ნოდარ დუმბაძე, მედროვეები და ნეოკომები
ნოდარ დუმბაძე, მედროვეები და ნეოკომები
32 წლის წინათ, 1983 წლის 1 სექტემბერს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - საბჭოთა გამანდგურებელმა ჩამოაგდო სახალინთან სსრკ-ს საჰაერო სივრცეში შემთხვევით შესული სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგი 747. თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და ნიუ-იორკიდან სეულში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა 246 მგზავრი და ეკიპაჟის 23 წევრი - დაიღუპა ყველა.

სსრკ-ს მთავრობამ თავიდან სრულიად უაზროდ უარყო ბოინგის ჩამოგდება. ვაშინგტონში სსრკ-ს საელჩოს ახალგაზრდა პრეს-მდივანმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ,,თვითმრინავმა განაგრძო ფრენა ზღვის მიმართულებით". სულ მალე სსრკ-ს მთავრობა
იძულებული გახდა ეცნო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, ,,პერესტროიკის" წლებში კი შემზარავი დეტალები გამომზეურდა: რუსი სამხედრო პილოტი ატყობინებდა თავის სარდლობას, რომ თვითმფრინავი აშკარად სამგზავრო იყო, რომ ილუმინატორში ბავშვებს ხედავდა, მაგრამ პუტინის ჩეკისტური რეჟიმის წინამორბედებმა მაინც უბრძანეს თვითმფრინავის ჩამოგდება. (საგულისხმოა, რომ ბოინგის ჩამოდგებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 2008 წლის
აგვისტოში, უკვე რუსეთის გაეროში ელჩის თანამდებობაზე მყოფი ვიტალი ჩურკინი ,,აჟღერებდა" ჩეკისტური რეჟიმის ტყუილებს საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, ხოლო ორიოდე თვის წინათ ისევ ჩურკინმა განაცხადა გაეროში, რომ რუსეთი ვეტოს ადებს დონბასის თავზე 2014 წელს ბოინგის ჩამოგდების გამოძიებისათვის ტრიბუნალის მოწყობას. მსოფლიოს პრესა აღნიშნავდა, რომ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით რუსეთის მთვრობამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ბოინგი მათ ჩამოადგეს! ცნობისათვის: 2014 წელს ბოინგის ჩამოგდებისას 298 ადამიანი დაიღუპა - ამ მხრივ პუტინის რეჟიმმა სსრკ-ს აჯობა!)


1983 წლის სექტემბრის დასაწყისში საბჭოთა კავშირში სიმართლე სულ რამდენიმე კაცმა იცოდა. თბილისში მაშინ მოსკოვიდან ჩამოსული ყოფილა პოლიტბიუროს გავლენიანი წევრი. ,,მაღალი სტუმრის" თბილისში ყოფნა არ გაშუქებულა. ეს მაშინ ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. სტუმარი შეხვდა საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელებს, და, წესისამებრ, ,,შემოქმედებითი ინტელიგენციის" წარმომადგენლებსაც. ამ უკანასკნელთა შორის ნოდარ დუმბაძეც იყო. მის გვერდში მჯდომი გამოჩენილი ქართველი ხელოვანი ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღეში მიყვებოდა, რომ ბატონი ნოდარიაშკარად ნაბახუსევი იყო, იჯდა მოღუშული, ბორჯომს სვამდა და ხმას არ იღებდა. უცებ სტუმარმა ჩამოგდებული ბოინგი ახსენა და იკითხა, ,,როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მომხდარიყო?". ხმა არავის ამოუღია და პოლიტბიუროს წევრმა პირდაპირ დუმბაძეს მიმართა - ,,А что думает наш выдающийся писатель Нодар Думбадзе по этому поводу?". ნოდარ დუმბაძემ დაუყოვნებლივ უპასუხა: ,,Русский Иван это не Гамлет принц датский, чтоб думать "быть или не быть?". Вместо этого Иван думает "сбить или не сбить?". Сбили конечно, что тут думать". სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მოსკოველმა სტუმარმა ჩაიბურტყუნა ,,ვნახოთ, ვნახოთ, გაარკვევენ" და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. ,,ასეთი იყო ახალგაზრდობაშიც და ასეთად დარჩა. მამა რომ დაუხვრიტეს, დედა რომ გადაუსახლეს და თვითონაც სულ ტყუილად რომ წავიდა ციხეში, ამანაც ვერ შეცვალა", მითხრა იმ გამოჩენილმა ხელოვანმა, რომელიც ნოდარ დუმბაძესთან მოზარდობიდან მეგობრობდა და ძალიან უყვარდა ბატონი ნოდარი.

