ვინ არის ახლა ისტერიკაში?
13-02-2015
ვინ არის ახლა ისტერიკაში?
,,დასანანია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები პროვინციული ქალაქის გარეუბანში მდგარი სახლის სამზარეულოში ჭორაობის დონეზე დადის"" (სტილი დაცულია), თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ერთ-ერთ თათბირზე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა. პირად საუბრებში ზურაბი ხშირად იმასაც ამბობდა, რომ ჩვენი საზოგადოება მუდამ ახერხებს ფარსად აქციოს ნებისმიერი, თუნდაც მნიშვნელოვანი მოვლენა. ბედის ირონიით სწორედ ფარსად და ჭორაობის მასალად იქცა ბევრისათვის მისი დაღუპვის გარემოებები.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი ,,სკანდალური"" და ,,სენსაციური"" განცხადება მოვისმინეთ:

ზურაბ ჟვანიას საქმეში
ერთ-ერთი ბრალდებულის, სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა, რომელშიც პარიკი და წვერი იდო. ჭუმბაძემ შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა,
რომ ჩანთა არ
დაუთვალიერებია (!).
,,ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის დახურვა, გამომძიებელ ჭუმბაძეს თავისუფლად რომ გაეცა ჩვენს კითხვებზე პასუხი, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ამ დეტალზე პასუხის გაცემის უფლება არა მაქვს, ეს გამოძიების საიდუმლოებაა, მოწმისთვის კი ამ კითხვის დასმის საფუძველს საქმის მასალები მაძლევდა. არის თუ არა ეს საქმესთან კავშირში, ალბათ, გაირკვევა. ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი"", განაცხადა სხდომის შემდეგ ლევან ჩაჩუას ადვოკატმა. მან აგრეთვე თქვა, რომ ,,იუსუპოვს ბალზამირება გაუკეთდა, ამას ადასტურებს ორი დაკითხული სანიტარი. მათ წინასწარ გამოძიებაში განაცხადეს, რომ ორივე ცხედარს ჩაუტარდა ბალზამირება ფორმალინის ხსნარით. მოლებმა განაცხადეს, რომ იუსუპოვის მკერდზე არსებული ნაჩხვლეტებიდან სითხე გადმოდიოდა - ეს ბალზამია.
პროზექტურაში იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან სამხარაული და მათ გადაწყვიტეს ბალზამირების გაკეთება. ჩაჩუა ეტყოდა მათ, არ ჩაუტარდესო? სხვათა შორის, როცა ბალზამირება კეთდება, ცნობა არ დგება და არც ექსპერტიზის ოქმში აღინიშნება"" (ციტატის დასასრული).

ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ კი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ფანჯრის გისოსების გამოგლეჯისა და ფანჯრიდან ბინაში შეღწევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ""უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო. იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა: რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გასძვრა და შარვალიც, სავარაუდოდ, ამ დროს დაესვარა"".

ხარშილაძემ ასევე თქვა, რომ მან მაშინათვე გიორგი ბარამიძეს დაურეკა და ამბავი შეატყობინა. მეორე ზარი კი პრეზიდენტთან განახორციელა, რომლის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

რამდენიმე დღის წინათ ,,რუსთავი 2""-მა აჩვენა და გაახმოვანა აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვრცელი დასკვნა, სადაც ნახსენებია, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დნმ დაფიქსირებულია ზეწრებზე, ბალიშებზე, ხალათებზე. ტელეგადაცემაში თქვეს, რომ რაულ უსუპოვს სიკვდილის წინ აღებინა და აჩვენეს სამზარეულოს ნიჟარა, სადაც ჩანდა დაგროვებული ნარწყევი. (მკითხველს შევახსენებ, რომ 2013 წლის 19 ოქტომბერს ბლოგზე განთავსებულ წერილში აღვნიშნავდი, რომ მხუთავი გაზით მოწამვლისას ადამიანს ზოგჯერ აღებინებს და ასე იყო რაულ უსუპოვის შემთხვევაში). იმავე წერილში კატეგორიულად ვაცხადებდი, რომ ვერც ვიცე-პრემიერი ბარამიძე და ვერც კობა ხარშილაძე ვერ გაბედავდნენ ,,არაოდინალური სიტუაციის გამოსწორებას"" და რაღაცის შეცვლას შემთხვევის ადგილზე, მითუმეტეს ცხედრებისათვის ხელის ხლებას. ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ სააკაშვილის ბრძანებით ან ნებართვით.
"მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან. ეს იცოდა ნინომ, ზურას მეუღლემ. ეს იცის დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. პირდაპირ გეტყვით, რა დელიკატურ მომენტებზეა საუბარი, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ეს სცენა იყო დადგმული. ეს არ არის ახალი არავისთვის, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ეს არის ის, რასაც წინა ხელისუფლება დგამდა, თითხნიდა და ახლა ცდილობს, რომ ამით გადაფაროს ის გამოძიების პროცესი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბის ძმამ გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩავარდა ამ ისტერიკაში იმიტომ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის. "ვინ დადგა ეს სცენა, როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები სერიოზულ პასუხს აგებენ. ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას.

,,რა ეშველება ახლა ზურიკოს? ამ პარლამენტის უმრავლესობაში და მთავრობაში მას გულშემატკივარი არ ჰყავს. ადგებიან და გამოაქვეყნებენ ყველაფერს, ფოტოების და დნმ-ანალიზების ჩათვლით"", მითხრა ორიოდე წლის წინათ ზურაბ ჟვანიას ერთმა მეგობარმა. გული შემეკუმშა - ზურაბზე ისე საუბრობდა, თითქოს ის ცოცხალი ყოფილიყო.

ჩვენი მას მედიის მიერ ,,სკანდალურად"" და სენსაციურად"" შერაცხულ განცხადებების მხოლოდ ნაწილი მოვიყვანე. მკითხველმა შეიძლება სხვა ბევრი ინტერვიუ და განცხადება გაიხსენოს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დამოკიდებულება ჟვანია-უსუპოვის დაღუპვისადმი არ შეცვლილა. ახალიც არაფერი გამიგია - ყველაფერს რაზედაც ახლა ლაპარაკობენ და რასაც ახლა აჩვენებენ, ათი წლის წინათ მიყვებოდნენ ზურაბ ჟვანიას მეგობრები და ახლო ნაცნობები, მათ შორის ცნობილი უცხოელი დიპლომატები და მოღვაწეები, რომლებსაც სრული წვდომა ჰქონდათ გამოძიების მასალებზე. მათ იოტისოდენა ეჭვი არ შეჰქონდათ ოფიციალური ვერსიაში და ისიც კარგად იცოდნენ, რომ მაშინდელმა მთავრობამ მიიღო ზომები შემთხვევის ადგილას შექნილი ,,არაორდინალური ვითარების გამოსწორების მიზნით"". ზოგიერთი მათგანი ერთადერთ კითხვას სვამდა: ხომ არ შეიძლებოდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის იმ ბინაში ყოფნის დროს ვიღაცას გარედან დროებით დაეხშო გამათბობლის გამწოვი მილი (მაგალითად სველი ჩვრით) და ამით გამოეწვია აირის არასრული წვა და მხუთავი გაზის შებრუნება ბინაში. მახსოვს, იხსენებდნენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩენილი ფრანგი მწერალი ემილ ზოლა სწორედ ასე მოკლეს: მისი მკვლელები ღამით სახურავზე ავიდნენ და საკვამურს ფიცარი დაადეს. ზოლას ეძინა და აღარ გაუღვიძია - ბუხრიდან შემოსულმა მხუთავმა გაზმა დაახრჩო. გარკვეული დროის შემდეგ, გამოძიების პროცესში, ეს კითხვაც მოიხსნა.

თავიდანვე ვაცხადებდი, რომ არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო ოფიციალურ ვერსიაში და ვივარაუდო, რომ ჟვანია და უსუპოვი მოკლეს. წლების განმავლობაში ვაგროვებდი ინფორმაციას და ვერაფერი მოვიპოვე, რაც ასეთი ეჭვის საფუძვლად გამოდგებოდა. დაუსაბუთებული ეჭვები კი დიდ უზნეობად მიმაჩნია. აქვე შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ვამხელ სააკაშვილის და მისი სადისტური სისტემის უმძიმეს დანაშაულებს, მაგრამ ჩემს ბრალდებებს ყოველთვის ფაქტებით ვასაბუთებ. ის ვითარება კი, რომ ნაცებს და მათ მომხრეებს ,,სწამთ"", რომ ჟვანია და უსუპოვი არავის მოუკლავს, ხოლო ნაცების მოწინააღმდეგებს ,,სწამთ"", რომ ისინი სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს (პოპულარული ვერსიით ჟვანია თვითონ სააკაშვილმა მოკლა საფერფლის ან სხვა მძიმე საგნის თავში ჩარტყმით), ჩვენი პროვინციალიზმის ამაზრზენ გამოვლინებად მიმაჩნია. რად ღირს, რომ სწორედ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში ავრცელებდნენ ბინძურ დეზინფორმაციას ზურაბ ჟვანიას დაბადებასა და ეთნიკურ წარმოშობაზე, რომლებიც, მის ზურგს უკან, არასოდეს ახსენებდნენ მას უწმაწური სალანძღავი სიტყვების გარეშე, ზურაბის დაღუპვის დღიდან აბღავლდნენ - ,,ზურიკო მოგვიკლეს, ჩვენი ზურიკო!"". წლების წინათ, ჯერ კიდევ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე, ბატონ გია ხუხაშვილთან ერთად გამოვდიოდი ,,მაესტროს"" ტელევიზიით. სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ვსაუბრობდით. უცებ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ხუხაშვილმა შემომიტია - ჟვანიას მეგობრები არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ზურიკო მოკლეს! იქვე ვუპასუხე, რომ მე ჟვანიას მეგობარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ზურაბ ჟვანიას ნამდვილად ჰყავდა მეგობრები, რომლებმაც ზურაბის სიცოცხლეში არაერთხელ დაუმტკიცეს მას თავისი ერთგულება და მისი გარდაცვალების შემდეგაც არ უღალატეს მას. ამავდროულად ჟვანიას გარემოცვის ზოგიერთი წევრი არა მისი, არამედ ბადრი პატარკაციშვილის ფულის ერთგული აღმოჩნდა...

ზურაბის მამა - ბესარიონ (ბუსა) ჟვანია პატიოსნების, ვაჟკაცობის და პრინციპულობის განსახიერება იყო. სძულდა კონფორმიზმის ყოველნაირი გამოვლინება, ფულს კი ,,ხელის ჭუჭყად"" მიიჩნევდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დღესაც, კრიტიკულ სიტუაციებში ვფიქრობ ხოლმე იმაზე, როგორ მოიქცეოდა ბუსა. დარწმუნებული ვარ, ბესარიონ ჟვანია მთელ საზოგადოებას დააყენებდა ფეხზე იმის გამო, რომ სამოცდაათ წელს გადაცილებული და მძიმედ ავადმყოფი ექსპერტი ლევან ჩაჩუა თითქმის ერთი წლის განმავლობაში საპყრობილეში იყო, იმ აბსურდული არგუმენტით, რომ გარეთ მყოფი გამოძიებაზე გავლენას მოახდენდა. ისევ უცხოელმა დიპლომატებმა მითხრეს, რომ ხელისუფლების ეს მოქმედება მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ცდილობენ აიძულონ მძიმედ ავადმყოფი ადამიანი დაიბრალოს და თქვას ისეთი ტყუილი, რაც ხელისუფლებას სჭირდება. ჩაჩუას დაპატიმრების შემდეგ ომბუდსმანი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახალმა გამოძიებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე ადრე არსებობდა. მინდა ყველა დაფიქრდეს თუნდაც ასეთ კითხვაზე: როგორ მოხდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის ცხედრების ცნობილი ფოტოები წელიწადნახევარი იყო ახალი ხელისუფლების ხელში, მაგრამ ჩაჩუას დაპატიმრების საფუძველი ეს ფოტოები მხოლოდ ,,ჰაკიმ ფაშას"" მიერ ფოტოშოპით დამუშავების და ინტერნეტში ატვირთვის შემდეგ გახდა?

ზურაბის დაღუპვის შემდეგ რამდენიმე კვირა იყო გასული, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან მიხეილ ძაძამია შემხვდა. ,,ბატონო პეტრე, ზურაბ ჟვანია დიდ პატივს გცემდათ და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ იმ ღამით ყველაფერი გავაკეთეთ ცხონებულის ღირსების დასაცავად"", მითხრა მან და პირჯვარი გადაისახა. ,,მჯერა თქვენი. მე ეს მაშინათვე სხვებმაც მითხრეს"", ვუთხარი მე. დღეს კობა ხარშილაძე აცხადებს, რომ მზად არის ყველაფერი თქვას სასამართლოზე, მათ შორის იმ ბინებზე, რომლებსაც ჟვანია ადრე იყენებდა, იმ ,,არაორდინალურ"" ვითარებაზე, რაც 3 თებერვლის ღამით ნახა იმ ბინაში ა.შ. მოვუწოდებ ხარშილაძეს, ძაძამიას, გია ბარამიძეს (რომელმაც მობილურით დამირეკა 2005 წლის 3 თებერვლის ღამით შემთხვევის ადგილიდან) და სხვებს, თქვან სრული სიმართლე და არაფერი, სიმართლის გარდა. მათ შეიძლება მოითხოვონ გრაფოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ასპროცენტიანი გარანტიით დაასაბუთებს მათ სიმართლეს.

ათიოდე დღის წინათ მთავარმა პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. უწყება მათ ჟვანიასა და უსუპოვის საქმის გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. ბრალდებულების დაკითხვის დროს გარეთ მდგარი მათი ყოფილი კოლეგები დედას იგინებოდნენ: ,,ამის დედაც ... ერთი გეის სიკვდილს უნდა შევეწიროთ ამდენი ხალხი?"", ხმამაღლა ამბობდა ერთი მათგანი. მიმაჩნია, რომ ჩვენში დამკვიდრებულ ,,პლურალისტურ ფეოდალიზმზე"" უარი უნდა ვთქვათ და არავინ არ უნდა შეეწიროს არავის და არაფერს, მაგრამ ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაზე, თუნდაც ეს მოქმედება უზენაესი ხელმძღვანელობის დავალებით ჰქონდეს ჩადენილი.
,,თქვენი საპატრულო სამსახური შესანიშნავად მუშაობს. უკეთესად ვიდრე ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. არადა ეს ქვეყნები ევროგაერთიანებისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან"", მეუბნებოდნენ 2010 წელს ევროგაერთიანების ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს რეჟიმის ,,ხერხემლის"" უწყებაში ჩატარებული რეფორმები და დასკვნაც დაწერეს. ,,მაგრამ პატრული მხოლოდ ფასადია. ნამდვილი რეფორმა თქვენს შსს-ში, პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში არც დაწყებულა, ვინაიდან ამ სისტემის პრაქტიკულად ყველა მუშაკი მზად არის შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელების ნებისმიერი, თუნდაც უკანონო ბრძანება"", მიხსნიდნენ ევროპელები იმას, რაც კარგად მქონდა შესწავლილი. მე კი მათ მოვუყევი, რომ სამართალდამცველები კერძო საუბრებში ასეთ გადაწყვეტილებებს ,,პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს"" უწოდებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელები ასეთ გადაწყვეტილებებს ,,უზენაესი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად"" ღებულობენ. ვფიქრობ ამ მხრივ ქვეყანაში თითქმის არაფერი შეიცვალა, საზოგადოებას კი დღესაც არ შესწევს ამ სფეროში ნამდვილი რეფორმების გატარების ძალა - პატრონ-კლიენტელური მენტალიტეტის მოშლა იოლი არ არის....

დაბოლოს. გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ,,ნაცები ახლა ისტერიკაში ჩავარდნენ"". ნურას უკაცრავად!, როგორც იტყოდა ხოლმე ჩვენი ,,მაღალი"". ნაცები ახლა არხეინად არიან. სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ძალიან აწყობთ შექმნილი ვითარება. მათ იციან, რომ ახალი ხელისუფლება ვერ შესძლებს იმის ინსცენირებას, რაც არ მომხდარა, ანუ ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ეს ,,მკვლელობა"" იყო. საბოლოო ჯამში დამტკიცდება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და მაშინ სააკაშვილი იტყვის იმას, რასაც დღესაც ამბობს, მაგრამ მის სიტყვებს სულ სხვა რეზონანსი ექნება მსოფლიოში. ის იტყვის, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან მისი და მისი თანაგუნდელი რეფორმატორების პოლიტიკური დევნის პროცესში ლამის მთავარი ბრალდება მათ მიმართ იყო ის, თითქოს მათ მოკლეს ზურაბ ჟვანია. ეს ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდა, წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბია დანარჩენი ბრალდებებიც! - აი რას იტყვის სადისტური სისტემის ორგანიზატორი

ასე იქნება ეს და ეს ამბავი განაცებული ქოცების კიდევ ერთი ,,მონაპოვარი"" იქნება.

პეტრე მამრაძე, 13 თებერვალი, 2015 წელი

პ.ს.
ეს იყო წერილი დავასრულე, როდესაც "ინტერპრესნიუსზე" გავრცელდა ინფორმაცის ჟვანია მეგობრების მიმართვაზე. გთავაზობთ უცვლელად: "ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა, პარტიის წევრებმა და დაცვის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მიმართეს. მიმართვის ტექსტი კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წაიკითხა.ბრიფინგს 20-მდე პირი ესწრებოდა. მათ მიმართვის ტექსტს ხელი მოაწერეს. ტექსტში აღნიშნულია, რომ დეგრადირებული და ზნეობისაგან სრულად დაცლილი მარგინალების ერთი ჯგუფი განუწყვეტლივ წამლავს, ცილს სწამებს და სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას. ტექსტის ავტორები მიმართავენ მედიას, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნუ ახდენენ სიცრუისა და სიბინძურის საჯარო ტირაჟირებას. მიმართვის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის სამი თებერვლის ღამეს მომხდარ მკვლელობას და ამით საზოგადოებაში ბინძური ინსინუაციების ტირაჟირებას წერტილს დაუსვამს. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, ზეწოლის მცდელობა გარდაცვლილის ოჯახზე და გამოძიებაზე, ყალბი თუ რეალური საგამოძიებო მასალების ფრიალი, მიცვალებულის შეურაცხყოფა და კომპრომეტირება, ოჯახზე და შვილებზე მორალური ზეწოლა. რაც შეეხება მარგინალებს, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, არც ერთი თქვენი ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხო და დაუსჯელი არ დარჩება", - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში. მიმართვის ტექსტს ხელი მოაწერეს კახა ჩიტაიამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, დათო ოქიტაშვილმა, ბეჟან გუნავამ, ნინო ჩხობაძემ, ხათუნა ხოფერიამ, შალვა ოგბაიძემ და ჟვანიას დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა კახა გოჩაშვილმა. შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ მომსწრენი არიან, თუ როგორ შემოდეს თავისუფლების მეტროსთან სახურავზე 26 მაისის ღამეს ორი გარდაცვლილის გვამი, ამდენად, ოგბაიძის თქმით, ასეთი ფაქტების ინსინუაციებს სწორედ წინა ხელისუფლება მიმართავდა. კახა ჩიტაიას განცხადებით, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამდენად, მათ აინტრესებთ როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი. ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ FBI-ს მიერ დადებული დოკუმენტი გამოიყენონ და FBI ამ პროცესში ჩართონ, როგორც მხარე. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებამ FBI-სთან დაკავშირებით ამ პროცესს წერტილი დაუსვა.
ბრიფინგში მონაწილეების თქმით, პროკურატურას ნდობას უცხადებენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოთმინებით დაელოდებიან."
გგქ
18 თებერვალი 2015 19:45
ყველაფერი რასაც აქ წერენ თითქოსდა ჟვანია მოკლეს სიცრუეა,გაზით გაგუდვის ყველა დეტალი ნელ–ნელა დასტურდება.როგორც შუბი ხალათში არ დაიმალება,ისე ამ საქმეში სიმართლეს ვერავინ დამალავს და დადასტურდება სასამართლო პროცესზე,რომ ეს უბედური შემთხვევა იყო!!!
oeoe
18 თებერვალი 2015 16:25
მამრაძემ რა უნდა გითხრათ? ეს ის კაცია,რომელმაც ერთ არტყმას და შეგინებას ტკბილი "ჰეფი ენდ"-ით უპასუხა,ვითომ დიდი ჰუმანისტი და კულტურული იყოს.ასეთ კაცს,საერთოდ არ დაეჯერება.ვითომ ბუდა ჰყავდა ჩასახლებული იმ დროს?
ეს არის და ეს!
18 თებერვალი 2015 16:10
ბატონო პეტრე, თქვენი დიდი პატივისმცემელი ვარ. როგორც წესი, თქვენი მოსაზრება ხშირად მართლდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად, მე მგონი, გამოძიებას უნდა ვაცადოთ, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ეს სჭირდება გარდაცვლილი პრემიერის ოჯახს, ეს სჭირდება თითოეულ მოქალაქეს. თუ ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ ბრძანებთ, მაშინ ყველაფერი ნათელია და წერტილი დაესმება ამ გაუთავებელ მითქმა-მოთქმას, თუ არადა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ეს არის და ეს!

რედაქტორის რჩევით