საქართველოა ახლა მეტი ნატო-ში, თუ ნატო საქართველოში?
29-08-2015
საქართველოა ახლა მეტი ნატო-ში, თუ ნატო საქართველოში?
,,საქართველო კვლავ ერთი-ერთზე მიატოვეს რუსეთის რისხვის წინაშე. ეს იმის გამო მოხდა, რომ საქართველომ განაცხადა, რომ ნატოში შესვლა მისი სანუკვარი მიზანია, ხოლო აშშ-ს მთავარსარდალმა (ანუ პრეზიდენტმა ობამამ - პ.მ.) საჯაროდ და უკმეხად გააქარწყლა ქართველების იმედები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ათ წელიწადზე მეტია, რაც აშშ დადებით სიგნალებს უგზავნის თბილისს მაშინ, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მომგებიანია აშშ-სთვის და უმალ უკან მიაქვს თავისი მოპატიჟება, როდესაც მას ეს აღარ აწყობს გეოპოლიტიკური ვითარების გამო.
ქართველმა ხალხმა გამოავლინა ჭეშმარიტად საოცარი მოთმინება და სიმტკიცე ნატოსკენ სწრაფვაში. მაგრამ თუ მოვლენები ახლანდელი ტემპით განვითარდება, აშშ მალე დაკარგავს თავის თავდადებულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში და წვდომას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად აერთებს კასპიის ზღვას და მის ნავთობის მარაგებს შავ ზღვასთან და ევროპასთან"
, - წერდა
ობამას ცნობილი განცხადების შემდეგ, 2014 წლის 27 მარტს საქართველოს და კავკასიის კარგი მცოდნე ამერიკელი ექსპერტი ვილ კეთკარტი. ობიექტურობისათვის აღვნიშნავ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციები სხვადასხვა საჯარო დაპირებებს ჩვენი ვაი-პოლიტიკოსების მუდარის პასუხად გვაძლევდნენ. ამის შემდეგ კი ისევ ჩვენი ვაი-პოლიტიკოსები არაადექვატურად ჭარბად აღიქვამდნენ ამ დაპირებებს.

,,არ გვინდა MAP-ი!
მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამამ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრებაზე გაურკვევლად ილაპარაკა, დასავლეთისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება გაიზარდა. უკვე ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ სექტემბრის სამიტზე MAP-ს არავინ მოგცემს, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ჩვენთვის ეს შეიძლება უკეთესიც იყოს. ის კი არა, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ MAP-ი არ მოგვცენ. როცა იქნება და როცა ამისთვის მზად იქნებიან, მიგვიღონ ნატოში პირდაპირ, ყოველგვარი MAP-ის გარეშე. თორემ ახლა ჩვენთვის MAP-ის მოცემა გაგულისებული დათვის ხახაში ჩაგდებას ნიშნავს. თუ MAP-ს მოგვცემენ, რუსეთი გამწარდება და ვიდრე ნატოში მიგვიღებენ, ისე გაგვაძრობს ცხრაპირ ტყავს, ჩვენს შველას ვეღარავინ შეძლებს. MAP-ი ნატოს წევრ ქვეყნებს სულაც არ ავალდებულებს ჩვენს დაცვას, ამას მათ მხოლოდ ჩვენი ნატოში გაწევრება დაავალდებულებდა, ჰოდა, ვიდრე ისინი შეშფოთდებიან ან აღშფოთდებიან, მანამდე ჩვენ ან ვიქნებით, ან - არა.
ამიტომ, თუ ჭკუა გვაქვს, უნდა ვევედროთ ნატოს წევრ ქვეყნებს, არ მოგვცენ MAP-ი და როცა იქნება (თუ იქნება!), პირდაპირ მიგვიღონ ნატოში", -  წერდა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი 2014 წლის აპრილში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან სამიოდე კვირის შემდეგ. შეგახსენებთ: მაპი ნატოში გაწევრიანების გეგმის აბრევიატურაა; მაპის მიცემა ქვეყნისათვის არ ავალდებულებს ნატოს დაიცვას ეს ქვეყანა; უფრო მეტიც. მაპი ქვეყნის ნატოში შესვლის გარანტიასაც არ იძლევა, სამაგიეროდ შეიძლება რუსეთის მთვრობას საკმარისზე მეტი საბაბი მისცეს საქართველოს მორიგი ეკზეკუციისათვის. მერაბ მეტრეველმა თავისი აზრი გამოაქვეყნა იმ პერიოდში, როდესაც ქოცების ვაი-პოლიტიკოსები ნაცებს ეჯიბრებოდნენ ცრუპატრიოტიზმში. თინა ხიდაშელის მეუღლე და, შეთვსებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმაღლესი დონის ფორუმებზე აცხადებდა, რომ თუ საქართველო დროზე (ანუ ნატოს უელსის სამიტზე - გასული წლის სექტემბრის დასაწყისში) არ მიიღებდა ნატოსგან მაპს, ,,ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის" (?!) . მოგვიანებით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს" (!!) (უსუფაშვილმა ეს განაცხადა შარშან, ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე გააკეთა!). უსუფაშვილის ამ განცხადებებში ყველა გამონათქვამი არის მცდარი (გაიხსენეთ თუნდაც, რამდენად შეირყა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა შარშან სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსათვის მაპის მიცემა არც განუხილავთ) და, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, დიდად მავნე და სახიფათო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მერაბ მეტრეველის აზრები მაპთან დაკავშირებით კლიშედ ქცეულ მარაზმზე საღი აზრის გამარჯვების კარგი მაგალითია. საბედნიეროდ ნატოს ხელმძღვანელებმა ყურად არ იღეს ჩვენი ვაი-პოლიტიკოსების მარაზმატული განცხადებები, არამედ გაიზიარეს ბ-ნ მერაბის საღი აზრი და 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსათვის მაპის მიცემაზე არც უმსჯელიათ. საგულისხმოა, რომ ვითარება არ იყო მარტივი. 2014 წლის 12 მარტს, ყირიმში დანიშნულ ,,რეფერენდუმამდე" 4 დღით ადრე, რუსული გაზეთი ,,კომერსანტი" ნატოში კონფიდენციურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში ,,საქართველოსათვის მაპის მიცემა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნებოდა"; რომ ამას მხოლოდ გერმანია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში ისიც, დიდი ალბათობით, შეიცვლიდა თავის პოზიციას საქართველოს სასარგებლოდ. შემიძლია დავადასტურო, რომ თბილისში მყოფ აღმოსავლეთ ევროპის დიპლომატებში სწორედ ასეთი განწყობა სუფევდა მაშინ. ნატოს ზოგიერთი წევრის განწყობა, რომ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ საქართველოსათვის მაპი მიეცათ, ცხადია რუსეთის მთავრობისათვისაც იყო ცნობილი. არ ვიცი, მიაღწია თუ არა ამ ინფორმაციამ პუტინამდე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, პუტინის ყურამდე რომ მისულიყო ასეთი რამ, ეს მხოლოდ გაახალისებდა მას. პუტინმა ყირიმის ანექსიაზე 19 მარტს მოაწერა ხელი. 26 მარტს კი ობამამ სავსებით გარკვეულად და არა გაურკვევლად (ამაში მერაბ მეტრეველს ვერ დავეთანხმები) თქვა: ,,არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე". (იხ.ინტერნეტსაიტებზე ობამას ფრაზა ინგლისურად).

უელსის სამიტის შემდეგ, 1 ოქტომბერს, ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი იენს სტოლტენბერგმა შეცვალა. მანაც გაიზიარა მერაბ მეტრეველის საღი აზრი. სტოლტენბერგის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სულ რამდენიმე საათში დავით დონდუამ განაცხადა, რომ "დღევანდელ შეხვედრაზე MAP-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი. ყველაფერ ამის საშუალებას იძლევა სწორედ ეს ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება რამდენიმე საათში".

თბილისში ჩამოსული ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი საინტერესო პიროვნებაა. ის დაიბადა და გაიზარდა ცნობილი ნორვეგიელი მოღვაწეების ოჯახში. ახალგაზრდა იენსი გაწევრიანდა ნორვეგიის ულტრამემარცხენე ახალგაზრდულ ,,წითელ ჯგუფში". მეგობრებთან ერთად აპროტესტებდა აშშ-ს ომს ვიეტნამში და მონაწილეობდა ოსლოში აშშ-ს საელჩოს დარბევაში. ოთხმოციანი წლების ბოლოს სტოლტენბერგი დაუახლოვდა ნორვეგიაში აკრედიტებულ რუს ,,დიპლომატს", სინამდვილეში კი კგბ-ს მზვერავ ბორის კირილოვს. სტოლტენბერგი მაშინ უკვე პოპულარული და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი იყო, მამამისი კი იმ წლებში ნორვეგიის თავდაცვის და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. კირილოვი აღტაცებით ატყობინებდა ,,ცენტრს" მოსკოვში, რომ რეგულარულად ღებულობდა საინტერესო ინფორმაციას სტოლტენბერგისგან. იმ წლებში კგბ-მ თავისი წესების შესაბამისად ზედმეტსახელი ,,სტეკლოვი" შეურჩია ნორვეგიის მომავალ პრემიერს და ნატოს ახლანდელ გენმდივანს. ეს ინფორმაცია მოიპოვა ნორვეგიაში გაზეთ ,,ტრუდის" კორესპონდენტმა კგბ-ს აგენტმა მიხეილ ბუტკოვმა. ბუტკოვი მაშინ უკვე სამმაგი აგენტი იყო - ემსახურებოდა ბრიტანულ ,,ემ-აი 6"-ს და ნორვეგიულ კონტრდაზვერვას. ატყდა დიდი სკანდალი. სკანდალს ის ამძაფრებდა, რომ ,,სტეკლოვი" იმ დღეებში ნორვეგიის თავდაცვის ეროვნულ კომისიაში უნდა შეეყვანათ. ამ სკანდალის ფონზე მთელი ძალით გამოვლინდა ნორვეგიის მართლმსაჯულების ობიექტურობა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის ერთგულება, აგრეთვე ნორვეგიის საზოგადოების დონე. სტოლტენბერგ-,,სტეკლოვს" ვერ დაუმტკიცეს, რომ ის აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას კგბ-ს. მან კი ფიცი დადო, რომ არაფერი იცოდა კირილოვის ნამდვილ მისიაზე და სკანდალი ჩაცხრა. შემდგომ წლებში სტოლტენბერგმა პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის დიდი უნარი გამოიჩინა. ფინანსთა მინისტრად ყოფნისას მან შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა თავდაცვის დაფინანსება ნორვეგიაში და აიყვანა ის ნატოს სტადარტებამდე (მამამისი მაშინ ნორვეგიის პრემიერი გახლდათ). ,,შვილმა აჯობა მამასა" - 2000-2013 წლებში, ჯამში 9 წლის განმავლობაში, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მარტო ნორვეგიაში, არამედ მთელ მსოფლიოში მძვინვარე მძიმე ეკონიმიკური კრიზისის დაძლევაში და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა დასავლეთში, როგორც შეუპოვარმა და გონიერმა ლიდერმა. ნიშანდობილვია, რომ არც ნორვეგიაში და არც დასავლეთის სხვა ქვეყნებში არავინ არ გაუხსენა სტოლტენბერგს ულტრამემარცხენე ,,წითელ ჯგუფში" აქტიური მოღვაწეობა, აშშ-ს საელჩოს დარბევაში მონაწილეობის მიღება და საბჭოთა კავშირის კგბ-ს დოსიეში ,,სტეკლოვის" ფსევდონიმით ფიგურირება. 2014 წლის 28 მარტში, ყირიმის ფორმალური ანექსიიდან ერთი კვირის შემდეგ, ის აირჩიეს ნატოს გენმდივნად. ნატოს წესდების შესაბამისად სტოლტენბერგმა შეცვალა რასმუსენი 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. ყოფილი ,,სტეკლოვის" არჩევა დასავლეთის მკვეთრი გზავნილი იყო პუტინის ხელისუფლებისათვის, რომ არსებობდა ისეთი ,,წითელი ხაზები", რომლებსაც ნატო არ დათმობდა. ამ წერილში ვერ გავაანალიზებთ, როგორ ფრთხილ და, ამავდროულად, მტკიცე პოლიტიკას ატარებს ნატო რუსეთის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და როგორი წვლილი შეაქვს ამაში ნატოს გენმდივან სტოლტენბერგს. მაგრამ ვითარების სწორედ გაგებისათვის საჭიროა გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 2008 წლის გაზაფხულიდან დღემდე.