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი — დავით დარჩიაშვილმა, ამ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოდარ დუმბაძესა და მის შემოქმედებას აკრიტიკებს. ის აღნიშნავს, რომ ,,თეთრი ბაირაღები" ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს", წერდნენ ჩვენს პრესაში რამდენიმე კვირის წინათ და დარჩიაშვილის მიერ ფეისბუკში განთავსებული ტექსტის ფრაგმენტი მოჰყავდათ:
,,ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს ,,თეთრი ბაირაღებიდან" პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: ,,მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა..." გენაცვალეთ, ,,თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ".

დარჩიაშვილის ამ ,,პასაჟმა" ბევრი ადამიანი აღაშფოთა. მე კი ამ წერილში მინდა, უპირველეს ყოვლისა, გავიხსენო ზუსტად 31 წლის წინათ, 1984 წლის 14 სექტემბერს, 56 წლის ასაკში გარდაცვლილი ნოდარ დუმბაძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე მათგან, ვინც იცნობდა და დიდი სიყვარულით იხსენებდა მას. დარჩიაშვილის მაგალითზე კი მინდა ისევ შევეხო ჩვენში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში დაწყებულ ,,ლექის აღზევებას" (მწერალ ვაჟა გიგაშვილის სიტყვებით), რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა არის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კი იმის გამოა, რომ წინა წლებში აღზევებული ლექი აღარ დაილექა, ახალ-ახალი ლექი კი უხვად ამოდის ზედაპირზე.

მინდა აღვნიშნო, რომ დავით დარჩიაშვილი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი არასოდეს ყოფილა, არამედ ნაცების სხვა მრავალი ,,ცნობადი სახის" მსგავსად იყო და დარჩა კგბ-ს ჯარების ეფრეიტორ სააკაშვილის და მისი სადისტური სისტემის რამდენიმე თავკაცის მორჩილ და ყველაფერზე წამსვლელ შემსრულებლად. დარჩიაშვილი, სხვა ნაცებთან ერთად, არ სცოდავს საკუთარი სინდისისა და ერის ისტორიის წინაშე: ამ ადამიანებს სწამთ, რომ პირადი მატერიალური კეთილდღეობა და მაღალი თანამდებობა ის უზენაესი ფასეულობაა, ის მიზანია, რომელიც ამართლებს ნებისმიერ საშუალებას და შესაბამისადაც მოქმედებენ სინდისის ყოველგვარი ქეჯნის გარეშე. თავის დროზე ამ თაობიდან აღზევებულ ლექს ნეოკომკავშირლები - ,,ნეოკომები" შევარქვი. მე არც კომკავშირელი და არც კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ და გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაოცებული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის ბევრ წევრს აქტიური კომკავშირული წარსული ჰქონდა და სსრკ-ს ნგრევის კვალობაზე კარიერის გასაკეთებლად კომკავშირიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადაინაცვლეს.

1983 წლის სექტემბერში სამგზავრო ბოინგის დანაშაულებრივი ჩამოგდება და შემდეგ ამ ფაქტის უაზრო უარყოფა სსრკ-ს ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის სრულ დეგრადაციაზე მეტყველებდა. იმ პერიოდში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ცნობილი ოჯახიშვილი გოგი ანდრონიკაშვილი შეწუხებული ამბობდა, რომ კომკავშირიდან წამოსული ყოველი ნაკადი წინა ნაკადს ბევრად უსწრებდა უზნეობით და უპრინციპულობით - ,,ბოლო წლებში მოსულებს შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ახლა ვინც მოდიან, ეტყობა საერთოდ ამ ძარღვის გარეშე დაიბადნენ. რა გვეშველება?", ეუბნებოდა ბატონი გოგი ჩემს ახლობელს.

სიტყვამ მოიტანა და ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო.
კოლექტიურ ,,დარჩიაშვილ-წიკლაურ-ბოკერიებს და სხვებს რომ ვუსმენ, მახსენდება ხოლმე საქართველოს ალკკ ცკ-ის (ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის) ყოფილი პირველი მდივანი (აგრეთვე სხვა წამყვან პარტიულ თანამდებობებზე ნამუშევარი) დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, რომელმაც სოხუმის დაცემის დროს თქვა: "მე ეს ქალაქი საქართველომ ჩამაბარა, მე ამ ქალაქიდან ცოცხალი არ გავალ". მახსენდება, როგორ გულწრფელად გაეღიმა ბატონ ჟიულის გვერდით მყოფ გურამ გაბისკირიას, რომელმაც იცოდა, რომ კლავდნენ და რომელმაც ღიმილით უთხრა გადამთიელ მკვლელებს – ,,никогда в жизни" , როდესაც უბრძანეს, რომ დაჩოქილიყო. რამდენადაც ვიცი, ბატონ ჟიულის გადამთიელებმა პირველი ტყვია მუხლში ესროლეს იმიტომ, რომ ვერ დააჩოქეს. მასთან ერთად სხვებიც დარჩნენ და გმირულად დაიღუპნენ. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მუშაკები ე.წ. პარტიული და სამეურნეო მუშაობის სტაჟის მქონე უფროსი თაობის ადამიანები, იყო ყოფილი КГБ-ს გენერალი მამია ალასანია. მე ისეთ ოჯახში და წრეში გავიზარდე, სადაც ყველას ესმოდა, რომ სსრკ-ის კომპარტია და ЧК-КГБ გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმზე და გესტაპოზე ნაკლები ბოროტება არ იყო. მით უფრო დიდი პატივისცემითა და მადლიერებით მინდა მოვიხსენიო უფროსი თაობის ყველა ადამიანი, ვინც უშიშრად დადო თავი საქართველოსათვის. თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის რომანში "მოგზაურობა ყარაბაღში", შვილისა და მისი ძმაკაცების არაკაცური ქცევით გაწბილებული მამაკაცი ეუბნება თავის ვაჟიშვილს: ,,კაცები კი არა, ნაბიჭვრები ხართ". ეს ფრაზა ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ მნიშვნელოვან მხარეს ასახავს.

სააკაშვილის სადისტური სისტემა ემყარებოდა ტყუილს, სიძულვილს და ძალადობას. ,,დარჩიაშვილებს" ფიზიკურ ძალადობას არავინ ავალებდა, მათ თავისი ფუნქცია ჰქონდათ - ტყუილის შეთხზა და სიძულვილის დათესვა.

კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დროს ბევრ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეს უწევდა კომპრომისზე წასვლა: მათ ესმოდათ, რას წარმოადგენდა კომუნისტური რეჟიმი და ისიც ესმოდათ, რომ კომპრომისის გარეშე ვერ შექმნიდნენ იმას, რისი მოწოდებაც ჰქონდათ და რაც დიდად გამოადგებოდა ერს. ზოგი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ უკომპრომისოდ საკუთარ თავს და ოჯახს ვერ გადაარჩენდა. "Когда верблюд и рак, станцуют краковяк, тогда уйдут большевики", იტყოდა ხოლმე ვიწრო წრეში მსოფლიოს ერთერთი წამყვანი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკო მუსხელიშვილი. ბატონი ნიკო გენერალ ივანე მუსხელიშვილის ვაჟი იყო, პიროვნებად და მოქალაქედ ოქტომბრის რევოლუციამდე ჩამოყალიბდა. ,,თქვენზე ამბობენ, ადრე აზნაური იყოო. მართალია?", ჰკითხა ხანდაზმულ მუსხელიშვილს რუსმა კორესპონდენტმა. ,,რას ნიშნავს ,,ადრე იყოო"? განა შეიძლება არსებობდეს ყოფილი სეტერი?", გაიკვირვა ბატონმა ნიკომ, რომელსაც ნადირობა გენერალმა მამამ შეაყვარა. ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი იმ ,,კონფორმისტ" მოღვაწეებს.
ახლა შევადაროთ: ,,დარჩიაშვილებმა" შესანიშნავად იცოდნენ და ახლაც იციან, რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი და როგორი დანაშაული აქვთ ჩადენილი რეჟიმის თავკაცებს 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურისა და სამშობლოს ღალატის ჩათვლით. მათ არ ემუქრებოდა არც ციხე, არც დახვრეტა, არც სხვა რეპრესიები - ისინი საკუთრი ნებით ჩადგნენ რეჟიმის სამსახურში. თავისი არაერთი ,,ჩარეცხილი" კოლეგის მსგავსად მათაც შეეძლოთ არ მოსულიყვნენ პოლიტიკაში და პატიოსნად ემუშავათ თავის დარგში. მაგრამ ისინი ენთუზიაზმით ჩადგენენ სააკაშვილის სამსახურში კარიერის გასაკეთებლად და მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად და მთელი თავისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ამას მოახმარეს. დაუფასდათ კიდევაც:
,,საბოლოო ჯამში, როგორც დავითის და გოლიათის ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაც დასრულდება გამარჯვებით, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში გვყავს ხალხი, რომელიც განსაკუთრებით წარჩინებულია. მათ შორისაა დავით დარჩიაშვილი", - განაცხადა სააკაშვილმა 2011 წელს დარჩიაშვილისათვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემისას.


,,ეს არის ჯილდო, რომლის მსგავსიც არასდროს მიმიღია და თუ რამე გამიკეთებია ის ორი მიზეზით იყო განპირობებული: პირველი - მიზანი, რომელსაც ვემსახურები და რომელმაც ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გვერდით დამაყენა, ეს არის მოდერნიზაცია ამ ქვეყნის და მეორე - გუნდი, რომელიც დამხვდა და რომელმაც შემიქმნა საოცრად ხელსაყრელი ინტელექტუალური და ემოციური, მეგობრული გარემო, რაც თითოეულ ჩვენგანს აძლევს შესაძლებლობას ყველამ გავაკეთოთ მაქსიმუმი", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა ბრწინვალების ორდენის მიღების შემდეგ.

ახლა ისევ ნოდარ დუმბაძე გავიხსენოთ. ბატონი ნოდარი თენგიზ მენთეშაშვილთან მეგობრობდა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს ,,თბილისობის" ზეიმის და სხვა კეთილი საქმეების ინიციატორი და ორგანიზატორი კარგად ახსოვთ, ახალგაზრდებს კი მოვახსენებ, რომ უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩეული თენგიზ მენთეშაშვილი ,,ისტორიული მატერიალიზმის" ეპოქაში მაღალ პარტიულ თანამდებობეზე მუშაობდა, წლების განმავლობაში კომპარტიის თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანიც იყო.ბატონი ნოდარი თენგიზი ნოდარ დუმბაძის მეგობარი და მეზობელიც ყოფილა. ერთხელაც მისი მოზარდი ვაჟი დუმბაძეებთან იყო გადასული. იმ წლებში ეკლესიები ცარიელი იყო, მაგრამ ნოდარ დუმბაძე ,,სინდისის წინაშე სცოდავდა" და შინ ხატები ჰქონდა დაკიდული. ,,ნოდარი ბიძია, შენ ცრუმორწმუნე ხარ?", უკითხავს თენგიზ მენთეშაშვილის ვაჟს, რომელსაც ,,მორწმუნეს" და ,,ცრუმორწმუნეს" ცნებები აერია, რაც იმ დროში სულაც არ იყო გასაკვირი მისი ასაკის ადამიანისათვის. ,,არა შვილო, მე მორწმუნე ვარ, ცრუმორწმუნე მამაშენია", მაშინათვე უპასუხია ნოდარ დუმბაძეს. მის ამ სიტყვებს სხვებიც შეესწრნენ და ეს ფრაზა უმალ მთელ ქალაქს მოედო, მაგრამ ნოდარ დუმბაძის და თენგიზ მენთეშაშვილის მეგობრობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ამბობდნენ, რომ თენგიზ მენთეშაშვილი თვითონაც ხალისით ყვებოდა ამ ამბავს.

1984 წლის 15 სექტემბრის დილას რესპუბლიკური საავადმყოფოს პათანატომიის განყოფილების მისაღებში შევხვდი. იმ ღამით გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი მამიდა და იქ გადაასვენეს. უცებ პათანატომები გამოჩნდნენ. ერთი მათგანი აღელვებული ხმით ეუბნებოდა სხვებს: ,,ასეთი არაფერი შემხვედრია. რა აცოცხლებდა ამ კაცს ეს წლები? გულის კუნთი საერთოდ არ ჰქონია. მიკროინფარქტებით და ინფარქტებით დასერილი ბადე იყო და მეტი არაფერი! ეს ხომ სრულიად შეუთავსებელია სიცოცხლესთან. სასწაულია, ნამდვილი სასწაული!" მერე გავიგე, რომ ნოდარ დუმბაძეზე ამბობდა ამას ის ექიმი. წლების შემდეგ ცნობილ პათანატომს, ქალბატონ თამარ დეკანოსიძეს ველაპარაკე და მანაც დამიდასტურა, რომ ყველა გაოგნებული იყო ნოდარ დუმბაძის გულის მდგომარეობით.

გარდაცვალებამდე ოციოდე წლით ადრე, იმხანად უკვე ცნობილმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ თხოვნით მიმართა ქ.თბილისის ბინების გამანაწილებელ კომისიას ჩაებარებინათ მისთვის ადრე მიცემული სამოთახიანი და ლოჯიანი ბინა. განცხადება იუმორისტული მოთხრობის ფორმით იყო დაწერილი:
,,...გთხოვთ ჩაიბაროთ ბინა.
თქვენ გგონიათ უმადური ვარ?
თქვენ გგონიათ ის მწყინს, რომ დაბალჭერიანი ბინა მაქვს?
ან ის, რომ ჩემი სასადილო ოთახის იატაკი ისეა ჩაზნექილი, როდის დავემხობი თავზე მეზობელს, არც მან იცის და არც მე?
ან ის, რომ პირველ სართულზე მობინადრეთა ჩურჩული ჩემთან მეხივით ისმის?
ან ის, რომ ტელეფონი ან სულ არ იღებს ხმას, ან თუ ამოიღო, ისე გიჟივით რეკავს, ვეღარ ვაჩერებთ?
ან ის, რომ წვიმის დროს ლოჯი წყლით მევსება?
ან ის, რომ სახლს მუყაოს კარი აქვს და გაქურდვის მეშინია?
ან ის, რომ საფოსტო ყუთიდან ჟურნალ-გაზეთებს მპარავენ?
ან ის, რომ მეზობლები ეზოში გარაჟის აშენების უფლებას არ მაძლევენ?
ან ის, რომ ამის გამო მანქანა ექვსჯერ გამიძარცვეს?
ან ის, რომ ცუდი მეზობლები მყავს და ვინმეს ვემდური?
არა ბატონო! ახლავე მოგახსენებთ რაშია საქმე:
ჩვენს ეზოში უამრავი ბავშვი თამაშობს და იზრდება. მათ შორის ჩემი პატარა გოგოც.... ჰოდა, ნუ მაყურებიებთ იმის საცოდაობას, ნუ გადამირევთ ცოლს და ნუ გადამრევთ მეც...
არა და, როგორი მოსასმენია ყოველდღე ბავშვისათვის, როდესაც აივანზე გადმომდგარი დედები მის მეგობრებს ასე უხმობენ:
-ლუიზა! ამოდი, დედა გენაცვალოს! ოთხკვერცხიანი ტაფა-მწვარი შეჭამე, ზედ გუშინ რომ მამას შოფერმა ექვსი კილოგრამი შავი ხიზილალა მოუტანა, რუმინულ ზეთისხილთან, მექსიკურ ანანასთან, ერთ ყუთ იტალიურ ფორთოხალთან და თურქულ ხალვასთნ ერთად, ის დააყოლე და ისევ ჩადი, შენი ჭირიმე, ჩემო გოგო, შენისთნა რომ ეზოში არავინ დადის, ისეთო!...
ან:
- ნუნუკა! ამოდი, შვილო, და გუშინწინ რომ მამაშენმა სადოქტორო დაიცვა ერთხმად და ბრწყინვალედ, იმის აღსანიშნავი ბანკეტი რომ გადავიხადეთ და აკადემიკოსმა რომ უთხრა მამაშენს, ბედნიერია ის ერი, სადაც შენ მოღვაწეობო, იმ აკადემიკოსის მეუღლემ ჩეხური კონფიტიური რომ მოგვართვა და თქვა, ღმერთო, ეს რა ოჯახი გავიცანიო, ის კონფიტიური ჭამე და ისევ გაგიშვებ ეზოში, ამასობაში მოსკოვიდან თუ არ დარეკეს და ვოკრუგ ევროპის საგზური თუ არ გამოგვიგზავნეს. ამოდი, დედა გენაცვალოს, ტრიკოტინის კაბა მაცვია და ასე შინაურულად ნუ ჩამიყვან ეზოში!...
ან:
- მერაბიკო! ამოდი, ინგლისური მოამზადე, თორემ საცაა ფრანგულის მასწავლებელი მოვა და გერმანულის მასწავლებელთან წასვლას ვერ მოვასწრებთ. მე ამასობაში ბეკერის როიალს გადავწმინდავ, კარელსკაია ბერიოზას ავეჯს გავაპრიალებ, ტელევიზორ ელექტრონს ჩავრთავ, მაგნიტოფონ უნივერსალს გამოვრთავ, მამას დავურეკავ, შავი ვოლგა გამომიგზავნოს და მერე ნორკის შუბის გამოსატანად წავალ, თორემ ის კარაკულის შუბა მოდიდან გამოდის, ამოდი, შემოგევლოს სახელოვანი მშობლები!...
ან:
- გულსუნდა! გეყოფა შვილო, თამაში! მე და მამაშენი საზღვარეთული ფილმის გასინჯვაზე მივდივართ, სულ ოთხი მოსაწვევი მოსულა საქართველოში და ორი ჩვენ გამოგვიგზავნეს, შარშანდელის არ იყოს, მამაშენი ძალით რომ წარადგინეს ლენინურ პრემიაზე, თვითონ რომ არ უნდოდა, ისე. ამოდი აწი, თორემ ზევიდან რეკავენ, უთქვენოდ არ ვიწყებთ ამ გადასარევ ფილმს, რომელიც მხოლოდ ერთი დღითაა, თურმე, ჩამოტანილი... ამოდი, გენაცვალე, შენ რომ კამფეტი გიყვარს, ის თხუთმეტათასიანი ბროლის ვაზის გვერდით რომ თვრამეტათასიანი ჩინური ლარნაკია, იმაში დევს და ჩვენს მოსვლამდე თავი შეიქციე...
ან:
- გივიკო! რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ დარბიხარ-მეთქი, თუ გინდა შარშანდელივით, სწორედ იმ დროს ტელევიზორში გადმოცემა რომ უნდა ყოფილიყო მამაზე, როგორც უნიჭიერეს მწერალზე, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირსა და დემოკრატიულ ქვეყნებშიც. მისი წიგნები რომ ყველგან იბეჭდება და მამაშენმა რომ უარი თქვა, არ გინდათო, - შენ კი ამასობაში ეზოში თამაშობდი, გაოფლიანდი და გაცივდი. მერე მამამ რომ ავსტრალიიდან წამალი ჩამოგიტანა და შთაბეჭდილებებით რომ გამოვიდა რადიოში პირველი პროგრამით... ამოდი ახლა, გეყოფა!...

