სისტემის კრახი და მოჯადოებული წრე
27-01-2015
სისტემის კრახი და მოჯადოებული წრე
,,ის, რაც დღეს ხდება, "მხედრიონის" დროს ხდებოდა" - ცნობილი უფლებადამცველის ლია მუხაშავრიას მიერ 2014 წლის 10 ნოემბერს ნათქვამი ეს ფრაზა გამახსენდა მაშინ, როდესაც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ამბავი გავიგე. ქალბატონმა ლიამ ეს თქვა ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი სატელევიზიო გამოსვლის იმ ნაწილის შეფასებისას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფით "საიდუმლო" საქმეს ეხებოდა.

აი ფრაგმენტები ქალბატონი ლიას ინტერვიუდან:
"მხედრიონის" დროს ხდებოდა ეს, როდესაც ჯაბა იოსელიანი მართავდა ყველას და ყველაფერს, ისე, რომ არც კონსტიტუციით და არც
კანონმდებლობით, მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ის არ იყო არჩეული და მანდატის მქონე პირი"
"ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ზის თავის შუშის სასახლეში და მართავს მთელს მთავრობას, თავის - პროკურატურიან-გამომძიებლებიანად, მათთვის ეს ცხადი გახდა".
"თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა გაარკვია და ეს
კარგია, ამის შედეგად, სათანადო დასკვნებიც უნდა გააკეთონ, რომ არ შეიძლება ყველაფერი მართოს ადამიანმა, რომელიც გასულია კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან. ის ერთი კერძო პირია, თუმცა სინამდვილეში ყველა და ყველაფერია.
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე არ არის გამოძიება. ეს ევროსასამართლომ თავის დადგენილებებში აღნიშნა. ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს თუ ხდება ღარიბაშვილის დროს, განსხვავება დიდი არ არის, რადგან სისტემა იგივეა და ეს ძალიან საშიშია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, იმ სახელმწიფოში არ ლაპარაკობენ არც დემოკრატიაზე, არც დემოკრატიულ პროცესებზე და არც მსართლმსაჯულებაზე. ასეთ ქვეყნებში ლაპარაკობენ ავტორიტარულ რეჟიმზე" (ციტატის დასასრული).

ახლა ბატონ გია ხუხაშვილს მოვუსმინოთ. მისი აზრები იმით არის საინტერესო, რომ იგი თავიდანვე ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანი და მისი მრჩეველი იყო. მოქმედი სისტემის არსიც კარგად შეისწავლა - გავიხსენოთ თუნდაც მისი მონაყოლი იმაზე, უჩა მამაცაშვილთან ერთად, როგორ აგვარებდა ახალი ხელისუფლების ურთიერთობას ბიზნესმენებთან.

"რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სისტემამ მოახერხა და გარკვეულწილად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. სისტემით გაჯერდა მთლიანად და დღეს ის სისტემა მართავს და არა ის ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ. ზოგჯერ იძიებს ის პროკურორი, რომელიც თავად შეიძლება იყოს საქმის ფიგურანტი, ასეთ აბსურდათანაც გვაქვს ხოლმე საქმე. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება. სისტემური და რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა 23 იანვარს ,,იმედის"" ეთერში და დასძინა, რომ სისტემის ლუსტრირება უნდა მოხდეს და მისგან გაწმენდა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, ჩემი აზრით. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ხვალ და ზეგ რა გველოდება კიდევ, ჩვენ არ ვიცით. სამწუხაროდ, ისეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, რომ ველოდები, ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მინდა დავაზუსტო: სისტემამ კი არ აიყვანა ქოცების ხელისუფლება მძევლად, არამედ თვითონ ქოცებმა - ,,ჩვენმა მეგობრებმა, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ", რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე დედას აგინებდნენ საერთო ,,მეგობრებს" ერთმანეთთან სატელეფო საუბრებისას (ბატონ გიას ეს კარგად უნდა ახსოვდეს), დიდი ენთუზიაზმით მოირგეს და შეირგეს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის სისტემა. მათი მოქმედება 2012 წლის არჩევნებიდან გასული ორი წლის განმავლობაში ასაბუთებს იმას, რომ რეჟიმის დამარცხება და ძალაუფლებაში მოსვლა ძალზე ბევრ მათგანს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის და ამბიციების დაკმაყოფილებისათვის უნდოდა. ხსენებული სისტემა კი ამას შესანიშნავად უზრუნველყოფს.

