ფულის ტომრები, უერთგულესი ბიჭები და მოღალატეები - წინათ და ახლა
ფულის ტომრები, უერთგულესი ბიჭები და მოღალატეები - წინათ და ახლა
"გინდა, "ნაციონალების" დაბრუნება ხელისუფლებაში? - მიეცი ხმა "ქოცებს"!, - ასე ხუმრობენ დღეს საქართველოში და იმასაც ამბობენ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქოცების" და "ნაცების" სიმბიოზი, ანუ "ქოციონალობა", ახალ საფეხურზე ავა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა ჩვენი უახლესი ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდი.

16 წლის წინათ, 2000 წლის გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს, ელდარ შენგელაია ედუარდ შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ბატონმა ელდარმა მოიარა საქართველოს მრავალი კუთხე, შეხვდა ამომრჩევლებს და შევარდნაძის საარჩევნო
შტაბის სხდომაზე მოახსენა ბატონ ედუარდს და შტაბის წევრებს, რომ ყველგან განრისხებულ და სასოწარკვეთილ ადამიანებთან მოუწია საუბარი; რომ წარბშეკრული და მუშტებშეკრული ამომრჩევლები (მახსოვს, ბატონმა ელდარმა კიდევაც განასახიერა ეს) ეუბნებოდნენ მას, რომ მრავალი თვის განმავლობაში არ მიუღიათ პენსია და, ხშირ შემთხვევაში, კუთვნილი ხელფასი; რომ სმკ-დან პარლამენტში შესული
დეპუტატები ფულის ტომრები და წურბელები იყვნენ და ა.შ. (ლაპარაკია 1999 წელს არჩეულ პარლამენტზე, რომლის იუმორის მქონე "ფულის-ტომარა" დეპუტატებმა "მილიონერთა კლუბი" შექმნეს, და თავის რიგებში მხოლოდ იმას ღებულობდნენ, ვისაც ერთ მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა "ნაშოვნი").

ელდარ შენგელაიას აზრით, საჭირო იყო საგანგებო ზომების მიღება და პენსიების და ხელფასების ნაწილის გაცემის დაწყება, თუნდაც რაიმე სესხის აღების ხარჯზე (მაშინ ბიუჯეტი ქრონიკულად გარღვეული იყო, სამაგიეროდ პარლამენტს გარეთ თუ შიგნით მყოფი "ფულის ტომრები" მზარდი ტემპით განაგრძობდნენ გამდიდრებას). შტაბის ბევრმა წევრმა არ დაუჭირა მხარი ბატონ ელდარს. მათ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ზოგ ადგილას იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში ვითარება ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა წლებში; რომ რეგიონებში 15 ახალი თეატრი გაიხსნა; რომ ამომრჩეველთა სულ ცოტა 80% მისცემდა ხმას შევარდნაძეს და ა.შ.

მე მაშინ ვთქვი, რომ გაჭირვებული ადამიანებისათვის იმის შეხსენება, რომ ახალი თეატრები დაარსდა, ცეცხლზე ნავთის შესხმა იქნებოდა. ამ სხდომის შემდეგ იქ დამსწრეთა ნაწილმა, ვინც საკუთარ თავს და "ფულის ტომრებს" "უერთგულეს ბიჭებს" უწოდებდნენ, ისიც მოახერხეს, რომ ნაწილობრივად მაინც დაარწმუნეს შევარდნაძე იმაში, რომ ელდარ შენგელაია "ახალგაზრდა რეფორმატორებს", ანუ ჟვანია-სააკაშვილის გუნდს შეეკრა და მათ თამაშს თამაშობდა.

მაშინ პროცესები ისე წარიმართა, რომ სახელისუფლებო ელიტა და საზოგადოებაც თანდათან ორ ბანაკად - "უერთგულეს ბიჭებად" და "მოღალატეებად" იყოფოდა და ბზარი ამ ბანაკებს შორის სწრაფად ღრმავდებოდა. ის, რომ უზენაეს ხელისუფლებამდე სიმართლის მიტანა სულ უფრო რთულდებოდა, ავისმომასწავებელი იყო - ქვეყანა სახელისუფლებო კოლაფსისაკენ მიექანებოდა და სამი წლის შემდეგ ეს მოხდა კიდევაც "ვარდების რევოლუციის" სახით.

თუმცა მაშინ, 2000 წლის აპრილში, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი ჯერ კიდევ მუშაობდა და შევარდნაძემ ხმათა 79%(!) მიიღო. "უერთგულესი ბიჭები" და "ფულის ტომრები" ზეიმობდნენ გამარჯვებას "მოღალატეებზე". არადა, ასეთმა შედეგმა უდიდესი დარტყმა მიაყენა შევარდნაძის ლეგიტიმურობას - მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ არჩევნები ტოტალურად იყო გაყალბებული.

"52%-55% პროცენტი რომ აეღო ედუარდს, პრობლემა არ გვექნებოდა. ახლა კი ხალხს თვალებში ვეღარ შევხედავთ და ვერ დაველაპარაკებით. უბედურება გველის", - მეუბნებოდა ელდარ შენგელაია, რომელიც "მოღალატის" იარლიყს შეგუებული იყო. ეს იარლიყი მას პირველად ზვიად გამსახურდიას ეპოქაში მიაწებეს. ვფიქრობ, ბევრს ახსოვს ტელევიზიით ნანახი კადრები, როგორ მშვიდად და ღირსეულად გადის "სირცხვილის დერეფანს" ელდარ შენგელაია და როგორ სკანდირებს გამსახურდიას მხარდამჭერი ბრბო: "მოღალატე, მოღალატე..."

2003 წლის ნოემბერში გადადგომის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ არაერთხელ აღნიშნა საჯაროდ, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში სულ ორი-სამი ადამიანი ეუბნებოდა სიმართლეს და აღიარა, რომ მოწყდა მაშინ რეალობას.

როგორია ახლანდელი რეალობა?

გამოჩენილი მეცნიერის ერნსტ გელნერის აზრით, სამოქალაქო საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, რომელშიც ის ადამიანები, ვისაც ბიზნესის ალღო და ენერგია აქვთ და ფულის კეთება უნდათ, ბიზნესში მიდიან და სხვა საქმიანობაზე დროს არ ხარჯავენ. ხოლო იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის განვითარებული, ფულის კეთების მსურველები ცდილობენ მოხვდნენ ხელისუფლებაში და პირველ რიგში პარლამენტში, ვინაიდან სხვანაირად გამდიდრება, ან თუნდაც უკვე დაგროვებული სიმდიდრის შენარჩუნება, შეუძლებელია.

სააკაშვილის სადისტურმა რეჟიმმა ტოტალურად დაიმორჩილა მანამდე ხელისუფლების წნეხისაგან სრულიად თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაციონალური ტელეარხები. კერძო საუბრებში სააკაშვილის თანამზრახველები ცინიკურად აღიარებდნენ, რომ მათ მიერ გამოცხადებული "ბრძოლა სიღარიბესთან" ღარიბებთან ბრძოლად იქცა. საშუალო ფენის შექმნის ნაცვლად ქვეყანაში გაიზარდა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის და მდიდრების უდიდესი ნაწილი არა ნამდვილი მეწარმეობით, არამედ ღარიბების ძარცვით და სააკაშვილისაგან ბოძებული მონოპოლიური უფლებების გამოყენებით გამდიდრდა.

სამწუხაროდ "ქოცების" მმართველობის 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ ძალზე ცოტა რამ თუ შეიცვალა სასიკეთოდ და დღეს "ფულის ტომრები" კვლავ ცდილობენ (ან იძულებულნი არიან) მოხვდნენ პარლამენტში.

დღევანდელი ვითარების დეტალებში გარკვევის მსურველებს ვურჩევ წაიკითხონ 12 სექტემბრის "რეზონანსში" გამოქვეყნებული წერილი "არჩევნები და "ფულის ტომრები", რომელშიც წერილის ავტორი ეკატერინე ბასილაია და მის მიერ გამოკითხული ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ რატომ უნდათ "ფულის ტომრებს" პარლამენტში მოხვედრა; რატომ ხდება, რომ ბიზნესმენთა ნაწილი ყოველთვის ხვდება ყოველი მორიგე ხელისუფლების გუნდში, იმ შემთხვევაშიაც კი, თუ ახალი მმართველი დაჯგუფება მწვავედ აკრიტიკებს და ლამის "ხალხის მტრად" შერაცხავს წინა ხელისუფლებას. ეკატერინე ბასილაიას წერილში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს, მინდა შევმატო საინტერესო დეტალი:

2008 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და შემდეგ პარლამენტში ყოფნისას მომდიოდა ინფორმაცია, რომ არაერთი "ფულის ტომარა" ცდილობდა დიპლომატიურად დაეძვრინა თავი და არ შესულიყო პარლამენტში "ნაცების" შეთავაზება-მოთხოვნის მიუხედავად. (ვფიქრობ ბევრ მათგანს ესმოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კოლაფსისაკენ მიექანებოდა). ეს ადამიანები, ცხადია, მორჩილად იხდიდნენ იმ თანხებს არჩევნებისათვის, რასაც "ნაცები" ითხოვდნენ, მაგრამ ცდილობდნენ აეხსნათ "ნაცებისათვის", რომ მათი შესვლა პარლამენტში უხერხული იქნებოდა, ვინაიდან მიკროფონთან ვერც მივიდოდნენ და ყველასათვის აშკარა გახდებოდა, რომ სრულიად შეუფერებელი იყო მათი ყოფნა ქვეყნის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში. "რა ვქნა ხალხო? ფული, რაც მითხრეს, დავდე, ისიც ავუხსენი, რომ პროსტო სირცხვილია ჩემი აქ ჯდომა, რა უნდა ვაკეთო? კაციც მივუყვანე, რომელიც სტოპრო ერთგული იქნებოდა და პარლამენტშიც ივარგებდა. ამ კაცზე "ატვეჩაი" მე ვიქნებოდი. მაინც მომთხოვეს, შენ თვითონ უნდა იყოო!", - ალალად იმართლებდა თავს ჩემი თანდასწრებით ერთი დეპუტატი (მისი საუბრის სტილი დაცულია).

ელდარ შენგელაიას გამოსვლა 2000 წელს შევარდნაძის საარჩევნო შტაბის სხდომაზე გამახსენდა რამდენიმე კვირის წინათ, როდესაც წავიკითხე ელდარ და გიორგი შენგელაიების წერილი, რომელშიც ჩვენი სახელგანთქმული რეჟისორები "ოცნების" მიერ გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენას აპროტესტებენ. დავით სონღულაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ მამამისს, კახეთის ყოფილ გუბერნატორს ბიძინა სონღულაშვილს, რომელთანაც, როგორც სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, ხშირი ურთიერთობა მქონდა და რომელიც მახსოვს, როგორც ენერგიით აღსავსე, გამოცდილი და დაუღალავი სახელმწიფო მოსამსახურე. თუმცა გადიოდა წლები და ჭორების დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა სონღულაშვილი და მისი ოჯახის წევრები თანდათან ძალზე დიდი ქონების პატრონები გახდნენ. შენგელაიაების წერილში მოყვანილია კონკრეტული ინფორმაცია ამ ქონებაზე და პრესაში გამოჩენილი პუბლიკაციები ადასტურებენ ამას. ახლა უკვე იმასაც ყვებიან, რომ დავით სონღულაშვილის შტაბი დიდ თანხებს ხარჯავს გურჯაანში ამომრჩევლებთან ურთიერთობის დროს. არ გამოვრიცხავ, რომ დავით სონღულაშვილის შემთხვევა სწორედ იმ ხასიათისაა, როდესაც მმართველი დაჯგუფება თვითონ სთხოვს შეძლებულ ოჯახს, რომ ოჯახის წევრმა კენჭი იყაროს, თვითონ დააფინანსოს თავისი კამპანია და მმართველი პარტიის გამარჯვებაც უზრუნველყოს თავის რაიონში. ხოლო ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, უჭირს ხელისუფლებისათვის უარის თქმა...

