მე ისევ ჩვენს იდიოტიზმს ვამხელ - რის იმედზე ვიყოთ?! - კვირის პალიტრა

მე ისევ ჩვენს იდიოტიზმს ვამხელ - რის იმედზე ვიყოთ?!

,,ნუ ელოდებით, რომ არაფრის მაქნისი ოპორტუნისტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია და იდიოტად დაბადებული ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ან თუნდაც ,,ოპოზიციის ვარსკლავები" ამ განსაცდელის შემდეგ უფრო გონიერები იქნებიან". - ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ საკუთარ ნათქვამს ვციტირებ და ვახსენებ მკითხველებს, რას ვწერდი ჩვენს პლასტელინ მარგველაშვილზე, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ვუნდერკინდების - პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და შინაგან-საქმეთა მინისტრ თალიბან-ჭიკაიძის ტანდემზე, ან ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ვარსკლავებზე, მაგრამ ეს სიტყვები ცნობილ ფრანგ მწერალს და პუბლიცისტს მიშელ უელბეკს ეკუთვნის. მისი წერილი ,,როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს" (იხილეთ) დღევანდელ "ნიუ-იორკ თაიმსშია" გამოქვეყნებული.

,,მაინც ვინ დაასუსტა პოლიციური ძალები იმ ბოლო ზღვრამდე, რომ თითქმის წაერთვათ უნარი აღასრულონ საკუთარი მისია? წლების განმავლობაში ვინ გვიჭედავდა თავებში აზრს, რომ სახელმწიფო საზღვრები აბსურდული ახირებაა და საზიზღარი და მყრალი ნაციონალიზმის გამოვლინებაა?

რომელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩაითრიეს საფრანგეთი უაზრო და ძვირადღირებულ ოპერაციებში, რომელთა მთავარი შედეგი იყო ერაყის და შემდეგ ლიბიის ჩაძირვა ქაოსში?

სამწუხაროდ დასკვნა აშკარაა და გამანადგურებელი. 10 (20?30?) წლის განმავლობაში ერთმანეთს მიყოლებული მთავრობები საცოდავად, სისტემატურად და სავალალოდ ჩაფლავდნენ თავისი მთავარი მისიის შესრულებისას: გამოეჩინათ პასუხისმგებლობა და დაეცვათ საკუთარი ხალხი", -  წერს ,,გონკურის" პრემიის ლაურეატი მიშელ უელბეკი, რომლის ბოლო ანტიუტოპიურ რომანში "მორჩილება", (გამოქვეყნებულია ა.წ. იანვარში), აღწერილია, როგორ ვითარდება მოვლენები საფრანგეთში მას შემდეგ, რაც მოსახლეობა საფრანგეთის პრეზიდენტად მუსლიმს აირჩევს. უელბეკის ეს წერილი მხოლოდ წვეთია დასავლეთის ანალიტიკოსების ბოლო წლებში გამოქვეყნებულ მსგავსი შინაარსის წერილებს შორის.

,,თქვენი სურვილი და გადაწყვეტილება დაიკავოთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში სწორია და პატივსაცემია. ეს მართლაც საუკეთესო არჩევანია. მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და არ აჰყვეთ ილუზიებს დასავლეთის მიმართ. გახსოვდეთ, ევროპა არის ბებერი პროსტიტუტი და ჩემი სამშობლო ისეთივე პროსტიტუტია, როგორც სხვა ქვეყნები", - მითხრა წლების წინათ დასავლეთ ევროპის ერთერთი სახელმწიფოს ცნობილმა დიპლომატმა. მის სიტყვებზე იმ სუფრასთან მსხდომა სხვა ქვეყნების დიპლომატებმა გულიანად იცინეს. მე კი ვუთხარი, რომ ასეთ გულწრფელობას და გულახდილობას, მხოლოდ ტრადიციული, ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი გამოიჩენდა და რომ ისტორიულად სულ ცოტა ხნის წინათ ეროვნული (ანუ სახელმწიფო) ინტერესების დაცვა გაცილებით მაღლა იდგა მორალურ პრინციპებზე და ამას არა პროსტიტუცია, არამედ ,,რეალური პოლიტიკა" ეწოდებოდა. არ უნდა გვიკვირდეს, რომ კრიზისულ სიტუაციებში ეროვნული ინტერესები და დასავლეთის ლიდერების ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი ზნეობრივ პრინციპებზე მაღლა დგება და დასავლეთის იმ დახმარებისთვისაც დიდად მადლობლები უნდა ვიყოთ, რომლეს გარეშე საქართველო ნამდვილად ვერ იარსებებდა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ,,არაფრის მაქნისმა ოპორტუნისტმა" საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გააქტიურებისათვის სასწრაფოდ ჩავა ვაშინგტონში და მოსკოვში და მოელაპარაკება აშშ-ს და რუსეთის ლიდერებს. ვლადიმერ პუტინმა კი ღია ეთერში მიმართა რუსეთის გენერალიტეტს და უბრძანა იმოქმედონ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ისე, როგორც მოკავშირეებთან. დიდი ოცეულის ბოლოს წინა შეხვედრაზე პუტინი დემონსტრატულად გარიყული იყო, საუზმეც კი მარტო მიირთვა, რიც შემდეგადაც სასწრაფოდ მიატოვა სამიტი და რუსეთში გაფრინდა, მაგრამ ანტალიაში წინა კვირას ჩატარებულ დიდი ოცეულის სამიტზე სულ სხვა სურათი ვნახეთ. არადა, გასული საუკუნის 90-იან წლებში დასავლეთმა (და არა რუსეთმა) კატეგორიულად მოითხოვა უკრაინისაგან მის ტერიტორიაზე განლაგებული დიდძალი ბირთვული შეიარაღების რუსეთისათვის გადაცემა. სანაცვლოდ დასავლეთი დიდ დახმარებას დაპირდა მაშინ უკრაინას. უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა ამას და 1994 წელს აშშ-მ, ბრიტანეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის თანახმად აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი ერთად კისრულობდნენ უკრაინის სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას. გაერო -  უშიშროების დარჩენილი მუდმივი წევრები, საფრანგეთი და ჩინეთი მოგვიანებით განცხადებებით შეუერთდნენ ამ მემორანდუმს. ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს სრულყოფილი წევრები ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ეხვეწებოდნენ ნატო - ს, განეთავსებინა მათ ტერიტორიაზე მცირე სამხედრო კონტინგენტები მაინც (პუტინი მაშინ ღია ეთერში მსჯელობდა იმაზე, თუ რამდენ საათში შეეძლო მას ვარშავის, ან ზოგიერთი სხვა დედაქალაქის აღება), მაგრამ დასავლეთმა კატეგორიული უარი უთხრა მათ და განუმარტა, რომ მიუხედავად რუსეთის მთავრობის მიერ ბუდაპეშტის მემორანდუმის უხეში დარღვევისა, დასავლეთი საპასუხოდ ვერ დაარღვევდა რუსეთისათვის მიცემულ პირობას, რომ ვარშავის ბლოკის ყოფილი ქვეყნების ნატოში მიღების შემდეგ ნატო მათ ტერიტორიაზე არ განათავსებდა თავის ჯარს (მოგვიანებით ეს ვითარება ცოტათი შეიცვალა).

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სარკოზიმ, გადაწყვიტა რა პოლიტიკაში დაბრუნება, მაშინათვე განაცხადა, რომ ,,უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის". რატომ თქვა ეს სარკოზიმ? საკუთარი მრწამსის გამო? - არა! უბრალოდ მან იცის, რომ საფრანგეთის ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს ძალიან არ უნდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ყირიმის და მსგავსი საკითხების გამო (საქართველოს, ცხადია, საერთოდ არავინ ახსენებს) და მისი ეს განცხადება გაზრდის მის პოპულარობას.

"საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუკი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს. პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპყრობა აღარ სჭირდება, რაც უკვე დაიპყრო. მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს. შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად - მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს", - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.

ბატონ იენსენის გამონათქვამები ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, როგორ რეაგირებდა იენსენი და ბევრი სხვა დასავლეთელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი, როცა სააკაშვილი ექსკლუზიურად რუსეთს აბარებდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან ობიექტს? როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მასობრივად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამაზე დასავლეთის არაერთმა ორგანიზაციამ პატიოსნად დაწერა? თუ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ფლირტია, მაშინ რა ვუწოდოთ ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან ,,ხელახალი ჩატვირთვის" პოლიტიკას? მათ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ პუტინის რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და ა.შ. რა ვუწოდოთ ობამას განცხადებას, რომ ,,არც უკრაინა, არც საქართველო საერთოდ არ დგანან იმ გზაზე, რომელიც ნატო - სკენ მიდის" და ოლანდის და სხვების მსგავს განცხადებებს რა დავარქვათ?. თბილისში 2011 წელს ჩამოსული პრეზიდენტ სარკოზის საჯარო განცხადებას, რომ რუსეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია და მეგობარი რაღა ვუწოდოთ? მაინც რა უნდა ბატონ დონალდს - რომ საქართველო შეებრძოლოს რუსეთს ნატოს ნაცლად? მახსენდება, როგორ ამხნევებდა უბედურ ,,სასარგებლო იდიოტ" სააკაშვილს ბალტიის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი და პირდებოდა დახმარებას რუსეთთან გამკლავებაში და ამას მხოლოდ იმისათვის აკეთებდა, რომ სააკაშვილის ფონზე რუსეთისათვის ზომიერ მეზობლად გამოჩენილიყო. მე, ცხადია, მათ კი არ ვამტყუნებ - სხვისი ხელით საკუთარი ინტერესების დაცვა რეალური პოლიტიკის ჩვეულებრივი ილეთია - მე ისევ ჩვენს იდიოტიზმს ვამხელ.

,,ჩვენ ორალური სექსით ვემსახურებით აშშ-ს. მათგან არაფერს ვღებულობთ, რუსეთს და გერმანიას კი ვაღიზიანებთ", - თქვა პოლონეთის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავისი პროამერიკული პოზიციით ცნობილმა სიკორსკიმ. კითხვა მაქვს: ნატოს წევრი პოლონეთი თუ აშშ-ს ორალური სექსით ემსახურებოდა, მაშინ სააკაშვილის და მისი მთვრობის ურთიერთობა აშშ-თან როგორ შევაფასოთ?

"რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ვიდრე მე მაქვს, მაგალითად, ან ჩემი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დემოკრატია ასეთია – ზოგს ვაშინგტონთან უნდა მჭიდრო ურთიერთობები, ზოგს - მოსკოვთან, ზოგს ბრიუსელი მოსწონს და ზოგს - ჩეჩნეთი. ამოცანა ძალიან მარტივია, ან გინდა ბესლანის რუსეთი, ან გინდა იყო დასავლური, ცილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ჩვენ თავისუფლება ავირჩიეთ", განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დონალდ იენსენის ინტერვიუს კომენტირებისას. ,,ამაზრზენია, რასაც ეს დედაკაცი აკეთებს", - მითხრეს საგარეჯოში შუალედური არჩევნების წინ ქართველმა მაღალი წოდების სამხედროებმა და ამიხსნეს, რომ მინისტრის დავალებით საგარეჯოს რაიონში განათავსეს სამხედროები, რომ მათ თინა ხიდაშელის კანდიდატისათვის თამარ ხიდაშელისათვის მიეცათ ხმა. გავიდა დრო და ირმა ინაშვილმა გააპროტესტა თინა ხიდაშელის მოქმედება საგარეჯოში, რაზედაც ,,პროდასავლურმა" ქ-ნმა თინამ ინაშვილს მაშინათვე ანტიდასავლურობაში და პრორუსულობაში დასდო ბრალი..

,,ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მართლა, იმიტომ, რომ მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - განაცხადა თინა ხიდაშელის მეუღლემ დავით უსუფაშვილმა ა.წ. 22 ივლისს, ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ. ეს ის უსუფაშვილია, რომელიც რეგულარურად აკეთებდა განცხადებას, რომ ,,თუ ნატოში არ შევალთ, საქართველო გაქრება გეოგრაფიული რუკიდან", თუ მაპს არ მივიღებდით (შარშან სექტემბერში!), საქართველოში მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია დაიწყებოდა და ა.შ. საგულისხმოა, რომ მის განცხადებას აბაშიძე-კარასინის ფორმატზე ქ-ნ თინას კომენტარი არ მოჰყოლია.

მე კი კითხვას ვსვამ: თუ ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსს (სადა გვყავს ჩენ ოლანდის ნაირი არაფრისმაქნისი ოპორტუნისტები და მანუელ ვალსის ნაირი იდიოტად დაბადებული მინისტრები) მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ნატო - ს იმედი აქვს, ნატო - ს კი, თავის მხრივ, აბაშიძე-კარასინის ფორმატის იმედი აქვს (რომლის გაწყვეტას კატეგორიულად მოითხოვენ "ნაცები", თავისუფალი დემოკრატები და სხვები), ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენ?

ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი.

პეტრე მამრაძე, 20 ნოემბერი, 2015 წელი