,,აღმშენებლობა," კათარზისი და ცინიზმი - კვირის პალიტრა

,,აღმშენებლობა," კათარზისი და ცინიზმი

სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო ეს უბედურება მიშა იმ ადგილას თავის პატარა კათედრას დააყენებდა, თვითონ მაშველის კომბინიზონში და თავზე კასკით მოგვევლინებოდა და ასე მიმართავდა ერს. გულანთებული განაცხადებდა, რომ ახალმა გზამ და გვირაბებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა - გავიფიქრე, როდესაც მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი უბედურების ფონზე ,,რუსთავი 2""-ის სტუდიის ფერად პოდიუმზე შემდგარი წამყვანები დავინახე.

მსოფლიოს წამყვან ტელეკომპანიებს ხშირად უხდებათ სხვადასხვა კატასტროფების გაშუქება და ყველას გვინახავს, როგორ აკეთებენ ისინი ამ საქმეს. შეგახსენებთ, რომ კატასტროფები ზოგჯერ ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებშიც ხდება და ზოგჯერ ასეთ უბედურებებს იქ გაცილებით მეტი ადამიანი ეწირება, ვიდრე ამჟამად ჩვენთან. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი რეაგირება ექნებოდათ იქაურ ტელემაყურებლებს, მთლიანად საზოგადოებას, სი-ენ-ენ-ს, ბი-ბი-სი-ს ან ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიას ასეთი შოუ რომ მოეწყო უბედურების ფონზე? ვფიქრობ ამის წარმოდგენა ძნელი არ არის და სწორედ საზოგადოების გარანტირებული რეაქციის გამო დასავლეთში არცერთი ტელეკომპანია ასეთ რამეს არ აკეთებს. ,,რუსთავი 2"-ის მუშაკებთან მნიშვნელოვანი პრეტენზია არ გამაჩნია. აქ ისევ იმ ერთი კაცის ხელწერა იგრძნობა, რომელსაც აქვს იშვიათი ნიჭი ფარსად წარმოაჩინოს ყველაფერი, რასაც გაეკარება. სწორედ იმ კაცის დავალებით მივიდნენ დავით ბაქრაძე, სანდრა რულოვსი და ,,გუნდის" სხვა წევრები ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის პანაშვიდზე თეთრ ოლიმპიურ კოსტიუმებში გამოწყობილები; იმ კაცის დავალებით განაცხადა მაშინ სააკაშვილის მონა-მორჩილმა დავით ბაქრაძემ: ,,დღეს ყველა ჩვენგანი ოლიმპიელია".

ჩვენი დიდი უბედურება კი ის არის, რომ 9 წლის განმავლობაში კოლინ პაუელის მიერ სი-ენ-ენ-ის პირდაპირ ეთერში ,,ჭკუანაღრძობად" წოდებული სააკაშვილი არა მარტო შოუებს დგამდა, არამედ ასეთივე შოუების დონეზე წყვეტდა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ახლა იმ წლებში ჭკუანაღრძობის და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილის და ახალი ხელისუფლების უნიათობის ერთობლივ ნაყოფს ვიმკით და ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება.

13 ივნისის უბედურების შემდეგ სააკაშვილის ზოგიერთი თანამზრახველი აცხადებს, რომ ახალი გზის და გვირაბების გაყვანას არავითარი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია და ყველაფერი სტიქიის ბრმა ძალით არის გამოწვეული. ცხადია, მხოლოდ პროფესიონალებისაგან შემდგარ კომისიას შესაბამისი კვლევის შემდეგ შეუძლია დაასკვნას, თუ რამდენად დაამძიმა არასწორმა მშენებლობამ სტიქიის მოქმედება, მაგრამ ის, რომ ბევრი რამ არასწორედ, თანაც დანაშაულებრივად არასწორედ გაკეთდა, ფაქტია. ახალი გზის მშენებლობის დროს ჩემთვის უთქვამთ გამოცდილ გეოლოგებს და ჰიდროლოგებს, რომ ის რაც კეთდებოდა, ბუნების კანონების აბუჩად აგდება იყო. მახსოვს, ერთმა ასაკოვანმა ,,ჩარეცხილმა" სპეციალისტმა მდინარე ვერეს კალაპოტში ზოოპარკთან მიმდებარე უბანზე ბრჭყვიალა გოფრირებული მილისკენ გაიშვირა ხელი და მითხრა: ,,ვერე ასეთ დაცინვას ვერ აიტანს, მოვარდება ერთხელაც და ჩარეცხავს ყველაფერს".

,,ერთ დღესაც მდინარე ვერე გმირთა მოედანს ჩაიტანს მტკვარში," უთხრა ცნობილმა ურბანისტმა ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანს ახალი გზის პროექტზე მსჯელობისას ზუსტად სამი წლის წინათ და მაშინათვე დაასაბუთა, რატომ იყო ეს მოსალოდნელი. (ყველას ვურჩევ იუთუბ-ზე ნახოს ის საუბარი)

,,ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამდენი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა... მახსენდება ამ პროექტთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ. ამ გზის, ამ პროექტით გაკეთება ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებულია - გაავლეს ხაზი და გააკეთეს. აი ამაზე ვცოფდები. ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება. ჩვენ თუ ამ საკითხის უფრო პროფესიულად განხილვა გვინდა, თემას პროექტით ხელში უნდა გავყვეთ და უნდა გვყავდეს ოპონენტი,"- განაცხადა ნიკო კახეთელიძემ ამ დღეებში. მრავალი წელია ვიცნობ ბატონ ნიკოს, როგორც პროფესიონალს, რომელიც დაუსაბუთებლად არაფერს ამბობს. ამ პროექტის განხორციელებისას პარლამენტის წევრი გახლდით. ვეცადე პროექტის და თანდართული მასალების მოპოვება და ვერაფერს გავხდი. ამის თაობაზე და იმაზე, რომ ინფორმაციის დამალვა დიდი დანაშაული იყო, განვაცხადე კიდევაც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც კონფიდენციურად მითხრეს მაშინ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოცდილმა მეცნიერებმა ის იყო, რომ ყველაფერი სააკაშვილის (უგულავას) ხელშია და არავის აჩვენებენ. ეს კი ადასტურებს ნიკო კახეთელიძის ახლანდელ განცხადებას.

,,ყველგან ამას ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ მდინარის ჭავლში მშენებლობა დაუშვებელია. ასეთი ბოლშევიკური მიდგომა, თითქოს ჩვენ ბუნებაზე ძლიერნი ვართ, დაუშვებელია. აგერ ვხედავთ, რომ ბუნება შურს იძიებს ჩვენზე, რადგან მას პატივისცემა და გაფრთხილება სჭირდება", - განაცხადა ცნობილმა არქიტექტორმა ლადო ვარდოსანიძემ. ამ კონტექსტში უნდა ვაღიაროთ, რომ ნეოკომების (ნეოკომკავშირლების) ჭკუანაღრძობმა ლიდერმა ბოლშევიკებს ტოლი არ დაუდო. მისი მმართველობის დროს თბილისს და სრულიად საქართველოს უდიდესი ზიანი მიადგა. შეგახსენებთ, რომ განხორციელებული პროექტების: გიპსოკარდონით ,,რესტავრირებული"" გამზირების და ცისარტყელას ფერებში შეღებილი პოტიომკინის სოფლების და სხვა მსგავსი მრავალის გარდა, მას უფრო გრანდიოზული პროექტებიც ჰქონდა. მათ შორის მტკვარში წყლის გათბობა და მტირალას მთის მოთხრა (ბათუმის სანაპიროზე კლიმატის შესაცვლელად). ამის ყველაფრის შემდეგ თავისთავს სააკაშვილი თბილისის ახალ ისტორიაში ქრონოლოგიურად მესამე აღმშენებლად მიიჩნევდა (გაიხსენეთ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ) მეფინასცვალ ვორონცოვისა და ლავრენტი ბერიას შემდეგ.

მთავარი უბედურება ის არის, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემოდგომის შემდეგ, სააკაშვილი ვეებერთელა სახსრებს ხარჯავდა თავის პირად პროექტებზე, რომლებიც მავნე და ზარალიანი იყო ქვეყნისათვის. ამავდროულად სააკაშვილი სრულიად იგნორირებდა ყველაფერს, რისი გაკეთება იყო სასწრაფო და აუცილებელი ქვეყნისათვის. საბიუჯეტო სახსრების გარდა სააკაშვილი თავისი ,,სნებიანი ფანტაზიის ნახატებისათვის" ფულს არიცხინებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და კომპანიებს, რაც აგრეთვე დიდად აზარალებდა ქვეყანას. მახსოვს, ,,ოცნების"" გამარჯვების შემდეგ ,,კავკასიის" ეთერში ყაზტრანსგაზის გამოცდილმა მუშაკმა განაცხადა, რომ თბილისში გაზსადენზე ყოველდღე რამდენიმე ავარია ხდეოდა და ფული არ ჰყოფნიდათ შეკეთებისათვის. აი, ასეთ ვითარებაში "ყაზტრანსგაზს" აიძულეს 50 მილიონ ლარამდე გადაერიცხა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისათვის...

გარდა ხსენებული წყაროებისა, სააკაშვილი ერთპიროვნულად განკარგავდა 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთიდან საქართველოსათვის შემოსულ დახმარებას - 4.5 მილიარდ დოლარზე მეტს! ამას მიუმატეთ, რომ სააკაშვილის დავალებით სახელმწიფო, სხვადასხვა ორგანიზაციები, კერძო ბანკებიც (!) იღებდენენ ვალს საზღვარგარეთ. ჯამში ამ ვალმა საქართველოსათვის ასტრონომიული ციფრი - 13.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. (იმ წლებში დავით ნარმანია თავის საქმეს აკეთებდა და როგორც დამოუკიდებელმა ექპერტმა რანდენჯერმე წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი და საგარეო ვალის ანალიზი). ამ თანხების დიდი ნაწილი სააკაშვილმა თავის საყვარელ პროექტებს მოახმარა: თავის კალიგულას რეზიდენციას; ქუთაისში პარლამენტის აშენებას, სანაპიროზე ტენისის უნიკალური სტადიონის განადგურებას და ,,სოკოების"" აშენებას; შუშის ხიდებს; მრავალ ძეგლს და ა.შ. რეაბილიტაციურ პროექტებზე და აუცილებელ პროფილაქტიკურ სამუშაოებზე კი პრაქტიკულად არაფერი გამოიყო. (საგულისხმოა, რომ განაცებულმა ქოცებმა დღემდე არ წარმოადგინეს სრული ინფორმაცია სააკაშვილის დანაშაულებრივ ხარჯებზე) სააკაშვილის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი პროექტის დაფინანსება - ამას არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი არქიტექტორები და მშენებლები მეუბნებოდნენ. მესტიაში მუზეუმის შენობის დიზაინს და სახურავის ფორმას სააკაშვილი წყვეტდა, ისევე, როგორც თამარ მეფის გამზირზე კლდესთან პრომეთეს ქანდაკების დადგმას ან ბაგრატის ტაძარში ლიფტის მიშენებას - აი ავტორიტარული რეჟიმის არსის საუკეთესო ილუსტრაცია! ხარჯთაღრიცხვა იყო ყოველთვის ხელოვნურად გაბერილი: ექსპერტები აცხადებენ, რომ საკმარისია სპეციალისტმა ნახოს რა დაიხარჯა გზების მშენებლობაზე (მათ შორის ვერის ხეობაში აშენებულ ახალ გზაზე) სააკაშვილის წლებში და რა გაკეთდა რეალურად, რომ დიდი დანაშაული აშკარა გახდეს. ამავდროულად საერთოდ არაფერი კეთდებოდა ნაპირების გამაგრებისათვის, მეწყერული ზონების რეაბილიტაციისათვის, ხეობების და კალაპოტების გაწმენდისათვის. არადა ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში მთავრობის სხდომებზე მომისმენია ინფორმაცია, რომ საქართველოს მასშტაბით მდინარეების კალაპოტები და ხეობები ისე იყო დაბინძურებული და ჩახერგილი, რომ მცირე წვიმებსაც შეუძლო დიდი უბედურების გამოწვევა; რომ მრავალი სოფელი მეწყერულ ზონებში იყო მოხვედრილი და დიდი საფრთხე ემუქრებოდა. იმავე წლებში მოიხსნა ყოველგვარი შეზღუდვები და ნორმები მშენებლობებზე (მაგალითდ ინსოლაციის ნორმები, კორპუსებს შორის მანძილი). საერთოდ იგნორირებული იყო გეოლოგიური ექსპერტიზა. მშენებლობებს კი მხოლოდ ნაცებთან დაახლოებული კომპანიები ასრულებდნენ. სხვები ტენდერებში აღარც იღებდნენ მონაწილეობას - იცოდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა.

იმაზე, როგორ ამახინჯებდა სააკაშვილი თბილისს, ბათუმს და სხვა ქალაქებს, როგორ ფლანგავდა ვეებერთელა სახსრებს უღატაკეს ქვეყანაში, საკმაოდ ბევრი იწერებოდა ევროპულ პრესაში. წინა წლებში ბლოგზე განთავსებულ წერილებში არაერთხელ ვციტირებდი გაოგნებული ევროპელების წერილებს და აქ აღარ გავიმეორებ.

ახლა, მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ იმ წლებში, როდესაც სტრიპტიზმერი უგულავა მერიის ბიუჯეტიდან თანხებს რიცხავდა სტრიპტიზბარებში და იქ ერთობოდა თავის მეგობრებთან და/ან მათ მეუღლეებთან ერთად; როდესაც ვენაში წაიყვანა სამშობიაროდ მეუღლე და უძვირეს სასტუმროში უძვირეს ნომერში გაჩერდა, რომელშიც ერთი დღე ცხოვრება მერის თვიურ ხელფასს აღემატებოდა, ხოლო საგულშემატკივროდ ჩასული მისი ,,საძმო"" ვენაში დღეში 800-900 ევროდ დაქირავებული ჯიპებით დაქროდა; როდესაც ლას ვეგასში დადიოდა, მივლინებებზე ათობით ათასს დოლარს ხარჯავდა და უტიფრად აცხადებდა, რომ ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად (!) უწევდა სიარული (წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ევროპის ნებისმიერ ქალაქში, მერი ასე რომ მოქცეულიყო); სწორედ ამ დროს ცნობილმა საერთაშორისო კომპანია ,,მერკერმა"" სხვადასხვა ქვეყნის 221 ქალაქი გამოიკვლია და თბილისი სამარცხვინო 214-ე ადგილზე "მოათავსა". მაშინ დამოუკიდებელმა ქართველმა ჟურნალისტებმა განგაში ატეხეს, ვინაიდან იმ კრიტერიუმებს შორის, რომელთა მიხედვით თბილისი ევროპაში მიღებულ სტანდარტებს ვერ პასუხობდა, უწინარესად იყო ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა.

ეს წერილი ,,რუსთავი 2"-ით 16 ივნისს გავრცელებული სტრიპტიზმერის წერილის ფრაგმენტით მინდა დავასრულო:

,,...ყველა საზოგადოებაში ტრაგედია სოციალური პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ერთიანობის განცდას აძლევს ბიძგს. დღევანდელ ტრაგედიას გმირებად რიგითი თბილისელები გამოუჩნდნენ. ყველა გემოვნების და ორიენტაციის თბილისელი ერთად დარაზმული ცდილობს სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას.

ეს კათარზისია! ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსებს მან უნდა გვიჩვენოს გზა, საით ვიაროთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ, რა ტალახიც არ უნდა ისროლონ და რა ნადირობაც არ უნდა გამოაცხადონ კუდიანებზე, მე დღეს "რიგითი ნარმანია" ვარ, რადგან ვიცი, რა ძნელია მის ადგილზე ყოფნა და ამ პასუხისმგებლობის ტარება," -აღნიშნულია ვირის აბანოში მყოფი უგულავას განცხადებაში.

კათარზისი დიდებული რამ არის, მაგრამ ცინიზმს რა ვუყოთ?

პეტრე მამრაძე, 16 ივნისი, 2016 წელი