პატრონყმული სისტემა და საუკეთესო განზრახვები, ანუ როცა სწორება "ხაზეინზეა"
25-12-2015
პატრონყმული სისტემა და საუკეთესო განზრახვები, ანუ როცა სწორება "ხაზეინზეა"
"ერის დვრიტის უგულებელყოფას, ვინც უნდა მოიმოქმედოს ეს (თავად მან თუ ვინმე სხვამ), ბოლო აქვს ხოლმე ან ტრაგიკული ან კომიკური, მაგრამ არაოდეს - შუალედური" წერდა 1989 წლის ივლისში გამოჩენილი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ზურაბ მიქელაძე ესსეში "დვრიტა ერისა".

"სასაცილო ქართულ ნიუსებსა და ქართულივე ლუდების უმეტესობას ერთი საერთო თვისება აქვთ - არცერთი არ დაილევა. თუმცა, სასაცილო ქართულ ნიუსებშიც გამოერევა ხოლმე ძალიან სასაცილო ქართული ნიუსები. ისეთები, როგორიც მაგალითად ესაა:

კითხულობ ნიუსს. ხედავ ერთმანეთზე უკეთეს
გვარებს, თანამდებობებს, პოლიტიკურ ლიდერებს და გგონია, რომ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმდა, ევროკავშირში მიგვიღეს, მაპ-ი მოგვცეს, "ბაყაყი წყალში ყიყინებს"-ის უაქცენტოდ თქმა დაამუღამეს, ხინკალი ისე შეჭამეს, რომ წვენი არ დაღვრიათ და შესაბამისად, გიჩნდება განცდა, რომ ნიუსის ბოლოს იქნება "მათთან ერთად ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა", "პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა", "ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე მოვლენებში მხარდაჭერა აღუთქვა" ან მინიმუმ "საქართველოში მოიწვია და თანხმობა მიიღო" და…
ნურას უკაცრავად! მიესალმა. თურმე." (ბექა ადამაშვილი, ა.წ. 30 ნოემბერი)

ირაკლი ღარიბაშვილის
წასვლას პრემიერობიდან არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩვენში არსებული ე.წ. პატრონ-კლიენტელისტური (ჩვენებურად რომ ვთქვათ - პატრონყმული) მმართველობის სისტემაა მანკიერი და ხელისუფლებაში მყოფ ცალკეულ პიროვნებას, რომელიც ემორჩილება სისტემის მანკიერ წესებს, არ შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი წვლილის შეტანა სახელმწიფოს მართვაში.
პიროვნების წვლილი, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შემოიფარგლოს იმით, რომ არ გააკეთოს სულელური განცხადებები, იყოს მეტ-ნაკლებად სიმპატიური მოსახლეობის რაღაც ნაწილისათვის და გარკვეული დროის განმავლობაში ცოტათი მაინც გაზარდოს ქოცების პოპულარობა. ღარიბაშვილის გადადგომა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. გუშინ ჟურნალისტები მთელი სერიოზულობით მიმტკიცებდნენ, რომ დილით პრემიერის პრესსსამსახური კატეგორიულად უარყოფდა მის მოსალოდნელ გადადგომას იმის გამო, რომ იმ მომენტში თვითონ ღარიბაშვილმა ჯერ არ იცოდა, რომ უნდა გადამდგარიყო. ჟურნალისტების ვარაუდი გასაკვირი არ არის. ბევრს ახსოვს, როგორ გამოაცხადა ჩვეული კატეგორიულობით ღარიბაშვილმა, რომ მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვლებოდა, პრესა კი ამტკიცებდა, რომ შეიცვლებოდა სამი და არა ორი და ღარიბაშვილსაც სულ მალე, 1-2 საათში, მოუწია ამის დადასტურება და იმის გამოცხადებაც, რომ ქ-ნი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნებოდა.

მაგრამ ღარიბაშვილის გადადგომის ფორმა და ჩვენი საზოგადოების და ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის რეაქცია და კომენტარი ბევრს მეტყველებს მართვის მანკიერი სისტემის არსზე და სწორედ ამის ანალიზს შემოგთავაზებთ თანაც, მაიმუნის წელიწადის წინა დღეებში, ვეცდები დავიცვა ტრაგიზმისა და კომიზმის პროპორციები და სათანადო პატივი მივაგო ჩვენებურ პროვინციულ კოლორიტს.

შარშან დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობებიდან წავიდნენ გიორგი ზედელაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, მალხაზ ჩიკვილაძე და სხვა პირები, ვისაც საზოგადოება თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებად და ახლობლებად იცნობდა. მაშინ ბევრს წერდნენ იმაზე, რომ ივანიშვილის ყურებამდე მივიდა ინფორმაცია ბიზნესმენ თემურ უგულავასგან ფულის გამოძალვის მცდელობის შესახებ და მან შეახსენა ღარიბაშვილს, რომ ცოლის ნათესავებიც ნათესავები არიან და კატეგორიულად მოსთხოვა მიეღო გადამჭრელი ზომები. სწორედ დეკემბრის წმენდის დღეებში განაცხადა ღარიბაშვილის სიმამრმა პოლიციის გენერალმა თამაზაშვილმა, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისნაირი ინტელექტუალი არ გვყოლია ქართველებს.

იმ პერიოდში, 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. საზოგადოებაში მაშინვე გავრცელდა აზრი, რომ ჯავახიშვილი ივანიშვილის მოთხოვნით დაინიშნა და პირდაპირ ივანიშვილს აბარებდა ანგარიშს. ეს ინფორმაცია ჯავახიშვილის ქცევითაც დასტურდებოდა. იგი საჯაროდ საუბრობდა სამინისტროში არსებულ პრობლემებზე და იმაზე, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებდნენ. სულ მალე თამაზ თამაზაშვილის კადრად ცნობილმა, "სახიფათო პიროვნება თალიბანთან" მებრძოლმა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დატოვა თანამდებობა და მისი ადგილი ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ როცა მა-მედიაში ჭიკაიძის გაკრიტიკებამ კულმინაციას მიაღწია, ივანიშვილმა მისთვის ჩვეული გულწრფელობითა და გულახდილობით განაცხადა, რომ ჭიკაიძე მისი შერჩეული კადრი არ იყო და იქვე თქვა, რომ ჭიკაიძეში "ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას" ხედავდა და რომ "ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში "კნოპკიანი" დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო".

ცვლილებები გაგრძელდა: ექვსი თვის შემდეგ გომელაური შსს-დან გამოყოფილ უშიშროების სამსახურს ჩაუდგა სათავეში, შინაგან საქმეთა მინისტრად კი გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა. მანამდე, ა.წ. აპრილის ბოლოში ნოდარ ჯავახიშვილი უკვა მინისტრად დაინიშნა და ბევრ მკითხველს ემახსოვრება, როგორი პასუხი გასცა მთავრობის წევრმა ჯავახიშვილმა პრემიერ ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე. ზედმეტი დეტალებით აღარ დაგღლით, აღვნიშნავ, რომ ერთი წლის წინათ დაწყებული წმენდა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ივანიშვილი ნიშნავდა მინისტრებად ადამიანებს, რომლებსაც პირადად ენდობოდა და აძლევდა მანდატს არ შეესრულებინათ ღარიბაშვილის (თამაზაშვილების, ჯანყარაშვილების და ა.შ.) "არასაწესდებო" დავალებები და პირადად მისთვის მოეხსენებინათ ყველაფერი, თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ.

2014 წლის დეკემბრის წმენდის შემდეგ საზოგადოებაში მაშინათვე გავრცელდა აზრი, რომ საბოლოოდ ღარიბაშვილიც მიყვებოდა სხვებს. "აწი უკვე "ჩუჩელაა" (ფიტული) და მეტი არაფერი" მეუბნებოდა ამ წლის დასაწყისში ქოცების ერთი კოლორიტული წევრი, "ახლა აქცენტი ბახტაძეზე კეთდება (იგულისხმებოდა რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. პ.მ.), სულ მალე მაგას დანიშნავს ბიძინა პრემიერად", - მიყვებოდა ამ ზაფხულს ქოცების სხვა, შიდა სამზარეულოში არანაკლებად ჩახედული წარმომადგენელი. მსგავს აზრებს ხშირად ვისმენდი. ამიტომ ღარიბაშვილის წასვლა მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მოულოდენელი და სახელმწიფოსთვის საზიანო იყო მისი გადადგომის ფორმა.

მაინც რა იქნებოდა სწორი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით? ქოცების რეიტინგის კატასტროფული დაცემის პირობებში, მმართველ გუნდს უნდა მოეწვია "ქართული ოცნების" ყრილობა, მიეწვია იქ კოალიცია "ოცნების" წარმომადგენლები. ცხადია ივანიშვილიც უნდა დასწრებოდა ყრილობას. ყრილობის დასრულების შემდეგ უნდა მოეწყოთ პრესკონფერენცია, სადაც მასმედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ფორმატით დაასწრებდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად წარმატებული იყო ღარიბაშვილის მოღვაწეობა 2011-2012 წლებში წინასაარჩევნო ბრძოლის დროს და იმის გამო, რომ დღეს მან ისე, როგორც სხვა არავინ იცის რა პრობლემებია საქართველოს ყველა კუთხეში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის ერთერთი ინიციატორი თვითონ ღარიბაშვილი იყო, რომ ის მთლიანად პარტიულ სამუშაოზე გადასულიყო, ხოლო პრემიერად კვირიკაშვილს წარადგენდნენ. გუნდის წევრებს, და არა ღარიბაშვილს, იქვე უნდა აღენიშნათ, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო. ამის შემდეგ ღარიბაშვილს და სხვებს უნდა ეპასუხათ ჟურნალისტების ყველა კითხვაზე და არავითარი საფუძველი არ დაეტოვებინათ ჭორებისა და სპეკულაციებისათვის. აი ეს იქნებოდა სწორი მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ მიაღწევდნენ შეთანხმებას ღარიბაშვილთან.
ნაცლად ამისა გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა მმართველობის პატრონყმული სისტემის ღია დემონსტრირება.

გუნდის ზოგიერთი წევრი აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა და ხშირ შემთხვევაში ასეც იყო; ნაწილი აცხადებდა, რომ ღარიბაშვილის წასვლაზე საუბარი მიმდინარეობდა და მოგვიანებით ყველაფერს გავიგებდით. ბოლოს გავრცედლდა ღარიბაშვილის კოლორიტული განცხადების ჩანაწერი. მან არ მიიწვია ჟურნალისტები, ის იდგა მარტო. მან არ უთხრა მადლობა ივანიშვილს, რომელმაც 30 წლის ახალგაზრდა პრემიერად გახადა; მან საერთოდ არ ახსენა "ქართული ოცნება"; ვერანაირად ვერ ახსნა, რატომ ტოვებდა თანამდებობას. ვეთანხმები გელა კალანდაძის აზრს (იხ. ინტერნეტში მისი წერილი "რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი?"), რომ გუშინწინდელ განცხადებაში ღარიბაშვილმა თავისი გამწარება და ტრავმირებული თავმოყვარეობა გამოავლინა.

საგულისხმოა, რომ დღეს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს და უნდა, რომ უბრალოდ დაისვენოს. ჟურნალისტების კითხვებზე, მაინც რატომ გადადგა და ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ივანიშვილთან, პასუხი არ გაუცია.

მისი გადადგომის ძირითადი მიზეზი, ცხადია ის არის, რო გუნდის არაერთი წევრი ეუბნებოდა ივანიშვილს, რომ "ოცნების" რეიტინგის ასაწევად პრემიერად სხვა ადამიანის მოყვანა იყო საჭირო. ჩემთვის უცნობია, რა გახდა ის ბოლო წვეთი, რამაც აიძულა ივანიშვილი მაინცდამაინც ახლა მიეღო გადაწყვეტილება. არ მიმაჩნია დამაჯერებლად, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს მოსამართლე მურუსიძის ლობირება არ აპატია. ისიც არ ვიცი, მართლა ლობირებდა თუ არა ის მურუსიძეს. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი არ მოითხოვდა ღარიბაშვილისაგან მაინცდამაინც 23 დეკემბერს გადამდგარიყო და წასვლის უფრო რბილ და სწორ ფორმებს სთავაზობდა, მაგრამ ღარიბაშვილს ეწყინა, გამწარდა და მაშინათვე გადადგა.

მსგავსი გადადგომები, ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პარტნიორ სახელმწიფოებში და პოტენციურ ინვესტორებში არასტაბილურობის განცდას აჩენს. უცხოეთში ისედაც დამკვიდრებულია აზრი, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი ისე, თითქოს ეს სახელმწიფო კი არა, სააქციო საზოგადოება იყოს რომლის საკონტროლო პაკეტის პატრონი თვითონ არის. თქვენთან ინსტიტუტები არ მუშაობს, თამაშის წესები გაურკვეველია და თქვენი ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება - აი რა მესმის უცხოელებისაგან ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ.

ახლა კი მთავარი. ივანიშვილი ნამდვილად არ მართავს სახელმწიფოს. საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედი, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა სააკაშვილის სადისტური სისტემის ხელისუფებიდან გასტუმრებაში არ მართავს, მაგრამ საუკეთესო განზრახვებით აღვსილი ზოგჯერ ერევა სახელისუფლებო პროცესებში. ერევა მაშინ, როცა მიაჩნია, რომ რაღაცა ცუდად კეთდება და საჭიროა გამოსწორება. მის გუნდში ჭეშმარიტად პატრონყმული ატმოსფერო სუფევს და ეს მისი ბრალი არ არის. გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის არის მათი ამჟამინდელი და სამომავლო ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის (ეს ცნებები განუყოფელია ჩვენში) წყარო, ის არის "ხაზეინი" და შესაბამისად იქცევიან.

ტრაგედია კი ის არის, რო მმართველობის ასეთ სისტემას არ ძალუძს იმ სიღრმისეული რეფორმების გადაუდებელი განხორციელება, რომლებიც აუცილებელია ერის ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის.

პეტრე მამრაძე, 25 დეკემბერი, 2015 წელი


ვანიკო
15 თებერვალი 2016 16:40
ირაკლი ღარიბაშვილი არის და იკნება ღირსეული კარტბელი,ის ტავის სიტყბას კიდევ იტყვის საკარტველოსტვის,მადლობა ყველაფრისატვის,ღმერტმა დაგიფაროს ოჯახტან ერტ5ად,
ანასტასია
04 თებერვალი 2016 17:23
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მინისტრთა კაბინეტი ვერ/არ მუშაობს, ხადურმა ყველა ჭკვიანი და უნარიანი ეკონომისტი შეზღუდა, დაბლოკა და უკან არ დააბრუნა სამინისტროში, სამაგიეროდ უამრავი ე.წ. თავისი ნათესავი მიიღო, დატოვა უდიპლომო (ექიმები, ისტორიკოსები, ქიმიკოსი, გეოგრაფები, ბევრი მათემატიკოსები და ა.შ.) ნაცების კადრები, ზოგჯერ ეჭვიც მეპარება - ვინ არის ეს ადამიანი?!
ანასტასია
14 იანვარი 2016 12:35
ძალიან გულგატეხილი ვარ! ოცნებას ძალიან გაუჭირდება არჩევნების "მოგება" გაყალბების გარეშე (ჩემი აზრია მხოლოდ!)
ამ ე. წ. სახეების ფონზე ძნელია მოსახლეობას რამე დაპირდე, თან დააჯერო და შემდეგ არჩევნები მოიგო!
მინისტრები შეიცვლებაო! შეიცვალა? - არაფერს აკეთებენ! და საერთოდ მგონია არც უნდათ გამარჯვება!
მე ძალიან მაწუხებს ეკონომიკური მიმართულების სამინისტროები! არ ვიცი და არ მესმის ხადური დღემდე როგორ ინარჩუნებს თანამდებობას!იცის ვინმემ კი?!

რედაქტორის რჩევით