პატარა უსუფაშვილი, დიდი აკო, ერთი ადგილის კანკალი და ეროვნული უსაფრთხოება - კვირის პალიტრა

პატარა უსუფაშვილი, დიდი აკო, ერთი ადგილის კანკალი და ეროვნული უსაფრთხოება

"ირაკლი ალასანიას არსოდეს არ შეუფასებია ადექვატურად სააკაშვილის და მისი თანამზრახველების 2008 წლის აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ღალატი...."

"ჩვენს განაცებულ ახლანდელ და ყოფილ ქოცებს კი მიაჩნიათ, რომ ნატოს საკითხში დოგმატისგან გადახვევა, გამოიწვევს რა ნაცებისგან ,,დარტყმებს"", საზიანო იქნება მათი პოპულარობისათვის. ამიტომ ურჩევნიათ ერისათვის საზიანო დოგმატური ტყუილები ერისათვის სასარგებლო სიმართლეს!"

20 თებერვალს ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" თქვა, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადებით ქვეყანაში გაჩნდა "ის საფრთხე, რაზეც 3 თვის წინ" საუბრობდნენ. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არ არის უბრალოდ მისწრაფება ევროპისკენ. ევროპა, ნატო ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების და როდესაც მისი წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მოსკოვს გზავნილს, რომ არა ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნება, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ. მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც აქვს ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ მე მქონდა გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებების, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და პირისპირ ვიყავი რუსეთთან გაეროს უშიშროების საბჭოზე. მე ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის ინფრასტრუქტურას, საგარეო პოლიტიკურს, სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უნდა უთხრა მათ, რომ გარდაუვალია საქართველოს შესვლა ნატოში, გარდაუვალია ნატოს ინფრასტრუქტურის გამიჯვნა. როცა დაინახავს ამ გარდაუვალობას რუსეთი, ამ შეუქცევადობას, აი, მაშინ შეცვლის რიტორიკას და მაშინ შეიძლება ნორმალიზაციაზე ლაპარაკი" (ციტატის ბოლო).

შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ,,მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას"" (იხ. განცხადების სრული ტექსტი საიტებზე). საგულისხმოა, რომ გამოცდილმა და ფრთხილმა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ ეს განაცხადა ლავროვის ცნობილი აგრესიული განცხადების საპასუხოდ. აბაშიძის განცხადება სასარგებლოა და საჭირო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის; მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბაშიძემ სრული სიმართლე თქვა. ირაკლი ალასანიას მოყვანილ ტირადაში კი ყველა (უკლებლივ ყველა!) გამონათქვამი არის მცდარი. მკითხველს არ დავღლი თითოეული გამონათქვამის ანალიზით, აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ტერმინი ,,საგარეო პოლიტიკის ინფრასტრუქტურა"" დღემდე არსად შემხვედრია. სამაგიეროდ ფაქტია, რომ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ღალატის შედეგად რუსეთის ტანკები დედექალაქის შესასვლელთან აღმართული დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 20-25 კილომეტრში დგას; ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში რუსეთის მძლავრი ბაზებია განთავსებული და სარაკეტო კომპლესებია გაშლილი. საგულისხმოა, რომ ირაკლი ალასანიას არსოდეს არ შეუფასებია ადექვატურად სააკაშვილის და მისი თანამზრახველების 2008 წლის აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ღალატი....

ნუთუ არ იცის ალასანიამ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ნატომ მიიღო სრული და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს საქართველო თავის რიგებში, არ განათავსოს საქართველოში არანაირი ინფრასტრუქტურა და რომ ნატომ რუსეთს მისცა ამის სრული გარანტია? ამაზე ხომ აშშ-ს პრეზიდენტ ობამათი დაწყებული და საქართველოში ნატოს სამეთვალყურეო ოფისის ხელმძღვანელით უილიამ ლაჰიუთი დამთავრებული დასავლეთის ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადა საჯაროდ. (წარმოიდგინეთ დახურულ შეხვედრებზე რა უთქვამთ ამ თემაზე. მე წარმოდგენა არ მჭირდება, ვინაიდან ასეთი შეხვედრების მონაწილეებს არაერთხელ მოუყოლიათ ეს ჩემთვის). ისიც ხომ კარგად უნდა იცოდეს ირაკლი ალასანიამ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი მკაცრად შემოიფარგლება ეკონომიკური, კულტურული და, საზოგადოდ, ჰუმანიტარული საკითხებით და ასეთ ფორმატში საქართველოს წარმომადგენელს (ზურაბ აბაშიძეს არ ვგულისხმობ, ვინმე სხვა წარმოვიდგინოთ) ფორმატის საზღვრებს გასული ერთი ფრაზაც რომ წამოსდეს, კარასინი უბრალოდ შეწყვეტს საუბარს და ამით დამთავრდება ყველაფერი?

შეგახსენებთ რომ 2008 წლის 8 ივლისს, თბილისში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ,,ნატოს მაპი იქნებოდა ძალიან კარგი სტატუსი საქართველოსათვის, რომელიც ქართველებს მისცემდა საშუალებას ემოქმედათ და თავისი გაყინული კონფლიქტები მოეგვარებინათ"". ორიოდე დღეში ლავროვმა სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ სინანული გამოთქვა რაისის თბილისში ჩამოსვლამდე და თბილისში ყოფნისას გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ მაპის მიცემა ვერ გადაწყვეტდა ,,საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტს"", არამედ, ,,უფრო მოსალოდნელი იყო, რომ ეს ,,დაასამარებდა"" კონფლიქტის მოგვარების შანსს. (ვფიქრობ არავის სჭირდება იმის შეხსენება, რა დატრიალდა ჩვენს თავზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში).

ჩვენთვის ამ შემთხვევაში ტრაგიკომიკური ისევ ის იყო, რომ რუსეთის მთავრობას მაშინაც ჰქონდა ნატოსგან სრული გარანტია, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებდნენ, მაპსაც არ მისცემდნენ და არც არავითარ ინფრასტრუქტურას არ განათავსებდნენ ჩვენს მრავალტანჯულ მიწაზე...

ახლა ,,პატარა"" უსუფაშვილს მოვუსმინოთ. ალასანიასთან სინქრონულად მან განაცხადა: "დიდ ზურაბ აბაშიძეს მივმართავ, გაითვალისწინოს, რომ დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ. როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატამდე უნდათ მიიყვანონ ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები"".

მოცემულ შემთხვევაში პატარა უსუფაშვილი აშკარად ირონიზირებს, მაგრამ რა ვუყოთ მის სრულიად სერიოზულ საჯარო გამოსვლებს, მათ შორის მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე? მაგალითად მის ცნობილ განცხადებას, რომ თუ საქართველო დროზე (ანუ ნატოს უელსის სამიტზე გასული წლის სექტემბრის დასაწყისში) არ მიიღებს ნატოსგან მაპს ,,ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის" (?!) . ან არანაკლებად ცნობილ მის განცხადებას, რომ "ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს" (!!) (პატარა უსუფაშვილმა ეს განაცხადა შარშან, ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე!). უსუფაშვილის ამ განცხადებებში ყველა გამონათქვამი არის მცდარი და, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, დიდად მავნე და სახიფათო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ასეთი განცხადებების შედეგად დასავლეთში იზრდება გაღიზიანება ჩვენს მიმართ, მხარდაჭერა კი მცირდება, ხოლო ამ შემცირების პროპორციულად პუტინის რეჟიმს უფრო ეხსნება ხელი ,,შესაბამისი ზომებით უპასუხოს ნატოს საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას"" (იხ. ლავროვის განცხადება).

ამ და სხვა მსგავსი განცხადებებით უსუფაშვილი აშკარად ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც ახლა შესთავაზა ზურაბ აბაშიძეს: ის ,,თავის გამოთქმებს, შენიშვნებს და ფრაზეოლოგიას მაქსიმალურად უახლოვებდა იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც მისი პატივსაცემი კოლეგები უკიჟინებენ"". ის ცდილობდა ,,დიდ"" აკო მინაშვილზე და სხვებზე უფრო დიდი ორთოდოქსი ყოფილიყო, და ,,როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატამდე მიჰყვა ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები"". არადა უსუფაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ასეთი ქმედება დიდად საზიანოა ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის.

რაშია საქმე?

საქმე ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ გააკეთონ ის განცხადებები, რომელიც, მათი შეფასებით, მეტ პოპულარობას მოუტანს მათ. ასეა მთელ მსოფლიოში და ძალზე იშვიათია, რომ პოლიტიკოსმა თავისი მრწამსის გამო განაცხადოს ის, რაც მისი აზრით კარგია ქვეყნისათვის, მაგრამ შეიძლება საზიანო იყოს პირადად მისთვის. (მაგალითად საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა სარკოზიმ ახლახან განაცხადა, რომ ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორია გახდა. ,,სარკომ"" გადაწყვიტა დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში და იცის რა, რომ ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა რუსეთთან დაპირისპირება უკრაინისა და ყირიმის გამო, ფიქრობს, ამ ეტაპზე სრულიად სამართლიანად, რომ მისი განცხადება პოპულარობას გაუზრდის). ჩვენს განაცებულ ახლანდელ და ყოფილ ქოცებს კი მიაჩნიათ, რომ ნატოს საკითხში დოგმატისგან გადახვევა, გამოიწვევს რა ნაცებისგან ,,დარტყმებს"", საზიანო იქნება მათი პოპულარობისათვის. ამიტომ ურჩევნიათ ერისათვის საზიანო დოგმატური ტყუილები ერისათვის სასარგებლო სიმართლეს! იმას კი ვერ ხვდებიან, რომ დღევანდელი ვითარებაში ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ძირავენ...

თავარი სწორედ ის არის, რომ დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა ,,ცნობად" ვაი-პოლიტიკოსს ესმოდეს, რომ ნატოზე და რუსეთზე უპასუხისმგებლო, პროვოკაციული დემაგოგიის შემდეგ ის საკუთარი ამომრჩევლის თვალში პოლიტიკურ გვამად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ ალასანიას მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა "ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური" უწოდა ალასანიას და განაცხადა, რომ "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაადეკვატური და აბსურდული" ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე შეტევა მიმდინარებს, არის "დამაზიანებელი" ქვეყნისთვის და წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის სტილის სიცრუეს".

"მეორეს მხრივ, ცუდიც არ არის – რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდად, მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის". პრემიერ მინისტრმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ის, ცხადია, ბევრად უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთ რამეებს მსგავს შემთხვევებში თვითონ საზოგადოება იტყვის და საზოგადოების ეს განწყობა ყველა ჯურის პოლიტიკოსისათვის იყოს ცნობილი.

სანამ ამას არ მივაღწევთ, ,,პატრიოტები"" და ვაი-პოლიტიკოსები განაგრძობენ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ,,ინფრასტრუქტურის"" ნგრევას მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი აქვთ - მათი დემაგოგია მათ პოპულარობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს; ხოლო როცა ამას მივაღწევთ, სასწაული მოხდება: პატარა უსუფაშვილი, დიდი აკო, იკა, კაკო, გოკა, კოკა, გიგი, გიგა, დათო, პეტო, ხათუნები და მრავალი სხვა დიდ ზურაბ აბაშიძეს შეეჯიბრებიან ერისათვის საჭირო და სასარგებლო განცხადებების კეთებაში...

პეტრე მამრაძე