.. და ამ დროს ჩემი ცოლი ეძახის ჩემს შვილს:
ამოდი შვილო ქეთინო, მამაშენი მოვიდა გალეწილი მთვრალი და შარვალს ვერ ვხდით!..
კარგი მოსასმენია?
არ არის კარგი მოსასმენი!
ჰოდა, გემუდარებით, ნუ გადამირევთ ცოლ შვილს, ნუ გადამრევთ მეც, ჩაიბარეთ თქვენი ბინა, მე კი წავალ, დავიქირავებ სადმე უეზოო, უფანჯარო, ულოჯო, უმეზობლო ბინას, ჩავიკეტები შიგ და, მოკლედ, ჩემს ცოლ-შვილს მე მივხედდავ!"
აი ასე მიაჯაჭვა სამარცხვინო ბოძზე მაშინდელი მედროვეები, კარიერისტები და მომხვეჭველები მწერალმა, რომელსაც ამის გაკეთების სრული მორალური უფლება ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეცოცხლა, დამოუკიდებლობის წლებში აღზევებულ ლექსაც საკადრისს მიუზღვევდა.


პეტრე მამრაძე, 14 სექტემბერი, 2015 წელი
lia
23 სექტემბერი 2015 01:36
mamradze dzalze gonieri da sakvareli adamiania.

gomaretshi rac xdeba,igive xdeba msof-
lioshi.shemi soflelebi kargad myavs
sheswavlili,amitom zustad vici,vin vin aris politikashi...

meamayeba,rom petre shemi ufrosi vaji
vasoa.

vin aris dzalian sakvareli axalgazrda
premieri?
isac shemi shvilia-beqa.

vin aris shveni shaliko?
gamorcheulad mikvars,chemi dzma bedoa.
nacionalebs rom vakritikebdi,werilebs
shalikostan mivarbeninebdi.

nacionalebs vurchev,shalvas daemoketon.

vin arian dzalian sakvareli dzmebi ga-
chechiladzeebi?
chemi shvilebia beqa da vaso,romlebsac
veravin ver gayris.beqa "grechixit" gavzarde...

vin aris fikria chixradze?
chemi shvili mariamia.

dato gamyrelidze:yvelaze zomieri politikosi romelsac swori xedva hkonda.

...

nacionalebs cixes ki ar unda vusjidet
da ara marto mat,unda vaswavlot,rom
bedniereba xalxistvis sixarulis uanga-
rod minishebaa...

gmiroba usamartlod dachagrulta ushish-
rad dacvaa...

unamusoba mefeebs schveodat,konkuren-
tebs rom sikvdilit sjidnen...

mogonebaze vin aris mefe? visac bunebis
msgavsad tavistvis araferi ar unda,xal-
xistvis unda yovelive sikete...
ვაჟა
22 სექტემბერი 2015 15:19
მადლობა ჩემო ჭკვიანო კაცო
Murmni
21 სექტემბერი 2015 14:00
რუსეთი ჩვენი მტერია კაცო ამერიკელ ნაგვედზე ილაპარაკეთ ისე მინდა იცოდეტ რუსებს არ ჩამოუგდიატ 2014 ეგ სამგზავრო თვითმფრინავი ვინც ჩამოაგდო ეგ პეტრემაც კარგად იცის მარა რა ქმნას ამ კაცმა ამერიკელები უყვარს იგენის ცუდს ვერ ხედავს მაგრამ ამერ
იკელების ხოტბაშემსხმელებს უნდა შევახსენო დამტავრდა მაგენის ბლატაობა რუსეთის მეშვეობით ვისაც უნდოდათ ბომბავდნენ ვიცაც უნდოდათ ჩამოახრჩობდნენ რასაც უნდოდათ იმას აკეეტებდნენ ესენი კი ცეკას და კომპარტიას იძახიან და წერენ გირჩევთ პენტაგონზე და მათ არაკაცობაზე დაწეროთ ბატონო პეტრე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები