ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში: პიროვნების როლი და ისტორიული გარდაუვალობა (პირველი ნაწილი)
18-01-2021
ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში: პიროვნების როლი და ისტორიული გარდაუვალობა (პირველი ნაწილი)
"ეს არის ავადმყოფი ერი, ამათ სანამ არ დაა..ავ თავზე და დედას არ მოუ..ნავ, ვერ იგებენ ვერაფერს", - ეუბნება თემურ ალასანია თავის დისშვილს - მიხეილ სააკაშვილს 2018 წლის ოქტომბრით დათარიღებულ ცნობილ სატელეფონო საუბარში და რამდენჯერმე ემოციურად იმეორებს: "ქართველების დედა მოვ..ან მე!" მიშაც ეთანხმება - "ეგრე იყო ეს ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რაა ისეთი?"

მინდა დავადასტურო ამ ჩანაწერის ავთენტურობა და ისიც, რომ სააკაშვილის თანამზრახველებსაც და მომხრეებსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი
ერის უმრავლესობის მიმართ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ საუბარში თემურ ალასანია, რომელსაც რუსულ მედიაში ხშირად კა-გე-ბეს გენერლად მოიხსენებენ, ამბობს, რომ დაიღალა "ცდით", რომ ერთადერთი საშველი არის რადიკალიზაცია და რომ მზად არის მილიონი დოლარი გადაუხადოს სნაიპერს, რომელიც "ვინტოვკიდან" გასროლით მოკლავს ბიძინა ივანიშვილს.
კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორის, მიხეილ სააკაშვილის და
ბიძამისის ამ საუბარს მოგვიანებით დავუბრუნდებით, ახლა კი ივანიშვილს მოვუსმინოთ:
"საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მცირე ეკონომიკის, ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები შესადარია დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან".

"დემოკრატიული ღირებულებები უფრო სწრაფად ვითარდება ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი".

"მოგეხსენებათ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ, ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელია მაცივრები და ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, და ავანტიურისტი ძალიან ბევრია ქვეყანაში, განსაკუთრებით - უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან რთულია სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი".

ეს ნაწყვეტებია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან 2018 წლის 25 ივლისს მისცა "საზოგადოებრივ ტელევიზიას". ივანიშვილი სრულ სიმართლეს ამბობს: მრავალი ღრმა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიის სტაბილურობა დამოკიდებულია ამ სახელმწიფოში საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე მოსულ მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენად თანაბრად არის განაწილებული შემოსავლები. შესწავლილია ისიც, თუ როგორ არის დამოკიდებული დემოკრატიების "სიცოცხლის" საშუალო ხანგრძლივობა მოსახლეობის შემოსავლებზე. 2012 წელს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველო მართლაც გამონაკლისს წარმოადგენს და ეს ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში. ასეთ ღატაკ ქვეყნებში, სადაც, ამასთანავე, შემოსავლები ძალზე არათანაბრად არის განაწილებული (შემოსავლების არათანაბრობით ჩვენი ქვეყანა ლამის პირველ ადგილზეა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის) და პრაქტიკულად არ არსებობს საშუალო ფენა, ამ ცნების პოლიტიკური მნიშვნელობით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პირობების გამო ტარდება შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სულ ცოტა ხანში რეალური ძალაუფლება მდიდარი ადამიანების ხელში გადადის. ბუნებრივად ჩნდება პლუტოკრატია - პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც ყველა დონის სახელმწიფო ორგანოს მოქმედება წარიმართება არა მიღებული კანონების შესაბამისად, არამედ - ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების - პლუტოკრატების მიერ. ისინი სრულად აკონტროლებენ პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას (პირველ რიგში, ძალოვან სტრუქტურებს და საგადასახადო სამსახურებს), პროკურატურას და მთელ სასამართლო სისტემას. ასევე, აკონტროლებენ მასმედიის იმ ძირითად საშუალებებს (უპირველეს ყოვლისა, მძლავრ ტელევიზიებს), რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მცირე დროის განმავლობაში ნამდვილ დემოკრატიას ე.წ. იმიტაციური დემოკრატია ცვლის - დემოკრატიული ინსტიტუტები იმ დეკორაციად იქცევა, რომლითაც პლუტოკრატები ნიღბავენ თავის ავტორიტარულ მმართველობას.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა უცხოელმა მეცნიერებმა  საქართველოში ავტორიტარიზმის აღმოცენება და გაძლიერება ჯერ კიდევ 2006 წელს შეამჩნიეს - "დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ ქართული რევოლუციის ვარდები დაჭკნეს!", - წერდნენ ცნობილი ამერიკელი მეცნიერები ფილიპ გორდონი და დერეკ ჩოლეტი. ის, რაც შემდეგ წლებში ჩვენში ხდებოდა, ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის კარგად არის ცნობილი.
2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, პროგრესული რეფორმებისა და მოდერნიზაციის ლოზუნგებს ამოფარებული სააკაშვილი, ბიძამისთან და თავის სხვა თანამზრახველებთან ერთად, უკვე აბსოლუტურად აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს, ძირითადად - მასმედიასა და ბიზნესს. ქვედა დონის მასობრივი, ე.წ. მცირე კორუფციის მართლაც სრული აღმოფხვრის კვალდაკვალ, ელიტური კორუფცია გაძლიერდა და არნახულ დონეს მიაღწია. ადამიანის უფლებების დარღვევა მასობრივი გახდა, ხოლო ბიზნესმენებისგან ქონებისა და მთლიანად ბიზნესის წართმევა სისტემის რანგში იქნა აყვანილი. როგორც ჯორჯ სოროსი და ანრი ბერნარ-ლევი ერთობლივ წერილში აღნიშნავდნენ, სააკაშვილს არ დაუმარცხებია კორუფცია საქართველოში, მან მხოლოდ მისი მონოპოლიზება მოახდინა. (ჩემთვის ნამდვილად არ იყო სიურპრიზი სააკაშვილის ბიძის გამოქვეყნებული საუბრები იმაზე, რომ ისინი ფლორიდაში კოტეჯებს ყიდულობდნენ, ტრამპის რეზიდენციის გვერდით). მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა საკმაოდ ადვილად მიაღწიეს. სწორედ ამ სიადვილემ, განსაკუთრებით კი იმან, რომ ასე იოლად მოიპარეს ერის კუთვნილი მილიარდობით დოლარი, განაპირობა სააკაშვილის, თემურ ალასანიასა და მათი თანამზრახველების დამოკიდებულება მთელი ერისადმი.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს საზოგადოებამ, ბიზნესმენებმა, მასმედიამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ვერ გაუწიეს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ქმედითი წინააღმდეგობა. ასე, ერთგვარი "ცოცხალი ექსპერიმენტის" მეშვეობით, საქართველოს მაგალითზე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა კარგად ცნობილი ზოგადი კანონზომიერება, რომ ღატაკ ქვეყნებში რაღაც მომენტში მიღწეული დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნება ვერ ხერხდება და დემოკრატიას მალევე სხვადასხვა ფორმის არადემოკრატიული რეჟიმი ცვლის.

ჩვენში ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი იყო პათოლოგია, რომელსაც ჩვენი ხალხი არ დაუშვებდა, გარე ძალების ჩარევა რომ არა. ბევრს სჯერა, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ვერ დაამყარებდნენ ასეთ კონტროლს მთელ ქვეყანაზე და ვერ ჩაიდენდნენ მასობრივ დანაშაულს, მათ შორის - 2008 წლის აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას, რომელიც მთელი საქართველოსთვის დიდი ეროვნული კატასტროფით დასრულდა; ციხეებში პატიმრებისადმი სადისტურ, პათოლოგიურ მოპყრობას და ა.შ., სააკაშვილს დასავლეთისა და, პირველ რიგში, ვაშინგტონის "ობკომის" მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა. ეს მითია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან, მაგრამ ასეთი რწმენა იცავს ამ ადამიანებს მწარე სინამდვილისგან. სინამდვილე კი ის არის, რომ საქართველოში ავტორიტარული კლეპტოკრატიის (ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმის) დამკვიდრება, ისევე, როგორც ეს მოხდა ზოგიერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, იყო სრულიად ჩვეულებრივი, ბუნებრივი და პრაქტიკულად გარდაუვალი რამ. მახსოვს, როგორი სინანულით მელაპარაკა მოვლენათა ასეთი განვითარების გარდაუვალობაზე ჯერ კიდევ 1992 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული გაეროს მაღალჩინოსანი, ცნობილი მოღვაწე ანტუან ბლანკა. იგი პირადად იცნობდა შევარდნაძეს და დიდ პატივს სცემდა მას, მოგვილოცა პარლამენტის არჩევნების წარმატებულად ჩატარება, მაგრამ შემდეგ კონფიდენციალურად დამელაპარაკა (ერთად მოვფრინავდით სოხუმიდან) და მითხრა, რომ ერთი ადამიანი, რაგინდ დიდი უნდა ყოფილიყო, ვერ შეცვლიდა საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და ვერ ააცილებდა ქართველ ერს იმას, რაც გარდაუვალი იყო. მახსოვს, ბლანკამ სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფოს მაგალითი მოიყვანა და მითხრა, რომ იმ ქვეყნებს პარლამენტებიც აქვთ, კონსტიტუციები და პროგრესული კანონები არ აკლიათ, არჩევნებსაც რეგულარულად ატარებენ, მაგრამ რეალური ძალაუფლება რამდენიმე ათეული, ყველაზე მდიდარი და, შესაბამისად, გავლენიანი ოჯახის ხელში რჩება.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი თავიდანვე იყო კონტრელიტების რჩეული, ანუ იმ მდიდარი ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩამოშორებულები იყვნენ ხელისუფლების სადავეებს და თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ. მაშინ ისინი, 2012 წელს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კონტრელიტების რიგებში გადასული თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილის და მათი თანამზრახველების მსგავსად, დაღლილები იყვნენ "ცდით" და ოცნებობდნენ მათთვის მომგებიან "რადიკალიზაციაზე". მათ შორის იყვნენ რევანშისტულად განწყობილი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც კორუფციის მეშვეობით მოიპოვეს დიდძალი ქონება და უნდოდათ მაღალ თანამდებობებზე დაბრუნება, იმისთვის, რომ ისევ ჰქონოდათ წვდომა ზემოგებაზე ე.წ. კორუფციული რენტის სახით. ეს ადამიანები თვალს ადევნებდნენ ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს და თავისი შიდა "კასტინგის" შედეგად შეარჩიეს სააკაშვილი "ვარდების რევოლუციამდე" ორიოდე წლით ადრე. შემდეგ დაუკავშირდნენ მას და შესთავაზეს თანამშრომლობა და დაფინანსება (ეს შეხვედრა და მისი დამაგვირგვინებელი ტრადიციული სუფრა 2008 წელს აღწერა თავის ინტერვიუში იქ დამსწრე რამაზ კლიმიაშვილმა). მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმ დღეებში, როდესაც ელიტური კორუფციის სიმბოლოებად ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში აპატიმრებდნენ, მთავრობის სხდომაზე ერთმა მინისტრმა ჰკითხა მაშინდელ პრემიერს ზურაბ ჟვანიას, თუ რატომ არ აპატიმრებდნენ სხვა, არანაკლებად კორუმპირებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს და რამდენიმე გვარიც დაასახელა. "მინდა მოგცეთ გარანტია, რომ ამ ადამიანებს არასოდეს დააპატიმრებენ", - სიცილით უთხრა პრემიერმა და შეკითხვები აღარავის დაუსვამს. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი თავიდანვე კორუფციით გამდიდრებული კონტრელიტების რჩეული იყო, არსებითია საქართველოში განვითარებული პროცესების გასაგებად.

