გენმდივნად, რომელიც, ნატოს წესდების შესაბამისად შეცვლიდა რასმუსენს 1 ოქტომბრიდან. ყოფილი ,,სტეკლოვის"" არჩევა დასავლეთის მკვეთრი გზავნილი იყო პუტინის ხელისუფლებისათვის, რომ არსებობს ისეთი ,,წითელი ხაზები"", რომლებსაც ნატო არ დათმობს.

მაინც სად გადის ეს წითელი ხაზები?

24 სექტემბერს ენკავედეს (კგბ-ს ძველი სახელი) ოფიცრის ქალიშვილმა, ვილნიუსის უმაღლესი პარტიული სკოლის ყოფილმა წამყვანმა მუშაკმა, ამჟამად კი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ინტერვიუ მისცა ,,ვაშინგტონ პოსტს"". ინტერვიუ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომყავს მისი ვრცელი ფრაგმენტი. ინტერვიუში საქართველო არ არის ნახსენები, მაგრამ ყველას, ვისაც სურს გაერკვეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო პრობლემებში, ვთავაზობ გულდასმით გაეცნოს მთელ ტექსტს (ტექსტში ტრადიციულად კ.-თი კორესპონდენტის კითხვები, ხოლო პ.-თი გრიბაუსკაიტეს პასუხებია აღნიშნული):

კ. იწონებთ თუ არა პრეზიდენტ ობამას მიერ სირიის დაბომბვას?

პ. დიახ. მან გამოიჩინა ლიდერის გარკვეული თვისებები.

ლიდერობის დეფიციტი დღევანდელ მსოფლიოში - ევროპასა და აშშ-ში - ტერორისტების სწრაფი მომძლავრების ერთერთი მიზეზია.

კ. თქვენს რეგიონში თუ იგრძნობა ლიდერობის დეფიციტი?

პ. დიახ. ლიდერობის დეფიციტმა ზრდის საშუალება მისცა ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ,,ისლამური სახელმწიფო"". უკრაინის შემთხვევაში კი ამ დეფიციტმა საშუალება მისცა რუსეთს გამხდარიყო ტერორისტული ელემენტების შემცველი სახელმწიფო.

კ. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე რას ფიქრობთ?

პ. ვითარება ისევ უარესდება. რუსეთის ჯარები კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ ევროპა და მსოფლიო ნებას რთავენ რუსეთს იყოს ქვეყანა, რომელიც არა მარტო ემუქრება თავის მეზობლებს, მაგრამ ომებსაც აწარმოებს მათ წინააღმდეგ. ეს ისეთივე საერთაშორისო ტერორიზმია, რაც ერაყსა და სირიაში არის.

უკრაინაში ნამდვილი ომია. ევროგაერთიანებისა და მთელი მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობა ცდილობს ისაუბროს ამაზე ისე, თითქოს ეს ომი არ არის, თითქოს რუსეთი მხოლოდ გარკვეული სახის დახმარებას უწევს ტერორისტულ ელემენტებს. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ყირიმში. თავიდან ,,მწვანე კაცუნები"" გამოჩნდენენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი რუსი სამხედროები არიან. ახლა იგივე ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. დარწმუნებული ვარ ეს არ არის ბოლო ტერიტორია, სადაც პუტინი აპირებს თავისი ძალის დემონსტრირებას.

კ. თქვენი აზრით, აწი საით გაემართება?

პ. ჩვენი სანქციები ზედმეტად რბილი თუ იქნება, ან თუ დავაწესებთ სანქციებს, მაგრამ არ ავამოქმედებთ მათ, ვფიქრობ უფრო შორს წავა და ეცდება აღმოსავლეთი უკრაინის გაერთიანებას სამხრეთ უკრაინასთნ და ყირიმთან. ახლახან განაცხადა, რომ შეუძლია ორ დღეში აიღოს ვარშავა, ბალტიის ქვეყნები და ბუქარესტი. ასე რომ სახეზეა პირდაპირი მუქარა მისი მეზობლების მიმართ.

კ. დნეპრისპირეთს თუ მიადგება?

პ. ყველგან წავა, რის ნებასაც კი დავრთავთ. პრობლემა ის არის, რომ პუტინის რუსეთი მზადაა საომრად და კიდევაც სწადია ომი. ევროპა და დასავლეთი არ არიან მზად ომისათვის და არ უნდათ ის. ევროპაში და მთელ მსოფლიოში არ არიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ პუტინის შეჩერება. მოგვიანებით ჩვენ გავიკვირვებთ იმით, რომ მან ახალი ტერიტორიები დაიპყრო და ახალი ქვეყნები დაანაწევრა. ამ პრობლემების გადაწყვეტა კი ბევრად რთული იქნება და შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს.

კ. გადარდებთ, რომ შემდეგი იერიში შეიძლება ბალტიის ქვეყნებზე მიიტანოს.

პ. უკრაინაში თუ არ შევაჩერებთ, უფრო შორს გაიჭრება..

კ. მაშ ნატო და მეხუთე პუნქტი არ არის საკმარისი? (ნატოს მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ნატო ვალდებული მთელი ძალით ეომოს თავდამსხმელს, პ.მ.)

პ. არ არის საკმარისი. ყველა აცხადებს, რომ მეხუთე პუნქტი ძალაშია და ნატო იმოქმედებს. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს პუტინის გეგმების განხორციელებას, თუ ის ვერ დაინახავს ევროპისა და მსოფლიო ლიდერების რეალურ მოქმედებას. ისინი კი მხოლოდ ლაპარაკობენ. ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ის უკრაინაში. ჯერჯერობით ეს არ ესმით. ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ ევროპაში ლიდერობა ხელში ჩაიგდო პუტინმა და არა დასავლეთმა.

კ. პუტინიდ მიზანია გახლიჩოს ევროპა?

პ. რუსეთის დღევანდელი მოქმედებით გამოწვეული ხიფათი არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ის, რაც გამოწვეულია ,,ისლამური სახელმწიფოს"" მიერ ერაყსა და სირიაში.

კ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ,,ისლამური სახელმწიფო"" და რუსეთი ტერორისტები არიან?

პ. დიახ. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ატერორებს თვის მეზობლებს და იყენებს ტერორისტულ მეთოდებს.

კ. მაგრამ მსოფლიო უფრო მეტ ყურადღებას ,,ისლამურ სახელმწიფო""-ს აქცევს.

პ. რა თქმა უნდა. ეს არის მთავარი მიზანი დღეს. სამწუხაროდ პუტინისათვის ეს შესანიშნავი საშუალებაა აკეთოს ის, რაც უნდა. სინამდვილეში მინსკის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებები პუტინის ულტიმატუმით ჩატარდა. დასავლეთის ქვეყნები და ევროგაერთიანება დათანხმდნენ მის მოთხოვნებს, რაც პრაქტიკულად უკრაინის დანაწევრებას ნიშნავს.

კორესპონდეტის რეპლიკა: აშშ-მ გაუგზავნა უკრაინას საკვების მზა ულუფები, მაგრამ ისინი გერმანული სატვირთო მანქანებით შეიტანეს, რომ პუტინი არ გაებრაზებინათ.

პ. ასეთ დონეზე რატომ ველოლიავებით პუტინს, რომელიც დღეს აგზავნის ჯარებს ხალხის დახოცვისა და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით? რატომ არ ვართ მგძნობიარენი უკრაინელების განცდების მიმართ. ადრე თუ გვიან ჩვენ მას ტერორისტს და კრიმინალს ვუწოდებთ...

კ. სუდეტების ამბავს თუ გაგონებთ ახლანდელი ვითარება?

პ. მეორე მსოფლიოს წინ არსებული ვითარებას თუ მაგონებს? რა თქმა უნდა, მაგონებს. ჩვენ ვხედავთ ყველაფერს და მაინც ნებას ვრთავთ პუტინს, დაანაწევროს უკრაინა.

კ. თუ გრძნობთ თავს საკმარისად დაცულად [ნატოს] უელსის სამიტის შემდეგ?

პ. უელსის სამიტის შემდეგ ნატო გამოცოცხლდა, მას აღარ სძინავს. ჩვენ გვაქვს ხელთ ჩვენი უსაფრთხოების გაზრდის გარკვეული საშუალება. საჭიროა მეტი ინვესტირება. მაგრამ რამდენი დრო დაგვრჩა?

კ. მაშ სანქციები არ აყენებს პუტინს ზიანს?

პ. ეს სანქციები არ არის საკმარისი. მაგრამ პუტინი უფრო შორს თუ წავა, შეიძლება ქვეყნებმა უფრო სერიოზული სანქციები შემოიღონ.

კ. უკრაინის დაზვერვის უფროსმა უთხრა აშშ-ს ოფიციალურ პირს, რომ იძულებულები არიან, დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას.

პ. დიახ. ევროპელებმა და სხვა ქვეყნებმა უთხრეს პოროშენკოს, რომ დათანხმებულიყო წაყენებულ პირობებს, რომელიც მიუღებელი იყო, ვინაიდან უკრაინის ტერიტორიის დანაწევრებას ნიშნავდა.

კ. მაშ რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და ახლა აღმოსავლეთ უკრაინას იპყრობს?

პ. ამას ევროპელი და მსოფლიოს სხვა ლიდერების აპლოდისმენტების თანხლებით აკეთებს, ვინაიდან მათ საერთოდ არ გაუწიეს დახმარება უკრაინას.

კ. თქვენი ქვეყნის ბედი გადარდებთ?

პ. რუსეთის ყველა მეზობელი ქვეყანა დღეს მუქარის ქვეშ არის. პუტინი ემუქრება მათ და ხუმრობს, რომ ისინი არ არიან ნამდვილი სახელმწიფოები.

კ. საბოლოო შედეგი ომი იქნება?

პ. ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ომი. როცა ორივე მხარე მზად არის ომისათვის, ომი არასოდეს არ ხდება. თუ რუსეთს სწადია ომი, დასავლეთი კი ამას გაურბის, მაშინ რუსეთი იმდენად შორს წავა, რამდენადაც მოინდომებს...

კ. როგორც ჩანს აშშ-ს უფრო ირანთან ბირთვულ საკითხებზე გარიგება აინტერესებს?

პ. სწორედ ეს არის პრობლემა. თუ ჩვენ რაღაცა მიზეზების გამო დამოუკიდებელ ქვეყნებს ვუღალატებთ, მაშინ როგორი ზნეობრივი ფასეულობებისათვის ვიბრძვით?

კ. ფიქრობთ, ასე იქნება სინამდვილეში?

პ. პროცესები ისე ვითარდება, რომ ეს ფრიად შესაძლებელია. ცეცხლის შეწყვეტის პირობები რუსეთის ნაკარნახევია. დასავლეთი არ ეხმარება უკრაინას სამხედრო სფეროში. რუსეთს ნებას რთავენ აკეთოს უკრაინის ტერიტორიაზე ყველაფერი, რასაც მოისურვებს. სირცხვილია დასავლეთის ყველა ლიდერისათვის საშუალება მისცეს აგრესორს, როგორც უნდა, ისე მოექცეს სუვერენულ ქვეყანას 21-საუკუნეში.

ბედნიერი ვარ, რომ ობამამ ბოლოს და ბოლოს იკისრა ლიდერობა ერაყის და სირიის საკითხებში. ვფიქრობ ეს მისცემს მას საშუალებას თავისი ლიდერობა უკრაინის პრობლემაშიც გამოიჩინოს. ლიდერობას სწავლა სჭირდება. არავინ იბადება ლიდერად, მაგრამ შეიძლება ისწავლო ლიდერობა.

კ. ლიტვა რთულ მდგომარეობაში რჩება?

პ. 50 წლის განმავლობაში ოკუპირებულები ვიყავით და ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ ამ მეზობელს. საკვირველი ის არის, რომ შორს მდებარე ქვეყნები, რომლებსაც არასოდეს შეხებია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ასე უფრთხიან რუსეთს.

მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, პოლონეთი და ბალტიისპირეთი იღებენ დღეს ხმას. ეს ჩვენი ერთადერთი იარაღია, რუსეთთან საბრძოლველად: ამოვიღოთ ხმა, ვიყოთ შეუპოვრები და შევარცხვინოთ დასავლეთის ლიდერები იმის გამო, რომ ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას დაიცვან თავისუფლება, სუვერენობა და დემოკრატია ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიზისამდე გრიბაუსკაიტე უაღრესად თავშეკავებული იყო რუსეთის ხსენების დროს. შარშან, გაეროს სესიაზე მან რუსეთი საერთოდ არ ახსენა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ,,მესამე ძალა"" არ უნდა ახდენდეს ზეწოლას სუვერენულ ქვეყნებზე. მისი ტონი შეიცვალა მხოლოდ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ. ხოლო დასავლეთის ასეთი ტონით მხილება მან მხოლოდ უელსის სამიტის შემდეგ დაიწყო. მაინც რა მოხდა უელსის სამიტზე? რა გადაწყდა? სად გადის ახლა ,,წითელი ხაზები""? რას მოუტანს საქართველოს ჩვენი ვაი-პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებები მაპ-ზე და საზოგადოდ ნატოს თემაზე? ამ კითხვებს მომავალ წერილებში განვიხილავ.

პეტრე მამრაძე, 10 ოქტომბერი, 2014 წელი