,,რუსთავი 2"- "ნაცების" რუპორი და "ქოცების" მამხილებელი - კვირის პალიტრა

,,რუსთავი 2"- "ნაცების" რუპორი და "ქოცების" მამხილებელი

,,ესენი მეუბნებიან ,,იმედი" დავხუროთო. ეგ რომ გავაკეთო, ესენი როგორღა გავაკონტროლო?", - ამბობდა ვიწრო წრეში მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ და ,,ესენი"-ს ქვეშ პირველ რიგში ხერხემალ ვანო მერაბიშვილს და ჰარი პოტერ ზურაბ ადეიშვილს გულისხმობდა.

,,იმედი" რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდით", - მშრალად მითხრა ვანო მერაბიშვილმა, მეტსახელად მონსტრმა, წერდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ცხადია ,,ძალაუფლების დაკარგვაში" მერაბიშვილი თანამდებობიდან თავისი თავის გათავისუფლებას გულისხმობდა და მართალიც იყო, თორემ ღია საზოგადოებაში ძლიერი ოპოზიციური ტელევიზია მხოლოდ აძლიერებს დემოკრატიულ ხელისუფლებას, გახრწნისა და გარყვნის საშუალებას არ აძლევს მას.

,,რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ მიკერძოებული და არაადექვატური მოსაზრებები ჭარბობს ადექვატურ და ობიექტურს. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ:

1. 2004 წლის ზაფხულის შემდეგ ,,რუსთავი 2" სააკაშვილის და მისი ნაცისტების პროპაგანდისტულ მანქანად და მორჩილ რუპორად გადაიქცა. ქიბარ ხალვაშსაც (ანუ ირაკლი ოქრუაშვილს) იმიტომ ,,აყიდინეს" ,,რუსთავი 2", რომ სრული კონტროლი ჰქონოდათ. ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ სააკაშვილმა გადაწყვიტა პირადი კონტროლი დაეწესებინა ტელეკომპანიაზე და თვითონ დაეპატრონა ,,რუსთავი 2"-ს - კიევში მცხოვრები ძმები ყარამანაშვილები მისი მეგობრები არიან და სააკაშვილმა ისინი ცრუმაგიერ პირებად გამოიყენა - მათზე გააფორმა საკუთარი ქონება.

2.სააკაშვილის ინტერესებში შედის რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას ივანიშვილზე და "ქოცების" ხელისუფლებაზე. ადამიანური და ტექნიკური რესურსების წყალობით ,,რუსთავი 2" ბევრად უფრო ეფექტურად ამხელს "ქოცების" ყველა უნიათო თუ საზიანო მოქმედებას, ხელისუფლებაში არსებულ ნეპოტიზმს და კორუფციას, ვიდრე სხვა ტელევიზიები. "ნაცებს" სახელისუფლებო სტრუქტურებში ბევრი ინფორმატორი ჰყავთ, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, სასამართლოში, სახელმწიფო რეესტრში, ბიზნესმენთა შორის და ა.შ. ეს ინფორმაცია მაშინვე მიეწოდება ნაცისტების რუპორს და ტელეკომპანიაც საკმაოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ამხელს "ქოცების" საქმიანობას. დააკვირდით, "ქოცების" არც ერთ წარმომადგენელს არ განუცხადებია, რომ ინტერვიუ მისცა ,,რუსთავი 2"-ს და მერე მისი ინტერვიუ არ გაუშვეს ეთერში. ან ის, რომ მისვლა უნდოდა და რაღაცის თქმა და უარი უთხრეს. პირიქით, ყველა სიუჟეტში ,,რუსთავი2" მაქსიმალურად იყენებს ქოცების ინტერვიუებს და განცხადებებს, თუკი მათ ჩაწერას ახერხებს.

,,სიმართლე ვისთვის მახვილია, ვისთვის ფარია, და თუ სიმართლე ნიღაბია, შესაზარია", - წერდა შოთა ნიშნიანიძე. "ქოცების" მმართველობამ საშუალება მისცა ,,რუსთავი 2"-ს სიმართლე ერთდროულად მახვილად, ფარად და ნიღაბადაც გამოიყენონ.

ამერიკაში არსებობს ე.წ. ,,ვაშინგტონ პოსტის" ტესტი. ის მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის ყველა პირმა, ვიდრე რაიმე დოკუმენტზე ხელს მოაწერს, ან რაიმე განცხადებას გააკეთებს, წარმოიდგენს იმას, თუ რა სათაურს ,,გამოაცხობს" ეს გაზეთი მისი ამ მოქმედებიდან და როგორ შეამკობს პირადად მას. ცხადია ,,ვაშინგტონ პოსტს" ამ შემთხვევაში აშშ-ს გავლენიანი მედიის კოლექტიურ სახელწოდებად იყენებენ. თავისი მოქმედებით თვითონ "ქოცები" უწყვეტ რეჟიმში უხვ მასალას აწვდიან ,,რუსთავი-2"-ს. ხშირად, როდესაც ქოცების რომელიმე წარმომადგენლის განცხადებას ვისმენ, მაშინათვე წარმოვიდგენ, რა მოყვება ამას ნაცისტების რუპორის ეკრანზე. ისიც კარგად ვიცი, როგორ გააბითურებდა ,,რუსთავი 2" მაგალითად მარგველაშვილის და ალასანიას არაადეკვატურ განცხადებებს და მოქმედებას, სააკაშვილის დავალებით მწვანე შუქი რომ არ აენთოთ მათთვის.

სიმართლეს დიდი ძალა აქვს, ტყუილს კი მოკლე ფეხები. შეგახსენებთ როგორ მოქმედებდა ნაცისტების სამივე რუპორი (მაშინდელი უიმედო ,,იმედი" და სრულიად ანტისაზოგადოებრივი ,,პირველი არხი" ,,რუსთავი 2"-თან ერთად) ერთი წლის განმავლობაში - 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ერთი წლის განმავლობაში სამი ე.წ. ნაციონალური ტელევიზიიდან უწყვეტ რეჟიმში მოედინებოდა უბინძურესი ცილისწამება პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების მისამართით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. ნაცისტებს ვერ უშველა ვერც ფინანსებმა და ვერც ორგანიზაციამ, ივანიშვილმა კი, ადამ მიჰნიკის სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძინა მაშინ ის საერთო-სახალხო მხარდაჭერა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მილიარდები ვერ შეიძენდა!

სულ სხვა ვითარებაა დღეს. "ქოცების" მმართველობით გაწბილებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერესით უყურებს ,,რუსთავი 2" და ბევრს მიაჩნია, რომ ძლიერ ტელევიზიებს შორის "რუსთავი 2" ერთადერთია, რომელიც მთლიანად თავისუფალია თვითცენზურისაგან და ხელისუფლების გავლენისაგან.

,,მაესტროს" მფლობელებმა პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემი გადაცემების შემდეგ პრობლემები ექმნებოდათ ხელისუფლებასთან", - თქვა ვახო სანაიამ, რომელიც სრულიად კორექტული და საკმაოდ რბილი სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც შედარდა "ქოცების" დანაპირები და რეალური შესრულება, ჯერ მიჯირყვნეს, შემდეგ კი სხვებთან ერთად გაათავისუფლეს. ამას მოჰყვა ინგა გრიგოლიას პროგრამის დახურვა, ეკა მიშვლაძის გადაცემის შეჩერება და დღეს მე არ მეგულება არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც არ სჯეროდეს, რომ ქიბარ ხალვაშმა იმიტომ მიმართა სასამართლოს, რომ ქოცებმა დაავალეს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს შესანიშნავად ესმით, რომ ,,რუსთავი 2" "ნაცების" რუპორია. მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ ეს ტელეკომპანია სრულიად დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან და ეს არის მთავარი და ყველაზე ღირებული!

მედიის როლი ღია საზოგადოების შენარჩუნება -განვითარებაში ცალკე განხილვის საგანია. ახლა იმით შემოვიფარგლები, რომ "ქოცების" ლიდერებს რომ ესმოდეთ, რა არის ღია საზოგადოება და რომ უნდოდეთ მისი აშენება, ესეც რომ არა, საკუთარი პოლიტიკურ მომავალს ადექვატურად რომ ჭვრეტდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ნაცისტების რუპორი მათთვის უაღრესად სასარგებლო არის.

პეტრე მამრაძე, 23 ოქტომბერი, 2015