ახია თქვენზე! - კვირის პალიტრა

ახია თქვენზე!

პარლამენტის თავმჯდომარეს და/ან პარლამენტის წევრ ქოცებს, ან იმხანად ბიძინა მარგველაშვილად წოდებულ ,,ხათრით არჩეულ" ,,პლასტილინ"" პრეზიდენტს მაშინვე რომ ეთქვათ ღარიბაშვილისთვის, რომ თუ ის სასწრაფოდ არ მიღებდა კანონიერ ზომებს, ისინი საჯარო განცხადებებს გააკეთებდნენ, შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას, გამოითხოვდნენ ვიდეომასალას და ა.შ., ღარიბაშვილი უკან დაიხევდა და ქვეყანას ასცდებოდა ის სირცხვილი და ზიანი, რომელიც სტრიპტიზმერის ინფორმაციის დადასტურებას მოჰყვა

,,ახია ჩვენზე, რომ საერთოდ იმ საკითხზე, რომელიც შეეხება პოლიციის საქმიანობას, მოსმენას და ფარულ მიყურადებას, ორი წლის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ რამეზე ვალაპარაკებთ!"" განაცხადა დავით უსუფაშვილმა 30 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას.

უსუფაშვილი მართალია! ახია მასზე და საერთოდ ყველაზე, ვინც პარლამენტარის მიერ დადებული ფიცის ან მთავრობის წევრის მოვალეობის აღსრულების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, ხმას არ იღებდა და არაფერს აკეთებდა ამ ორი წლის განმავლობაში ვითარების გამოსასწორებლად. ახია მათზე ბევრი სამარცხვინო რამ და, რაც მთავარია ის, რომ მათ მიმართ ხალხის დიდი ნაწილის ნდობა და პატივისცემა (ისიც ივანიშვილის ხათრით) საპირისპირო გრძნობებით შეიცვალა ამ მოკლე დროში.

განგაში ზუსტად ერთი წლის წინათ, 2013 წლის დეკემბერში ავტეხე, როდესაც მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ უკანონოდ გაიყვანა ციხიდან ვანო მერაბიშვილი და ქოცებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ, მაგრამ ხელს აფარებდნენ დანაშაულს და ამით პოლიტიკურად დევნილის იმიჯს უქმნიდნენ სააკაშვილის სადისტური სისტემის ხერხემალს. ამ სკანდალიდან სულ რამდენიმე დღეში სტრიპტიზმერმა უგულავამ ამხილა ფარცხალაძე იმაში, რომ ის გერმანიაში ყოფილა გასამართლებული ყაჩაღური ქურდობისათვის. მაშინ ვწერდი (იხ. ბლოგზე შარშან დეკემბერში განთავსებული წერილები), რომ ქოცების რეაქცია კლინიკურ იდიოტიზმს უახლოვდებოდა; აღვნიშნავდი, რომ ქოცების ლიდერებს შორის თუნდაც ერთ კაცს რომ გამოეჩინა პრინციპულობა, ღარიბაშვილი და მისი მორჩილი ,,ვერტიკალი"" ვერ მიიღებდნენ მთავარი პროკურორის დანაშაულის დაფარვის ასევე დანაშაულებრივ და ქვეყნისათვის უაღრესად საზიანო გადაწყვეტილებას.

პარლამენტის თავმჯდომარეს და/ან პარლამენტის წევრ ქოცებს, ან იმხანად ბიძინა მარგველაშვილად წოდებულ ,,ხათრით არჩეულ" ,,პლასტილინ"" პრეზიდენტს მაშინვე რომ ეთქვათ ღარიბაშვილისთვის, რომ თუ ის სასწრაფოდ არ მიღებდა კანონიერ ზომებს, ისინი საჯარო განცხადებებს გააკეთებდნენ, შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას, გამოითხოვდნენ ვიდეომასალას და ა.შ., ღარიბაშვილი უკან დაიხევდა და ქვეყანას ასცდებოდა ის სირცხვილი და ზიანი, რომელიც სტრიპტიზმერის ინფორმაციის დადასტურებას მოჰყვა. უფრო მეტიც - უგულავას განცხადებამდე ფარცხალაძე უკვე მოხსნილი და გამოძიების ქვეშ მყოფი პირი იქნებოდა. ქოცების ლიდერებს კი კოალიციის შიგნით გამოჩენილი პრინციპულობის შედეგად საჯარო განცხადებების გაკეთება აღარც მოუწევდათ და ყველაფერი უსკანდალოდ ჩაივლიდა.

