კომედიანტები, სახელმწიფო ინტერესები და პიარის გაკეთების დრო
21-07-2015
,,ისეთი დროა, ვიცი უარს მეტყვით, თორემ სამ თვეს მაინც დაგასვენებდით კანარეიკის კუნძულებზე. არ შეიძლება ადამიანმა ამდენი იმუშაოს", - უთხრა მახუტი კეკელიამ ედუარდ შევარდნაძეს 1993 წელს. ,,ჩათვალე, რომ დამასვენე", მიუგო შევარდნაძემ და გულიანად იცინა. ეს საუბარი ,,იმელში" განთავსებულ პარლამენტის დარბაზში შედგა სხდომებს შორის გამოცხადებული შესვენების დროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იმ დღეს აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზიდან დაბრუნდა თბილისში და პირდაპირ სხდომაზე მოვიდა. შევარდნაძეს დაღლილობა არასოდეს
ეტყობოდა, მხოლოდ თვალების სიწითლეზე თუ შეატყობდი, რომ ორი-სამი დღე-ღამე თითქმის, ან საერთოდ არ დაუძინია. შალვა (მახუტი) კეკელია პარლამენტის წევრი იყო და იმ კოლორიტულ პარლამენტშიც კი, რომელშიც ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობა ღირსეულად იყო წარმოდგენილი, ხოლო ,,ლუიზა კიოდა და დრო გადიოდა", გამოირჩეოდა თავისი განუმეორებელი კოლორიტით. კომუნისტების დროს მახუტი თბილისის
ჩაის საწონი ფაბრიკის დირექტორის მოადგილე ყოფილა; ამბობდნენ, რომ სამეგრელოში რამდენიმე მსხვილ საწარმოში ჰქონდა წილები. წილებისა არაფერი ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ ჩაცმა უყვარდა და ზოგჯერ რამდენჯერმე იცვლიდა ტანსაცმელს დღის განმავლობაში. მაგალითად, დილით მოვიდოდა ფანტასტიკურად ჭრელი გულგაღეღილი პერანგით და კისერზე ჩამოკიდებული მსხვილი ოქროს ჯაჭვით. საღამოს სხდომაზე კი შავ სმოკინგში, კისერზე ,,პეპელათი" და სპილოს ძვლის ტარიანი ხელჯოხით მოგვევლინებოდა. მახუტი კეკელია სხდომაზე იშვიათად გამოდიოდა სიტყვით, სამაგიეროდ შესვენებების დროს დაუღალავად ყვებოდა საინტერესო ამბებს და კოლორიტულ ისტორიებს. ერთხელ კი სხდომის დროს მოითხოვა სიტყვა და პოლიტიკურად უაღრესად მნიშვნელოვანი რამ თქვა. მანამდე სიტყვით გამოსული ირაკლი წერეთელი მისთვის ჩვეული შემართებით ამტკიცებდა, რომ ეროვნულ -განმათავისუფლებელმა მოძრაობამ შეძლო ბოროტების იმპერიის, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლა. აი ამის პასუხად თქვა მაშინ მახუტიმ: ,,არ ხარ მართალი, ირაკლი! შენ და შენისთანებს სსრკ არ დაგინგრევიათ და ვერც ვერაფერს დააკლებდით იმ სახელმწიფოს, ძალიან რომ გნდომებოდათ. სსრკ მე და ჩემისთანებმა დავანგრიეთ, ვინც იმ სახელმწიფოს თვეში ერთ მილიონ მანეთს მაინც ვპარავდით. შენ და შენისთანებმა კი საქართველო დაანგრიეთ და ახლაც ანგრევთ იმას, რაც კიდევ შემოგვრჩა კომუნისტებისაგან".

1995 წელს საქართველოში აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ქ-ნი მადლენ ოლბრაიტი ჩამოვიდა. გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე ცალ-ცალკე შეხვდა კოლორიტული პარლამენტის უმრავლესობას და ოპოზიციას. უმრავლესობის წევრი მახუტი კეკელია აღარ იყო ცოცხალი, იგი 1994-ში გარდაიცვალა. ოპოზიციასთან შეხვედრამ კი იმდენად გააოგნა ოლბრაიტი, რომ მან თავი არ შეიკავა და საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას, ცხადია, უნდა ჰქონდეს მმართველი ძალისაგან განსხვავებული ხედვა საშიანო და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიცია უნდა იყოს ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესების ერთგული. ხოლო პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს ემტერება, ოპოზიცია არ ჰქვია, ასეთი ძალებისათვის სხვა ტერმინები არსებობს. (აქ კი ქ-მა ოლბრაიტმა თავი შეიკავა და არ თქვა, რომ ასეთ ქმედებას სამშობლოს ღალატს უწოდებენ ნორმალურ ქვეყნებში).

ეს და სხვა მსგავსი ეპიზოდები მახსენდებოდა ამ დღეებში, როდესაც ვაკვირდებოდი სხვადასხვა ჯურის ნაძირალების და კომედიანტების პროვოკაციებს ხურვალეთთან და წითელუბანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გამოჩენასთნ დაკავშირებით.

მავთულხლართებზე, ბანერებზე და ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე ადრეც დამიწერია. მოკლედ შეგახსენებთ საკითხის არსს:
2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურით სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ლანგარზე მიართვეს პუტინს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საბაბი და საშუალება. სააკაშვილის ავანტიურამ გააოგნა დასავლეთი. ,,სააკაშვილი კოჭს უგორებს პუტინს" - ასეთი და მსგავსი სათაურებით გამოდიოდა მაშინ დასავლური გაზეთები. კოლინ პაუელმა სი-ენ-ენ-ის პირდაპირ ეთერში მაშინათვე ,,ჭკუანაღრძობი" უწოდა სააკაშვილს; უოლტერ რასელ მიდმა სააკაშვილი საქართველოს ყველაზე საშინელ მტრად გამოაცხადა; სააკაშვილის მეგობრად ცნობილი სენატორი მაკკეინი დღემდე იმეორებს, რომ მაშინ სააკაშვილმა წამოიწყო ყველაფერი და საკუთარი ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა (იხ. მაკკეინის გამოსვლები იუთუბზე); დასავლეთის სხვა ცნობილმა მოღვაწეებმაც ჯეროვნად შეაფასეს სააკაშვილის სიგიჟე. რუსეთის მთავრობამ კი სცნო რა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაშინათვე ხელშეკრულებების მთელ პაკეტზე მოაწერა ხელი თავის ახალ ,,მოკავშირეებთან". ამ ხელშეკრულებების შესაბამისად და სეპარატისტული მთავრობების ,,თხოვნით" რუსეთმა განათავსა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძლავრი სამხედრო ბაზები, სარაკეტო კომპლესები, რომელთა რაკეტების მოქმედების რადიუსი მთელ საქართველოს ფარავს და მიავლინა იქ თავისი მესაზღვრეები, რომლებიც, ხელშეკრულებების შესაბამისად, იცავენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ,,სახელმწიფო საზღვრებს" და სეპარატისტული მთავრობების დავალებით ამონტაჟებენ საზღვრის გარკვეულ უბნებზე მავთულხლართებს და ბანერებს.

ამასობაში სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად განაგრძობდა პუტინისა და მისი ჩეკისტური რეჟიმისათვის კოჭის გაგორებას ხმაურიანი ანტირუსული განცხადებების თანხლებით: ნაცისტებმა მიიღეს კონტრპროდუქტიული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს კანონი, რომელიც დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა და რომელიც ქოცებს არსებითად არ შეუცვლიათ, საქართველოს მტრად აცხადებს ყველას, ვისაც კი რაიმე ურთიერთობა ექნება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ამით ისედაც იქ შეჭრილ რუსეთს უკანონებს სრულ მონოპოლიას ამ რეგიონებზე. (ზოგიერთ მკითხველს ემახსოვრება, როგორ დააპატიმრეს სააკაშვილის სადისტებმა ახალგორელი ახალგაზრდები, რომლებსაც თბილისიდან ახალგორში უნდოდათ გადასვლა მშობლების მოსანახულებლად). ამ დღეებში პაატა ზაქარეიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, რომ რუსი მესაზღვრეები მოქმედებენ მხოლოდ იმ საზღვრების გასწვრივ, რომელიც მათ სააკაშვილმა დაუკანონა აღნიშნული კანონით. საგულისხმოა, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის ,,ოცნებასთნ" დამარცხებამდე სააკაშვილი და მისი ნაცისტები ხმას არ იღებდნენ მავთულხლართებზე, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ 2009-2012 წლებში დამონტაჟდა; არც რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის დადებულ ათობით ხელშეკრულებაზე იღებდნენ ხმას. იმ წლებში ჩვენს პრესაში რამდენჯერმე დაიბეჭდა ინფორმაცია საზღვრის გადმოწევაზე, რუსი მესაზღვრეების ჩადგომაზე და ა.შ., მაგრამ სააკაშვილი და ნაცები დუმდნენ და მათი ტელევიზიებიც არაფერს აშუქებდნენ. საქმე ის არის, რომ ნაცებმა კარგად იცოდნენ - გაპროტესტების შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევდნენ იმის გარდა, რომ მათი უსუსურობა ყველასათვის თვალსაჩინო გახდებოდა. ჟენევის პროცესი მაშინაც მიმდინარეობდა და საქართველოს დელეგაციას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. მაშინ იყო, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთმა გამოცდილმა დიპლომატმა ჩემთან საუბარში ძველი ანეკდოტი გაიხსენა საწყალ კურდღელზე: ერთ ტყეში მგელი ყოველდღე სტუმრობდა კურდღელს და აუპატიურებდა ამ უბედურს. კურდღელმა იმდენი შეძლო, რომ ცხოველთა მეფესთან - ლომთან შეაღწია საჩივრით. ლომმა მგელი დაიბარა და მკაცრი ლიმიტი დაუწესა - კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს მისცა კურდღელის გაუპატიურების უფლება. ამის შემდეგ მგელმა მაინც ყოველდღიური პრაქტიკა განაგრძო, აღშფოთებულ კურდღელს კი აუხსნა, რომ ამას მომავალი ორშაბათების ხარჯზე აკეთებდა და შესთვაზა კურდღელს თვითონ აღერიცხა დავთარში ყოველი აქტი, რომ ზედმეტი არაფერი მომხდარიყო. ყურდღელი შეუდგა აღრიცხვას, მგელმა კი განაგრძო მისი ყოველდღიური გაუპატიურება. ერთ დღეს, მორიგი გაუპატიურების შემდეგ, კურდღელმა ამოშალა ჟურნალში ათიოდე წლის შემდეგ დასადგომი ორშაბათი დღე, მერე კი დააგდო კალამი და შეიცხადა: ,,ეს ოხერი, მგელი ისევ ყოველდღე მაუპატიურებს, ახლა კი ბუღალტერიაც მე ამკიდეს!" ,,ეს ჩვენი უბედური ბიკერია, რომელიც ყვიროდა, რომ დასავლეთისაგან კარტ-ბლანში გვაქვს მიღებული წარმატებული ბლიც-კრიგის განხორციელებისათვის, რომელიც ადრე რუსებს ისე ექცეოდა, თითქოს ჩვენ ვყოფილიყავით ბირთვული ზესახელმწიფო, რუსეთი კი პაწაწინა, ჯარის არმქონე ქვეყანა, ახლა ამ საწყალი კურდღელის როლშია, და ბუღალტერად დადის ჟენევაში ჩვენი გაუპატიურების აღსარიცხად", მითხრა იმ დიპლომატმა. საგულისხმოა, რომ კურდღელის ამპლუა არ უშლიდა ბოკერიას ისეთი კომენტარები ეკეთებინა ჟენევის შეხვედრების შემდეგ, თითქოს საქართველო ყოფილიყო 2008 წლის ომში გამარჯვებული.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ნაცებმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით გააჩაღეს აქტიური პიარკამპანია, რომლის პროგრამაში, სხვა საკითხებთან ერთად, შედიოდა ქოცებისათვის ყველა იმ დანაშაულის გადაბრალება, რაც ნაცებმა თვითონ ჩაიდინეს. ახლა უკვე ყოველი მავთულის ყოველი ხლართის ინტენსიური გაშუქება ხდებოდა ,,ცრუსთავი 2"-ის და ნაცების კუთვნილი სხვა მას-მედიური საშუალებებით. ნაცებმა საპროტესტო აქციების ორგანიზებაც დაიწყეს. მორიგი ინციდენტის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დააყენა ეს საკითხი ჟენევის შეხვედრაზე და, ცხადია, მიიღო რუსეთის დელეგაციის მკვეთრი და წინასწარ ცნობილი პასუხი: რუსმა დიპლომატებმა შეახსენეს ჩვენებს, რომ რუსეთი სცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების გაუქმებას; რომ ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად რუსი მესაზღვრეები ასრულებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობების კონკრეტულ დავალებებს და რუსეთის მთავრობა ამ კონკრეტულ საკითხებში ჩართული არ არის; რუსმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ რამდენჯერმე მიმართა თბილისს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვის თხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისმა ასეთ მოლაპარაკებებზე უარი თქვა; რომ რუსეთის მთავრობა, ცხადია, არ აპირებს რაიმე ზეგავლენა მოახდინოს თავის მოკავშირე სახელმწიფოებზე (აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე) იმ სახელმწიფოს (საქართველოს) მოთხოვნით, რომელიც არ ცნობს ამ სახელმწიფოებს, ხოლო რუსეთთან თავისი ინიციატივით 2008 წლის აგვისტოდან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არც აპირებს მის აღდგენას. ამას დაწვრილებით აღვწერ იმისათვის, რომ მკითხველმა გააცნობიეროს, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად ჩვენი ქვეყანა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასავლეთს არავითარი სანქციები არ დაუწესებია რუსეთისათვის 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციის გამო. უფრო მეტიც. სწორედ ამის შემდეგ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ყველაფერს აკეთებდნენ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ,,ხელახალი ჩატვირთვისათვის". სწორედ მაშინ შეთანმხდნენ დასავლეთის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებასთნ იმაზე, რომ ექნებოდათ უთანხმოება საქართველოს გამო. ეს ტერმინი - ,,შეთანხმება უთანხმოებაზე" ნიშნავს იმას, რომ მხარეები განაგრძობენ საჯაროდ შესაბამისი განცხადებების კეთებას, მაგრამ ამ განცხადებებს არავითარი მოქმედება არ მოჰყვება.
ეს ყველაფერი შესანიშნავად იციან სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა და ასეთი რეალობის ფონზე ცდილობენ ორი მიზნის მიღწევას.
პირველი: ცდილობენ დააბრალონ ქოცების უსუსურ ხელისუფლებას რუსეთისათვის საქართველოს ,,მცოცავ ოკუპაციაში" და ,,ანექსიაში" ხელშეწყობა და თვითონ ამ დროს პატრიოტებად წარმოჩნდნენ შინ და გარეთ. ქოცების უსუსურობა ამ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ დღემდე ვერ გამოათრიეს ნაცები ნაძირალების უკანასკნელი ,,ცრუპატრიოტული" თავშესაფრიდან. ქოცებმა არ გამოიძიეს სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სახელმწიფო ღალატი. არადა სამხილე მასალები საკმარისზე მეტია და ეს გამოძიება ინტენსიური მუშაობის პირობებში ყველაზე გვიან შარშან, 2014 წლის დასაწყისში დასრულდებოდა. დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაში აყენებს საკუთარ თავს ერისა და კანონის წინაშე ის ხელისუფლება, რომელიც სამშობლოს ღალატს არ იძიებს და, ფაქტობრივად, ხელს აფარებს დამნაშავეებს?

მეორე: ნაცები ცდილობენ ნებისმიერ ფასად განახორციელონ პროვოკაცია, გამოიწვიონ სისხლისღვრა. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ განახლდეს შეიარაღებული კონფლიქტი; რომ პუტინის რეჟიმმა საქართველოსათვის ახალი გამანადგურებელი ნაბიჯები გადადგას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობას ასეთი ,,საპასუხო" მოქმედებების მთელი პაკეტი აქვს გამზადებული. მაგალითად საჭიროების შემთხვევაში დუმა ერთ დღეში განიხილავს და კენჭს უყრის აფხაზეთის და/ან სამხრეთ ოსეთის რესეთის შემადგენლობაში მიღებას, პუტინი კი იმავე დღის ბოლოს ხელს მოაწერს შესაბამის კანონს და თავისი რეიტინგით კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს. ყველა ასეთ შემთხვევაში დასავლეთის რეაგირება იქნება იმაზე ბევრად სუსტი, ვიდრე იყო და არის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და საზოგადოდ უკრაინის გამო. სააკაშვილის და მისი ნეოკომკავშირლების ლოზუნგია ,,რაც უარესი (საქართველოსათვის), მით უკეთესი (ნაცებისათვის)", ვინაიდან ახალი ეროვნული კატასტროფა მისცემს მათ საშუალებას იყვირონ, რომ მათ დროს ეს არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ვინაიდან ისინი გმირულად ებრძოდნენ რუსეთს და დასავლეთი მათ მხარში ედგა; რომ ქოცები არიან მოღალატეები, მეხუთე კოლონა და ა.შ. სწორედ ამიტომ უნდათ ნაცებს და მათ ე.წ. სასარგებლო იდიოტებს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება - ვაი თუ დროთა განმავლობაში ეს ფორმატი თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომლის ჩარჩოებში მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები იხილება და რომელიც ესოდენ სასარგებლო გამოდგა საქართველოსთვის, სჭირდება საქართველოს და არა რუსეთს. აქვე აღვნიშნავ, რომ სასარგებლო იდიოტებში არ მოვიაზრებ პოლიტიკისაგან შორს მდგომ მოქალაქეებს, რომლებმაც არ იციან რას აკეთებენ, როცა რუსეთის მთავრობის მოქმედებით გაწბილებულები გულწრფელად ითხოვენ ამ ფორმატის გაუქმებას.
,,პატრიოტიზმით სპეკულირება ჰქვია იმას, როცა ცდილობ ამტკიცო, რომ მარტო შენ გიყვარს შენი ქვეყანა, სხვებს კი არა, როცა მზად ხარ, პოლიტიკური თუ სხვა ქულების ჩასაწერად პროვოკაციაზე წახვიდე, პატრიოტი კი არა, მავნებელი ხარ! აქ არ ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, ვინც იქ ჩავიდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, ბანერი არ უნდა წაექციათ, რადგან ისინი თბილისში წამოვიდნენ, ის ხალხი კი იქ დარჩა ოკუპანტების პირისპირ", წერს ,,კვირის პალიტრაში" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ბატონ მერაბის ამ აზრს ნაწილობრივად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ,,ჟურნალისტი", რომელსაც არ ესმის, რომ პროვოკაციას ჩადის, დიდ ზიანს აყენებს თავის ერსა და სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობის ხვეწნასაც არ უწევს ანგარიშს, ნამდვილად არ არის ჟურნალისტი. მისი პროფესია, მადლენ ოლბრაიტის სიტყვებით რომ ვთქვათ, სულ სხვა ტერმინებით ხასიათდება. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებს შორის ჩანერგილი უღირსი ადამიანების გამო ამ ვაჟკაცურ და ესოდენ საჭირო საქმიანობას ხშირად ,,მეორე უძველეს" პროფესიას უწოდებენ, ხოლო ტერმინი ,,პრესტიტუტები" დიდი ხანია დამკვიდრებულია აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში.
ყველას ვურჩევ ნახოს ,,რუსთავი2"-ზე ის ბინძური კომედია, რომელიც სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა მოაწყო კონფლიქტის ზონაში. სიბინძურე იმაში მდგომარეობს, რომ ბარნოვმა, სხვა ნაცებთან ერთად, კარგად იცის რა ჩაიდინა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში და რა ვითარებაა ამის შედეგად დღეს. მაგრამ დარწმუნებულია, რომ პატრონი მოუწონებს და დაუფასებს ასეთ საქციელს და მხოლოდ ამიტომ აკეთებს ამას და ხმის ჩახლეჩამდე უყვირის 2008 წლის ომის მონაწილე პოლიციელს.
,,კი მაგრამ, საერთოდ ხმა არ ამოვიღოთ? არ გავაპროტესტოთ ასეთი ქმედებები?", იკითხავს პროვინციული რადიკალიზმის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა პროტესტი საჭიროა და ყოველი ასეთი ქმედება უნდა ფიქსირდებოდეს. სათანადო ინფორმაცია მაშინათვე უნდა მიეწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას; ჟენევის შეხვედრაზეც უნდა დაფიქსირდეს მსგავსი რამ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისეთი ფორმით და შინაარსით, რომ საქართველო წარმოჩნდეს როგორც დასავლეთის ღირსეული და სანდო პარტნიორი, ცივილიზებული სახელმწიფო, რომლისთვისაც პრიორიტეტია სტაბილურობა და უსაფრთხოება საკუთარ ტერიტორიაზე და მთელ რეგიონში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროვოკაციებში ნაცისტ-კომედიანტებს არავინ აჰყვა. უფრო მეტიც. საპროტესტო აქციების წევრების უმრავლესობას ეტყობოდა, რომ უხალისოდ ასრულებებენ დავალებას - ნამდვილი დესტრუქციული მუხტი, რომელიც ბევრჯერ გვინახავს ბოლო 27 წლის განმავლობაში, არ შეიმჩნეოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ უცხოური მედიის მონაცემებით მთავრობის კანცელარიის შენობასთან სულ 1500-მდე ადამიანი შეგროვდა.
,,ხალხო გაიგეთ, რომ პიარის გაკეთების დრო და ადგილი აქ არ არის. მე მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს და პოლიტიკოსს - თქვენ რომ უკან, თბილისში ბრუნდებით, ჩვენ აქ ესენი ტყავს გვაძრობენ", განაცხადა ,,რეზონანსთან" საუბრისას ადგილობრივმა მცხოვრებმა ვანო კუბაძემ.
პრობლემა ის არის, რომ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა მუდამ მზად არის გააპიაროს ნებისმიერ დროს და ადგილას ყველაფერი, რაც მათი შეფასებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს მათ. მხოლოდ მაშინ ხვდებიან პოლიტიკოსები, რომ ,,პიარის გაკეთების დრო და ადგილი არ არის", როცა მათთვის აშკარა ხდება, რომ ასეთი პიარით დიდ ზიანს მიაყენებენ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, ჩევენებურმა ,,პოლიტიკოსმა" რომ იცოდეს, რომ ამა თუ იმ ,,პატრიოტული" აქციის შედეგად დადებით ქულებს ვერ დაიწერს, არამედ საზოგადოებისა და ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში პროვოკატორად და მოღალატედ გამოჩნდება. ცხადია თავისი ნებით ამას არ გააკეთებს და ეცდება თავისიანებსაც აუხსნას, რომ ,,პიარის გაკეთების დრო და ადგილი" არ არის და პიარი პოლიტიკურად დამღუპველი იქნებოდა. შემთხვევით არ აღვნიშნე ,,თვისი ნება". ნაცების ნარჩენებში (მათი პრესტიტუტების ჩათვლით) ამჟამად არსებული ვითარება სპეციფიკურია - კომედიანტებს უწევთ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯომარის დავალებების შესრულება და ვინაიდან ფინანსები და საერთაშორისო კონტაქტები ისევ მის ხელშია, პატრონ-კლიენტელური ურთიერთობა პოლიტიკურ ანგარიშზე მაღლა დგება და კლიენტები უარს ვერ ეუბნებიან თავის პატრონს წამგებიანი აქციების მოწყობაზე. ზემოთქმული, ცხადია არ ეხება ბ-ნ გოგა ხაჩიძეს, რომელმაც დაგმო ბარნოვის პროვოკაცია.
1989 წლის 9 აპრილის ღამით უწმინდესმა და უნეტარესმა მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს და მისცა მათ ლოცვა-კურთხევა მასთან ერთად გადასულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, რათა ქვეყანას დიდი ტრაგედია ასცდენოდა. ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის ლიდერებმა დაუშალეს ხალხს ამის გაკეთება და ტრაგედია დატრიალდა. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ჩვენი საზოგადოება იმ დონეზე ყოფილიყო მაშინ, რომ ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"-ს პრინციპით პასუხისმგებლობა სწორედ უვნებლად გადარჩენილ ,,ლიდერებისათვის" დაეკისრებინა და პროვოკატორებად და მოღალატეებად შეერაცხა ისინი, ვინც ქალები და ბავშვები შეწირეს ერთმანეთთან კონკურენციას? (იხ. იუთუბზე ზვიად გამსახურდიას ე.წ. ,,ღირსების სასამართლო" და მოისმინეთ როგორი სიტყვებით ამკობენ იქ ერთმანეთს ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის წარმომადგენლები). ასეთ შემთხვევაში ჩვენი ისტორია სულ სხვა, გაცილებით მშვიდი და სტაბილური გზით განვითარდებოდა.
მეოცე საუკუნის გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა გრემ გრინმა თავის ცნობილ რომანში ,,კომედიანტები", აღწერა ჰაიტიში დიქტატორ დიუვალიეს დროს არსებული ვითარება. გრინის რომანი ბესტსელერი გახდა, მაგრამ ჰაიტის ხელისუფლებამ ბროშიურა გამოაქვეყნა, რომელშიც გრინს უწოდეს (ვციტირებ სიტყვა-სიტყვით): ,,მატყუარა, კრეტინი, ჩამშვები..., ფსიქოპათი, სადისტი, გახრწნილი, სრული უვიცი..., არნახული ცრუპენტელა, კეთილშობილი და ამაყი ინგლისის სირცხვილი, შპიონი.., ნარკომანი.., მწვალებელი".
გამოჩენილმა მწერალმა ასეთი დახასიათება თავისი შემოქმედების უმაღლეს აღიარებად მიიჩნია.

პეტრე მამრაძე, 21 ივლისი, 2015 წელი

მდა
03 აგვისტო 2015 17:49
ეროვნულ დამანგრეველი მოძრაობა ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და სევდა მომგვარა. ამას ამბობს ადამიანი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არა და ამ ადამიანმა უნდა იცოდეს თუ როგორ ნაბიჯ ნაბიჯ მიიყვანეს ეროვნული მოძრაობა სრულ მარცხამდე რომლის აპოთეოზი ნაძირალა შევარდნაძე იყო. როგორ აავსეს კაგებეს აგენტებით ეროვნული მოძრაობა, რომლებიც ოცდაათ ვერცხლზე ნაკლებად ყიდდნენ სამშობლოს. უნდა მოეხსენებოდეს ბატონ პეტრეს რომ დამანგრეველი სწორედ 1992-2012 წლებია და არა 1956-1991. როგორ გაიყიდა საქართველო 30 კუპონად ღირებულ ვაუჩერებზე. ჭეშმარიტი დამანგრეველი მოქალაქეთა კავშირი იყო რომლის წიაღშიც იშვა უსამშობლოთა და გარყვნილთა ნაციონალური მოძრაობა. ამ კაციჭამიებმა საკუთარი ხალხის ხორცი ჭამეს და სისიხლი სვეს. ალბათ ამათზე მეტად არავის არ სძულდა საქართველო... დღეს კი მედროვერთა საქართველოში ვართ ისევ ვიყიდებით და უფრსკულში ვიყინებით. ა.შ.შ დოლარია ამათი სამშობლო... ველოდებით პატიოსან ხალხს ეროვნულ ხალხს ქრისტეს და სამშობლოს მოყვარულ ხალხს. ველოდებით იმ ხელისუფალს რომლებიც ხახის სიყვარულით დაიძინებს და სამშობლოს სიყვარულით გაიღვიძებს. ბატონო პეტრე ქართველი ადამიანი ძალიან მიმტევებელია თავისი ბუნებით. მიუტევებს და სწრაფად ივიწყებს ტანჯვას წყენას დამცირებას... არავის დასჯას არ ვითხოვთ ისინი თავად დაისჯებიან. უღმერთოდ უსამშობლოდ უსიყვარულოდ უშვილოდ უმეგობროდ... მთავარია ახალი ქვეყანა ავაშენოთ რომელსაც საფუძვლად დავუდებთ სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას
ilo
23 ივლისი 2015 10:55
პეტრე,იმიტომ არ მოგხვდაა კაკოსგან,რომ ესეთი ქვეყნის საზიანო განცხადებები არ გეკეთებინა,თითქოს საქართველომ დაიწყო ომი.რატომ არ იშლი შენსას.
თბილისელი
22 ივლისი 2015 17:33
///რუსი მესაზღვრეები მოქმედებენ მხოლოდ იმ საზღვრების გასწვრივ, რომელიც მათ სააკაშვილმა დაუკანონა აღნიშნული კანონით///
მარტო ამ ბოდვისთვის ეკუთვნის ავტორს ყველანაირი განქიქება.
დაუკანონა არა ###.

რედაქტორის რჩევით