"ძალაუფლება რყვნის (და აგიჟებს), აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის (და აგიჟებს) აბსოლუტურად" - დიდი მოაზროვნის, ლორდ ექტონის ცნობილ გამონათქვამს მე დავუმატე მხოლოდ ფრჩხილებში ჩასმული "და აგიჟებს". მართლაც, აბსოლუტური ძალაუფლება, დიდ ფულთან ერთად, გარყვნის გარდა ხშირად აგიჟებს კიდეც და სააკაშვილი ამის ტიპური მაგალითია. სააკაშვილი ტკბებოდა აბსოლუტური ძალაუფლებით, იმით, რომ შეეძლო ადამიანების ლიკვიდაციის და სასტიკი წამების ბრძანებების გაცემა და ეს ბრძანებები ულაპარაკოდ სრულდებოდა. ბოლოს იგი თვითონ გახდა საკუთარი რეჟიმის დაქცევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, სააკაშვილთან და მის გუნდთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში ჩატარებული რეფორმების მთავარმა სპონსორმა - ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენში დღემდე ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ "ვარდების რევოლუციის" რეფორმები, რომელთა შედეგად საქართველოში, მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო მოკლე დროში, შეიქმნა თანამედროვე, არაკორუმპირებული სახელმწიფო ინსიტუტები, რეფორმები, რომლებმაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, შეუძლებელი იქნებოდა ივანიშვილის სპონსორობის გარეშე. იმ წლებში ივანიშვილმა რეფორმებზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დახარჯა მიზნობრივად. გაოგნებული უცხოელი დამკვირვებლების თვალწინ არნახულად მოკლე დროში გაჩნდა სრულიად ახალი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საპატრულო პოლიცია, საბაჟო სამსახური, არმია, განათლების სისტემა და ა.შ. სპონსორობის სანაცვლოდ კი, თავისი მრწამსის შესაბამისად, ივანიშვილი ერთ რამეს სთხოვდა სააკაშვილს და მის მთავრობას - არ გაემხილათ მისი სახელი. მინდა აღვნიშნო, რომ ივანიშვილის ამ თხოვნას "ნაცები" დიდი ხალისით ასრულებდნენ.

პირველი ნაწილის დასასრული
პეტრე მამრაძე, 17 იანვარი, 2021 წელი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
30 იანვარი 2021 01:02
პეტრე როგორ ხარ?
გივი
20 იანვარი 2021 14:00
ამისი გაპრავებაღა აკლდა, მერედა, ვინ შეუშალა ხელი 8 წლის განმავლობაში რაიმე გაესწორებინა,პირიქით უკან წავიდა ქვეყანა, სააკაშვილი 9 წელია, .აღარაა.
პატრიოტი 2
18 იანვარი 2021 15:29
ივანიშვილი-შედარებით წარმატებული რუსული პროექტი. სხვა პროექტებიც ბევრი იყო, მაგ. პეტრე მამარაძე.უბრალოდ კომენტარადაც არ ღირან!!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?