მაგრამ ქოცები ფარცხალაძის სამარცხვინო სკანდალმაც ვერ გამოაფხიზლა და არც მერე ამოუღიათ ხმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ წარმოადგინეს ინფორმაცია ქვეყანაში მზარდი ნეპოტიზმის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. ,,რემენას ტესტი"" რად ღირს? ამა წლის ივლისში ქოცებმა ,,იქამდისა მიუშვეს მტერი"", რომ ირმა ნადირაშვილი ალაპარაკეს იმაზე, რომ უკრაინის შსს-მ განახორციელა ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის ექსტრადირება და ის კიევის აეროპორტ ბორისპოლიდან თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, მაგრამ აეროპორტში მისულმა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აუკრძალეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს რემენას დაპატიმრება და ისე გაიყვანეს ის აეროპორტიდან, რომ მის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც კი არ არის დაფიქსირებული. ირმა ნადირაშვილის ინფორმაცია ისევე, როგორც სტრიპტიზმერის ინფორმაცია ფარცხალაძეზე, დოკუმენტურად იყო გამაგრებული, მაგრამ ქოცების ლიდერებმა ისევ დუმილი ამჯობინეს და ყველაფერს ,,არასერიოზული"" უწოდეს. არადა, უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი პირების მიერ საკუთარი მოვალეობის არშესრულება და დადებული ფიცის გატეხვა დიდი დანაშაულია და ეს ,,სერიოზულზე მეტია"".

რა ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში და რა შეიცვალა ახლახან - ალასანიასა და მისი თანაგუნდელების მთავრობიდან და კოალიციიდან გასვლის შემდეგ? რატომ გაჩნდა დაუმორჩილებლობის კერები ალასანიასა და მისი ჯგუფის, რესპუბლიკელების და პლასტელინი-პრეზიდენტის სახით?

თავდაპირველად ივანიშვილის რეიტინგი იმდენად მაღალი იყო, რომ დღეს უკვე ღიად ურჩ ქოცებს მიაჩნდათ, რომ იოტისოდენა დაუმორჩილებლობაც კი საბედისწერო იქნებოდა მათთვის: ხალხი, რომელსაც ისინი ისედაც გულზე არ ეხატებოდნენ და რომელმაც მხოლოდ ივანიშვილის ხათრით მისცა მათ ხმა, ღალატად ჩაუთვლიდა მათ ასეთ საქციელს; ღარიბაშვილი (რომელიც ქოცებისათვის არის ,,ივანიშვილი დღეს"") და რომელიც ისედაც არ ენდობოდა მათ, აგრეთვე მოღალატეებად მიიჩნევდა მათ. ამის შემდეგ კი ისინი მოწყდებოდნენ ივანიშვილის რესურს, ბორტს მიღმა აღმოჩნდებოდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და პარლამენტშიც ვეღარ შევიდოდნენ, ვინაიდან საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური რესურსებით ამას ვერ შეძლებდნენ. ამის გამო ითმენდნენ ღარიბაშვილისადმი სრულ მორჩილებას მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ: ,,ოცნების"" პოპულარობა ხალხში სულ უფრო ეცემოდა და გამოდიოდა, რომ ნელ-ნელა ღარიბაშვილს მიჰყვებოდნენ პოლიტიკურ საფლავში. განსაკუთრებით მწარე კი მათთვის დასავლეთის მზარდი სკეპტიციზმი იყო ,,ოცნების"" მმართველობის მიმართ და ამ კონტექსტში მშობლიური ენგეოების ნდობის დაკარგვა. დასავლეთში უკვე კლიშედ ჩამოყალიბდა აზრი, რომ ღარიბაშვილი ,,არ არის გადაწყვეტილების მიმღები"" პირი, რომ ქვეყანას ისევ ივანიშვილი მართავს და რომ ,,ოცნება"" მრავალ შეცდომას უშვებს. დასავლეთის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს ასეთი ქოცები ყოველთვის ცდილობდნენ მაქსიმალურ დისტანცირებას ღარიბაშვილისა და მისი გუნდისაგან. ,,დასავლეთთან ურთიერთობაში თქვენი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რომელიმე ფორუმზე ჩასული გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი ან ნებისმიერი სხვა, თუნდაც ერთი ადამიანი, გაცილებით უფრო დამაჯერებლად და ძლიერად გამოდის და ასაბუთებს თავის პოზიციას, ვიდრე ,,ოცნების"" მთელი დელეგაცია, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ კურიოზულად გამოიყურება"", გულისწყრომით მითხრა ერთმა დასავლეთელმა დიპლომატმა, რომელმაც შესანიშნავად იცის რა დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილს თავის თანამზრახველებთან ერთად. მე ავუხსენი, რომ კოალიცია ,,ოცნება"" არის ძალზე ეკლექტური წარმონაქმნი და კოალიციის ბევრ წევრს არავითარი სურვილი არ აქვს დაიცვას კოალიციის სხვა წევრები, რომლებსაც ისინი მომავალ კონკურენტებად განიხილავენ და რომელთა მოქმედებას ხშირად თვითონ დიდ შეცდომად მიიჩნევენ, თუმცა ვერ ეწინააღმდეგებიან.

"ცდილობენ, რომ გუნდი გახლიჩონ, მაგრამ სანამ მე პოლიტიკაში ვარ, ვინც არ უნდა გადახტეს და საითაც არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება, საკუთარ თავს დაიზიანებენ მხოლოდ. გარწმუნებთ, რომ მე აბსოლუტურად დალაგებულ გუნდს დავტოვებ და ვინც გადახტება, საკუთარ კისერს მოიტეხს მხოლოდ", - განაცხადა ივანიშვილმა 2013 წლის მაისში ალასანიას გარშემო მაშინ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით.

ივანიშვილის ფორმულირება რომ გამოვიყენოთ, კოალიციის ზოგიერთი წევრი უწყვეტ რეჟიმში ცდილობდა და დღესაც ცდილობს მიხვდეს, რა ჯობია მისთვის: გადახტეს თუ დარჩეს. ვითარებაში სწორად გარკვევისათვის უნდა გავითვალიწინოთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დღეს არ მოიძებნებიან პოლიტიკური მრწამსის და პრინციპების მქონე ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარკვეული მსხვერპლი გაიღონ და დაიცვან ეს პრინციპები, თუნდაც ეს მათი კეთილდღეობისა და კარიერისათვის საზიანო იყოს. ჩვენ საქმე გვაქვს ოპორტუნისტებთან და კონიუნქტურისტებთან, ადამიანებთან, რომლებსაც კულტურის და განათლების დონეებში გარკვეული სხვაობისაგან განურჩევლად აერთიანებთ ერთადერთი მრწამსი, რომ მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, ხოლო მიზანი ერთია - პირადი კეთილდღეობა, ანუ რაც შეიძლება მეტი ფული, ქონება, მაღალი თანამდებობა და ა.შ. მათ წინაშე ახლა რთული ამოცანა დგას, ვინაიდან იმის განსაზღვრა, რომ უკვე სარფიანია კოალიციიდან გადახტომა (რადგანაც ასეთი ნახტომი, დროებითი დისკომფორტის შემდეგ, სამომავლოდ მომგებიანი აღმოჩნდება), თუ სჯობს კოალიციაში დარჩენა და ღარიბაშვილთან და სწრაფად მზარდ ლექსო ჭიკაიძესთან ერთად პოლიტიკურ საფლავში ჩასვლა და დასავლეთის და არასამთავრობო ორგანიზაციების პატივისცემის დაკარგვა იმ იმედით, რომ 2016 წელს ივანიშვილის გუნდს მაინც არ ეყოლება კონკურენტი საპარლამენტო არჩევნებზე, მართლაც რთულია. ალასანიამ ამასობაში იმდენი იხტუნავა, რომ ბოლოს გადავარდა კოალიციიდან. ის არ გადამხტარა და არც გადაუგდიათ კოალიციის კალათიდან, ის სწორედ რომ გადავარდა ცელქი ხტუნაობის დროს და დაკვირებული ადამიანისთვის ამის დასტურად თუნდაც ის არის საკმარისი, როგორ გამოიყურებოდა და ლაპარაკობდა ,,მიჯირყვნილი"" ალასანია (ასეთი შეფასება გამოჩნდა პრესაში) ივანიშვილთან ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ...

