ბიძინა ივანიშვილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ანუ პატრონყმობის პროვინციული ხიბლი
ბიძინა ივანიშვილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ანუ პატრონყმობის პროვინციული ხიბლი
8 ოქტომბრის შემდეგ ხშირად მეკითხებიან (განსაკუთრებით უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები), როგორ მოვახერხე "ნაცების" პარტიული სიით მიღებული 27%-ის ზუსტი პროგნოზირება. პასუხად ვიმეორებ იმას, რასაც არჩევნებამდე ვამბობდი: რომ მრავალმა გამოკვლევამ და 2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ "ნაცების" მხარდამჭერები ამომრჩეველთა სულ 12-13%-ს შეადგენენ. ისიც დადგინდა, რომ "ნაცების" ელექტორატი მოტივირებულია და მობილიზებული და ნებისმიერ ამინდში მიდის არჩევნებზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის ნახევარის მონაწილეობის შემთხვევაში (გამოკითხვების შედეგები სწორედ ასეთი
იყო, რომ მხოლოდ ნახევარი მივიდოდა), "ნაცების" პროცენტული შედეგი ავტომატურად გაორმაგდებოდა და 27%-მდე ავიდოდა.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები: ოფიციალური მონაცემებით ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის 51.6%-მა; "ოცნებამ" მიიღო ხმების 48.7%, ნაცებმა -27.1%, "პატრიოტთა ალიანსმა" – 5.01%, ხოლო სხვა პარტიებმა
და ბლოკებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში ვერ მოხვდენენ; მაჟორიტარულ არჩევნებში 23 ოლქში გამარჯვებულები პირველივე ტურში გამოვლინდნენ და ყველგან "ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. დარჩენილ 50 ოლქში კი მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება და, სავარაუდოდ, ისევ ყველგან "ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ (აქედან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ არის "ოცნების" წევრი, მაგრამ "ოცნება" მხარს უჭერს მას, როგორც დეპუტატობის კადიდატს). ასეთ შემთხვევაში "ოცნებას" პარლამენტში 117 დეპუტატი ეყოლება, ანუ 4-ით მეტი, ვიდრე საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

რაზე მეტყველებს ეს რიცხვები?


ელემენტარული არითმეტიკა გვაძლევს, რომ პროპორციულ არჩევნებში "ოცნებას" ხმა მისცა ამომრჩეველთა მთელი სიმრავლის 25.1%-მა, "ნაცებს" კი 14%-მა. მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით გამოდის, რომ მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენების შედეგად "ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 25%-ზე, ანუ ხმების მეოთხედზე ნაკლები და მხოლოდ 11%-ით აჯობა "ნაცებს", რომლებსაც ამჟამად არავითარი ადმინისტრაციული რესურსი არ გააჩნდათ. რა შედეგს მივიღებთ, თუ გამოვაკლებთ "ოცნების" 25%-ს იმ ხმებს, რომელიც ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსით არის მოპოვებული და დავტოვებთ მხოლოდ იმ ხმებს, რომელიც "გულის კარნახით" მისცა ხალხმა "ოცნებას"?

