წილი ბრალისა (7 წლის წინათ)
07-08-2015
წილი ბრალისა (7 წლის წინათ)
,,ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი წილი ბრალი მიუძღვის რუსეთ-საქართველოს კრიზისში. ამერიკის უხეშმა შეცდომებმა ხელი შეუწყო ვითარების გამწვავებას და ახლა აშშ-ს მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა გლობალური მასშტაბით", -  წერდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი პოლ სანდერსი 2008 წლის 12 აგვისტოს. 2003-2005 წლებში სანდერსი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში გლობალური ურთიერთობების საკითხებზე. მან ღრმად შეისწავლა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების პრობლემები და მისი წერილი დღესაც უაღრესად საინტერესოა. ქვევით გამუქებული შრიფტით მომყავს მისი წერილის ტექსტი,
ჩვეულებრივი შრიფტით კი ჩემს კომენტარებს და დამატებით ინფორმაციას ვურთავ.

,,კავკასიის რეგიონში ომი გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააგზავნა ჯარი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონის ,,გასათავისუფლებად" იქ მოქმედი რეჟიმისაგან, რომელსაც მოსკოვი უმაგრებდა ზურგს. საქართველო და რუსეთი წლების განმავლობაში არიან ჩაბმულები ამ კონფლიქტში და
ძირითადი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, მაგრამ ბრალი აშშ-საც მიუძღვის. ახლა ამერიკის ინტერესები დაზიანდება არა მხოლოდ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ მთელ მსოფლიოში".
მკითხველს არ გაუჭირდება გაიხსენოს რამდენად დაზიანდა განვლილ წლებში აშშ-ს ინტერესები მთელ მსოფლიოში და აღნიშნულ რეგიონებში; რას ნიშნავს, მაგალითად, ყირიმის ანექსია პუტინის რუსეთის მიერ იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ სწორედ აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა თავის ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული იარაღის ვეებერთელა არსენალი, რის სანაცვლოდ აშშ-მ, ბრიტანეთმა და რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმით იკისრეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. ,,ხედავთ რა დრო დადგა? ობამა ნაკლებად საყვედურობს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო, ვიდრე საყვედურობდა სოჭის ოლიმიადის წინ ლგბტ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით", ვუთხარი შარშან ამერიკელ პოლიტოლოგებს და სიცილით დამეთანხმნენ.

,,ამერიკამ ორი მნიშვნელოვანი გზით შეიტანა წილი საქართველოში ომის გაჩაღებაში. ჯერ ერთი, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ვაშინგტონმა ორი პრეცედენტი შექმნა: ძალის გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს მოწონების გარეშე და სუვერენული სახელმწიფოს დაყოფა გაეროს თანხმობის გარეშე. კლინტონის ადმინისტრაციამ ნატოსთან ერთად განახორციელა საჰაერო დარტყმები კოსოვოსა და საკუთრივ სერბეთში სერბეთის წინააღმდეგ. შეტევები განხორციელდა არა მარტო სამხედრო შენაერთებზე, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ენერგოსადგურები. ეს ყველაფერი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ხდებოდა. დღეს რუსეთი იმეორებს იმ არგუმენტებს, რომელსაც 1999 წელს იშველიებდა ნატო საკუთარი მოქმედების გასამართლებლად. რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას და გენოციდს სამხრეთ ოსეთში, და რომ მოსკოვი იყო ვალდებული ეპასუხა, ვინაიდან მას ევალებოდა მშვიდობის უზრუნველყოფა".

პოლ სონდერსის ამ აზრს დასავლეთში პრაქტიკულად ყველა იზიარებს. ,,კოსოვოს კონფლიქტის არსში ჩახედული ყველა ადამიანისათვის პარალელები იმ მოვლენებს შორის, რაც ბალკანეთში 1999 წელს განვითარდა და რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს დღეებში ვითარდებოდა, აშკარა იყო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რუსებმა მთელი ათწლეული მოანდომეს კოსოვოსა და ალბანეთში დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკისა და სამხედრო კამპანიის გულდასმით შესწავლას და თავისი მიზნებისათვის მორგებას",  - წერს რონალდ ასმუსი თავის ცნობილ წიგნში ,,პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".

მინდა აღვნიშნო, რომ სიტყვა "თითქოს" აქ უადგილოა: "თითქოს" კი არა, არამედ სწორედ რომ სწავლობდნენ ყველაფერს, გულდასმით და დეტალურად და 9 წლის განმავლობაში ოცნებობდნენ იმ დღეზე, როცა "მუხლებიდან წამოდგებოდნენ" და მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ხალხის დასანახად NATO-ს მიერ ბალკანეთში 1999 წელს მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ანალოგიურ ოპერაციას ჩაატარებდნენ, წელში გასწორებულები წარმოჩნდებოდნენ არა მარტო აშშ-ის, არამედ მთელი დასავლეთის ტოლ ზესახელმწიფოდ. ასმუსი იქვე აღნიშნავს, რომ მოსკოვის რიტორიკა, არგუმენტები და ყველა მოქმედება თითქოს დასავლეთის 1999 წელს ბალკანეთში მოქმედების სარკული ანარეკლი იყო. დავეთანხმები ამას იმ დაზუსტებით, რომ არეკვლა მეტად მრუდე და ჭუჭყიან სარკეში ხდებოდა. რუსეთის მოქმედების პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები ისევე გროტესკულად და კარიკატურულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დასავლეთს ამოძრავებდა 1999 წელს, როგორც რუსი ჯარისკაცები და უხმარი თუ ნახმარი უნიტაზებით დატვირთული მოძველებული რუსული ტანკები და სხვა ტექნიკა, რომლითაც რუს ჯარისკაცებს გაჰქონდათ ქართული ბაზებიდან ყველაფერი, რისი მოხსნაც და გატანაც შეძლეს - განსხვავდებოდა ნატოს შეიარაღებისა და ჯარისკაცებისაგან (ტანკებზე მსხდარ რუს ჯარისკაცებს ჯიბეებიდან მოპარული კოვზები უჩანდათ, ოპერაციის მსვლელობისას კი ისინი ვაჭრობდნენ ყველაფრით, რითიც კი შეეძლოთ)  (იხ. ჩემი წიგნი, ,,ავანტიურა 080808").
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მართლაც ჰქონდა საერთაშორისო მანდატი აფხაზეთსა (გაეროს ეგიდით და დსთ-ს აბრით) და ცხინვალის რეგიონში (ეუთოს ეგიდით), მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში თავისი მანდატის შესრულების ნაცვლად რუსეთის სამშვიდობო ძალები ყველაფერს აკეთებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციისათვის დანარჩენი საქართველოდან; რუსეთის მთავრობა თავიდანვე ზრუნავდა, რომ ადმინისტრაციული საზღვრები ,,დამოუკიდებელი სახელმწიფოების" საზღვრებად ქცეულიყო და სამშვიდობო ძალებიც თავიდანვე ფაქტობრივად მესაზღვრეების როლს ასრულებდნენ. რუსეთის მთავრობის მზაკვრული მოქმედება და აშშ-ს ადმინისტრაციის მძიმე შეცდომები, ცხადია, არა თუ არ ამართლებს სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაულს და ღალატს, არამედ მხოლოდ ამძიმებს მას.

"ცოტა ხნის წინათ, 2007 და 2008 წელს აშშ-მ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობებმა მხარი დაუჭირეს კოსოვოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის სერბიის ნაწილად რჩებოდა. 2008 წლის დასაწყისში მათ სცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამჟამად გაეროს ქვეყნების მეოთხედი (ახლა უკვე ნახევარზე მეტი - 56%) და ევროგაერთიანების წევრების სამი მეოთხედი სცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. მაშინ კრემლის არგუმენტი იყო, რომ ასეთი ნაბიჯი შექმნიდა პრეცედენტს სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვის საქართველოში არსებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ბუშის ადმინისტრაცია ამის პასუხად აცხადებდა, რომ კოსოვოს შემთხვევა იყო უნიკალური. ადმინისტრაციას აშკარად სჯეროდა, რომ შეეძლო თვითონ განესაღვრა, თუ რას ნიშნავდა კოსოვოს დამოუკიდებლობა სხვებისათვის".

2007 წელს, როდესაც გადაწყდა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და 2008 წლის დასაწყისში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რამდენჯერმე შევხვდი ამერიკელ დიპლომატებს და ყველა მათგანი აცხადებდა, რომ კოსოვოს შემთხვევა იყო სრულიად უნიკალური და არავითარ გავლენას არ მოახდენდა საქართველოზე. კორექტულად და თავაზიანად, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვეკითხებოდი, თუ რა მექანიზმს შეეძლო არ დაეშვა პუტინისა და მისი ჩეკისტური რეჟიმის საპასუხო მოქმედებები საქართველოში. დიპლომატები აშკარად ღიზიანდებოდნენ და ნიშნის მოგებით ერთსა და იგივე პასუხს მაძლევდნენ - ნუ გეშინიათ, ასეთი მექანიზმი არსებობს. არც ერთ მათგანს არ აუხსნია ჩემთვის კონკრეტულად რა მექანიზმი იყო ეს. პირდაპირაც არავის უთქვამს, რომ მათი აზრით აშშ-ს სიძლიერე და მტკიცე პოზიცია არ გააბედინებდა პუტინს საპასუხო მოქმედებას - პროფესიონალი დიპლომატები ცოცხალი თავით არც იტყოდნენ ასეთ რამეს, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ამას გულისხმობდნენ, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ.

მეორე: ბუშის ადმინისტრაციის მოხელეებმა, განსაკუთრებით ვიცე პრეზიდენტის ოფისმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთმა (და არა ყველა) წარმომადგენელმა, უგუნურად წააქეზეს სააკაშვილი და საქართველოს სხვა ხელმძღვანელი პირები და დააჯერეს, რომ ვაშინგტონმა თბილისს კარტ-ბლანში მისცა (,,გიგა ბოკერია კი, "ბოლო ხმაზე აღფრთოვანებული გაყვიროდა: "კარტბლანში გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო" - ასე გაიხსენა ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის აპრილში სააკაშვილთან შემდგარი ცნობილი თათბირის დეტალები). როგორც ჩანს, მათ ეს შეგნებულად არ გაუკეთებიათ; ფაქტია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ყოველთვის ეუბნებოდნენ საქართველოს მთავრობას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი მშვიდობიანად უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ შეერთებული შტატები რეგულარულად ასუსტებდნენ თავის ამ პოზიციას იმით, რომ ყოველთვის საქართველოს მხარეს იჭერდნენ ამ უკანასკნელის მოსკოვთან ხშირი უთანხმოებების და დაპირისპირების დროს; იმით, რომ ასობით მილიონ დოლარს აწვდიდნენ საქართველოს დახმარების სახით და განსაკუთრებით იმით, რომ თვალს ხუჭავდნენ სააკაშვილის მზარდ ავტორიტარიზმზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-მ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია საქართველოს და წვრთნიდა ქართულ ჯარს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ დახმარებამ გაზარდა ქართველი ლიდერებში რწმენა იმისა, რომ მათი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთში შეიძლება წარმატებული ყოფილიყო". (ეს ნამდვილად ასეა. არა მარტო ბოკერიას და სხვებს სააკაშვილის გარემოცვაში, არამედ პირველ რიგში თვით სააკაშვილს სჯეროდა ამის და ხშირად აცხადებდა, რომ ცხინვალს 1-2 საათში აიღებდა, შემდეგ გადაკეტავდა როკის გვირაბს და ამით დაასრულებდა ყველაფერს. გამარჯვების აღლუმიც იმიტომ დანიშნა 8 აგვისტოს ცხინვალში, რომ ეჭვი არ ეპარებოდა თავის ბრწყინვალე გამარჯვებაში)

,,სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ნავთი დაასხა ცეცხლს, როდესაც 2008 წლის 10 ივლისს გამოჩნდა სააკაშვილის გვერდით თბილისში და განაცხადა: ,,ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით ჩვენი მეგობრებისათვის". სახელმწიფო დეპარტამენტის სტენოგრამიდა ნათლად ჩანს, რომ რაისი გულისხმობდა, რომ აშშ მზად იყო ებრძოლა იმისათვის, რომ სკეპტიკურად განწყობილი ნატოს წევრი ევროპელები დაერწმუნებინა დაეწყოთ საქართველოს ნატოში მიღების პროცესი მისთვის ნატოს დეკემბრის სამიტზე გაწევრიანების გეგმის (ანუ მაპ-ის) მიცემით, მაგრამ რეგიონში უმრავლესობამ რაისის განცხადება აღიქვა, როგორც საქართველოში არსებული რეჟიმის ოდნავ დაფარული მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც დაძაბულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე მატულობდა. ისევე, როგორც აშშ-ს კოსოვოში ჩარევის დროს, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს განსხვავება იმას შორის, რასაც მათი აზრით ისინი გულისხმობდნენ და როგორ ესმოდათ სხვებს მათი გამონათქვამები".

კონდოლიზა რაისის ჩამოსვლას, სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, მართლაც ტრაგიკული შედეგები ჰქონდა საქართველოსათვის.
8 ივლისს, თბილისში ჩამოსვლის წინადღეს, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ნატოს მაპი იქნებოდა ძალიან კარგი სტატუსი საქართველოსათვის, რომელიც ქართველებს მისცემდა საშუალებას, ,,ემოქმედათ და თავისი გაყინული კონფლიქტები მოეგვარებინათ". მეორე დღეს რაისი თბილისში ჩამოფრინდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სერიოზული "ესკორტი" ახლდა - თვითმფრინავის დაჯდომა თბილისის აეროპორტში და ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის შემოჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ერთდროულად მოხდა. დახურულ კარს მიღმა რაისმა დაჟინებით ურჩია სააკაშვილს, ხელი მოეწერა კონფლიქტების რეგიონებში ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე. "ჩვენც და რუსებმაც კარგად ვიცით, რომ ამ ვალდებულებაზე უარის თქმა საქართველოს არაფერს აძლევს, ვინაიდან ძალის გამოყენებას თქვენთვის აზრი არ აქვს," - ეუბნებოდა რაისი სააკაშვილს. ჩემი პირადი ინფორმაციით რაისმა ასევე კატეგორიულად და მაღალ ტონში რამდენიმეჯერ გაიმეორა აშშ-ის მიერ ჯერ კიდევ 17 აპრილს დაფიქსირებული პოზიცია: "თუ ომს დაიწყებ, მარტო დარჩები, ჩვენ არ ჩავერევით" .
2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ მემუარებში რაისი ასე იხსენებს თავის მაშინდელ სიტყვებს: "ბატონო პრეზიდენტო, რაც უნდა მოხდეს, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტი ბუშიც ამბობდა, რომ მოსკოვი შეეცდება სისულელე ჩაგადენინოთ. არ ჩაითრიოთ (სამხედრო მოქმედებებში, პ.მ.) რუსეთის შეიარაღებული ძალები. ვერავინ დაგეხმარებათ და თქვენ დამარცხდებით", - ვუთხარი მკაცრად".
სააკაშვილთან ერთობლივ კონფერენციაზე რაისმა მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ხაზი გაუსვა რუსეთის ჩართულობისა და აფხაზებთან დიალოგის მნიშვნელობას. სააკაშვილმა დაუჭირა მხარი დიალოგს, მაგრამ იქვე გაახმოვანა რუსეთისადმი ბრალდებების მთელი პაკეტი. მან განაცხადა, რომ რუსეთი აღარ ცნობდა საქართველოს იურისდიქციას ამავე ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომ ეს იყო რუსეთის რეაგირება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობაზე და საქართველოში აშშ-ის მზარდ აქტიურობაზე. "როგორც ჩანს ზოგიერთებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ცივი ომი დასრულდა", - თქვა მან.
სააკაშვილის მიერ ნახსენებ "ზოგიერთებს" სულაც არ მიაჩნდათ, რომ ცივი ომი დასრულდა. ორიოდე დღის შემდეგ რაისის რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი, შეხვდა სერგეი ბაღაფშს. შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ის გამოთქვამს დიდ სინანულს რაისის თბილისში ჩამოსვლამდე და თბილისში ყოფნისას გაკეთებული განცხადებების გამო, ვითომდა MAP-ის მიცემა გადაწყვეტს საქართველო-აფხაზეთის პრობლემას. უფრო მოსალოდნელია, რომ ეს "დაასამარებს" (!!!) მას. ბაღაფშმა კი განაცხადა: "ვერაფერს გამოვრიცხავთ, ვინაიდან საქართველო ტერორიზმის გზას დაადგა, ტერორიზმის გზაზე კი შეტაკებები გარდაუვალია". (იხ. ჩემი ,,ავანტიურა 080808").