საინტერესოა რესპუბლიკელების პოზიცია. მათ გაბედეს ღარიბაშვილის კრიტიკა. ეს დიდი გარღვევაა უდავოდ. გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

"ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩემი დევიზია- ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების და წინსვლის საწინდარი.

მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი", "მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება- რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსახვავებით, მეც, თქვენთან ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა ქვეყანამ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად. მე მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ- ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან კარგად ვიცი თქვენი მძიმე სამუშაო და მე ამას ვაფასებ", განაცხადა ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს. წლების წინათ უცხოელი პოლიტოლოგები აღნიშნავდნენ, რომ პოსტსაბჭოური სივრცის ე.წ. ,,ყალბ სახელმწიფოებში"" (მაგალითებად სწორედ საქართველო და მოლდოვა მოჰყავდათ), ძალაუფლების მყრობელი დაჯგუფება იყენებს პოლიციას, სპეცსამსახურებს, პროკურატურას და საზოგადოდ ძალოვანებს არა კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, არამედ როგორც დიდ კეტს, რომელსაც თავში ურტყამს ყველა ჯურის პოლიტიკურ კონკურენტს და რომლის მეშვეობით იმტკიცებს თავის ძალაუფლებას. ღარიბაშვილს აშკარად გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი პირადი ძალაუფლების სიმტკიცე და ქვეყნის ძლიერება ერთი და იგივეა, ხოლო პირადი ძალაუფლების გარანტია ძალოვანი სტრუქტურებია, რომლებიც დაკომპლექტებულია პირადი ერთგულება-მორჩილების ნიშნით და იმ პრინციპით, რომ ,,ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის"". თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ეს შესანიშნავად იციან და ძალოვანებს სწორედ ღარიბაშვილის პირადი ძალაუფლების და, მათ შორის, მათი გაკონტროლების საშუალებად აღიქვამენ. ახლა უსუფაშვილს მოვუსმინოთ:

"ძლიერი პოლიციიდან პირდაპირი გზა ძლიერ სახელმწიფომდე არ არსებობს, თუ ამ გზამ არ გაიარა ძლიერ მოქალაქეზე, ინსტიტუტებზე, ძლიერ კანონზე, ბიზნესსექტორზე, ძლიერ პარლამენტზე, მთავრობაზე, თვითმმართველობაზე... არ არის აქ ასე მარტივად საქმე, რომ ვიღაც სახელმწიფოს აშენებს და ვიღაც არ ფიქრობს ამ თემებზე", -განაცხადა უსუფაშვილმა ღარიბაშვილის გამოსვლიდან მეორე დღეს, 28 ნოემბერს. მან მაშინ ისიც თქვა, რომ შესაძლოა იფიქროს, რომ ხმა მისცე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს, რომელსაც არ ეთანხმება, "ოღონდ იმის სანაცვლოდ, რომ თითოეული თქვენგანი მპირდებით იმას, რომ ხმას აძლევთ ჩვენს მიერ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულებას. ვიწყებთ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაპირების შესასრულებლად, ამ სამართალდამცავი, ძალიან მნიშვნელოვანი უწყების გასამართად, რომ მოვაცილოთ მას ძველი გადმონაშთი, პრობლემები, რაც მოჰყვება მის რეპუტაციას და ჩავაყენოთ ის საზოგადოების სამსახურში". აი ასე, არჩევნებში გამარჯვებიდან 2 წლისა და 2 თვის შემდეგ ,,გაახსენდა"" უსუფაშვილს, რომ საარჩევნო პროგრამაში ,,ოცნება"" პირდებოდა ხალხს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ შექმნილი მონსტრი პოლიციური სისტემის დემონტაჟს და რეფორმირებას და არა ამ სისტემის თავის პირად ინტერესებზე მორგებას. იმავე გამოსვლაში უსუფაშვილმა მნიშვნელოვანი რამ თქვა:

"არის არგუმენტები, რომ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც ე.წ. გასაღები შსს-შია მოთავსებული. ყველას ვთხოვ, კარგად ჩახედოს, როგორია იმ ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები და შევადაროთ, რაც ჩვენ გვაქვს დღეს. სამწუხაროდ გვაქვს ის, რაც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვერგო. პოლონეთში შსს არჩევნებს ატარებს, საარჩევნო კომისიების როლს ასრულებს, თვითმმართველობებს განაგებს. იმ სამინისტროში არ არის დაზვერვის და კონტრდაზვერვის უწყებები. ჩვენთან ამჟამად შსს მხოლოდ უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული და პოლიციის და უშიშროების სამსახურების შერწყმით უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე უწყება შეიქმნა, რომელიც ფაქტობრივად არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობდით, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადარქმა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში; საჭიროა პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა. აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოს უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, ფორმით, ოპტიმალური კვალიფიციური თანამშრომლებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს, სახელწიფოს უმაღლესი პირის წარდგინებით. შსს-ს დებულებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ არის მიღებული, შსს არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასამხედროებული სამართალადამცავი დაწესებულებების სისტემა. თუ მეტყვით, რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი შსს, მაშინ გავჩერდები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და მის ამ განცხადებებში მკაფიოდ და მკვეთრად არის განმარტებული ის დანაშაული ხალხის წინაშე, რომელიც მან და ქოცების სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა ჩაიდინეს ამ ორი წლის განმავლობაში.

თავისუფალი დემოკრატების მთავრობიდან და კოალიციიდან გასვლა, პამპულა-პლასტილინი პრეზიდენტის ვეტობანა, კოალიციაში გაჩენილი ბზარები - ეს ყველაფერი უდავოდ დადებითი ძვრებია საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების განვითარებისათვის. მართალია მოქმედ პირებს არაფერი აინტერესებთ პირადი კეთილდღეობის გარდა, მაგრამ მათი კონკურენცია აღმასრულებელ ვერტიკალთან და ერთმანეთთან, ასუსტებს ძალაუფლების მონოპოლიას და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ძალაუფლების მონოპოლიას მხოლოდ სტაგნაცია და ეკონომიკის და მთლიანად ქვეყნის პარალიზება მოჰყვება. მითქვამს და გავიმეორებ: სახელმწიფოს მართვის მცდელობა ისე, თითქოს ეს სახელმწიფო კი არა, სააქციო საზოგადოებაა, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტი მმართველს ჯიბეში უდევს, კრახისთვისაა განწირული.

დაბოლოს აღვნიშნავ, რომ ამ დღეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ და არ ფიქრობს აუცილებელ რეფორმებზე და ებღაუჭება სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მანკიერ სისტემას. ვგულისხმობ არა მარტო ძალოვან სტრუქტურებს, არამედ მთლიანად არსებულ სისტემას: ადგილობრივი თვითმართველობის გაკონტროლებას ცენტრისა და ძალოვანების მიერ, ნაცვლად მათი სრულყოფილად ამოქმედებისა; სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის დრომოჭმულ, პარაზიტულ ინსტიტუტს; 20 (!) მინისტრიანი მთავრობის შენარჩუნებას, მონოპოლიების არ გაუქმებას და მრავალ სხვა რამეს.

,,დღევანდელი საქართველო გაშეშებულია და დაბნეული, მას დაკარგული აქვს წარმოდგენა მოძრაობის მიმართულებაზე. ,,ამ მთავრობას არ გააჩნია რაიმე ცხადი იდეები, მას მხოლოდ ინტერესები აქვს"", ამბობს გია ხუხაშვილი, ბ-ნ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც მას შემდეგ მის კრიტიკოსად გარდაიქმნა"", წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ,,ეკონომისტი"" წერილში სათაურით ,,გადადებული ოცნებები"". ვფიქრობ ხუხაშვილმა კარგად იცის საგანი. შეგახსენებთ, რომ ა.წ. მარტში მან უაღრესად საინტერესო რამ თქვა: "ადრე – მეც, ახლა კი უჩა მამაცაშვილი ბიზნესში აგვარებს ისეთ თემებს, რომელიც სჯობს, რბილად – სამართალდამცველების გარეშე მოგვარდეს".

ჩვენი ბიოლოგიური გადარჩენისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენასა და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია სიღრმისეული რეფორმების სწრაფი და ეფექტიანი ჩატარება. ჩვენი ეროვნული ტრაგედია იმაში მდგომარებს, რომ არც ჩვენ საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ესმოდეს და კიდევაც შესწევდეს ამის განხორციელების ძალა.

პეტრე მამრაძე, 9 დეკემბერი, 2014 წელი