ყველაფერი სკანდალით დაიწყო. 2008 წლის 28 თებერვალს ნატოს გენმდივანი სხეპერი შეხვდა კონდოლიზა რაისს და პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს. ვახშმობისას მათ დაამშვიდეს სხეპერი - უთხრეს, რომ ბუში და მისი ადმინისტრაცია ეთანხმებოდა ევროპელ კოლეგებს და ბუქარესტის სამიტზე აშშ არ მოითხოვდა საქართველოსათვის მაპის მიცემას. მეორე დღეს სხეპერი შეხვდა ბუშს, რომელმაც გამოუცხადა, რომ წინა დღეს საღამოს (ანუ როდესაც სხეპერი რაისთან და სხვებთან ერთად ვახშმობდა) მან (ბუშმა) მიიღო გადაწყვეტილება ბოლომდე ებრძოლა ბუქარესტში, რომ საქართველოს მაპი მიეღო. გამოცდილი სხეპერი აღშფოთდა და შეშფოთდა, ბუშმა კი სიტყვა შეასრულა და ბოლომდე იბრძოლა ბუქარესტში. შედეგი სავალალო აღმოჩნდა. ბუქარესტის სამიტამდე ორიოდე დღით ადრე უცხოური ტელევიზიები აჟღერებდნენ კანცლერ მერკელის ფრაზას, რომ მაპის მიღების შემთხვევაში სააკაშვილი უსათუოდ დაიწყებდა სამხედრო ოპერაციას აფხაზეთში ან/და სამხრეთ ოსეთში და ეცდებოდა მთელი დასავლეთი ჩაეთრია რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც დასავლეთისათვის მიუღებელი იქნებოდა. მოგვიანებით რეიგანის ყოფილმა თანაშემწემ დაგ ბენდოუმ თქვა, რომ სააკაშვილისათვის მაპის მიცემა იგივე იქნებოდა, რაც იდიოტი ბავშვისათვის ტყვიამფქრვევის ჩუქება. მერკელის აზრი დასავლეთის სხვა ლიდერებმაც გაიზიარეს და საქართველოს და უკრაინას მაპი არ მისცეს. აშშ-ს პოზიციას, ცხადია, ანგარიში გაუწიეს (აშშ-ს ყოველწლიურად შეაქვს ნატოს ბიუჯეტში ორჯერ მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენ სახელმწიფოს ერთად) და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში ამ სახელმწიფოებს უსათუოდ მიიღებდნენ ნატოში. ბრიტანეთის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა მაშინ ნახევარხუმრობით უთხრა ბუშს ,,მაპი არ მივეცით, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ პირდაპირ ალიანსის წევრებად არ გავხადეთ ისინი". ბუქარესტის სამიტს დაესწრო კგბ-ს პოლკოვნიკი პუტინი, რომელმაც სიტყვაც წარმოთქვა და პირდაპირ თქვა, რომ ,,რუსეთის საზღვრებთნ ძლიერი სამხედრო ბლოკის გამოჩენა რუსეთის მიერ აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი მუქარა მისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის". ბუქარესტში პუტინმა საკუთარი თვალით იხილა განხეთქილება ნატოს რიგებში, დარწმუნდა იმაში, რომ სააკაშვილის მხრიდან სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემთხვევაში დასავლეთი (აშშ-ს თამადობით) არ დაიცავდა საქართველოს რუსეთის ,,საპასუხო", სააკაშვილის ,,მშვიდობის იძულების" ოპერაციისაგან და გასცა შესაბამისი ბრძანება: ჩეკისტებმა ფორსირებულად აამოქმედეს საკუთარი აგენტურა და ,,სასარგებლო იდიოტები" საქართველოში. სულ მალე მთავარმა სასარგებლო იდიოტმა, კგბ-ს ჯარების ეფრეიტორმა სააკაშვილმა, ირწმუნა, რომ ბლიცკრიგით დაიბრუნებდა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთის დიდ ნაწილს და 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს გასცა ბრძანება დაებომბათ და იერიში მიეტენათ ცხინვალზე, ხოლო 8 აგვისტოს ცხინვალში გამარჯვების აღლუმის ჩატარებაც გადაწყვიტა.

ამის შემდეგ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არასოდეს (ამ ისტორიულ ეტაპზე) არ მიიღოს საქართველო თავის რიგებში. ბუქარესტის სამიტისაგან განსხვავებით ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმებული არ არის და ნატოს ხელმძღვანელები არ აკეთებენ შესაბამის საჯარო განცხადებებს. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო დეზავუირება იმის აღიარება იქნება, რომ ნატო ანგარიშს უწევს არა ასპირანტი ქვეყნის (საქართველოს) აზრს, არამედ ნატოს არაწევრი ქვეყნის (რუსეთის) პოზიციას, ეს კი ნატოს დაშლის ტოლფასი იქნება. ამიტომ წლების განმავლობაში ნატოს ხელმძღვანელი პირები დაზეპირებული ლექსივით იმეორებენ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს და უკრაინას გარანტირებული აქვთ ნატოს წევრობა, თუ თვითონ მოინდომებენ ამას და თუ დააკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ნატოს ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხანდახან პირდაპირ აცხადებენ, რომ არ აპირებენ საქართველოს მიღებას თავის რიგებში. ობამას და სხვა ლიდერების განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის ისედაც ცხადი უნდა იყოს, რომ ნატოს ხელმძღვანელებს კოშმარულ სიზმარშიაც არ მოუვათ თავში მიიღონ თავის რიგებში ქვეყანა, რომლის დედაქალაქისაგან ოცდაათიოდე კილომეტრის დაშორებით ეფრეიტორ სააკაშვილის მიერ მოყვანილი რუსული ტანკები დგას; რომლის ტერიტორიაზე რუსეთის ორი მძლავრი ბაზაა განთავსებული და იქ მდგარი რაკეტების მოქმედების რადიუსი მთელ საქართველოს ფარავს.
ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინი რამდენჯერმე საჯაროდ დაემუქრა დასავლეთს იმაზე მსჯელობით, თუ რამდენ დღეში აიღებდა რუსეთის არმია ნატოს წევრი ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქს, საქმე საქმეზე რომ მისულიყო. მოგვიანებით, ცნობილ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ყირიმის ,,დაბრუნების" ოპერაციას თვითონ ხელმძღვანელობდა და მზად იყო საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა რუსეთის ატომბირთვული ძალები. დასავლეთში რთული ვითარება სუფევდა. სოციალური გამოკითხვები ცხადყოფდა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატოს, თავისი წესდების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, დაეცვა საკუთარი წევრები - ე.წ. მლადონატოელები, ანუ ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ასეთ განწყობას ახლახან ჩატარებული გამოკითხვებიც ადასტურებს. (არაწევრ ქვეყნებზე საუბარიც არ არის) დასავლეთ ევროპის ლიდერებს კარგად ესმით, რომ მათი ნებისმიერი განცხადება ან მოქმედება, რომელიც არ დაემთხვევა მათივე ამომრჩევლების აზრს, მათთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. მლადონატოელების პოლიტიკური ლიდერები კი საჯაროდ მოითხოვდნენ თავის ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განლაგებას და დადასტურებას, რომ ნატო დაიცავს მათ (ანუ საკუთარ წევრებს) რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. აი ასეთ ვითარებაში ჩატარდა ნატოს უელსის სამიტი 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში. სამიტმა მიიღო ფორმალურად ანეკდოტური, მაგრამ მკაცრი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ძალზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება. ნატომ მოიკრიბა ძალა და განაცხადა, რომ შეასრულებდა საკუთრი წესდების მე-5 პუნქტს და დაიცავდა თავის წევრებს აგრესიის შემთხვევაში. იქვე გადაწყვიტეს, რომ ნატო არ დაიცავს არაწევრ ქვეყნებს სამხედრო ძალით რუსეთის აგრესიისაგან, არამედ შემოიფარგლება შესაბამისი სანქციებით და განცხადებებით. სამიტის ეს გადაწყვეტილება, ცხადია, არ უკრძალავს ნატოს წევრ ქვეყნებს გაუწიონ გარკვეული დახმარება უკრაინას, ან სხვა ქვეყნებს ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. უელსის სამიტის შემდეგაც ნატოს ხელმძღვანელები არ ჩქარობდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

,,50 წლის განმავლობაში ოკუპირებულები ვიყავით და ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ ამ მეზობელს. საკვირველი ის არის, რომ შორს მდებარე ქვეყნები, რომლებსაც არასოდეს შეხებია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ასე უფრთხიან რუსეთს.
მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, პოლონეთი და ბალტიისპირეთი იღებენ დღეს ხმას. ეს ჩვენი ერთადერთი იარაღია, რუსეთთან საბრძოლველად: ამოვიღოთ ხმა, ვიყოთ შეუპოვრები და შევარცხვინოთ დასავლეთის ლიდერები იმის გამო, რომ ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას დაიცვან თავისუფლება, სუვერენობა და დემოკრატია ევროპაში" - ეს ნაწყვეტია ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს სენსაციური ინტერვიუდან, რომელიც მან ,,ვაშინგტონ პოსტს" მისცა უელსის სამიტიდან სამიოდე კვირის შემდეგ. ამ ვრცელ ინტერვიუში ბევრი რამ არის სენსაციური, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გრიბაუსკაიტეს უელსის სამიტის შემდეგაც აშკარად არ სჯერა, რომ დასავლეთის ლიდერები შეასრულებენ ნატოს წესდების მთავარ დებულებას - დაიცვან საკუთარი წევრების უსაფრთხოება სამხედრო ძალით, ამ წევრებზე გარე აგრესიის შემთხვევაში და ერთადერთ იარაღად (!) ,,ხმის ამოღება", ,,შეუპოვრობა" და ,,დასავლეთის ლიდერების შერცხვენა" მიაჩნია!

გრიბაუსკაიტეს სენსაციური ინტერვიუს შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. პუტინი და მისი ჩეკისტური რეჟიმი დარწმუნდნენ იმაში, რომ ნატოს დამფუძნებლები მზად არიან იომონ რუსეთთან თუნდაც ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამო და ბირთვულ შანტაჟზეც არ წამოეგნენ. ნავთობზე ფასების სტაბილურმა კლებამ და სანქციებით გამოწვეულმა კაპიტალის გადინებამ რუსეთიდან უდიდესი ზარალი მიაყენა პუტინის ჩეკისტურ-თვითმპყრობელურ და უაღრესად კორუმპირებულ რეჟიმს. ჩეკისტები სულ სხვა ხმაზე ამღერდნენ: პუტინის ადმინისტრაციის უფროსი და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი უცხოური პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებში აღიარებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ისევე ვერ შეედრება ნატოს, როგორც კრილოვის ცნობილი იგავის ძაღლი მოსკა იმ სპილოს, რომელსაც მოსკა უყეფს, რათა სხვების თვალში ძლიერი გამოჩნდეს. ეს ტენდენციები ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა. მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან პუტინის რეჟიმს ქვეყნის შიგნით პოპულარობის შენარჩუნებისათვის ჰაერივით სჭირდება ახალი გამარჯვებები და ჩვენი ვაი-პოლიტიკოსების ხელში საქართველო შეიძლება ისევ საუკეთესო პოლიგონად იქცეს მათთვის. ე.წ. ,,ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი"-ს გახსნას უკვე მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი განცხადება. "ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც იგი ხშირად იყენებს თავისი პარტნიორი ქვეყნების რესურსებს", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ზახაროვამ და დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და თბილისს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს.
მისივე თქმით, რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას. ეს განცხადება ცინიზმისა და ტყულის გარდა არაფერს შეიცავს. რუსეთის მთვრობამ შესანიშნავად იცის, რომ საქართველოში, საჩხერეში, ანალოგიური ცენტრი დიდი ხანია მოქმედებს; რომ ნატოს მონაწილეობა შემოიფარგლება 2-3 ლექტორის ან ინსტრუქტორის გამოგზავნით; რომ უელსის სამიტზე ნატომ მოიფიქრა კიდევ ერთ ასეთ ცენტრში მონაწილეობის მიღება სწორედ იმისათვის, რომ სახეც არ დაკარგოს და რუსეთის მთავრობას გაღიზიანებისათვის რაც შეიძლება ნაკლები საბაბი მისცეს. (გაიხსენეთ რამდენჯერ უარყვეს ნატოს წარმომადგენლებმა ირაკლი ალასანიას უგუნური დეზინფორმაცია, რომ ნატო საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას ააშენებდა).
ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე ,,თავის მოვალეობის შესრულებას" და ახლა რუსეთის მთავრობის შესაძლო მოქმედებებს აღარ ჩამოვთვლი. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ საქართველოსათვის მაპ-ის მიცემა დიდი ალბათობით საკმარისზე მეტი საბაბი იქნება პუტინისა და მისი ჩეკისტებისათვის საქართველოში მორიგი ეკზეკუციის ჩასატარებლად, დასავლეთის რეაქცია კი ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო რბილი იქნება, ვიდრე ყირიმის ანექსიის დროს.
საგულისხმოა და ფრიად სახალისოც, რომ საქართველოს ვაი-პოლიტიკოსების მუდარის პასუხად ნატო დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთის მთავრობის აგრესიულ განცხადებებს იწვევს და ამ ფონზე ნატოს იმედი აქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატის, როგორც ერთგვარი მაშველი რგოლისა! (ახლახან, სწორედ ამ ფორმატის ეფექტიანობამ გადაარჩინა საქართველო სავაჭრო სანქციებს რუსეთის მხრიდან)."ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მართლა, იმიტომ, რომ მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ერთი თვის წინათ ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ. დაახლოებით იგივე თქვა რამდენიმე დღის წინათ ჯეიმს აპატურაიმ. მკითხველს ვთხოვ შეაფასოს სიტუაცია, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ბლოკი დგამს სიმბოლურ ნაბიჯებს საკუთარი სახის შესანარჩუნებლად (,,ცენტრის" გახსნა და ა.შ.) და იმედი აქვს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაანეიტრალებს ამ ნაბიჯებით შექმნილ რისკებს.

წერილის ბოლოს მოვიყვან ფრაგმენტებს ა.წ. ივნისში თინა ხიდაშელის მიერ ,,უოლ სტრიტ ჯორნალისათვის" მიცემული ინტერვიუდან. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ხიდაშელი ითხოვს საქართველოსათვის მაპს, როგორც ნატოში გაწევრიანების გზაზე ბოლო ნაბიჯს; ხიდაშელი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტი გაიმართება 2016 წელს საქართველოში საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს და ნატოს უარყოფითმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პროდასავლურ პარტიებს. ,,თუ ვარშავაში მივიღებთ უარს - მძულს ამის თქმა, მაგრამ დამიჯერეთ, ამას მყისიერი გავლება ექნება არჩევნების შედეგზე" ამბობს ქ-ნი თინა და აცხადებს, რომ პუტინის მიზანია შესაძლებლობის ფარგლებში აღადგინოს საბჭოთა კავშირი, პუტინისაგან განსხვავებით კი დასავლეთის ლიდერებს არ გააჩნიათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ,,თქვენ ვერ ხედავთ რა დგას დღის წესრიგში. რისი მიღწევა სურთ ამ სახელმწიფოებს? როგორ ხედავენ მსოფლიოს 10 წლის შემდეგ?" დაბოლოს: ,,ჩემი გეგმაა რაც შეიძლება ინტენსიურად ვიმუშავო; რაც შეიძლება მაგრად მივაწვე. ყველა ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთან საუბარი და ურთიერთობა არ არის ადვილი რამ. მე თუ სასოწარკვეთილი ვარ, მაშინ არის, რაც არის", აცხადებს ქ-ნი თინა.
მომავალი გვიჩვენებს, რა უფრო იმოქმედებს დასავლეთის ლიდერებზე - გეოპოლიტიკური რეალობა, თუ ჩვენი კომიკური თავდაცვის მინისტრის საყვედურები დასავლეთის ლიდერების მიმართ და მისი მიწოლის და სასოწარკვეთის შიში მათი მხრიდან.

პეტრე მამრაძე
2015 წლის 29 აგვისტო
oi bliaad
04 სექტემბერი 2015 08:32
ნატო თინაში და თინა ნატოში
bujanga
02 სექტემბერი 2015 16:52
-შედი ჯორჯია ნატოში!
- აჰ არ ვარ იმნაირი
margo
01 სექტემბერი 2015 22:54
რაც ამას ღარიბაშვილმა აგინა და ვითომც არაფერიო.

რედაქტორის რჩევით