ახლა სიტყვას ირაკლი ალასანიას გადავცემ:
"ახლა ნიშვნელოვანია სისტემური ცვლილება. მთავარია შეირჩეს სწორი სისტემა კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის და ეს იყოს ღია სისტემა. ეს ფილოსოფიაა შესაცვლელი და არა ერთი ჭიკაიძის გაშვება. ეს ვერაფერს შეცვლის. მოვა სხვა, რომელიც იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში... სამწუხაროსდ უნდა გითხრათ, რომ რეგიონებში დავდივარ და ყველგან მთავარი პრობლემა, რომელიც ხალხს აქვს, არის ის, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუ ეს არ შეათანხმა ადგილობრივი სუსის აწარმომადგენელთან. ეს არის სირცხვილი. ეს არ არის ის სისტემა, რისთვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ 23 იანვარს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში".

სუსის (ანუ უშიშროების სააგენტოს) მეშვეობით არა მარტო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, არამედ ქვეყნის პარლამენტიც იმართებოდა. ასეთი სამარცხვინო რამ შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფმა ქოცებმა - პარლამენტარებმა და მინისტრებმა, ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,რესპუბლიკელების" ჩათვლით, ფიცი გატეხეს და არ შეასრულეს თავისი მოვალეობა. ეს არამარტო დიდი სირცხვილია, არამედ დანაშაულიც არის. გავიხსენოთ, როგორ იცავდნენ ქოცები მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, თუმცა იცოდნენ, რომ მან უკანონოდ გაიყვანა მერაბიშვილი ციხიდან და გასამართლებული იყო გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისათვის; გავიხსენოთ ე.წ. ,,ტრაქტორების"" სამარცხვინო საქმე; ,,რემენას"" თბილისში ჩამოყვანა - გაპარება და ძალზე ბევრი სხვა რამ, რაზედაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ევალებოდათ პრინციპული და საჯარო რეაგირება.

ახლა შევადაროთ ხუხაშვილის ზემოთ ციტირებული აზრი იმას, რასაც ხუხაშვილი ერთი წლის წინათ, 2014 წლის 6 იანვარში წერდა:
,,მას შემდეგ, რაც ივანიშვილმაც დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას. მით უმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე".
ერთი წლის წინათ, ხუხაშვილის ამ აზრის კომენტირებისას აღვნიშნავდი, რომ ხელისუფლებაში მოსული ქოცები არც ნელ-ნელა და არც ჩქარა არ შეუსაბამებენ ყველაფერს კონსტიტუციას, ვინაიდან ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად. ასეთ დროს კი, ძალაუფლების მპყრობელნი არასოდეს არ ზრუნავენ საკუთრი ძალაუფლების შეკვეცაზე და მის კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევაზე.

,,ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თვითონ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას", განაგრძობს ხუხაშვილი იგივე წერილში.
ვაი, რომ ეს აზრიც აბსურდულია. პოლიტიკური ძალები და აღმასრულებელი ხელისუფლება თვითონ არასოდეს არ გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, კომპეტენციის ზღვარს, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ აიძულებს მათ ეს გააკეთონ! ხაზს ვუსვამ, კი არ სთხოვს, კი არ შეახსენებს ან მიუთითებს, არამედ აიძულებს! სხვა შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი პიროვნებათა ჯგუფი არა თუ დარჩება ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში, არამედ მთელ ქვეყანას ბნელეთში მოაქცევს და სულ მალე მხოლოდ გმირები თუ გაბედავენ საჭირბოროტო თემების ,,აწევას". (ახლა და ქვემოთ ზუსტად ვციტირებ იმას, რაც ერთი წლის წინათ ბლოგზე გამოვაქვეყნე ხუხაშვილის ციტირებულ წერილთან დაკავშირებით).

