შევარდნაძე, რეიგანი და გეი-მოძრაობა, ანუ დრონი მეფობენ და არა მეფენი - კვირის პალიტრა

შევარდნაძე, რეიგანი და გეი-მოძრაობა, ანუ დრონი მეფობენ და არა მეფენი

ერთხელ შევარდნაძესთან თათბირის დასრულების შემდეგ ერთმა მინისტრმა ისაუბრა დასავლეთში ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების შეცვლის, კერძოდ კი ე.წ. ჰომოფილიის დამკვიდრების შესახებ. იმ დღეებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოს დედაქალაქის მერად გეი აირჩიეს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით აფიშირებდა თავის სექსუალურ ორიენტაციას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთში სახელმწიფო სტრუქტურებში და ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ხშირად დაწინაურდებიან ჰომოსექსუალები, ვინაიდან მათ ისე ექცევიან, როგორც პრივილეგირებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველნაირ ხელშეწყობას და შეღავათს იმსახურებენ. ხოლო ვინც ასე არ მოექცევა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, იმას მაშინათვე ჰომოფობიას დააბრალებენ და ეს ძვირად დაუჯდება. ჰომოფობიაში "მხილებულმა" შეიძლება იქეთ დაკარგოს თავისი სამუშაო ადგილი. საუბარში სხვები ჩაერთვნენ და ისიც აღინიშნა, რომ საკმარისია დასავლეთში სადმე ერთი ჰომოსექსუალი დაწინაურდეს, რომ მაშინათვე თავისი პარტნიორების სამსახურში მიღება-დაწინაურებაზე იწყებს ზრუნვას და ამასაც ვერავინ ეწინააღმდეგება.

არადა, "რეგულარულ", ანუ ჩვეულებრივ მამაკაცს, რომ ჰყავდეს საყვარელი ქალი, ეს ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს და სამსახურიდან გაშვება არც იმ კაცს და არც მის საყვარელ ქალს არ ასცდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ წლებში ასეთ რამეებს ჩვენი დასავლეთელი კოლეგები გვიყვებოდნენ ხოლმე და, ხშირ შემთხვევაში, ზიზღს და გულისწყრომას არ მალავდნენ. ის მინისტრიც სწორედ უცხოელი კოლეგების მონაყოლს იმეორებდა. დასავლეთზე საუბარს რომ მოვრჩით, ჩვენთან მაშინ არასახელმწიფო სექტორში გაჩენილ მსგავს ტენდენციებზე ვისაუბრეთ. შევარდნაძე საუბარში არ მონაწილეობდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს. მერე კი თქვა: "ზნეობა საზოგადოებაში იმდენად დაეცა, რომ როდესაც შსს-ს ანგარიშებიდან ვგებულობ, რომ სადღაც ჩვეულებრივი გაუპატიურება მოხდა, მერიდება ვთქვა, მაგრამ ლამის გამიხარდეს ამ ხნის კაცს"! ყველამ გულიანად იცინა.

იმედს ვიტოვებ, რომ მკითხველს კარგად ესმის, რომ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა, ხოლო გაუპატიურება, ცხადია, უმძიმეს და ამაზრზენ დანაშაულად მიაჩნდა. აი, ბატონ ედუარდის მეგობარს და ამერიკის ისტორიაში ერთერთ დიდ პრეზიდენტად აღიარებულ რონალდ რეიგანს კი ნამდვილად არ უხუმრია, როცა აშშ-ში შიდსის გავრცელების შემდეგ საჯაროდ და იმედიანად განაცხადა: "ეგებ უფალმა გამოგვიგზავნა ეს ჭირი (შიდსი), ვინაიდან უზნეო სექსი უფლის ათ მცნებას ეწინააღმდეგება".

მაშინ რეიგანს ვერაფერი გაუბედეს. ის ხომ ჯერ კიდევ 1980 წლის თავისი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა: "ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ გეი-მოძრაობა მხოლოდ სამოქალაქო უფლებების დაცვას კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს ცხოვრების ალტერნატიული წესის აღიარებას და მიღებას. არ მჯერა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს მიიღოს. პირადად ჩემთვის ეს მისაღები არ არის". იცვალნენ დრონი და ბოლო წლებში დიდი მოღვაწის ამ ფრაზებს მის მშობლიურ ამერიკაში ხშირად "სამარცხვინო" და "გენოციდურ" გამონათქვამებად მოიხსენიებენ.

დრონი მეფობენ და არა მეფენი.

პეტრე მამრაძე, 17 მაისი, 2016 წელი