აღსანიშნავია, რომ ბიბისის ცნობილ ფილმში რაისმა გაიხსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ თუ ის განახორციელებდა სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას, მაშინ ქართველების ორი თაობა ნატოს ვეღარ ნახავდა ისევე, როგორც საკუთარ ყურებს ვერ ხედავს ადამიანი.

"რა შედეგებია მოსალოდნელი? საქართველოში ომი დიდ სტრატეგიული მარცხია და, სამწუხაროდ, ეს საბოლოო ჯამში შეიძლება ძვირად დაუჯდეს ამერიკას. აი ზოგიერთი შესაძლებელი შედეგი:
ახალი რეალობა რეგიონში, რომლის დროს რუსეთს ოკუპირებული ექნება სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც და სრულად გააკონტროლებს ამ რეგიონებს;
სააკაშვილის ხელისუფლების შესაძლო ჩამოშლა, რასაც ხელს შეუწყობს ქართველებში არსებული იმ აღქმის გაღრმავება, რომ ამერიკამ მიატოვა ისინი გასაჭირში; ამის შემდეგ შესაძლებელია თბილისში ამერიკისადმი ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ხელისუფლების გამოჩენაც;
საქართველოს ნატოში შესვლის შანსების გაქარწყლება - იმ შემთხვევაშიც, თუ ქართველებს კვლავ ენდომებათ ნატოში გაწევრიანება - ვინაიდან ევროპელებს მოსკოვთან დაპირისპირება არ სურთ და მათ შორის მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიცხვი.
ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ირანი, სირია, ვენესუელა და კუბა შეიძლება ირწმუნონ, რომ რუსეთის დახმარებით ისინი შეძლებენ აშშ-ს ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევას. მათ მსგავსად შეიძლება გათამამდნენ ჰამასი და ჰესბოლა. ყველაზე პრობლემატური კი ის არის, რომ აშშ-ს ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს პეკინის ტაქტიკური თანამშრომლობა რუსეთთან.
ამერიკელთა უმრავლესობას შეიძლება მიაჩნდეს, რომ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და თვით საქართველო პატარა და შორს მდებარე მიწებია. მაგრამ იქ მომხდარმა ომმა და ამ ომის გამომწვევმა შეცდომებმა შეიძლება ძლიერი და მოულოდნელი გავლენა იქონიოს ამერიკაზე. იმედია აშშ-ს ოფიციალური პირები, მათ შორის ორივე პარტიის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები, რომლებმაც დაუშვეს სააკაშვილის სახიფათო მოქმედებები, სასარგებლო გაკვეთილს ისწავლიან მათთვის მოულოდნელი შედეგებიდან. აშშ რჩება მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ, მაგრამ მას აღარ აქვს მსგავსი მასშტაბის კიდევ ბევრი მძიმე შეცდომის დაშვების რესურსი."

ასე ასრულებს პოლ სანდერსი შვიდი წლის წინათ, 2008 წლის 12 აგვისტოში გამოქვეყნებულ წერილს. მკითხველს შეუძლია შეაფასოს რამდენადად გამართლდა მისი პროგნოზები განვლილ წლებში.

პეტრე მამრაძე, 2015 წლის 7 აგვისტო
vao
07 ნოემბერი 2015 17:18
გლახუნა. არ გააჭირე საქმე..... გგონია ვინმე კითხულობს... ნაცხების მეტი .. წადი ბიძიკო ქინძისთან
maxo
16 ოქტომბერი 2015 18:11
ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო ამერიკამ ჯერ თავის მოკავშირეებში დაამყაროს წესრიგი და მერე სხვას მიხედოს,საბერძნეთს დაუბრუნოს თურქეთის მიერ მიტაცებული კუნძულის ნახევარი კიპროსზე,იქნებ ბატონმა პეტრემ ორიოდე სიტყვა გვითხრას ამის შესახებ,წინასწარ დიდი მადლობა.
ვაჟა17
11 აგვისტო 2015 13:07
ამხანაგო glaxuna, მოეშვი სიტყვების უაზრო რახარუხს და ეცადე ჩემსავით ფაქტებზე დააყრდნო, თუ რამე გაქვს სათქმელი,

რედაქტორის რჩევით