იმის წარმოსადგენად, თუ რას ნიშნავს "გულის კარნახი" და რით განსხვავდება ის ადმინიტრაციულ-ფინანსური რესურსით ამომრჩეველთა მობილიზაციისაგან, საკმარისია გავიხსენოთ ის საერთო-სახალხო მხარდაჭერა, რომელიც პირადად ივანიშვილს და მისი ხათრით ყველას, ვისაც კი ის გვერდში დაიყენებდა, ჰქონდა 2011-2012 წლებში. მაშინ თქვა ადამ მიხნიკმა, რომ ასეთ საერთო-სახალხო მხარდაჭერას მსოფლიოში არსებული მთელი ფული ვერ უზრუნველყოფდა. ასე იყო ამ 4-5 წლის წინათ და ასეთი პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის მხარდაჭერა და ნდობა გაფლანგეს და დაკარგეს "ქოცებმა" განვლილ წლებში. შედეგად დღეს, ჩემი შეფასებით, "ოცნებისათვის" სულ ცოტა ყოველი მეორე ხმის მიმცემი სწორედ ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსის გამოყენების წყალობით და არა საკუთარი გულის კარნახით მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა "ოცნებას". ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ნაღდი" ხმების რაოდენობით "ქოცებმა" "ნაცებთან" წააგეს! დავეთანხმოთ ზაალ ანჯაფარიძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ გაიხსენა 2012 წელს კოალიცია "ოცნების" გამარჯვების შემდეგ უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: რომ "ნაცმოძრაობის" გადარჩენა როგორც ოპოზიციური ძალის, ქართული დემოკრატიის ამოცანა იყო. ანჯაფარიძემ იქვე აღნიშნა, რომ ეს ამოცანა "ოცნებამ" გადაჭარბებით შეასრულა. მე კი დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ ეს "ოცნების" ის ერთადერთი დაპირებაა ქართველი ხალხისათვის, რომელიც მართლაც გადაჭარბებით შესრულდა.

აი, ასეთი კრახისა და სავალალო შედეგის შემდეგ "ქოცებს" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ პარლამენტში.

ამის მოლოდინში ჩვენში დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა ასეთი პოლიტიკური მონოპოლია და იმ შესაძლო ზიანზე, რაც შეიძლება "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობამ მოუტანოს ქვეყანას. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და "ცნობადი" სახე, ნაცებზე რომ არაფერი ვთქვათ, იმის აგიტაციასაც შეუდგა, რომ მეორე ტურის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს და ხმა მისცეს "ოპოზიციის" წარმომადგენელს სწორედ იმისათვის, რომ "ოცნებამ" ვერ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და ქვეყანა გადაურჩეს ერთი პარტიის პოლიტიკურ მონოპოლიას და ამის გარდაუვალ სავალალო შედეგებს.

როგორ შევაფასოთ ეს?

პოლიტიკური მონოპოლია მართლაც სახიფათო რამ არის. "ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად" - დიდი მოაზროვნის ლორდ ექტონის მიერ ფორმულირებულ ამ უნივერსალურ კანონს მე, საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი სიტყვა - "აგიჟებს" დავუმატე. ექტონის კანონი მართლაც უნივერსალურია და "ნაცების" და სააკაშვილის მმართველობის ისტორია ამ კანონის უმოწყალო მოქმედების ქრესტომათიულ მაგალითს წარმოადგენს.

2008-2012 წლებში სააკაშვილის მონა-მორჩილი პარლამენტის წევრი გახლდით. იმ პარლამენტში სულ ოციოდე დეპუტატი ფორმალურად ოპოზიციას წარმოადგენდა, არსებითად კი მათი დიდი ნაწილი უფრო მორჩილი იყო საკაშვილის სადისტური რეჟიმისა და პირადად მერაბიშვილის, ვიდრე "ნაცების" ზოგიერთი ლიდერი - იმათ ზოგ საკითხზე ერთმანეთთან და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სააკაშვილთან კამათი მაინც შეეძლოთ, ეს "ოპოზიცია" კი მხოლოდ ბრძანებებს ღებულობდა სადისტური სისტემის "ხერხემლისა" და "ნეკნებისაგან" და მორჩილად ასრულებდა მათ. ამ ფონზე, ბოლოს, ძლივს შევკრიბეთ 7-კაციანი ნამდვილად ოპოზიციური ფრაქცია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში სრული მონოპოლიის არქონის შემთხვევაში სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ვერ გაბედავდნენ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის, ანუ სამშობლოს ნამდვილი ღალატის ჩადენას; ვერ დაიქვემდებარებდნენ სასამართლოებს; ვერ შექმნიდნენ სადისტურ სისტემას; ვერ მიაყენებდნენ ქვეყნის ეკონომიკას ვეებერთელა ზარალს და ა.შ. მაგრამ ყველა ამ არგუმენტისა და ხიფათის მიუხედავად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი აგიტაცია, რომ ხალხმა ხმა მისცეს "ოპოზიციას" (ანუ "ნაცებს") იმისათვის რომ მონოპოლია არ განმეორდეს, არის ამაზრზენი და კურიოზულიც. ამაზრზენი იმიტომ, რომ "ნაცები" არ წარმოადგენენ ოპოზიციას!
აქ მინდა გავიხსენო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ქალბატონ მადლენ ოლბრაიტის ვიზიტი საქართველოში 1995 წელს. ოლბრაიტი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას და, აგრეთვე, ცალკე შეხვედრა გამართა საპარლამენტო ოპოზიციასთან. დასავლეთში ღრმად აცნობიერებენ აქსიომას, რომ ოპოზიციის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ცდილობენ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეთ ყველა პარტნიორი ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლებთან. უფროს თაობას კარგად ახსოვს 1995-1999 წლების პარლამენტის კოლორიტული შემადგენლობა, პარლამენტისა, რომელშიც "ლუიზა კიოდა და დრო გადიოდა", მიკროფონებთან კი ეროვნულ- დამანგრეველი მოძრაობის წარმომადგენელთა რიგი დგებოდა განურჩევლად იმისა, თუ რამდენად შორს იყო განსახილველი საკითხების შინაარსი მათი ინტელექტისა და განათლების შესაძლებლობებისაგან. ქ-ნი ოლბრაიტი მაშინ იმდენად გააოგნა "ოპოზიციის" აზრებმა, რომ საჯარო გამოსვლაში თავი არ შეიკავა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესების ერთგული, ხოლო ადამიანები, რომლებიც საკუთარი ერის და სახელმწიფოს ინტერესებს მტრობენ, ოპოზიციას ნამდვილად არ წარმოადგენენ, მათ სულ სხვა სახელი ეწოდებათ... (გამოცდილმა დიპლომატმა არ თქვა, რომ ასეთი ადამიანები სინამდვილეში ერისა და სამშობლოს მოღალატეები და მტრები არიან, თუმცა კონტექსტიდან აშკარა იყო, რომ ოლბრაიტი სწორედ ამას გულისხმობდა). ოლბრაიტის ეს სიტყვები მახსენდებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას ვეცნობოდი მასალებს ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის წევრების "კაგებეშნიკურ" წარსულზე და მაშინაც, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვკითხულობდი ამერიკელი პოლიტოლოგების აზრს იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის "თანაგუნდელებთან" ერთად იმდენი რამ შეუსრულა პუტინს, რამდენსაც პუტინის პროფესიონალი აგენტიც ვერ შეძლებდა.

"ოპოზიისათვის" ხმების მიცემის აგიტაციის კურიოზულობაზე კარგად თქვა მამუკა არეშიძემ: "ცოტა სასაცილოც კია და პოლიტიკური კომედიაა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაახლოებით ასე რომ მიმართავენ საზოგადოებას - ხმა ჩვენ მოგვეცით, რათა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს და ჩვენსავით მოძალადეები არ გახდნენო".

მეორე ტურამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და საგულისხმოა, რომ "ნაცების" და "არასამთავროების" აგიტაცია თითქმის შეწყდა - დაინახეს, რომ "გაბითურდნენ". მაინც მინდა ყველას შევახსენო, რომ ანტიეროვნული ძალისათვის და სამშობლოს მოღალატეებისათვის ხმის მიცემას გამართლება არ აქვს!

კონკრეტულად რა რისკები ახლავს "ოცნების" მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას?

დავიწყებ იმით, რომ პრაქტიკულად არ მაქვს იმედი, რომ "ოცნება" ნაყოფიერად და ეფექტიანად გამოიყენებს ამ ფაქტორს ქვეყნის სასიკეთოდ. ოთხი წლის განმავლობაში მათ დაასაბუთეს, რომ ქვეყნისათვის აუცილებელი რეფორმების ჩატარებისათვის საჭირო პოლიტიკური ნება და ცოდნა არ გააჩნიათ და მათ რიგებში მყოფი რამდენიმე მეტ-ნაკლებად გამოცდილი ადამიანი ამ მხრივ ამინდს არა ქმნის.
ბევრი დამიწერია და მისაუბრია იმაზე, რომ პრემიერის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა მართვის ე.წ. პატრონ-კლიენტელური, ანუ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ - მართვის პატრონყმული სისტემა. ამ სისტემის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენში და დასავლეთის ზოგიერთ წრეში დამკვიდრებული წარმოდგენა "არაფორმალურ მმართველობაზე" საქართველოში, არ შეესაბამება ამ ტერმინის ჩვეულებრივ მნიშვნელობას და, სულ ცოტა, დაზუსტებას მოითხოვს. ადამიანი, რომელსაც გუნდში "ხაზეინად", ანუ პატრონად აღიქვამენ, სულაც არ მართავს სახელმწიფოს. ის კი არა, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას არ ასრულებდა თავის მოვალეობას სრულყოფილად და ვერავინ უბედავდა იმის მოხსენებას და ახსნას, თუ რა უნდა ეკეთებინა პრემიერს. საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს მისთვის ჩვეული გულახდილობითა და გულწრფელობით არაერთხელ უთქვამს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა, რომ იყოს პოლიტიკოსი. მას ნამდვილად გულით არ უნდა არც მართვა და არც ჩარევა პოლიტიკაში. მაგრამ უნდა, რომ "ყველაფერი კარგად იყოს", რომ ქვეყანა ვითარდებოდეს და ა.შ. მას აქვს თავისი საქმე, ინტერესები, შესაბამისი დღის წესრიგი და მხოლოდ მაშინ ანებებს თავს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობას და ერევა ქვეყნის მართვაში, როდესაც ჰგონია (ეჩვენება), რომ ეს საქმეს სჭირდება; როცა გრძნობს, რომ იძულებულია და ვალდებულია თავისი "სწორი ანალიზით" და რჩევით დაეხმაროს თავის გუნდს და სამშობლოს. მიიჩნევს თუ არა, რომ ვითარება გამოსწორდა, ისევ თავს ანებებს ჩარევას და თავის საქმეებს უბრუნდება. გავიხსენოთ მისი ჩარევა და მისი ინიციატივით სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებისაგან - კოლექტიური თამაზაშვილ-ჯანყარაშვილებისაგან ღარიბაშვილის გადადგომამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე და, შემდეგ, თვით ღარიბაშვილის "გადადგომაც"; გავიხსენოთ, როგორ ამოქმედდა მთელი სასამართლო სისტემა მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილი შეხვდა ქიბორ ხალვაშს და ურჩია მას (სრულიად ლოგიკურად და სწორად), "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოსთვის მიემართა (ეს თვითონ ივანიშვილმა გაიხსენა ტელევიზიით) და როგორ გაჩერდა მყისიერად ეს მანქანა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ საქმის უკან არ იდგა და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საზიანო იყო "ოცნების" ხელისუფლებისათვის. ეს ფაქტები მხოლოდ მაგალითებად მოვიყვანე. სხვა ბევრი მაგალითის გახსენებაც შეიძლება. მაინც როგორ მოქმედებს ეს სპონტანური ჩართვები ქვეყნის მართვაზე? პირველ რიგში ეს იწვევს მართვის პარალიზებას, ვინაიდან გუნდის ვერცერთი წევრი ვერ ბედავს რამის წამოწყებას, თუ ეს არ მოდის ივანიშვილისაგან, ვინაიდან ადრე თუ გვიან პატრონს შეიძლება არ მოეწონოს რამე და ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასია. არადა ივანიშვილისაგან თითქმის არაფერი არ მოდის საგანგებო შემთხვევებში ხანმოკლე ჩართვების გარდა. შესაბამისად, განვლილი ოთხი წელიწადის განმავლობაში მმართველ პარტიას არც დაუწყია ქვეყნისათვის აუცილებელი რეფორმები.

"საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს", - წერდა 2009 წელს ათენში მოღვაწე შესანიშნავი მეცნიერი ილია რუბანისი. განვლილ 7 წელიწადში ვითარება არ შეცვლილა და წლევამდელი არჩევნები, განსაკუთრებით კი მაჟორიტარების შედეგები, ადასტურებს რუბანისის დიაგნოზოს სისწორეს. მართვის პატრონყმული სისტემაც ამ პლურალისტული ფეოდალიზმის ორგანული ნაწილია, მაგრამ უარყოფითი თვისებების გარდა მას ისეთი თვისებებიც აქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონის და შესაძლო ალტერნატივების გათვალისწინებით შეიძლება დადებითად შევაფასოთ. საქმე ის არის, რომ ამ სისტემის ჩარჩოებში "ოცნებიდან" პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი და მთავრობაშიც მოხვედრილი ყველა ადამიანი თავს ანგარიშვალდებულად ივანიშვილის წინაშე გრძნობს - სწორედ ის არის მათთვის "ხაზეინი", რომლის ნებით მოხვდნენ ისინი პარლამენტში; პატრონი, რომელზედაც დამოკიდებულია მათი შემდგომი მატერიალური კეთილდღეობა და კარიერა. (ზოგიერთმა მათგანმა ისიც იცის, რომ თანაგუნდელებიც არ დატოვებდნენ მათ სიაში, რომ არა ივანიშვილის ნება). მსგავსი დამოკიდებულება ქონების ჩამორთმევისა და "ცოცხების" შიშთან ერთად ჰქონდათ სააკაშვილის მორჩილ დეპუტატებსაც სააკაშვილის (მერაბიშვილის) მიმართ, მაგრამ პრინციპული განსხვავება ის არის, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორუფციაში ჩაფლული, მესიანიზმით და მეგალომანიით შეპყრობილი სააკაშვილი თვითონ იყო დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო, მორჩილი დეპუტატები კი მორჩილად ასრულებდნენ მის ბრძანებებს. თუმცა ბევრი მათგანი ზურგს უკან და ვიწრო ("სანდო") წრეში გიჟს და იდიოტს უწოდებდა სააკაშვილს და უფრო ძლიერ სიტყვებსაც არ იშურებდა.

ივანიშვილს კი არასოდეს მოუვა თავში რაიმე ავანტიურისტული ან კანონსაწინააღმდეგო გეგმები. სააკაშვილისაგან განსხვავებით იგი პირიქით, პარლამენტისა და მთლიანად "ოცნების" ხელისუფლების შემაკავებლის და გამაკონტროლებელის როლს ასრულებს და ჩვენში არსებული "პლურალისტული ფეოდალიზმის" პირობებში მისი ფაქტორი უფრო ეფექტიანია ამ მხრივ, ვიდრე ერთად აღებული ჯერ კიდევ სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და მასმედია. თუმცა ამ უკანასკნელთა როლიც, სააკაშვილის "პროპაგანდონ" "რუსთავი 2"-ის ჩათვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისათვის, ასევე იმისათვის, რომ ივანიშვილამდე სწრაფად მივიდეს საჭირო ინფორმაცია. ივანიშვილის ეს ფაქტორი ნამდვილად დადებითია, ვინაიდან "ოცნების" ცნობად სახეებს შორის არაერთია, ვინც ივანიშვილის შემაკავებელი ფაქტორი რომ არა, "აიწყვეტდა" და მაშინ კანონიერი ქურდების ჩამოყვანა თბილისის აეროპორტში და მერე მათი გაუჩინარება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გარეშე, პატიმრების უკანონო გაყვანა საკნებიდან დაკითხვებზე და ბევრი სხვა კანონსაწინააღმდეგო და იდიოტური მოქმედება არა ცალკეული დასანანი შემთხვევა, არამედ დამკვიდრებული პრაქტიკა იქნებოდა.

"ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში", - წერდა ივანიშვილი 2013 წლის 2 სექტემბრის ცნობილ ღია წერილში. 8 ოქტომბრის შემდეგ უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა და ეს არჩევნები 1990 წლის ოქტომბრიდან დღემდე მოყოლებული პირველი არჩევნებია საქართველოში, რომელიც მესიად აღიარებული ლიდერის გარეშე ჩატარდა.

უცხოელები იმასაც აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი დროდადრო ჩნდებოდნენ ტელეეკრანებზე საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ და ხალხიც აღარ აღიქვამდა მათ ქარიზმატულ ლიდერებად. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა.
გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ "ყველაფერი შეფარდებითია" და უცხოელი ექსპერტები სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და სტაბილურობის ჭეშმარიტ კუნძულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით.

8 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთან ბევრად უკეთ ჩატარდა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები 4 წლის წინათ და მანამდეც, ხოლო მეზობელი ქვეყნებში "ამფერი" თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია და ვერავინ ამბობს იმას, როდის გახდება ეს შესაძლებელი, ვინაიდან ვითარება იქ მხოლოდ უარესდება. სულ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "მსოფლიო სამართლიანობის პროექტის" მიერ მომზადებული "კანონის უზენაესობის ინდექსი 2016" და აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა ისეთი ფაქტორების მიხედვით როგორიცაა კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

სულ მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, თუმცა 2015 წლის მონაცემების მიხედვით ის მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზე იმყოფებოდა, ანუ 5 ადგილით დაქვეითდა (!).

ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია (35-ე ადგილი), ხორვატია (39-ე ადგილი), საბერძნეთი (41-ე ადგილი), უნგრეთი (49-ე ადგილი).

რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს: რუსეთი 92-ე, თურქეთი კი 99-ე ადგილზეა. სომხეთსა და აზერბაიჯანის შესახებ მონაცემები არ არის მოყვანილი.

შეჯამებისათვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი ერისა და სახელმწიფოს წინაშე მდგარ უდიდეს პრობლემად დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემები რჩება. სწორედ ეკონომიკური პრობლემების დაძლევის შედეგად შეიძლება გავარღვიოთ "მანკიერი წრე და გავიდეთ განვითარებაზე", როგორც ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. "განვითარებაზე გასვლის" კვალდაკვალ კი შეიძლება დავძლიოთ პატრონყმული სისტემა და ერთ მშვენიერ დღეს ხალხის და არა "ხაზეინის" წინაშე ანგარიშვალდებული პარლამენტიც ავირჩიოთ.

ხოლო რა გველის ეკონომიკური კოლაფსის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის შემთხვევაში და როგორ მისიებს შეასრულებენ მაშინ მყისვე გაჩენილი მესიები, ყველამ კარგად ვიცით.

პეტრე მამრაძე, 25 ოქტომბერი, 2016

მედეა
10 ივლისი 2017 11:32
ჭკვიანია ივანიშვილი, დაუჯერეთ მას მიჰყევით მას, ის მიგვიყვანს გამარჯვებამდე, საქართველოს გაბრწყინებამდე. ნუ მტრობთ მას, ნუ უქვეითებთ იმიჯს, ხალხში მას დიდი ავტორიტეტი აქვს--თავისი ქცევით და საქმიანობით მოპოვებული! შეეგუეთ ამას, "გიყვარდეს მტერი შენი"' იგი არავის მტრობს. ზის მშვიდად მაღლა და სასიკეთო საქმეებს აფინანსებს. საქართველოს კარგი ვისაც არ უნდა---იმას ეზიზღება ის.
elene
28 დეკემბერი 2016 15:57
ნაცები როგორ უნდა გიყვარდეს?! არ მესმის, არა!
ნს სნობი
29 ოქტომბერი 2016 08:15
ქოცები რისი გამკეთებლები არიან ბიძინას გარეშე ვერც აზროვნებენ. პეტრე შენ ხომ საერთოდ ვერ გამოხვედი ნაცების სიძულვილიდან

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები