მაინც რა დევს ახალ კალათაში, ანუ ,,სასარგებლო იდიოტიზმის" საფრთხე?!
04-12-2015
მაინც რა დევს ახალ კალათაში, ანუ  ,,სასარგებლო იდიოტიზმის" საფრთხე?!
რამდენიმე დღის წინათ ნატო-ს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ალიანსი იწვევს თავის რიგებში ახალ სახელმწიფოს მონტენეგროს, ანუ ჩერნოგორიას. ნატო-ს წესებით ჩერნოგორია გახდება ალიანსის სრულყოფილი წევრი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ და ამას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. ჩერნოგორიის მოსახლეობა ოდნავ აღემატება 600 ათასს, თბილისის მოსახლეობის ნახევარს. ჩერნოგორიის ტერიტორია 5-ჯერ ნაკლებია საქართველოს ტერიტორიაზე, არმია კი სულ 2 ათასი სამხედროსაგან შედგება. ასევე საინტერესოა, რომ ქვეყანას თითქმის 25 წელი მართავს პრემიერ მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, რომელსაც
კრიტიკოსები ბრალს სდებენ ქვეყნის ავტორიტარულ მართვაში, ნეპოტიზმში, კორუფციაში და მაფიასთნ კონტაქტებში.

16 წლის წინათ, როდესაც ნატო სამხედრო ოპერაციას ატარებდა კოსოვოში და ბომბავდა ბელგრადს, ჩერნოგორიამ სწორედ ჯუკანოვიჩის ხელმძღვანელობით იომა ნატო-ს წინააღმდეგ. ჯუკანოვიჩს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვთან, მაგრამ ბოლო დროს დაშორდა მას, ვინაიდან რუსმა ინვესტორებმა (ანუ მთავრობამ)
არ შეასრულეს თავისი ფინანსური დაპირებები. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რუსეთისგან ფინანსური დახმარების დაკარგვის შემდეგ ნატო-ში და ევროგაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივა ჩერნოგორიისათვის ეკონომიკური გადარჩენის თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა პარამეტრების მიხედვით ჩერნოგორია არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს. ამიტომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ნატო-მ მიიღო წმინდა წყლის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩერნოგორიის მიწვევა ალიანსის რიგებში პასუხია პუტინის და მისი მთვრობის აგრესიული მოქმედებაზე. მთლიანად ვეთანხმები ამ აზრს და იმას, რომ ეს არის ძლიერი და საჭირო პასუხი, რომელსაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი და სასიკეთო შედეგები ექნება. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა, რომელსაც ჰაერივით სჭირდება გარეშე მტრის ხატი, თავისი უგუნური, აგრესიული მოქმდებით აიძულა ნატო მიეღო ეს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებდა, რომ ჩერნოგორიის ნატო-ში მიღება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იქნებოდა, მაგრამ ალიანსის უკვე შემდგარ გადაწყვეტილებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კურიოზულად სუსტი რეაქცია მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ,,არწივად" ცნობილმა რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი ივანოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა. აი რას წერდა რუსეთის პრესა:

"Бредом сивой кобылы " - назвал глава администрации президента Сергей Иванов предположения прибалтийских политиков о том, что Россия, якобы, собирается напасть на эти государства. При этом, он отметил, что бюджеты НАТО и РФ несопоставимы, "это слон и Моська, бегемот и домашний кот". Кроме того, что у РФ и НАТО совершенно разный уровень военной мощи, стоит понимать, что России абсолютно не выгодно развязывать войну с НАТО, "мы что, самоубийцы? " - добавил Иванов.

ნატო-ს ბიუჯეტი მართლაც 10-ჯერ მეტია რუსეთის ბიუჯეტზე ხოლო მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული სამხედრო ძალა გაცილებით მეტჯერ აღემატება რუსეთის ძალას. ივანოვნმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ ალიანსი გაცილებით უფრო ეფექტიანად ხარჯავს ფულს, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. სერგეი ივანოვმა და პუტინის უახლოეს გარემოცვაში არაერთმა სხვა პირმა აგრეთვე იციან, რომ პუტინის ყოველი აგრესიული მოქმედება ბლეფია, ავანტიურაა და კონტრპროდუქტიულია რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში. ბლეფია, ვინაიდან რუსეთის რეალური ძალა ბევრად უფრო მცირეა ნატო-ზე და პატარა ფინია მოსკას ან სახლის კატას არა მარტო ომი არ შეუძლიათ სპილოსთან და ბეჰემოტთან, არამედ მათთან შეჯიბრის იმიტაციაც კი ძალიან უჭირს; ისიც იციან, რომ პუტინის ეს ბლეფი რუსეთში საკუთარი რეიტინგის განმტკიცება - ამაღლებას ემსახურება, მაგრამ ამასაც თავისი ბოლო ექნება და ამასობაში რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის საერთშორისო არენაზე პუტინის პიარ აქციებისათვის.

ჩერნოგორიის მიწვევამ ნატო-ში ქართველ პოლიტიკოსთა და ე.წ. ექსპერტთა შორის საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და ენთუზიაზმი გამოიწვია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს განწყობები არ გადაედო მოსახლეობის დიდ ნაწილას.

,,საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა" ,
- განაცხადა საქართველოს თავდაცვის კომიკურმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს რიგებში ჩერნოგორიის მიწვევის შემდეგ.

სამწუხაროდ, ვითარება სულ სხვაა: ჩერნოგორიის ნატო-ში მიწვევის შემდეგ ჩვენი ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსის ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს საკითხი არა გაფართოების, არამედ ,,დიდი რისკების კალათაში" გადავიდა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტის თანახმად ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე სხვა სახელმწიფოს თავდასხმა გაიგივებულია ნატო-ს ყველა სახელმწიფოზე თავდასხმასთნ და ნატო-ს ყველა წევრი ვალდებულია იბრძოლოს საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ პუნქტს ხშირად მუშკეტერების პრინციპს უწოდებენ, ვინაიდან დიუმას მუშკეტერების დევიზი იყო: ,,ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის".

ბოლო პერიოდში ნატო-ს ეს პრინციპი წინააღმდეგობაში მოვიდა ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობის განწყობასთან. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ევროპაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა გამოავლინა, რომ ევროპის, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების მოსახლეობის უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ ნატო-ს დახმარება გაეწია საქართველოსათვის რუსეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, იმავე გამოკითხვებმა დაადგინა, რომ დასავლეთ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ნატო-მ არ უნდა დაიცვას ნატო-ს წევრები - სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები - ბალტიის ქვეყნები და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრები - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსული აგრესიისაგან. ეს ქვეყნები ისევ რუსეთის გავლენის ტრადიციულ სფეროდ აღიქმებოდა დასავლეთევროპელების მიერ და, როგორც ზოგირთი ანალიტიკოსი წერდა, აშკარად არავის უნდოდა თერმობირთვულ რუსეთთან ომი ,,ნარვას" ან ,,იურმალას" გამო. გამოდიოდა, რომ ნატო-ს უძლიერესი სახელმწიფოების მოსახლეობას არ უნდოდა, რომ ,,მუშკეტერების" პრინციპი გავრცელებულიყო ნატო-ს ახალ წევრებზე, ე.წ. მლადონატოელებზე. მას შემდეგ ასეთი გამოკითხვები არაერთხელ ჩატარდა იგივე შედეგით. ერთი მაგალითიც, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სარკოზიმ განიზრახა დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ ევროპა უნდა შეეგუოს იმას, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. ცხადია სარკოზიმ იცის, რომ ფრანგი ხალხის უდიდეს ნაწილას არ უნდა კონფრონტაცია რუსეთთან ყირიმის გამო და ასეთი განცხადებით თავის პოპულარობას ზრდის. ფრანგ ამომრჩევლებში საპირისპირო განწყობა რომ ყოფილიყო, სარკოზი ,,არწივად" მოგვევლინებოდა და იყვირებდა, რომ საფრანგეთმა და მთელმა დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს. საერთოდ, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ თქვან ან გააკეთონ ისეთი რამ, რაც არ ემთხვევა საზოგადოებრივ აზრს. მათ კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში უმალ დაკარგავენ ყველაფერს, რისი დაკარგვაც შეუძლია პოლიტიკოსს.

ასეთ ფონზე ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ნატო-ს სამიტს უელსში 2014 წლის სექტემბერში. სწორედ ამ სამიტზე გადაწყდა, რომ ნატო მტკიცედ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საკუთრი წევრების მიმართ. მაგრამ იქვე გადაწყდა, რომ ნატო არ გაუწევს სამხედრო დახმარებას უკრაინას, მით უმეტეს სსრკ-ს სხვა, ნატო-ში არშემავალ ყოფილ რესპუბლიკებს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში და მხოლოდ სანქციებით და განცხადებებით შემოიფარგლება. ,,სიბრაზისაგან კბილების ღრჭიალით ვაღიარებ, რომ ეს სწორი, რეალისტური გადაწყვეტილებაა და მოცემულ ვითარებაში ნატო-ს ხელმძღვანელობას მეტის გაკეთება არ შეუძლია", - წერდა მაშინ ცნობილი ანალიტიკოსი ჟან ტეჩო. ნატო-ს ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

შეგახსენებთ, რომ პუტინის მთვრობა ყოველ წვრილმანს იყენებს იმისათვის, რომ განაცხადოს, რომ თუ ნატო განაგრძაობს საქართველოს ჩათრევას თავის რიგებში, რუსეთს გამზადებული აქვს სრულიად ,,კონკრეტული" და ,,ქმედითი" პასუხები. მსგავსი განცხადება მოჰყვა წელს ჩვენთან ე.წ. ტრეინინგ-ცენტრის გახსნას, რომელშიც ნატო-ს რამდენიმე პედაგოგი თუ ჩამოვა ხოლმე, თორემ სხვა მხრივ ჩვეულებრივი სასწავლო ცენტრია, რომლის მსგავსი სხვაც დიდი ხანია არსებობდა საქართველოში. მაგრამ ირაკლი ალასანია და სხვები აცხადებდნენ, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა შენდებოდა და მიუხედავად ნატო-ს მხრიდან ამ აბსურდის ენერგიული უარყოფისა, ლავროვმა მაინც გააკეთა აგრესიული განცხადება. სხვა მაგალითებს აღარ მოვიყვან, ვფიქრობ მკითხველმა შეიძლება ბევრი გაიხსენოს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ვაი-პოლიტიკოსები ნატო-ს ხელმძღვანელების განუწყვეტელი შეწუხებით და იმის მტკიცებით, რომ მაპ-ი თუ არ მოგვცეს, პოლიტიკური დესტაბილიზაციას ვერ ავცდებით, ნატო-ში თუ არ მიგვიღეს, გეოგრაფიული რუკიდან გავქრებით და ა.შ (ამას აცხადებდა ხოლმე თინა ხიდაშელის მეუღლე, გვარს არ დავასახელებ), მიაღწევენ იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, ნატო-ს მინისტერიალზე ან ვარშავის მომავალ სამიტზე გაცხადდება, რომ ნატო საქართველოს აძლევს მაპ-ს, ან სულაც, ჩერნოგორიის მსგავსად იწვევს თავის რიგებში საქართველოს (ჩვენი მიწვევა სრულიად არარეალისტურია, მაგრამ ანალიზის სისრულისათვის ასეთ ვარიანტსაც ვიხილავ). თბილისში, ამის შემდეგ დიდი ზეიმი გაიმართება. დარწმუნებული ვარ მუსიკალური რეპერტუარი შალახოთი არ შემოიფარგლება, საუკეთესო გუნდები "ჩაკრულოსაც" და "მრავალჟამიერსაც" შეასრულებენ. დიდი ფეიერვერკიც იქნება და საერთოდ გრანდიოზული ზეიმი გაიმართება. პოლიტიკოსების განცხადებებზე აღარაფერს ვამბობ: ხელისუფლების ისტორიული გამარჯვება; მრავალსაუკუნოვანი იცნების ასრულება; საბოლოოდ ევროპის ოჯახში ღირსეული შესვლა; სულ მალე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ.

აი ასეთი ზეიმის ფონზე გადაადგილდებიან რუსეთის სამხედრო შენაერთები: ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან; აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და, თუ დასჭირდებათ, გიუმრის ბაზიდან. ისინი დაიკავებენ ახალქალაქის, სენაკის, ვაზიანის იმ ტერიტორიებს ან/და სხვა ადგილებს, სადაც მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა ბაზები იყო განთავსებული. რუსეთის მთვრობა განაცხადებს, რომ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა თავისი საზღვრის დაცვისათვის, მოძმე, ერთმორწმუნე ქართველი ხალხის გადასარჩენად და ა.შ. ჩვენს ძალებთან შედარებით რუსეთის ძალები უფრო მძლავრია, ვიდრე სპილო და ბეჰემოტი ერთად აღებული მოსკასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ თუ ქ-ნი თინა ხიდაშელი მოასწრებს მანამდე საფრანგეთიდან ,,უმძლავრესი იარაღის" ჩამოტანას, რუსები, ცხადია, გაზიდავენ ამ იარაღს, რიოგორც გაზიდეს ყველაფერი ღირებული 2008 წლის აგვისტოში, ქ-ნ თინას კი დაგვიტოვებენ. მთავარი კი ის არის, რომ არც მაპ-ის მიცემა და არც მიწვევა ალიანსის რიგებში არ უზრუნველყოფს მეხუთე პუნქტის ამოქმედებას და ნატო და მთლიანად დასავლეთი მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება, ხოლო შესაძლებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო რბილი იქნება, ვიდრე სანქციები ყირიმის ანექსიის გამო.

თურქეთთან ურთიერთობის გამძაფრების ფონზე და იმის გამო, რომ მალე პუტინის მძიმე შეცდომები უფრო და უფრო აშკარა გახდება, პუტინს ძალიან დასჭირდება ,,ახალი გამარჯვება" საკუთარი რეიტინგის გასამყარებლად. ამ მხრივ, ჩვენი ვაიპოლიტიკოსები მუდამ მზად არიან მოემსახურონ პუტინს და მის ჩეკისტებს თავისი ,,სასარგებლო იდიოტიზმით". მათი წყალობით, საქართველო ისევ საუკეთესო პოლიგონია პუტინისათვის.

გვახსოვდეს ეს.


პეტრე მამრაძე, 4 დეკემბერი, 2015
იაგო
05 დეკემბერი 2015 15:19
100 პროცენტით ვეთანხმები პეტრეს.
ბერიბერი
05 დეკემბერი 2015 15:17
ბატონო პეტრე, ვხედავ ნიჭი და ანალიზის უნარი უფრო და უფრო გემატება, მითხარიით გეთაყვა რას აკეთებდით კომუნისტების ეპოქაში?
Soso
05 დეკემბერი 2015 13:10
აბა რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე, მამრაძეა რა. :D

რედაქტორის რჩევით