როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება
როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება
ოცი წლის წინათ, 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.

ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე ყველა მხარე კერძო საუბრებში ამბობდა, რომ ხელმოწერა შესაძლებელი გახდა უპირველეს ყოვლისა ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელობის, დახვეწილი დიპლომატიისა და დაუღალავი და თავგანწირული მოქმედების წყალობით. ბევრი მონაწილე გულწრფელად აღიარებდა, რომ თავიდან არც სჯეროდათ, რომ იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო.


ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე
ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილი პოლიტიკური გარღვევა იყო. სკეპტიციზმი და პესიმიზმი ოპტიმიზმმა შეცვალა. "შევიმ ჭეშმარიტად შეუძლებელი შეძლო - საქართველოს ტერიტორიის მიმართ რეალური ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდათ მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებს. ამან შეიძლება უფრო დიდი წვლილი შეიტანოს თქვენი სახელმწიფოს სუვერენობის დაცვაში, ვიდრე მეგობარ ქვეყნებთან მოწერილმა ხელშეკრულებებმა",-  ენთუზიაზმით გვეუბნებოდნენ ამერიკელი მეგობრები.
სწორედ ბაქო-სუფსის პროექტმა გზა გაუკაფა ჭეშმარიტად გრანდიოზულ პროექტს, ისევ საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენს, რომლის განხორციელება 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში დადებული სამთავრობოთშორისი ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. ბოლოს, 2002 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე. სიცოცხლის ყოველდღიური რისკის და დაუღალავი მოქმედების ფასად შევარდნაძემ მიაღწია თავის გრანდიოზულ მიზანს - ამ პროექტების დასრულების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი და მძლავრი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა.

ნავთობსადენების პროექტებზე საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა, განსაკუთრებით დასავლეთში. ამ მოკლე წერილში მე მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გახსენება მინდა.

შევარდნაძემ სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსად 1995 წლის იანვარში დამნიშნა. მაშინ პირველად დამელაპარაკა თავის გეგმებზე და მთხოვა ყველა თათბირს დავსწრებოდი, რომ ყველაფრის კურსში ვყოფილიყავი, რაც გამიადვილებდა შემდგომში მისი შესაბამისი დავალებების შესრულებას. კარგად მახსოვს პირველი ასეთი შეხვედრა. ჩამოსული დელეგაცია იმ კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, რომლებსაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობსადენის დაფინანსებაზე და იმაზე, თუ რა გზით უნდა გაეყვანათ ეს ნავთობსადენი. საუბრის დასაწყისი ჩვენთვის ყველა იმედის გამაქარწყლებელი იყო: შევარდნაძისათვის მრავალი ქათინაურის თქმისა და დიდი პატივისცემის დადასტურების შემდეგ სტუმრებმა განაცხადეს, რომ იყვნენ რუსეთში, ჩრდილო-კავკასიაში და მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობსადენი გაეტარებინათ ჩრდილო-კავკასიით ნოვოროსიისკამდე; რომ თბილისში ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ პატივისცემა გამოეხატათ შევარდნაძისადმი და პირადად ეთქვათ მისთვის ეს ამბავი. ხაზი გაუსვეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკა არ იყო გარეული. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და პოლიტიკას საერთოდ არ ეკარებოდნენ. შევარდნაძე მშვიდად, თავაზიანი ღიმილით უსმენდა დელეგაციის ხელმძღვანელს და სხვა წევრებსაც. შემდეგ კი ხუმრობის ინტონაციებით და მეგობრული ღიმილით თქვა:"აი ასეთები ვართ პოლიტიკოსები: როგორც კი საქმე ჭეშმარიტად დიდ პოლიტიკას ეხება, მაშინათვე ვაცხადებთ, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერი გვაქვს".
სტუმრები გაკვირვებით უყურებდნენ, შევარდნაძემ კი დასძინა: "თუ მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით სარგებლობთ, გაიყვანეთ ნავთობსადენი პირდაპირ სომხეთის გავლით თურქეთში, ეს ხომ გაცილებით იაფი იქნება ნოვოროსიისკის მარშრუტზე". თქვა ეს და გაიცინა და სტუმრებიც აყვნენ, ერთი-ორი მათგანი პირდაპირ ხარხარებდა. (სომხეთზე გამავალი მარშრუტი ხომ აპრიორი გამორიცხული იყო აზერბაიჯანის და თურქეთის სომხეთთან მწვავე დაპირისპირების, ანუ სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო). საუბრის ატმოსფერო უცებ რადიკალურად შეიცვალა. შევარდნაძემ უთხრა სტუმრებს (და ყველას ესმოდა, რომ სრულიად გულწრფელი იყო): "ჩრდილოკავკასიის მარშრუტი ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, ვინაიდან ასეთი მარშრუტის გაყვანა ჩრდილო-კავკასიაში მშვიდობის დამყარების საუკეთესო მტკიცებულება გახდებოდა და ამ მშვიდობაში და სტაბილურობაში ეს პროექტი დამატებით თავის დიდ წვლილს შეიტანდა. მშვიდობა კი ყველაფერზე უფრო ძვირფასია ჩვენს რეგიონში, მათ შორის ეკონომიკის განვითარებისათვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩრდილო კავკასიაში ვითარება შეიძლება ისევ გამწვავდეს და ნავთობსადენის გაყვანაც უბრალოდ შეუძლებელი გახდეს. ჩვენ კი მყარად ვდგავართ სტაბილურობის და დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე და ამ გზიდან არსად გადავუხვევთ, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. ასე რომ დაფიქრება და რეგიონის ღრმა მცოდნე ექსპერტებთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს". ჩვენში მაშინ არსებული სტაბილური ვითარების დასახასიათებლად შეგახსენებთ, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე 1995 წლის იანვარში, კიტოვანმა ისევ შეკრიბა"რაზმი" და დაიძრა აფხაზეთის"გასათავისუფლებლად", მაგრამ მოხერხდა მისი დაპატიმრება. ეს ამბავი მსოფლიო პრესაშიც მოხვდა. მკითხველს ემახსოვრება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიტოვანი მოსკოვში გადაბარგდა საცხოვრებლად და პრესა წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლე გრაჩოვის აგარაკზე ცხოვრობდა...

ნავთობსადენებთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იყო ის, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ ეგუებოდა სსრკ-ს დაშლას და ყოფილი რესპუბლიკების დაკარგვას და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ კონტროლი აღედგინა. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში სუფევდა ის განწყობა, რომ რესპუბლიკები დამოუკიდებლად ვერ იარსებებდნენ და რუსეთის იმპერია მალე აღდგებოდა. რა თქმა უნდა არა სსრკ-ს, არამედ რაიმე სხვა სახელწოდებით. მახსოვს ვაცილებდით რუსეთის პირველ ელჩს, ვლადიმერ ზემსკის, რომელსაც ელჩობის ვადა ამოეწურა და სხვაგან გადაჰყავდათ. "ვალოდია, მაინც რამდენი ელჩი ეყოლება რუსეთს საქართველოში შენს შემდეგ?", - ჰკითხა მას მისმა ცოლმა."კიდევ ერთი მხოლოდ, და ისიც ალბათ სრულ ვადას ვერ იმსახურებს", - ყველას გასაგონად, სიცილით უპასუხა ზემსკიმ. ის დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს და სხვა რესპუბლიკების ეფემერულ დამოუკიდებლობას სულ მალე მოეღებოდა ბოლო.

ცნობილი თურქი დიპლომატი და მეცნიერი თ.ბაბალი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნავს, რომ 1994 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოზირევმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ევგენი პრიმაკოვმა მოაწერინეს ხელი ელცინს საიდუმლო ბრძანებულებაზე, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის ინტერესების დაცვა კასპიის რეგიონში სსრკ-ს ყოფილ ტერიტორიაზე. ბრძანებულების მიხედვით ამ რეგიონში ნავთობის და გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება განიხილებოდა, როგორც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, როგორც ჩარევა, რუსეთის პირდაპირი გავლენის სფეროში. თურქი მეცნიერის ამ ზუსტ ინფორმაციას დავუმატოთ ის, რომ მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბრიტანეთის ელჩი რუსეთში სერ ბრაიან ფოლი და გადასცა მას რუსეთის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანული კომპანიები სხვებთან ერთად აპირებდნენ ალიევთან ხელის მოწერას ე.წ. "საუკუნის კონტრაქტზე". კონტრაქტს ხელი მოეწერა იმავე წლის სექტემბერში და რუსეთის მხრიდან მასში "ლუკოილმა" მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რუსეთის ელიტის განწყობა არ იცვლებოდა. "ამ რუსების ვერაფერი გამიგია, ენერგეტიკულ პროექტებში მაქსიმალურ მონაწილეობას ვთავაზობთ, მათ კი ლაპარაკიც არ უნდათ. თითქოს გაბუტულები არიან. ეს რა პოლიტიკაა?", - მეუბნებოდა ცნობილი ამერიკელი სენატორი სემ ბრაუნბეკი, "აბრეშუმის გზის სტრატეგიის კანონის" ინიციატორი. მე მაშინ ავუხსენი, რომ რუსეთის ელიტისთვის აუტანელი იყო იმის დაშვებაც კი, რომ ამ საკითხებში ვიღაცა სხვა ერეოდა მათ გარდა, მით უმეტეს აშშ. 1996 წელს ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს ანგარიშს არ გაუწევდნენ, რუსეთი ისეთ ტალღებს ააგორებდა კასპიის ზღვაში, რომლებიც უცხოელების მიერ დაყენებულ პლატფორმებს ერთიანად წალეკავდა. ამ კონფერენციის შემდეგ საქართველოში ჩამოსული უცხოელები კმაყოფილებით ამბობდნენ, რომ ჩერნიშევი მხოლოდ ბაქიბუქობდა, ვინაიდან რუსეთს აღარ აქვს ძალა ააგოროს ტალღები იქ, სადაც თავის პლატფორმებს აყენებენ "ბრითიშ პეტროლეუმი" და სხვა კომპანიები.

შევარდნაძესთან ნავთობსადენზე გამართულ იმ პირველ შეხვედრას მალე სხვა შეხვედრები მოჰყვა. შევარდნაძე დაუღალავად მუშაობდა. ინტენსიურად ელაპარაკებოდა აშშ-ს ადმინისტრაციას, თურქეთის ხელმძღვანელობას, ინვესტორებს. არწმუნებდა ყველას, რომ რუსეთი ამ გეგმებს ხელს რეალურად ვერ შეუშლიდა. ბატონი ედუარდი არავის ზურგს უკან არ მოქმედებდა: ამერიკელებთან და სხვებთან შეთანხმებით ყოველ თავის ნაბიჯზე წინასწარ აფრთხილებდა რუსეთის პრეზიდენტ ელცინს და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს; სთხოვდა მათ პირდაპირ ეთქვათ მისთვის თავისი აზრი, ვინაიდან მას არ უნდოდა ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთის ინტერესებისათვის შეიძლება საზიანო ყოფილიყო. "სხვას რომ თავი დავანებოთ, რუსებს იმდენი ინფორმატორი ჰყავთ ყველგან, რომ მაინც ყველაფერს გაიგებენ, თანაც ჩვენთვის საზიანოდ დამახინჯებული, გაზვიადებული ფორმით. ჯობია ისევ მე ვუთხრა წინსწრებით და ამით განვაიარაღო", მეუბნებოდა ხოლმე ბატონი ედუარდი.


ელცინის და სხვების პასუხი ყოველთვის დადებითი იყო, მათ არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო. მაგრამ იმავე, 1995 წლის ივნისში, რუსეთის პოლიტიკური ელიტის ერთმა წარმომადგენელმა კონსპირაციის სრული დაცვით შეუთვალა შევარდნაძეს (მე მომიწია ამ ინფორმაციის შევარდნაძისათვის მოხსენება), რომ მის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა. თარიღიც ზუსტად დაასახელა იმ კაცმა: "ალბათ ორიოდე თვის შემდეგ". ბატონ ედუარდს ინფორმაცია არასერიოზულად მოეჩვენა. 29 აგვისტოს კი სასწაულებრივად გადავრჩით ცნობილი ტერაქტის დროს. კეთილმოსურნის ინფორმაციაში ნავთობსადენის პროექტი, ცხადია, საერთოდ არ იყო ნახსენები.

1996 წლის იანვარში ერთერთი შეხვედრისას ელცინმა უთხრა შევარდნაძეს, რომ ენერგოპროექტები უნდა ყოფილიყო რუსეთის და საქართველოს თანამშრომლობის და არა კონკურენციის საგანი. "Великая Грузия никогда не будет конкурировать с такой маленькой страной как Россия", - მაშინათვე უთხრა ბატონმა ედუარდმა და ელცინს დიდხანს უცინია.

ბაქო-სუფსის პროექტს 1996 წლის მარტში მოეწერა ხელი. დაიწყო ინტენსიური მშენებლობა და 1998 წელს ის დასრულდა კიდევაც. 1997 წლის აპრილში ნავთობსადენის ინაუგურაციაც შედგა. შევარდნაძე უკვე 1996 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე და ისევ საქმის კურსში აყენებდა რუსეთის ხელმძღვანელობას. პასუხები ისევ დადებითი იყო, მაგრამ "სიურპრიზებიც" არ შეწყვეტილა
.


1998 წლის 9 თებერვლის გვიან საღამოს კრწანისში მიმავალ შევარდნაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ნაღმსატყორცნის რეაქტიულმა ჭურვმა სალონის ფსკერთან გახვრიტა პრეზიდენტის "მერსედესი". "ჟიდკოსტმა გაასხა" (შსს მინისტრის, კახა თარგამაძის ტერმინებით) და "მერსედესმა" ინერციით სრიალით გააღწია ჩასაფრების ადგილს. დაცვის ოფიცრებს (ზოგი მათგანი 1995 წლის 29 აგვისტოში დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევებით) ნამდვილი ბრძოლა მოუწიათ ტერორისტებთან. ორი ოფიცერი დაგვეღუპა, თავდამსხმელებიდან ერთი მოკლეს, ჩეჩენი აღმოჩნდა. სალმან რადუევმა გროზნოში ყველაფერი თავის თავზე აიღო და ამაყად განაცხადა, რომ ეს იყო არა ტერაქტი, არამედ ნამდვილი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩეჩნებმა ქართველ მებრძოლებთან ერთად თბილისის ცენტრში ჩაატარეს. მეორე დღეს, 10 თებერვალს შევარდნაძე ჩვეულებრივად მოვიდა სამსახურში და გაფართოებული სხდომა ჩაატარა. კანცელარიის სხდომათა დიდ დარბაზში ტევა არ იყო, სხდომას 900-მდე ადამიანი ესწრებოდა. სხდომის დროს დამიძახეს სპეცკავშირის ოთახში და ვე-ჩე ტელეფონით კრემლის ოპერატორმა მითხრა, რომ ელცინს უნდოდა შევარდნაძესთან საუბარი. მოვახსენე შევარდნაძეს, გამოვიდა სხდომათა დარბაზიდან, ერთად შევედით სპეცკავშირის ოთახში. ავიღე ყურმილი და ოპერატორს ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო პრეზიდენტ ელცინთან სალაპარაკოდ."პრეზიდენტი ელცინი ხაზზეეა", - მითხრა ოპერატორმა და ყურმილი ბატონ ედუარდს მივაწოდე.


წესების შესაბამისად ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ხელით მანიშნა, დარჩიო. ყურმილი ყურიდან შორს ეჭირა, ვე-ჩე კავშირი ხმას დიდად აძლიერებდა და ელცინის ხმა კარგად მესმოდა. ბორის ელცინმა გამოხატა თავისი თანადგომა და წუხილი მომხდარის გამო. შევარდნაძე მადლობას ეუბნებოდა. უცებ ელცინმა თქვა: "Но Эдуард Амвросиевич, у вас там такие проекты развиваются, что не удивительно, что такие события происходят и могут произойти и в будущем". ამის შემდეგ ელცინმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი თანადგომა, შევარდნაძემ ისევ მადლობა უთხრა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ყურმილის დადების შემდეგ ბატონი ედუარდი რამდენიმე წამს ჩაფიქრებული იდგა, მერე მშვიდად მითხრა: "ხომ კარგად გაიგონე ყველაფერი? ღიად დამემუქრა ეს ლოთი, ეს უბედური ესა. არადა 91-ში დავიფიცეთ, რომ ბოლომდე მხარში ვედგებოდით ერთმანეთს ამ ახალ გზაზე. პუტჩის დროს (1991 წლის 19 აგვისტო, - პ.მ.) მივედი და გვერდში დავუდექი. ვიცოდი, რომ დასახვრეტების სიაში ვყავდი პუტჩისტებს. მერე საბუთები მაჩვენეს, ჩემი ლიკვიდაციის შემდეგ იანაევს უნდა წაეღო ჩემი ბინა მოსკოვში. ამაზეც კი ფიქრობდნენ. ახლა კი მემუქრება ეს უბედური".

სხდომათა დარბაზში დავბრუნდით და ბატონმა ედუარდმა შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა, გაანალიზა მომხდარი და შეაფასა სიტუაცია, იმაზეც ისაუბრა, თუ ვის აწყობდა შევარდნაძის განადგურება. სიტყვის სრული ტექსტი მეორე დღესვე გამოქვეყნდა.

საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის ისტორიულ შეთანხმებას 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში ეუთოს სამიტის დროს მოეწერა ხელი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა დემირელმა და აშშ-ს პრეზიდენტმა კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნეს ედუარდ შევარდნაძის დიდი წვლილი. თუმცა საჯაროდ არავის უთქვამს და ვერც იტყოდა, რომ შევარდნაძე საკუთარი სიცოცხლისათვის უდიდესი რისკის ფასად აღწევდა ყველაფერს...

ისიც არავინ იცოდა, რომ სტამბოლში ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, შევარდნაძემ ელცინისგან "სრულიად საიდუმლო" გრიფის მქონე წერილი მიიღო. წერილი მე შევუტანე დალუქულ კონვერტში, მისი დავალებით იქვე გავხსენი კონვერტი და წერილი მივაწოდე. წაიკითხა და იქვე მაგიდაზე დააგდო, დუმდა. მერე მითხრა "წაიკითხე, ნახე რას წერს!". წერილში კი ეწერა, რომ ბაქო-სუფსაზე რუსეთს უარი არ უთქვამს და ხელიც შეუწყო საქართველოს, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის პროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ძირითად სახელმწიფო ინტერესებს და თუ "ედუარდ ამვროსიევიჩისათვის" ძვირფასი იყო რუსეთ - საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები, ამჟამად თავი შეეკავებინა ამ ხელშეკრულების ხელმოწერისაგან. შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, მშვიდად, უემოციოდ მითხრა: "მოწმე ხარ, ამდენი წელია ველაპარაკები ამ პროექტზე, აზრს ვეკითხები, უარი არასოდეს უთქვამს. ახლა, როცა ყველაფერი მზადაა, პარაფირებულია და მომზადებული ხელმოსაწერად, როცა კლინტონი და ალიევი ჩადიან სტამბოლში დემირელთან, როცა ჩემი ჩასვლა კარგა ხანიაა გამოცხადებული, ახლა მიგზავნის ასეთ წერილს? გესმის რა ხდება?" მესმოდა, რომ სრული მარაზმი ხდებოდა და ეს წერილი იმ მარაზმის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო.

შეგახსენებთ, რომ იმავე, 1999 წლის ოქტომბრის ბოლოს ახალდანიშნულმა პრემიერმა პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩენი ტერორისტები და ბოევიკები რუსეთის არმიას გაურბოდნენ და საქართველოში გადადიოდნენ თავშესაფრის მოსაპოვებლად (ჩეჩნეთში მაშინ სასტიკი ომი მძვინვარებდა). შემდეგ ელცინმა დაურეკა შევარდნაძეს და სთხოვა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ჩეჩნეთზე არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო (?!) ოპერაციების განხორციელებისათვის, შევარდნაძემ კი ისევ მოახერხა ქვეყნის გადარჩენა. შემდეგ კი სტამბოლში ჩავიდა და ბაქო-ჯეიჰანის ხელშეკრულებაზე ხელიც მოაწერა.

თავიდან ედუარდ შევარდნაძის ხასიათში (და არა ინტელექტში), ჩემთვის ზოგი რამ გაუგებარი, აუხსნელი იყო. შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბატონი ედუარდი იყო თავზე ხელაღებული ადამიანი და ყველაფერი გასაგები გახდა. ის შინაგანად, გაცნობიერებულად და ქვეცნობიერების დონეზეც, შეგუებული იყო იმას, რომ შეეძლოთ ნებისმიერ წუთსა და წამს მოეკლათ და სულ არ ანაღვლებდა ეს ამბავი. ინგლისელები ასეთ ადამიანებს "დესპერეიტს" უწოდებენ, ესპანელები "დესპერადოს", რაც სასოწარკვეთილს და ამის გამო ყველაფერზე წამსვლელ ადამიანს ნიშნავს. ედუარდ შევარდნაძე კი თავზე ხელაღებული ადამიანი იყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმ საქმისათვის, რომელსაც ემსახურებოდა.

პეტრე მამრაძე, 20 მაისი, 2016 წელი

ვაი პატრიოტების გასაგონად.
25 ივლისი 2017 11:58
კიდევ შევარდნაძე თუ მიხედავდა ამ დაქცეულ ქვეყანას.
ვანო
22 მაისი 2017 11:48
გრცხვენოდეთ ავისმთქმელებო და გეშინოდეთ ღვთის რისხვის.
დავით დანელია
03 აპრილი 2017 13:47
ედიკას ამ საუკუნეში ნუ "გაგვიპრავებთ". კარგად ვიცით ამ თაობამ როგორი "საქართველოსთვის თავგადადებული მამულიშვილი" იყო. რამდენი რამე ავნო საქართველოს, "თეთრი მელა კრემლის ლაქია". 100 წლის მერე შეცვალეთ ისტორია და მერე წერეთ ვითომ ედიკა რა კარგი კაცი იყო მისი ბოროტების თვითმხილველები რომ აღარ იქნებიან.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები