ნაძირლების თვითლუსტრაცია
23-12-2014
ნაძირლების თვითლუსტრაცია
"თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში."

"ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია"

"ყველა რუსი ჯარისკაცი მისთვის უკვე გათხრილ საფლავში იპოვიდა თავის კუთვნილ ადგილს… ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ,,ვასილიჩი"" ფულს სთავაზობდა გენერალ ბორისოვს, რომ რუსებს აეფეთქებინათ სტალინის ძეგლი გორში"

უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო,
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა. იმავე განცხადებაში ნათქვამია: ,,გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა,
რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან."
აი სრული ტექსტი იმ განცხადებისა, რომლის გამო დიდი აჟიოტაჟი ატყდა. თავდაცვის სამინისტრომ მართლაც დაუშვა შეცდომა და ამას ქვემოთ განვმარტავ, მაგრამ ამ გამცხადებამ მოახდინა პატრიოტიზმს ამოფარებული ნაძირალებისა და ე.წ. ,,სასარგებლო იდიოტების"" კიდევ ერთი ლუსტრაცია და ახლა ამას განვიხილავ.

,,რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ამაზე კომენტარიც არ არის საჭირო. ეს ხალხი ან საერთოდ უსისხლოა ან მართლა გადაჯიშებულია ბოლომდე, ან არეული აქვს რამსები იმიტომ, რომ რეალურად, ეს ქართველი ოფიცრები დღევანდელ ხელისუფლებას სინდისს წმენდს ," - განაცხადა სააკაშვილმა. ა.წ. 7 დეკემბერს კი მან განაცხადა, რომ ,,უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია". შეგახსენებთ, ეს ის სააკაშვილია, ვისზედაც წლების წინათ წერდა ლინკოლნ მიტჩელი, რომ პუტინის პროფესიონალი პირადი აგენტი ვერ შეასრულებდა პუტინის ყველა დავალებას საქართველოსთან დაკავშირებით, ვიდრე ეს სააკაშვილმა გააკეთა; ეს ის ჯიშიანი და სისხლსავსე სააკაშვილია, რომელმაც 2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ქართული ჯარი უკვე გაეცალა მტერს და აღარ უწევდა მას არავითარ წინააღმდეგობას, დავით ბაქრაძის პირით (თვითონ ბუნკერიდან გამოსვლა ვერ გაბედა) მიმართა მოსახლეობას: ,,ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა"". მკითხველებს მოვუწოდებ შეაფასონ, თუ რა დონის დანაშაული და პროვოკაცია განახორციელა ამ მოწოდებით მთავარსარდალმა სააკაშვილმა საკუთარი ერის მიმართ, მაშინ როცა ჯარისათვის ბრძანების გაცემას ვეღარ ბედავდა. იმაზეც დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, ერთი ადამიანი მაინც რომ აჰყოლოდა სააკაშვილის ამ ბინძურ პროვოკაციას. ამ განცხადებიდან 24 საათი არ იყო გასული, რომ გორში სამარცხვინოდ გაიქცა ფსიქოპატი-მთავარსარდალი და მუხლებზე ხოხავდა მთელი მსოფლიოს დასანახად. აქვე შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველმა დაგ ბენდოუმ დაასწრო თავდაცვის სამინისტროს და წლების წინათ სააკაშვილის რეჟიმს ,,უპასუხისმგებლო ავტორიტარიზმი"" უწოდა, თვითონ სააკაშვილი კი ,,იდიოტ ბავშვს"" შეადარა, რომლისთვისაც ნატოს ,,მაპის"" მიცემა იდიოტი ბავშვისათვის ტყვიამფრქვევის ჩაბარების ტოლფასი იქნებოდა.

,, ... პუწინის მონების მთავრობა. მხდალი არამზადა, რომელიც შუშის სახლში აზის მილიარდებს, ისეთივე მარიონეტია პუწინის, როგორც ეს მხდალი არამზადები არიან მისი მარიონეტები. და ამ ყველაფრის შემხედვარეს მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატრიოტს, არ მაქვს სრული უფლება, ამ, რუსეთის საქართველოში შემომძღოლებს, კიდევ ერთხელ შევძახო - სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!"- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გივი თარგამაძე. ეს ის ,,ვასილიჩია"", რომელიც 2008 წლის ზაფხულში ტელევიზიით დიდსულოვნად აფრთხილებდა რუსი ჯარიკაცების დედებს, რომ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ყველა რუსი ჯარისკაცი მისთვის უკვე გათხრილ საფლავში იპოვიდა თავის კუთვნილ ადგილს. შემდეგ კი, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ,,ვასილიჩი"" ფულს სთავაზობდა გენერალ ბორისოვს, რომ რუსებს აეფეთქებინათ სტალინის ძეგლი გორში; ეს ის ,,ვასილიჩია"" ე.წ. კანონიერ ქურდებს უკრაინაში დავალებებს რომ ურიგებდა ტიმოშენკოს არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ მკითხველი შეხსენების გარეშეც გაიხსენებს ,,პატრიოტი"" ვასილიჩის სხვა გმირობებს.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მახსენდება არც ერთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერდა ასეთ უსინდისო განცხადებას. მე არ მახსენდება არც ერთი მთავრობა, რომელიც ასე ღიად გამოხატავდა საქართველოს მტრების ინტერესს და რომელიც ასე ღიად ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი პატრიოტის გრძნობას, მათ შორის ფეხს დააბიჯებდა ყველა ქართველი ოფიცრის და რიგითის ემოციას, რომელიც ქართველ პატრიოტებს აქვთ სისხლში. დღევანდელი განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოს არ ჰყავს თავის მთავრობა და საქართველოს მთავრობა არის მონა საქართველოს მთავარი მტრის, ვლადიმერ პუტინის", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა, რომლის ,,გმირული"" საქციელი გორში 2008 წლის აგვისტიოს დღეებში გორელებს კარგად ახსოვთ და რომელზედაც სააკაშვილმა წლების წინათ საჯაროდ განაცხადა, რომ სურს, რომ გოკას გამოსვლების სრული კრებული გამოიცეს.

"რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მე მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, უფრო სწორად ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე, სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ", - განაცხადა ბოკერიამ. ბოკერიას ,,პატრიოტიზმი"" და მისი მხრიდან საქართველოს ინტერესების გამოხატვა საყოველთაოდ ცნობილია. მაინც შეგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს: ,,გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე (ანუ დაახლოებით 2007 წლის მართში, პ.მ.). მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რისი გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა . მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იმ სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა"", ასე გაიხსენა ივანიშვილმა ბოკერიას ავანტიურისტული გეგმები 2011 წლის შემოდგომაზე თავის ცნობილ ღია წერილში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება კოალიცია ოცნების წევრებმაც გააკრიტიკეს. მათ შორის ისეთებმა, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში თავის მოქმედებით იმას ამტკიცებდა, რომ მათვის მთავარი მიზანი იყო არა საკუთარი საარჩევნო პროგრამის და ხალხისათვის მიცემული დაპირებების შესრულება, არამედ, როგორც დავით უსუფაშვილმა ერთხელ თქვა, მათ მიზანს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა წარმოადგენდა. ბოლოს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაუშვა შეცდომა და ბოდიში უნდა მოიხადოს.

რა არ უწოდეს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ნაცებმა და განაცებულმა ქოცებმა: სამარცხვინო, შეუარცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი და ა.შ., მაგრამ მე მგონი არავინ განმარტა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ ,,ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას"" და ა.შ. არც თავდაცვის სამინისტროს შეცდომების არსზე უსაუბრია ვინმეს.
შეცდომა კი ის არის, რომ თავდაცვის სამინისტრომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა კონკრეტულად ერთი პიროვნების დაღუპვა. არადა ნამდვილად არსებობს იმის ალბათობა, რომ ცალკეული ადამიანი, რომელიც არ უჭერს მხარს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს და რომლისთვისაც მათ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს, მაინც თავისი პირადი მოტივაციით წავიდეს და იბრძოლოს უკრაინაში ან სხვაგან.
ამიტომ ცალკეული ადამიანის დაღუპვაზე წინა ხელისუფლებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის სწორი. უფრო მეტიც, ის შეიძლება მართლაც შეურაცხმყოფელი იყოს დაღუპულის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის. აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის მიერ 2008 წელს განხპრციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ ბევრ ქართველ ჯარისკაცს და ოფიცერს მკვეთრად უარყოფითი გრძნობები გაუჩნდა პსიქოპათი მთავარსარდლისა და მისი რეჟიმის მიმართ.

მეორე დიდი შეცდომა ის არის, რომ თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს დეპოლიტიზებული ინსტიტუტი და არ უნდა აკისრებდეს პასუხისმგებლობას რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რაოდენ დესტრუქციული და ანტიეროვნული არ უნდა იყოს ეს ძალა. ამასთან ერთად განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრი არ იცნობდა გახმაურებული განცხადების შინაარს, სრულიად სამარცხვინოა. მთელმა საზოგადოება მოწმეა იმისა, რომ პრემიერს და თავდაცვის სამინისტროს რეაგირებისათვის საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ ღარიბაშვილმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც აჟიოტაჟმა კულმინაციას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ ქოცებში არავინ მოიძებნებოდა, ვინც ამ განცხადებას ღიად დაიცავდა.

ასე რომ კარგი საქმეც გაკეთდა: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,პატრიოტიზმი"" ნაძირალების ბოლო თავშესაფარია; შედგა ნაძირალების დამატებითი ლუსტრაცია: მკვეთრად გამოვლინდა ქოცებში სადღეისოდ არსებული ძალთა თანაფარდობა. ყველაფერი ეს ეხმარება ჩვენს ამომრჩევლეს უკეთ გაერკვეს იმაში, თუ რასთან გვაქვს საქმე.

პეტრე მამრაძე





გიორგი
05 იანვარი 2015 13:51
ბატონი პეტრე არის ერთერთი ყველაზე ძლიერი, გამჭრიახი და გამოცდილი ანალიტიკოსი საქართველოში. ის, ასევე, არის ერთერთი ყველაზე ღიად მოსაუბრე ადამიანი. მისი წერილების ასე შეფასება ავტორების უცოდინარობაზე ან ანგაჟირებულებაზე მიუთიყყებს მხოლოდ.

პ.ს. ბატონო პეტრე, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მოსწავლე. ჩემი დიდი სურვილია ვიყო თვენი დონის ანალიტიკოსი.
საქართველოს ესეთები ძლიერ აკლია.
ნუგზარი
03 იანვარი 2015 13:03
ბატონო პეტრე!თქვენ ალბათ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ!
ნუგზარ
28 დეკემბერი 2014 21:59
სულ გამოაშტერა ბოღმამ და სიძულვილმა ეს უბედური

რედაქტორის რჩევით