რითი ,,კაიფობდა" ჟვანიას მიკი-მაუსი და რა იდო ოდესის ოლქის მთავარი პროკურორის მძიმე ჩემოდნებში - კვირის პალიტრა

რითი ,,კაიფობდა" ჟვანიას მიკი-მაუსი და რა იდო ოდესის ოლქის მთავარი პროკურორის მძიმე ჩემოდნებში

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც არავინ იცოდა, შემოვიდოდა თუ არა რუსეთის ჯარი თბილისში, ცაგერის ქუჩაზე მდებარე სახლის ზოგიერთი მაცხოვრებელი საოცარი სურათის მოწმე გახდა. ცაგერის (ამჟამად დები იშხნელების) ქუჩა იოსებიძის და შარტავას ქუჩებს აერთებს და ხსენებულ სახლში ჰქონდა ბინა იუსტიციის მაშინდელ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. ადეიშვილი და მისი ოჯახის წევრები იმ სახლში კარგა ხანია არავის ენახა. ოდესაში ,,რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში ადეიშვილმა თქვა, რომ ჰქონდა ,,ჩვეულებრივი" ბინა საბურთლოზე, რომელიც გაყიდა უცხოეთში წასვლის შემდეგ. ვისაც კი ახსოვს ადეიშვილის გაქცევის შემდეგ ტელევიზიით ნაჩვენები აპარტამენტები პროკურატურის შენობაში და სრულიად ,,არაჩვეულებრივად" მოწყობილი დასაძინებელი ოთახი; ვინც იცის, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ ,,მთავარი ნაცები" და მათი ოჯახები, არ გაუკვირდება, რომ ადეიშვილი და მისი ოჯახის წევრები არ იყენებდნენ საბურთალოზე მდებარე ,,ჩვეულებრივ" ბინას.

არაჩვეულებრივი სურათი კი ასეთი იყო: ეზოში დიდი სიჩქარით შემოგრიალდნენ შავი ჯიპები და ამ ჯიპებიდან კბილებამდე შეიარაღებული დაცვის ოფიცრები გადმოხტნენ. ერთერთი ჯიპიდან გადმოვიდა ზურაბ ადეიშვილი და დაცვის ოფიცრების ერთმა ნაწილმა ალყა შემოარტყა მას, დანარჩენებმა კი ეზოში დაიკავეს პოზიციები და კორექტულად სთხოვეს იქ მყოფ ადამიანებს ,,თუ შეიძლება, ცოტა შორს დამდგარიყვნენ". ყველა მხრიდან მცველებით გარშემორტყმული ადეიშვილი მცველებთან ერთად შევიდა სადარბაზოში, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ეზოში ჩამოვიდა, ისევ მცველებით გარშემორტყმული. ათლეტური აღნაგობის მცველებით დაფარული ადეიშვილი თითქმის არ მოჩანდა, მაგრამ შორიახლო დამდგარმა და ფანჯრებთან მიჭრილმა ცნობისმოყვარე მეზობლებმა დაინახეს გროტესკული სურათი: ზურაბ ადეიშვილი ორ დიდ და მისთვის ძალიან მძიმე ჩემოდანს მიათრევდა. აშკარა იყო, რომ ძალიან უჭირდა, მაგრამ გმირულად მიათრია ტვირთი მანქანამდე და არც მაშინ გაუშვია ხელი ჩემოდნებისათვის, როდესაც მცველებმა დახმარება გაუწიეს და ჩემოდნები მანქანაში ჩაადებინეს. ,,სიცილი ძლივს შევიკავე. ისეთი სცენა იყო, ჩარლი ჩაპლინს შეშურდებოდა", - მითხრა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა მათ რიცხვში, ვისაც დაცვამ თავაზიანად სთხოვა შორს დამდგარიყო. ნაცნობის აზრით ყველაზე სასაცილო, ირაციონალური და გროტესკული ის იყო, რომ ზურაბ ადეიშვილმა, თავისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, ჩემოდნების ტარება დაცვას არ მიანდო და თვითონ მედგრად მიათრევდა, თუმცა ყოველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირდა. ნაცნობმა ეს ყველაფერი მომხდარიდან კარგა ხნის შემდეგ მომიყვა და ვერ გაიხსენა ზუსტად ამ ამბავის თარიღი - 9 ან 10 აგვისტო იქნებოდაო. ,,ჯიპები რომ დიდი სიჩქარით დაიძრნენ და მოშორდნენ იქაურობას, გულიანად ვიცინეთ იქ მყოფმა რამდენიმე კაცმა და იმაზე ვიმსჯელეთ, რა შეიძლება ყოფილიყო იმ ჩემოდნებში. თუმცა იმ დღეებში ისეთ განწყობაზე ვიყავით, რომ არ გვეგონა, თუ რამეზე გაგვეცინებოდაო", მითხრა ჩემმა ნაცნობმა. მე კი მისმა მონათხრობმა გამახსენა, როგორ ვნახე პირველად ზურაბ ადეიშვილი: 1996 წელს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას ველაპარაკებოდი მის კაბინეტში. საქმე ერთ, სასწრაფოდ მისაღებ კანონპროექტს ეხებოდა. ზურაბმა მითხრა: ,,ერთი ახალგაზრდა იურისტი მყავს სარდაფში გამომწყვდეული, გარეგნობით ნამდვილი მიკი-მაუსია, (,,ჰარი-პოტერი" მაშინ ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, პ.მ.) მაგრამ საკმარისია იდეა მივაწოდო და ელვის სისწრაფით აძლევს კანონპროექტის ფორმას. დავალება მიცემული მაქვს. ახლავე დავუძახებ. დარწმუნებული ვარ უკვე ყველაფერი მზად ექნება". თქვა ეს და დააძახებინა მდივანს თავისი მიკი-მაუსი. მართლაც, ერთ წუთში შემოვიდა ოდესის ოლქის მომავალი პროკურორი და შემოიტანა ,,ელვის სისწრაფით" მომზადებული კანონპროექტი. მინდა აღვნიშნო, რომ ჟვანია არ დასცინოდა ზურაბ ადეიშვილს. პირიქით, ზედმეტსახელებს იმ თანამშრომლებს არქმევდა, ვისაც ენდობოდა და ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცხადია ,,სარდაფში გამომწყვდევაც" მხოლოდ ზურაბ ჟვანიას საუბრის მანერა იყო - ადეიშვილს ნორმალური, კარგი სამუშაო ოთახი ექნებოდა პარლამენტის შენობაში.

,,ქალბატონებო და ბატონებო, ახლა მოვუსმინოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც გუშინ გაუპატიურა საქართველოს კონსტიტუცია და ახლა მოგვიყვება გაუპატიურების პიკანტურ დეტალებს", ისევ ჩვეულებრივი მანერით განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 2004 წლის დასაწყისში ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე. ადეიშვილმა მაშინ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც კონსტიტუციის 30-მდე მუხლს შეეხო და რომლის მიხედვით პროკურატურა გამოდიოდა სასამართლო ხელისუფლებიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი ხდებოდა.

,,ესეც შენი მიკი-მაუსი", ვუთხარი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას იმ სხდომიდან სულ 2-3 თვის შემდეგ. ჟვანია გაცოფებული იყო (თვითონ იხმარა ეს სიტყვა) იმის გამო, რომ მაშინ უკვე სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დემონსტრატულად არ ესწრებოდა მინისტრთა კაბინეტის სხდომებს და პრემიერის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა. ე.წ. ,,ჟვანიას გუნდის" წევრები მაშინ ჩუმად უზიარედნენ ერთმანეთს თავის შეშფოთებას და აღშფოთებას მიკი-მაუსის ქცევის გამო და დუღდნენ: ადეიშვილმა შემოთვალაო - ,,რატომ უნდა ვკარგო დრო და ვიარო ჟვანიას სხდომებზე, როცა იქ არაფერი წყდება".

,,უყურებ? უსმენ რეებს ბოდავს ეს უბედური?", მირეკავდნენ 9 ივნისს ჟვანიას გუნდის ,,არგანაცებული" და ,,არგაქოცებული" ყოფილი წევრები, რომლებიც ჩემზე უკეთ იცნობდნენ ჟვანიას მიკი-მაუსს. ჩავრთე ტელევიზორი, ,,გადავახვიე" და თავიდან ბოლომდე ყურადღებით მოვუსმინე ოდესის ოლქის პროკურორის ექსკლუზიურ ინტერვიუს ,,რუსთავი-2"-ზე. მართალი გითხრათ, არაფერი გამკვირვებია. სხვა რა უნდა ეთქვა ,,იმ უბედურს"? იმას ხომ არ მოყვებოდა, რამდენი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. ვფიქრობ ჩემი ყოფილი კოლეგების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ადეიშვილის ინტერვიუებს არ იყვნენ შეჩვეულები და ეს მათთვის ახალი ,,ბოდვა" იყო. ინტერვიუ კი, მართლაც, თავიდან ბოლომდე ტყუილებისაგან შედგება. მკითხველს დროს არ დავაკარგვინებ ამ ტყუილების დეტალური გარჩევით. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რა და როგორ ხდებოდა მაშინ; როგორ იმართებოდა სახელმწიფო ,,მავნე საბავშვო ბაღის" მიერ, როგორ ხორციელდებოდა ე.წ. წარმატებული რეფორმები და რა იმალებოდა ,,წარმატების" ამსახველი დეკორაციების მიღმა.

ოპოზიციაში გადასულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე ადამიანს და მათ შორის მას ჰქონდა პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება და რომ ამან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. მართლაც ასე იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ე.წ. ,,ღამის მთავრობა" (ივლიანე ხაინდრავას ტერმინია). ამ ღამის მთავრობას სააკაშვილი და მისი ,,ტროიკა": მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და ადეიშვილი შეადგენდა. ეს შესანიშნავი ოთხეული გვიან ღამით იკრიბებოდა და წყვეტდა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებს. ის კი არა, გადაწყვეტილების აღსრულებასაც ზოგჯერ მაშინათვე, ღამით იწყებდნენ. ტროიკის სხდომებზე არაჯანსაღი ვითარება სუფევდა; სააკაშვილის ისტერიკები, ლანძღვა-გინება და მუქარები (,,ახლავე მოგხსნი, გაგანადგურებ!") მერაბიშვილის და ოქრუაშვილის მიმართ ხშირი იყო. ადეიშვილი ინიციატივას ნაკლებად იჩენდა, საყვედურებსაც ნაკლებად ღებულობდა და თავისი ქცევით და კომპრომისული წინადადებებით ხშირად ანეიტრალებდა დაძაბულობას. პრემიერ-მინისტრს ღამის მთავრობის სხდომაზე არ იწვევდნენ. მოწმე ვარ იმისა, რომ დილით მოსული ჟვანია ჟურნალისტებისაგან გებულობდა, რომ ქვეყანაში რაღაც ხდებოდა და ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს ყველაფერი იცოდა. შემდეგ კი დღის 2-4 საათამდე პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლას ელოდებოდა, რომ მასთან გაერკვია ყველაფერი.

საინტერესოა, რომ მიკი-მაუსს თავიდან მართლაც არ უნდოდა ხელისუფლებაში ყოფნა და ახლო ადამიანების წრეში არ მალავდა ამას. მას ერჩივნა თავის კერძო იურიდიულ კომპანიაში მუშაობა და ამბობდა, რომ ეს გაცილებით საინტერესო, მშვიდი და ფინანსურადაც ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა მისთვის. მის მაშინდელ გულწრფელობაში ახლაც არ მეპარება ეჭვი. მაგრამ ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უკვე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მყოფმა და ,,პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლების" მქონე ადეიშვილმა უთხრა თავის ახლო ნაცნობს, ყველასათვის ცნობილ პიროვნებას: ,,აუ, ეს ვლასტი რა კაიფი ყოფილა!". ცნობილია, რომ გარკვეული ტიპის ადამიანებისათვის, განსაკუთრებით არასრულფასოვნების ღრმა კომპლექსის მატარებლებისათვის, ძალაუფლებით ტკბობა იგივეა, რაც ნარკომანისათვის ნარკოტიკის მიღება. აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილისა და მერაბიშვილისაგან განსხვავებით ადეიშვილს არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია. მისთვის საკმარისი იყო ჩრდილში ყოფნა და იმ ძალაუფლებით ტკბობა, რაც მას სააკაშვილმა მიაკუთვნა. შესაძლებელია, აქ მისმა ავადმყოფობამაც იმოქმედა. უცხოელი დიპლომატები მეუბნებოდნენ, რომ ის მძიმედ ავად იყო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას ვენაში დაფრინავდა, სადაც ცნობილ კლინიკაში რაღაც ინტენსიურ მკირნალობას გადიოდა. დიაგნოზი არასოდეს მიკითხავს. მახსოვს, როგორი აღშფოთებული იყვნენ ჟვანიას გუნდის წევრები, როდესაც ჰარი პოტერმა (მაშინ უკვე ამ სახელს ეძახდნენ ოდესის ოლქის ამჟამინდელ პროკურორს) ზაზა სოფრომაძე (ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) დააპატიმრა აშკარად ყალბი ბრალდებით. ,,ყველაზე კარგად ამ ავადმყოფმა იცის, რომ ზაზა აბსოლუტურად უდანაშაულოა და ახლა ეს უბედური იმით ტკბება, რომ აწამებს პატიოსან კაცს და ჩვენ ყველას გვაგრძნობინებს, რომ ნებისმიერ დროს ჩვენც დაგვიჭერს, თუ მოინდომეს", თქვა ჩემი თანდასწრებით ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომელმაც მანამდე დედა აგინა ტელეფონით ადეიშვილს სოფრომაძის დაპატიმრების გამო. ,,რა სჭირს? უცხოელებიც მეუბნებიან, რომ სულ ვენაში დაფრინავს სამკურნალოდ", ვიკითხე მე. ,,რა სჭირს და ხშირად უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი", მიპასუხა იმ კაცმა, მაგრამ დიაგნოზზე არაფერი უთქვამს. მოგვიანებით უცხოელებმა მითხრეს, რომ ადეიშვილის ავადმყოფობა მკურნალობას დაექვემდებარა და ექიმებმა რემისიას მიაღწიეს. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე მყოფი ადამიანების ავადმყოფობას არ მალავენ - ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც მათ სახელმწიფოს მართვა ანდეს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ადეიშვილი იყო ერთდერთი, რომელიც ვიწრო წრეში ამბობდა, რომ ჯობდა პრეზიდენტობიდან გადამდგარ სააკაშვილს არ მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, ადეიშვილი ამბობდა, რომ ჯობდა სააკაშვილის მთელი გუნდი გადამდგარიყო (ცხადია თავის თავსაც გულისხმობდა) და პოლიტიკური ტაიმ-აუტი აეღო. ისევ უცხოელები მეუბნებოდნენ, რომ მაშინ ეს იყო ყველაზე ჭკვიანური და შორსმჭვრეტელი აზრი. მეც მიმაჩნია, ადეიშვილისთვის რომ დაეჯერათ, საქართველოს ბევრი უბედურება ასცდებოდა და ნაცებსაც ასცდებოდათ სრული კრახი, ემიგრაცია და, ზოგიერთს, ვირის აბანო.

სააკაშვილის დავალებით და ტროიკასთან, ხოლო ოქრუაშვილის წასვლის შემდეგ მერაბიშვილთან შეთანხმებით, ადეიშვილმა სააკაშვილის ბევრი დანაშაულებრივი დავალება შეასრულა. ყველაზე დიდი დანაშაული ის იყო, რომ სასამართლო სისტემა პროკურატურის ფილიალი გახდა. ადეიშვილის დავალებით მისი მოადგილეები ყველა დონის მოსამართლეს ეპყრობოდნენ ისე, როგორც თავის ხელქვეითებს და მოსამართლეები სრული მორჩილებით ასრულებდნენ პროკურატურის ყველა დავალებას. ადეიშვილის პროკურორობისა და მინისტრობის დროს არ ყოფილა არც ერთი (!) შემთხვევა, რომ მოსამართლეს ის განაჩენი არ გამოეტანა, რასაც პროკურატურა ავალებდა. გამმართლებელი განაჩენიც მხოლოდ პროკურატურის ნებართვით გამოჰქონდათ. სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველგან და ყოველთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. საკმარისია სასამართლომ დაკარგოს დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი ერთბაშად ნადგურდება. ასე გაჩნდა საქართველოში 300 ათასამდე ე.წ. პრობაციონერი; ასე გაიტენა ციხეები სრულიად უდანაშაულო ადამიანებით და ისეთებით, ვინც უაზროდ არაპროპორციულ სასჯელს იხდიდა ისეთი დარღვევისათვის, რომლისთვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში მცირე ჯარიმას გადაახდევინებდნენ მოქალაქეს. ამ დიდი და საქართველოს განვითარებისათვის საბედისწერო დანაშაულის განმახორციელებელი ზურაბ ადეიშვილია! სწორედ ოდესის ოლქის ამჟამინდელი პროკურორი რეჟიმის ხერხემალ მერაბიშვილთან ერთად არის სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიის, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმის მთავარი შემქმნელი. კიევში სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ ჯორჯ სოროსმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ,,სააკაშვილს არ დაუმარცხებია კორუფცია საქართველოში, არამედ კორუფციის პრივატიზება შეძლო". ყველას უნდა ესმოდეს, რომ მიკი-მაუსის წვლილი ამ ,,მიღწევაში" არის ძალიან დიდი.

,,...მაგრამ ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით, იყო მეორე ეტაპი სასამართლოში, არა მარტო სასამართლოში, არამედ ყველა სამართალდამცავ ორგანოებში, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად გამოსულიყო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. მაგალითად, იგივე პროკურატურა, რომელიც საქართველოში დღესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, აუცილებელია ისიც იყოს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი. მასზე არ ვრცელდებოდეს არანაირი პოლიტიკური ზეგავლენები და დამოუკიდებლად თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას" ...

"ჩვენ დროს ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ისიც იყო, რომ უფრო მეტი რესურსები იხარჯებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამართალდამცავ ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე, პოლიციაზე, სერიოზული რეფორმები ჩატარდა, თუმცა ამხელა რესურსი არ დახარჯულა სასამართლო სისტემაში და სწორედ ესეც იყო გარკვეული შეცდომა", - აღნიშნა ადეიშვილმა 9 ივნისის ინტერვიუში. შევადაროთ მისი ნათქვამი რეალობას და მიკი-მაუსის ცინიზმიც შევაფასოთ და დავაფასოთ: სინამდვილეში ,,ამხელა რესურსი" სწორედ იმისათვის იხარჯებოდა, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი ყოფილიყო, ხოლო დემოკრატიული ქვეყნებში ხელისუფლების სრულიად დამოუკიდებელი და უმნიშვნელოვანესი შტო - სასამართლო სისტემა, პროკურატურის ქვეგანაყოფი გამხდარიყო. მოგეხსენებათ, რა ,,განუკითხაობა" სუფევს დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროკურატურა სასამართლო სისტემის ნაწილია, სასამართლო ხელისუფლება კი აბსოლუტურად დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. იქ ხომ ქვეყნის სათავეში მოსულ პირებს ერთ დღესაც არ აცლიან ,,ვლასტით კაიფს". არ ჩამოვთვლი რამდენი პრეზიდენტი და პრემიერი გაასამართლეს ევროპაში ბოლო წლებში, თანაც ისე, რომ პოლიტიკურ დევნაზე ხმა არ ამოუღია მსოფლიოში არავის. შეგახსენებთ მხოლოდ, რომ ისრაელის ყოფილი პრემიერი ოლმერტი რომ მიაბრძანეს ვირის აბანოში, იქ მას უკვე ელოდებოდა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი კაცავი.

სააკაშვილის დავალებით ადეიშვილი ,,კურირებდა" ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს. საინტერესოა, რომ თბილისიც სააკაშვილმა ადეიშვილს ჩააბარა. ადეიშვილი წყვეტდა ტენდერების, მშენებლობების, სხვადასხვა პროგრამების განაწილებას და იმასაც, ვის რა ,,ატკატი" უნდა დაებრუნებინა ნაცებისათვის. ყოველ ხუთშაბათს უგულავას მოადგილე წვრილად აბარებდა ადეიშვილს ანგარიშს კვირის განმავლობაში შესრულებულ დავალებებზე და მომდევნო კვირაში შესასრულებელ დავალებებს ღებულობდა. უგულავას დაპატიმრების შემდეგ დავით უსუფაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ადეიშვილს სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული უგულავას წინააღმდეგ და თაროებზე უგულავას დანაშაულების მამხილებელი რამდენიმე ტომი ედო. წარმოიდგინეთ რა იკადრა ადეიშვილმა და როგორ ,,კაიფობდა" ამით!: თავის დასაზღვევად საქმე აღძრა უგულავას წინააღმდეგ სწორედ იმ დანაშაულებებისათვის, რომლის ჩადენასაც თვითონ ავალებდა მას.

კიდევ ბევრი ისეთი რამის მოყოლა შეიძლება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უსათუოდ უნდა იცოდეს. მაგრამ სიტყვა გამიგრძელდა და წერილს ივანიშვილის 2013 წლის თებერვალში გაკეთებული ცნობილი განცხადებით დავასრულებ:

"მე არ მინდა დავივიწყო და ხაზი მინდა გავუსა იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ არაკორუმპირებული პროკურატურა. ის რომ პროკურატურა და სასამართლო იმ თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხელფასზე იყვნენ დამოკიდებულნი, ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამით წარმატებით ვსარგებლობთ. ზევიდან კარნახი რაც იყო, პოლიტიკური ნება ჩაიხსნა. შეკვეთებს ღებულობდა ადეიშვილიც და რა თქმა უნდა მისი ბრალეულობაცაა, რომ ასრულებდა, მაგრამ შეკვეთები იყო, ეს არ იყო მისი იდეოლოგია. ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ეს არის ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისგან და პასუხისმგებლობისგან, თუ მან ჩაიდინა დანაშაულები. მაგრამ ჩანს, რომ მან მოახერხა სასამართლოც და პროკურატურაც ცხოვრობდნენ ხელფასებზე და სასამართლო ძალიან დაბალ ხელფასებზე".

ივანიშვილის ამ განცხადებამ მაშინ ბევრი აღაშფოთა. არადა ივანიშვილი არა პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ კორუფციაზე ამახვილებდა ყურადღებას და სავსებით მართალი იყო: საქართველოსნაირ ქვეყანაში იმის მიღწევა, რომ პროკურატურის და სასამართლო სისტემის თანამშრომლები ხელფასებს ჯერდებიან და ქრთამს პრაქტიკულად არ იღებენ, ურთულესი საქმეა. ადეიშვილთან ერთად ამაში დიდი წვლილი ,,ხერხემალმა" მერაბიშვილმა შეიტანა. მასობრივი ფარული მოსმენების, ქრთამის მიცემის პროვოცირების და სხვა, მათ შორის დანაშაულებრივი მეთოდის საშუალებით მათ შექმნეს ისეთი ატმოსფერო, რომ ის სახელმწიფო მოხელეებიც, რომლებსაც საკუთარ სინდისთან პრობლემები არ ჰქონდათ, არ იღებდნენ ქრთამს. მათ ეშინოდათ, რომ ეს არ შერჩებოდათ და სასტიკად დაისჯებოდნენ. ივანიშვილს იმაშიც ვეთანხმები, რომ თვითონ ადეიშვილი არასოდეს გაბედავდა დანაშაულის ჩადენას. ამას მხოლოდ სააკაშვილის დავალებით (თანაც დიდი ,,კაიფით") აკეთებდა და თან ყველა ზომას ღებულობდა, რომ პირადი კვალი არ დაეტოვებინა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დროს ,,ზევიდან კარნახი იყო", მაგრამ ,,ოცნების" გამარჯვების შემდეგ ,,პოლიტიკური ნება ჩაიხსნა". აქ კი დიდი პრობლემა დღესაც სახეზეა. საქმე ის არის, რომ სააკაშვილმა ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვებთან ერთად შექმნა სისტემა, სადაც ზეობდა არა კანონი, არამედ ხელმძღვანელი პირის თუნდაც უკანონო ნება. პროკურატურის და სასამართლოს თანამშრომლები სამსახურში აჰყავდათ იმ ნიშნით და ისე წვრთნიდნენ, რომ ისინი ულაპარაკოდ ასრულებდნენ ხელმძღვანელის ყველა, მათ შორის სრულიად უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებას. უფრო მეტიც. მერაბიშვილი და ადეიშვილი მკაცრად აკონტროლებდნენ იმას, რომ გაუსვრელი არავინ დარჩენილიყო, რომ ყველას შეესრულებინა მათი უკანონო ზეპირი დავალება. საბოლოოდ სისტემაში რჩებოდნენ ძირითადად ისინი, ვინც ამაზე მიდიოდა. პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვინც მიატოვა სამსახური, როცა უკანონო რამ დაავალეს. საგულისხმოა, რომ ამ ადამიანებშიც ვერავინ გაბედა პირდაპირი პროტესტის გამოხატვა - ზოგმა ჯანმრთელობის გაუარესება მოიმიზეზა, ზოგმა ოჯახური მდგომარეობა, ზოგმა კიდევ სხვა რამ და ასე დააღწიეს თავი სისტემას და უბედურებას. აი ძირითადად ასეთი ადამიანები მუშაობენ დღესაც პროკურატურაში, სასამართლოებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათთვის ისევ მათი უფროსის ბრძანება, თუნდაც უკანონო, ბევრად მნიშვნელოვანია კანონზე და კანონიერებაზე. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცებული ქოცები დიდი ხალისით შეუდგნენ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ შექმნილი მართვის სისტემის ათვისებას და ექსპლუატაციას არა ერისა და სახელმწიფოს, არამედ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამ პრობლემაზე ბევრი მისაუბრია და დამიწერია ამ წლებში.

ახლა კი მკითხველს ვთავაზობ წარმოიდგინოს, რითი გატენიდა ჩემოდნებს ზურაბ ადეიშვილი 2008 წლის აგვისტოს იმ დღეს.

პეტრე მამრაძე

2015 წლის 7 ივლისი