ასევე, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მას-მედიის ჩათვლით, შეუძლია ბრძოლით დაუმტკიცოს ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებათა ჯგუფს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. თუ ჩვენ მოვიცდით, ან არასაკმარისად ვიბრძოლებთ, მაშინ ხელისუფლება ამას არასოდეს არ გააცნობიერებს. პირიქით - ძალაუფლების მპყრობელნი საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის სწორედ ბატონობა და ყველაფრის დაუსჯელად კეთების უფლება და არა პასუხისმგებლობა და მსახურება და მათი ასეთი მიდგომა ,,სახალხო ლეგიტიმაციას" ნაცლად საერთო-სახალხო ზიზღს და სიძულვილს შესძენს მათ. ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ გვაკლია.” (ციტატის დასასრული).
მინდა შევახსენო მკითხველს ის, რაც ბოლო წლის განმავლობაში ბევრჯერ მითქვამს: ქვეყნის მართვის მცდელობა ისე, თითქოს ეს სააქციო საზოგადოებაა, რომლის საკონტროლო პაკეტი ჯიბეში გიდევს, გარდაუვალი კრახით სრულდება. აქვე მინდა დავაზუსტო ქალბატონ ლია მუხაშავრიას აზრი. სისტემური მანკიერების თვალსაზრისით დღეს მართლაც ხდება ის, რაც ,,მხედრიონის"" დროს ხდებოდა. ისიც მართალია, რომ ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არის მას შორის რა ხდებოდა სააკაშვილის დროს და რა ხდება ახლა, უნებლიე მედროვე ღარიბაშვილის ფსევდოპრემიერობის პირობებში. მაგრამ სისტემური ანალიზისათვის ძალზე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჯაბა იოსელიანის სრული ანტიპოდი: ჯაბა იოსელიანი თვითონ გეგმავდა ყაჩაღურ თავდასხმებს და ტერორისტულ აქტებს, ივანიშვილი კი უდიდესი ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში და მას მხოლოდ კარგი უნდა ხალხისა და ქვეყნისათვის. 2012 წლის ზაფხულში მან დიდი წუხილით ისაუბრა იმაზე, რომ ერი ოცი წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე დადიოდა და აღნიშნა, რომ საჭირო იყო მოჯადოებული წრის გარღვევა და განვითარება. სამწუხაროდ, მანკიერი სისტემა არ უშვებს იმას, რომ კეთილი განზრახვები რეალობად იქცეს. ის დროა გავიხსენოთ ძველი სიბრძნე, რომ გზა ჯოჯოხეთისაკენ კეთილი განზრახვებითაა მოფენილი. ხოლო საზოგადოებაში ჯერაც არ გამოჩენილა ძალა, რომელსაც ძალუძს პროვინციალიზმის მიჯირყვნა და ამ წრის გარღვევა. საქართველოში არსებული ვითარების ყველა ასპექტი ასაბუთებს ამას და ცხადყოფს, რომ ერი განაგრძობს მანკიერ წრეზე სიარულს, ეს წრე კი ვიწროვდება.

პეტრე მამრაძე, 25 დეკემბერი, 2015 წელი
mitua
14 თებერვალი 2015 03:50
რა თქმა უნდა მთლიანობაში ისევ გეთანხმები....

არ ვიცი რუსეთში რამდენად გეგმაზომიერად მოხდა ეგ ყველაფერი, მაგრამ საქართველოში თავიდან ეგ პროცესები მთლიანად სტიქიურად დაიწყო .. .....

,,დღეს ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს - თავისთავად და სტიქიურად, თუ პირიქით, 1992 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გათვალა, რომ „ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო ხერხი კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის შექმნა იქნებოდა“.,,

აი მერე კი, ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ამბობ. მით უმეტეს რომ ქართველები ყველაფერში ერთობ მიჭიერი ხალხი ვართ(ავშიც და კარგშიც), შექმნილ ვითარება--გარემოებას ,,მოწინავეებმა,, ძალიან ჩქარა აუღეს ალღო და შემდგომ მოვლენები ზუსტად ისე გაგრძელდა როგორც ამბობ .
..ზუსტად იმ არეულობის პერიოდში განაახლა ატიური მოქმედება ისევ იმ ე.წ კალანურ სისტემამ რომელიც კომუნისტების მერე იმ არეულობის პერიოდში დროებით შეფერხებული იყო.

მოკლედ ............ მართალი ხარ!!
მაგრამ .... მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ......
ბერიტაშვილი მაინც აჯობებს .. პავლოვს!
ალექს
09 თებერვალი 2015 07:47
ფაქტიურად, ილუზორული აღმოჩნდა დემოკრატიზაციის ის იმედები, რაც ტრანზიტოლოგიური თეორიებიდან გამომდინარეობდა. რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ტ. გრეჰემი აღნიშნავს, რომ რუსეთში 1993 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეჟიმს არ შეიძლება ეწოდოს არც დემოკრატიული, არც ავტორიტარული, არც რეფორმატორული და არც რეაქციული. რუსეთის ახალ პოლიტიკურ სტრუქტურას გრეჰემი ოლიგარქულ-კლანურს უწოდებს. ამასთან იგი აღნიშნულ ცნებებს იყენებს არა ემოციური ან პოლიტიკური პოლემიკით განპირობებული განწყობიდან გამომდინარე, არამედ მეცნიერული კატეგორიების სახით.

გრეჰემი გამოყოფს რუსული კლანების შემდეგ ნიშნებს: 1) დაჯგუფება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის გარშემო; 2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარანტირებული მისაწვდომობა; 3) კონტროლი შეიარაღებულ ფორმირებებზე (სახელმწიფო ან კერძოზე). გრეჰემის აზრით, რუსეთის კლანური სისტემა ემყარება საერთო თვალსაზრისს სახელმწიფოს შესახებ, და კონტროლს სახელმწიფო ხელისუფლების ძირითად ინსტიტუტებსა და ეკონომიკურ პოტენციალზე. ეს კონტროლი, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი კლანის უპირატესობის შესანარჩუნებლად ან მოსაპოვებლად.

ყველა კლანს ახასიათებს დემოკრატიისადმი ინსტრუმენტალური დამოკიდებულება (ისინი ესწრაფვიან მის შენარჩუნებას არა პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ცდილობენ შეძლებისდაგვარად გამოიყენონ მისი პროცედურები (პირველ რიგში არჩევნები) საკუთარი ხელისუფლებისა და გავლენის განსამტკიცებლად.

ტრადიციული ტრანზიტოლოგიური კონცეფციების თანახმად, ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების დემონტაჟს უნდა მოჰყოლოდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. იგულისხმებოდა, რომ იგი „ცარიელ ადგილზე“ დაიწყებდა ჩამოყალიბებას, რადგანაც ტოტალიტარიზმის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ადგილზე „ვაკუუმი“ იყო შექმნილი. მაგრამ, როგორც დღეს აღნიშნავენ რიგი დასავლელი პოლიტოლოგები, ტოტალიტარიზმის კონცეფციის ავტორებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ „სამოქალაქო საზოგადოების“ ადგილზე არსებობდა არაოფიციალური ინსტიტუტები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ არც დასავლურ და არც აღმოსავლურ ცნობილ მოდელებს.

საჯაროდ არაფორმალური, მაგრამ შინაგანად მკაფიოდ სტრუქტურირებული ელიტური დაჯგუფებების წარმომადგენლები წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და შეიმუშავეს ურთიერთობათა რთული, ეფექტური და ფარული ქსელი. კომუნისტური რეჟიმების კრახის შემდეგ კი ამ ელიტური ჯგუფების წევრები უკვე საჯაროდ გამოვიდნენ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს საქმიანობა - ბიზნესის, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ჩათვლით.

დასახელებული ჯგუფები პრინციპულად განსხვავდებოდნენ დასავლეთელი პოლიტოლოგებისათვის ჩვეული „ზეწოლის ჯგუფების“, „ფრაქციების“ და „კოალიციებისაგან“, რადგანაც ისინი მრავალ სფეროში მოღვაწეობდნენ და არ იფარგლებოდნენ მხოლოდ პოლიტიკით. შესაბამისად, მათი გავლენაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ისინი შუამავლის როლს ასრულებდნენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, ასევე ბიუროკრატიასა და კერძო ბიზნესს შორის. ამ ფენომენის ანალიზისათვის მოუმზადებელმა დასავლეთელმა პოლიტოლოგებმა ვერ შეძლეს სწორად შეეფასებინათ მათი როლი.

დასავლეთელი ეკონომისტები და პოლიტოლოგები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით შექმნილი პერსპექტივების განხილვისას, ძირითადი აგენტის სახით ინდივიდს განიხილავდნენ. მაგრამ პოსტკომუნისტურ სინამდვილეში ასეთი აგენტის სახით გამოდიოდა არა ინდივიდი, არამედ კლანი. სამოქმედო გეგმას ირჩევდა არა ინდივიდი, არამედ ჯგუფი, რომელშიც ინდივიდები იყვნენ გაერთიანებულნი, ამგვარი სტრატეგიული კავშირის ფარგლებში მოქმედება საშუალებას აძლევდა მის წევრ ინდივიდებს გადარჩენილიყვნენ და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის მიეღწიათ გაურკვევლობის პირობებში.

კომუნისტური ხელისუფლების ნგრევისა და ტრადიციული ინსტიტუტების შესუსტების პირობებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კლანებმა ხელთ იგდეს ფართო უფლებამოსილებანი, რადგანაც არ აწყდებოდნენ თავისი საქმიანობის სერიოზულ შეზღუდვებს. ამ სიტუაციის სხვა შედეგი აღმოჩნდა ვითარება, როდესაც რესურსები და სახელისუფლო უფლებამოსილება ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სოციალურ სფეროში გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე მცირერიცხოვანი ჯგუფების ხელში მოექცა.

ამერიკელი ანთროპოლოგი ჟ. უედელი თავისი დაკვირვებების განზოგადოების შედეგად და გრეჰემის ნაშრომებზე დაყრდნობით პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს განსაზღვრავს როგორც „სახელმწიფო-კლანებს. მისი თქმით, სახელმწიფო-კლანში ცალკეული კლანები, რომელთაგან თითოეული მათგანი აკონტროლებს საკუთრებასა და რესურსებს, იმდენად მჭიდროდ იდენტიფიცირდება კონკრეტულ სამინისტროებსა ან ინსტიტუციონალურ სეგმენტებთან, რომ მათი მიზნები და მოღვაწეობა ზოგჯერ იდენტურად გვეჩვენება.

სახელმწიფო-კლანში კლანი და სახელმწიფო სუსტადაა ერთმანეთისგან გამიჯნული. ერთი და იგივე პირები შეადგენს კლანსაც და შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლებას. კლანის წევრები ერთდროულად არიან მოსამართლეებიც, ნაფიცი მსაჯულებიც და კანონმდებლებიც. სახელმწიფო-კლანს ძალზედ შეზღუდული პასუხისმგებლობა აქვს მათ წინაშე, რომლებიც მის შემადგენლობაში არ შედიან. ასეთი ადამიანების ბედისადმი იგი გულგრილია; სახელმწიფო-კლანში იმათი წარმომადგენლობის შესაძლებლობაც, რომელთაც კლანები აკონტროლებენ, ასევე ლიმიტირებულია. როგორც წესი ერთი კლანის გავლენა შეიძლება შეაკავოს ან შეკვეცოს მხოლოდ კონკურენტმა კლანმა, რადგანაც სასამართლო ორგანოები ხშირად პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობენ. კლანი თავის წარმომადგენლებს განალაგებს სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ თანამდებობებზე, სადაც მათთვის მისაწვდომი ხდება ის რესურსები, რაც აუცილებელია კლანის მიზნების მისაღწევად. ის ცვლის თავის წევრების პოზიციას ისე, როგორც ხელსაყრელია კლანისათვის.
საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში მიმდინარე პროცესების გააზრებას დემოკრატიული ტრანზიციის სხვადასხვა კონცეფციების საფუძველზე ცდილობენ. ამ თეორიის თანახმად, ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ესწრაფვიან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, რისთვისაც აუცილებელია რეფორმების განხორციელება.1 მაგრამ თანდათანობით ცხადი ხდებოდა რომ მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების ხელისუფალთა მიერ დეკლარირებული დემოკრატიისკენ სწრაფვისა რეალურად მიმდინარე პროცესები თავდაპირველ თეორიულ მოდელებს არ შეესაბამებოდა2.

დემოკრატიული ტრანზიტის არსებული თეორიები შექმნილია ლათინური ამერიკის და ევროპის რიგი ქვეყნების ისტორიული გამოცდილების საფუძველზე. საბჭოური სინამდვილე არათუ მისგან განსხვავდებოდა, არამედ აქ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებთანაც შედარებით მნიშვნელოვნად სპეციფიკური ვითარება იყო. კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი არსებობის შედეგად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განადგურდა საბაზრო ეკოსისტემა და ინფრასტრუქტურა, ლიკვიდირებული იყო საქმიანი ქცევის კოდები, რაც homo economicus-ისთვის არის დამახასიათებელი და რომლის საფუძველზეც იგი „ნორმალურად რეაგირებს“ ბაზრის სტიმულებზე“ ანუ ყოფილ საბჭოეთში ბაზრის ფუნქციონირების პირობები მთლიანად იყო განადგურებული.

როგორც რიგი დასავლელი მკვლევრები აღნიშნავენ, სწრაფი საბაზრო რეფორმები და „შოკური თერაპია“ მოუმზადებელ ნიადაგზე ხორციელდებოდა და, შესაბამისად, არ მოჰქონდა ის შედეგები, რასაც მისგან მოელოდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი მ. გოლდმანი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას იკვლევს, აღნიშნავს, რომ განსხვავებით პოლონეთისა და ლათინური ამერიკისაგან, სადაც შოკური თერაპია წარმატებით ჩატარდა, რუსეთში იგი ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: ჯერ აღდგენილიყო ბაზრის ინსტიტუციონალური და სხვა პირობები, შემდეგ კი გატარებულიყო თავად საბაზრო რეფორმები.

კულტურული ტრადიციებისა და ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას გარდუვალად მოსდევდა ეკონომიკის ნგრევა. გარდა ამის, კომუნისტური მმართველობის შვიდი ათწლეულის შემდე, მნიშვნელოვანი სახსრები გააჩნდათ მხოლოდ სხვადასხვა მაფიოზურ დაჯგუფებებს, ქარხნებისა და მაღაზიების „ჩრდილოვანი ბიზნესის“ მონაწილე ხელმძღვანელებს, პარტიულ-სახელმწიფო და მმართველობითი ელიტის წარმომადგენლებს, რომელთაც მოახერხეს ყოფილი სახელმწიფო და პარტიული ფულის მითვისება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში პრივატიზაცია დიდად უწყობდა ხელს უკანონობასა და კრიმინალიტეტს.

მ. გოლდმანი არ ეთანხმება შოკური თერაპიის მომხრეებს, რომ სიტუაცია თავისთავად გამოსწორდება და პრივატიზებული საწარმოების უუნარო ხელმძღვანელები განთავისუფლებულნი იქნებიან აქციონერთა მიერ ან იძულებულნი გახდებიან წავიდნენ ბაზრის ზეგავლენის შედეგად. მოვლენათა ამგვარად განვითარებისათვის აუცილებელია ქმედითი სამართლებრივი სისტემა, რომლის არარსებობაც იწვევს იმას, რომ „ქვეყანაში ჩამოყალიბებული ოლიგარქიების ევოლუცია უაღრესად ძნელად მიიმართება კონკურენციის დონის ამაღლების მიმართულებით“.

ყოფილ საბჭოეთში პრივატიზაციის სწრაფად ჩატარების მოთხოვნის წამოყენებისას დასავლეთი ხელმძღვანელობდა პრივატიზაციის აბსტრაქტული კონცეფციით, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა მოჰყოლოდა, მხედველობაში არ მიიღებოდა როგორც საკითხის ეთიკური მხარე, ისე პრივატიზაციის პროცესის ისტორიული გამოცდილება. ეს კი სრულიადაც არ იყო უმნიშვნელო.

ჯ. ჰოპკინსის უნივერსიტეტის აზიურ-კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ჩ. ფერბენკსი აღნიშნავ, რომ პრივატიზაცია ისტორიულად ყოველთვის იწვევდა ქაოსსა და სოციალურ კატაკლიზმებს. რუსეთში კი პრივატიზაციის თანმხლები გარდუვალი ქაოსი ემთხვეოდა დემოკრატიზაციას და ამიტომ პრივატიზაცია მთავარი მიზეზი აღმოჩნდა, რამაც დემოკრატიას ლეგიტიმურობა დააკარგვინა.

კანონზომიერებაა ისიც, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ახალი მმართველი კლასი კომუნისტური ნომენკლატურიდან გამოვიდა. ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან განუწყვეტელმა მოწოდებებმა დაჩქარებული რეფორმების თაობაზე შედეგად ის მოიტანა, რომ ახალმა ოლიგარქიამ თავის ხელში მოაქცია იმდენი ძალაუფლება და სიმდიდრე, რომ შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯ. კიეზა ამ დასკვნას რუსეთთან მიმართებაში აკეთებს. თუმცა, მისი განვრცობა მეტ-ნაკლებად შეიძლება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინამდვილეზეც.
როგორც ვხედავთ, დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში კლანური სახელმწიფოს კონცეფცია არა მარტო პოსტსაბჭოურ, არამედ ცენტრალური ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზეც ვრცელდება. ანუ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყველა ამ ქვეყანაში ვლინდება. გამონაკლისი, ცხადია, ვერ იქნებოდა საქართველოც. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კლანური სისტემის ფორმირება საქართველოში ინტენსიურად წარიმართა.

დღეს ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს - თავისთავად და სტიქიურად, თუ პირიქით, 1992 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გათვალა, რომ „ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო ხერხი კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის შექმნა იქნებოდა“. ასე იყო თუ ისე, კრედიტების მიღება და პრივატიზაციის პროცესში ჩართვა დიდი ცდუნება აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეებისათვის. ზოგმა კრედიტები გაიტანა და აღარ დააბრუნა, ზოგს ჩალისფასად ერგო უზარმაზარი საწარმოები, ზოგმა ამა თუ იმ ბიზნესის „სახურავობა“ მოიპოვა, ზოგმაც განსაკუთრებით „იყოჩაღა“ და ყველაფერი ერთად მოახერხა.

თუ კორუმპირებულ-კლანური სისტემის არსებობის ფაქტიდან გამოვალთ, მაშინ ილუზიურად შეიძლება მივიჩნიოთ იმედები, რომ სისტემის შიგნით რაღაც პოსტების დაკავებით, ანდა ანტიკორუფციული სტრუქტურების შექმნით შესაძლებელი იქნება მთელი სისტემის დემონტაჟი. ამგვარი სკეპტიკური პოზიციის დასტურად მიაჩნიათ არსებული ვითარება: კორუფციასაც და კლანებს სიტყვით ყველა ემიჯნება, ყველა ებრძვის, მაგრამ საქმე ამის იქით არ მიდის. პირიქით, კორუფციაც და კლანების ძალაც სულ უფრო იზრდება.

შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში სახელისუფლო კრიზისი სახეზე იყო. სახელმწიფო ჩინოვნიკები ერთმანეთს ბიზნესინტერესებში და ამა თუ იმ ოლიგარქების ლობირებაში ადანაშაულებდნენ. რა დგას ამ ბრძოლის უკან) მოდავეთა განცხადებით, ისინი „სამართლიანობის აღდგენისათვის“ იბრძვიან, მაგრამ ხელისუფლებაზე გულაცრუებული ჟურნალისტების აზრით კი, სახელისუფლო ორომტრიალი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო ქონების ხელახალი გადანაწილებისთვის ბრძოლა. მოკლე დროში ჩამოყალიბებული კლანებისგან თავის დაღწევა, მაგრამ ეს უკვე იოლი საქმე არაა. „კლანებზე შეტევა ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს“, - აღნიშნავს ზოგიერთი ანალიტიკოსი.

ზოგჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას იმასაც საყვედურობენ რა ამბავია კორუფციაზე ამდენი ლაპარაკი, სხვა ქვეყნებშიც არის მასშტაბური კორუფცია, მაგრამ მასზე ყურადღების გადატანით საკუთარი თავის დისკრედიტაციას არ ახდენსო, მაგრამ კორუფციაზე გაჩუმება აღარ გამოვიდოდა. საქართველოს არც „ტრანსპარენსი ინტერნეიშენელ“ მოეშვება და არც დონორი ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც დახმარების სანაცვლოდ დაჟინებით მოითხოვენ კორუფციის მასშტაბების შემცირებას.

კორუფციის დამარცხების გარეშე საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია და, საერთოდ, საფრთხის ქვეშ დგება ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობაც კი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი, ხშირ შემთხვევაში, მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, ანდა პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს ღებულობდა. არსებულ პოლიტეკონომიკურ ელიტას არ შეეძლო კორუფციაზე უარის თქმა, რადგანაც ეს მისი არსებობის წესი იყო.
ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, კლანური სახელმწიფოს პირობებში საკმაოდ დიდხანს მოუწევს ცხოვრება. ასეთი ბედი, ალბათ, ელით ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. სხვები შედარებით სწრაფად მოახერხებენ დასავლური ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას და დემოკრატიული სისტემის რეალურ დამკვიდრებას.

საქართველოში ვითარების თავისებურება ის იყო, რომ როგორც კლანური სისტემა, ისე მასთან დაპირისპირებული ძალები „რესურსების მწვავე ნაკლებობას“ განიცდიდნენ. დემოკრატიული ძალების სისუსტეზე თავისთავად მეტყველებდა ის გარემოება, რომ კლანური სისტემა რეალობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, კლანური სისტემის საქმიანობა ასოცირდებოდა „დემოკრატიასთან“ და, აქედან გამომდინარე, საზოგადოების თვალში აუფასურებდა დემოკრატიულ ღირებულებებს.

არანაკლებ, სუსტი იყო კორუმპირებულ-კლანური სისტემის პოზიციები. მისი მოღვაწეობის პირდაპირი შედეგი იყო ქვეყნის დანგრეული ეკონომიკა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღატაკება, მწირი და მაინც მუდმივად შეუსრულებელი ბიუჯეტი, როდესაც ვერ ხერხდებოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვისმ აუცილებელი ელემენტარული ხარჯების დაფინანსება. კორუმპირებულ-კლანურ სისტემას არ გააჩნდა იდეოლოგია, რითაც იგი მიმზიდველი იქნებოდა მასებისათვის.

საქართველოს შიდა პრობლემებს გეოპოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, არსებული კორუმპირებულ-კლანური სისტემა მიუღებელი ხდებოდა დასავლეთისთვის და თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების პირობად ამ სისტემის დემონტაჟი სახელდებოდა. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვდა კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის დაწყებას.
თეორიულად, საქართველოში 2003 წლისათვის მოვლენათა განვითარების ხუთი ძირითადი სცენარი არსებობდა:

1. კორუმპირებულ-კლანური სისტემა არსებობას გაგრძელება და მწვავე სოციალური და ეროვნული პრობლემების მოხსნა-შერბილება. ამ ვარიანტის რეალიზება, არსებული გამოცდილების მიხედვითბ ძნელი წარმოსადგენი იყო. ხელისუფლებას არ გააჩნდა რაიმე მნიშვნელოვანი რესურსი (მაგალითად, ნავთობის ან გაზის საბადოები), რომლის უპრობლემო მითვისებაც გაგრძელდებოდა კლანების მიერ და რომლის ნაწილიც პრობლემათა მოხსნა-შერბილებას მოხმარდებოდა. კორუმპირებულ-კლანურ სისტემას უკვე თითქმის მთლიანად ათვისებული (მითვისებული) ქვეყნის რესურსები და კლანებს შორის დაიწყო მწვავე ბრძოლა მოქმედების არეალების გადანაწილებისათვის. „კლანებს მორჩენილი ბიუჯეტი“ კი იმდენად მწირი იყო, რომ მის საფუძველზე მხოლოდ პრობლემათა დაგროვება შეიძლება და არა მათი მოგვარება.

2. კორუმპირებულ-კლანური სისტემა შენარჩუნდება ქვეყნის „ჩრდილოეთის ორბიტაზე“ გადანაცვლებით. მას შემდეგ რაც დასავლეთიდან კრედიტებზე მეტად მოთხოვნები მოდიოდა კორუფციასთან ბრძოლისა და კორუმპირებულ-კლანური სისტემის დემონტაჟის თაობაზე, მმართველი კლასის არცთუ მცირე ნაწილისათვის „მშვიდი ცხოვრების“ გარანტიად დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება წარმოდგებოდა. მაგრამ ეს პრობლემატურად გამოიყურებოდა ორი ძირითადი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი დასავლეთი და, პირველ რიგში, აშშ არ აპირებდა რუსეთისათვის პოზიციების დათმობას სამხრეთ კავკასიაში. მეორეც, რუსეთს ფაქტობრივად არ სურდა საქართველოს ინტერესების გათვალისწინება სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამის გარეშე კი დათმობების პოლიტიკა ქვეყნის ინტერესების ღალატად წარმოდგება. ასე რომ „ბალანსირების პოლიტიკიდან“ „ჩრდილოეთისკენ გადახრა“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდება ქვეყნის შიგნით და გარეთ.

3. არსებული კორუმპირებულ-კლანური სისტემის დამხობა დესტაბილიზაციის ან სოციალური აფეთქების შედეგად. ამ მიმართულებით მოვლენათა განვითარება სასურველად მიიჩნეოდა გარკვეული შიდა და გარე ძალებისათვის, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ე.წ, „დესტაბილიზაციის“ სხვადასხვა საფრთხეების შესახებ, ღიად მიდიოდა საუბარი. მაგრამ, მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა და გაძლების ზღვარზე არსებობისა, ადამიანებს არცთუ ისე შორეულ წარსულში ისეთი მწარე გამოცდილება ჰქონდათ მიღებული, თუ რას ნიშნავს „ქაოსი და დესტაბილიზება“, რომ მისი გამეორების სურვილი ბევრს არ აქვს.

4. კორუმპირებულ-კლანური სისტემის რეფორმირება ანუ ნაწილობრივ განხორციელდებოდა ის ანტიკორუფციული პროგრამა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა შემუშავებული და რომლის განხორციელებასაც მისგან მოითხოვდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ დასავლეთის მეგობარი ქვეყნების ლიდერები თუ საერთაშორიოსო საფინანსო ორგანიზაციები. ეს არ იქნებოდა სისტემის მთლიანი დემონტაჟი. მაგრამ კორუფციისა და კლანების ყოვლისშემძლეობის გარკვეული შეზღუდვა უფრო „ასატანს“ გახდიდა მას.

5. კორუმპირებულ-კლანური სისტემის მშვიდობიანი დემონტაჟი დემოკრატიული არჩევნების შედეგად. ამ სცენარის თანახმად, ნომენკლატურული წარმომავლობის მმართველი კლასი ვერ მოახერხებდა პრობლემების გადაწყვეტას. დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები კი ხელისუფლებისაკენ გზას გაუხსნიდა ახალ ელიტურ ჯგუფებს, რომელთა არსებობის წესიც აღარ იქნება დამყარებული კორუმპირებულ-კლანურ სისტემაზე.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებას შედეგად მოჰყვა „მშვიდობიანი რევოლუციის ტექნოლოგიის“ ამუშავება და შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟი.

kaxi
28 იანვარი 2015 18:31
მიტუა მართალი ხარ 100 პროცენტიანი. გაიხარე.

რედაქტორის რჩევით