კიდევ ერთი შეცდომის შესახებ, ანუ კვაზიპატრონაჟული მმართველობის არსი, მინუსები და პლუსები (პირველი ნაწილი)
21-06-2018
კიდევ ერთი შეცდომის შესახებ, ანუ კვაზიპატრონაჟული მმართველობის არსი, მინუსები და პლუსები (პირველი ნაწილი)
"მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ამგვარი განვითარება მოულოდნელი იყო, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალია. უკანასკნელმა დემონსტრაციებმა ახალგაზრდის მკლელობის გარშემო, მთავრობა შეარყია. თუმცა, ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ მთავრობა გარედან იმართება. შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ივანიშვილს კარგი ზრახვები და კარგი იდეები აქვს, მაგრამ ის არ არის პრემიერ-მინისტრი და ის არ აკონტროლებს პროცესს. როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება საქართველოში. მე საქართველოში, მინდა,
ვნახო სტაბილური მთავრობა და ინსტიტუტები. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან უნდა შეეძლოთ საკუთარი საქმის კეთება. ეს ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი რამ არის, რაც ხდება". - ასეთი კომენტარი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომასთან დაკავშირებით კენეტ სპენსერ იალოვიცმა - აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, აშშ-ს დიპლომატიური აკადემიის წევრმა და ცნობილმა
მეცნიერმა.

ბატონ იალოვიცს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში და, 1999 წლის შემოდგომაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენაში. ბ-ნ იალოვიცის კომენტარი ბევრ ქართულ საიტზე და გაზეთშია ციტირებული, ოღონდ, თითქმის ყველგან იმ ფრაზის გარეშე, რომელიც გამოვყავი: "დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ივანიშვილს კარგი ზრახვები და კარგი იდეები აქვს".

12 ივნისს "როსტომის სასახლეში" "ქოცების" შეკრების შემდეგ, ჩემს ყველა ინტერვიუში პატივი მივაგე საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილს; აღვნიშნე მისი დიდი წვლილი სააკაშვილის სადისტური სისტემის დამარცხებაში და, მთლიანობაში, მისი უაღრესად დადებითი გავლენა ქვეყნის მართვაზე 2012 წლის შემოდგომაზე კოალიცია "ოცნების" გამარჯვებიდან დღემდე მოყოლებული. ასევე აღვნიშნე, რომ კვირიკაშვილის გადადგომა შერჩეული დროის, პოლიტიკური კონტექსტისა და ფორმის გამო ქვეყნისათვის საზიანოა.

დავიწყებ იმით, რომ ყოვლად არასერიოზული და ჩვენი სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდება იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ა.წ. 12 ივნისის განცხადება, რომ მმართველი პარტიის შეხვედრაზე "მიმდინარე საკითხებზე ვიმსჯელეთ - გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, კვლევით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა. ჩვენ ველოდებით, მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით დაიდო, გაერო-ს კვლევით".

ვუყურებდი ტელევიზიით ამ ახალგაზრდა და გარეგნულად თვითდაჯერებული კაცის გამოსვლას და გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ფრაზა მახსენდებოდა - "საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო. საქართველო ახლა არის პროვინცია".
ცხადზე ცხადია, რომ საქრთველოს ხელისუფლება ვალდებულია უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური (და სხვ.) ვითარების მონიტორინგს. მას უნდა ჰქონდეს უფრო ზუსტი მონაცემები, ვიდრე ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას და მისი რეაგირებაც ოპერატიული უნდა იყოს - ყველაფერი ეს მისი პირდაპირი, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მოვალეობაა.
რას ნიშნავს ის, რომ მმართველი პარტიის აქტივისათვის, რომელშიც შედიან მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელები, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევიდან ხდება "ცნობილი", რომ "ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა"? ეს ხომ სრული მარაზმია! იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყნდებოდა ჩვენი მეცნიერების ინტერვიუები და წერილები, რომლებშიც ყველა ის მონაცემი იყო მოყვანილი, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშშია და კიდევ ბევრი სხვაც.

არადა, სამთავრობო სტრუქტურები უნდა ღებულობდნენ ყველა მონაცემს უფრო სწრაფად და ზუსტად, ვიდრე დამოუკიდებლად მომუშავე მეცნიერები - სამთავრობო სტრუქტურებს ხომ გაცილებით მეტი და ძლიერი რესური აქვთ ამისათვის! იმას ხომ არ ნიშნავს ეს მარაზმი, რომ "ბიჭები" "ხაზეინს" უმალავდნენ არასასურველ ინფორმაციას და ბოლოს "ხაზეინამდე" მაინც მიაღწია სიმართლემ და "დაწიოკებაც" არ ასცდათ?

მკითხველს ვთხოვ წარმოიდგინოს, რა მოხდებოდა ნებისმიერ შემდგარ სახელმწიფოში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს რომ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება. (დარწმუნებული ვარ არჩილ თალაკვაძეც კარგი ზრახვებით მოქმედებდა - მას სულაც არ უნდოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდება. მან ან ის თქვა, რაც დაავალეს, ან თვითონ მოიფიქრა ისეთი რამ, რაც მისი აზრით უფროსობას მოეწონებოდა).

ახლა კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომა გავაანალიზოთ. ვიდრე არჩილ თალაკვაძე ტელევიზიით საუბრობდა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგებზე, ჟონავდა და საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა ემოციურად და მწვავედ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. მალე "ოცნების" პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ "ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს"...

კვირიკაშვილი გადადგა "ოცნების" მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგების განხილვის შემდეგ მეორე დღეს, 13 ივნისს და, ამის შემდეგ, უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მთავრობას გარკვეული პერიოდი მისცეს ეკონომიკური ანგარიშის წარსადგენად:

"ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. რას ნიშნავდა UNICEF-ის დოკუმენტი. შეხვედრაზე მხოლოდ ამ დოკუმენტზე მსჯელობა არ ყოფილა. ძალიან ბევრ პოზიტივთან ერთად ლაპარაკი იყო მძიმე პრობლემებზე, რომელიც საქართველოში კონკრეტულ ოჯახებს შეექმნათ. ჩვენ დავსახეთ, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა წარმოადგენდა თავის ანგარიშს გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელსაც უნდა მოეტანა შედეგები.ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა თავისი შეხედულებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, მე ანგარიშს ველოდი - თუ რას ფიქრობენ, როგორი იქნება იმ ცვლილებების ეფექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გატარდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. რამდენად სწორია, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მის დღევანდელ ასე სწრაფ გადაწყვეტილებას მე პირადად არ ველოდი".

სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე გია ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ "ჩვენს ქვეყანას სტრესები არ სჭირდება". ბატონ ვოლსკის საკმარისად ვიცნობ იმისათვის, რომ დარწმუნებით ვთქვა - იგი მართლაც არ ელოდა პრემიერის ასეთ გადადგომას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ვოლსკი ბავშვთა ფონდს (UNICEF-ს) საერთოდ არც ახსენებდა, "ეს თემა" უკვე ნახსენები, რომ არ ყოფილიყო სხვების მიერ. მაშ რა მოხდა?

13 ივნისს ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა "ციტატები დახურული შეხვედრიდან".
ეს "ციტატები" დღემდე არავის დაუდასტურებია და არც უარყვია, მაგრამ მათი შინაარსი ემთხვევა შეხვედრიდან გამოჟონილი ინფორმაციის შინაარს. აი "ციტატების" ტექსტი":

"ბიძინა ივანიშვილი:
- სამი წლის განმავლობაში მიპასუხე რაში ჩაგერიეთ? რომ იძახიან კულუარული მმართველობაო, რა გაიძულე? რამდენჯერ დამირეკავს ამ ხნის განმავლობაში? მხოლოდ რამდენჯერმე, როცა კანში ვერ დაეტიეთ და ისიც რატომ, ამასაც ვერ მიხვდით. ხომ ხედავთ რას დაამსგავსეთ ქვეყანა. მიპასუხე გიორგი;

- შენ ხარ უთავმოყვარეო კაცი. სამი თვეა იტყუები - დღეს გადავდგები, ხვალ გადავდგები;
- ამ აქციების და ამ არეულობების უკან იდექით შენ და მამუკა ხაზარაძე;
- გაანადგურეთ და გააჩანაგეთ ქვეყანა;
- გგონია, არ ვიცი რომ მიზანმიმართულად მავნებლობდი?
- პროექტები კი არ განაღვლებს შენ - მხოლოდ საკუთარი ჯიბე. მანახე ერთი ადამიანი, ვისთვისად რაიმე გაგიკეთებია;
- ახლა გინდა გადადექი, გინდა არა. ხალხი გამოგიტანს განაჩენს;
- ამასთან საუბარს აზრი არ აქვს;
(ძალიან მსუბუქი ციტატები რაც ივანიშვილმა კვირიკაშვილს "აკადრა".
პირზე დააყენა მინისტრები).

კვირიკაშვილი:- ასე მწარედ ნუ მეუბნებით ბატონო ბიძინა;
- არ გადავდგები, პროექტები მაქვს დასამთავრებელი;

- მე შემეძლო მეთხოვა და დარეკავდნენ თქვენთან აშშ-დან, მაგრამ არ გამიკეთებია ეს.

- ნუ მანადგურებთ ბატონო ბიძინა;

ქუმსიშვილს რა უქნეს, მაგას არ ვიტყვი… " - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

ციტატებს თავიც რომ დავანებოთ, ისედაც გასაგებია, რომ 12 ივნისს მწვავე კრიტიკის შემდეგ კვირიკაშვილს და მთელ მთავრობას მოსთხოვეს მძიმე მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტული გეგმის სასწრაფო წარდგენა. კვირიკაშვილისთვის კი ცხადი იყო, რომ ამ გეგმის წარდგენის შემდეგ მას მაინც გადადგომა მოუწევდა და ამჯობინა მაშინათვე გადამდგარიყო, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ჩვენ არ ვიცით, რამ უფრო განაპირობა კვირიკაშვილის ეს გადაწყვეტილება: იმან, რომ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და აღარ მოითმინა ეს, ან იმან, რომ გათვალა, რომ მისთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იყო ასე წასულიყო, თანაც მიზეზად ის დაესახელებინა, რომ თვეების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, გადადგა მინისტრთა მთელი კაბინეტი და ეს, გია ვოლსკის ენით რომ ვთქვათ ის სტრესია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდებოდა.

ამით დავასრულებ ანალიზის პირველ ნახევარს, დანარჩენს კი უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ.

პეტრე მამრაძე, 20 ივნისი, 2018 წელი

იხილეთ ასევე: ფულის ტომრები, უერთგულესი ბიჭები და მოღალატეები - წინათ და ახლა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


რედაქტორის რჩევით