ჩემთვის დიდი პატივია უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირადად ვიცნობდე გამოჩენილ რეჟისორებს და საზოგადო მოღვაწეებს ელდარ და გიორგი შენგელაიებს, რომელთა ფილმები მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული. თავის დროზე სიცოცხლის რისკის ფასად ძმები შენგელაიები წინ აღუდგნენ პროვინციული ფაშიზმის აღზევებას საქართველოში. მომსწრე და მოწმე ვარ მათი შემდგომი მოღვაწეობისა და დავრწმუნდი, რომ ყოველთვის მოქმედებენ უანგაროდ, მხოლოდ ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად იღწვიან. ვიცი, რომ არასოდეს გაუწყვეტიათ კავშირი გურჯაანთან, ანუ საანდრონიკოსთან, მათი სახელოვანი დედის ყოფილ მამულთან.

ვკითხულობდი მათ წერილს და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი რეზონანსი ექნებოდა ასეთ გზავნილს მთავრობისადმი სადმე იტალიაში, სადაც წლების წინათ დიდი წარმატებით ჩატარდა შენგელაიების უნიკალური კინოდინასტიის - ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების ფილმების ჩვენება.

მაგრამ ახლა "პროვინციალიზმი ზღვადა დგას ჩვენში, ჩქეფს და გადმოდის": "ის რომ ჩემთან მოვიდა, ხელზე უგულავას ნაჩუქარი საათი ეკეთა" - "მე რომ მასთან მივედი, ჩემი ნაჩუქარი საათით დამხვდა", "ქუჩის დემოგოგი ეს, მაიმუნი-ვირიშვილი"!! -აი, ქართული პოლიტიკის არსი დღესდღეობით.

მაგრამ ეს არსი სადისტურ სისტემის შემზარავ არსს ბევრად ჯობია.

პეტრე მამრაძე, 22 სექტემბერი, 2016 წელი

ნოდარი
21 ივნისი 2018 17:59
დასვამ და იჟდე რაო!
ფარნა
11 აპრილი 2017 20:04
ელდარ შენგელაია უნიჭიერესი და უსაყვალესი რეჟისორია. ჩემი ქათინაური სულ არ სჭირგება , მაგრამ რომ მკითხოთ - გენიოსია თავის საქმეში. მისთვის ისევე როგორც სხვა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებისათვის საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივნის კაბინეტის კარი ყოველთვის იყო ღია. ეს იყო პოლიტიკა და აბსოლუტურად გამართლებული ყველანაირად. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ საქართველოს, მის კულტურას. ამ პერიოდში ჩვენი კინოხელოვნება, თეატრი მიაღწიეს მწვერვალს.
მეორეს მხრივ ინტელეგენციის ელიტა აღმოჩნდა მახეში. თავის დროზე ნაჩუქარი ბინები, მანქანები, ფული და პრივილეგიები ( ხაზ გაუსვამ რომ უმეტეს შემთხვევებში ალბათ სრულიათ დამსახურებლად) იყო გარანტია მათი ერთგულების . ესეც ბუნებრივია. ყველას როდი შეუძლია ფლუგერის როლის განსახიერება. ალბათ უსვინდისობა იქნებოდა იმათი მხრივ მყისიერად დაევიწყა ედუარდ ამბროსიევიჩის სიკეთეები , ვინ დაუჭირა რეალურად მხარე დამოუკიდებლობას - მუხრან მაჭავარიანის გარდა მე ვერ ვიხსენებ ვერავის. უმეტესობამ აირჩია დუმილი და ლოდინი. იცოდნენ რომ ფინალამდე შორი გზაა და რომ კომუნისტები ასე ადვილად ძალაუფლებას არავის აჩუქებდნენ.
ამიტომაც არც ის უნდა იყოს გასაკვირი რომ ხალხი შერაცხა ისინი მოღალატეებათ.
ელენე
12 დეკემბერი 2016 12:04
ბ-ნო პეტრე, პაუზა აიღეთ?!
აი, ვეძებ თქვენს წერილებს და ვერ ვპოულობ, ცუდია . . .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები