კლოუნი ბულვარში, ანუ მოდელირებული ქრონიკა 2021 - კვირის პალიტრა

კლოუნი ბულვარში, ანუ მოდელირებული ქრონიკა 2021

დილით ვუყურებდი სააკაშვილის პროპაგანდონი "ჭუტავიზია"- ტელევიზიის გადაცემას ბათუმის ბულვარიდან: ჟურნალისტი ქალბატონი იქეთ-აქეთ დარბოდა უაღრესად აღელვებული (აშკარა იყო, რომ სიცილს ძლივს იკავებდა) და სულმოუთქმელად ყვებოდა, რომ სწორედ იქ, იმ ადგილას ჩაიწერა ბათუმში შემოსულმა სააკაშვილმა თავისი მიმართვები ქართველი ხალხისადმი. გულიანად ვიცინე, თან ვპასუხობდი მეგობრების ზარებს, რომლებიც სიცილით იგუდებოდნენ. ამ სიცილში კი გამახსენდა 2010 წლის 13 მარტს "იმედზე" გასული "იმიტაციური ქრონიკა", რომელიც ნამდილად არ იყო სასაცილო. მან დიდი მღელვარება გამოიწვია საქართველოში. ზოგიერთი პანიკას აჰყვა და ცდილობდა თბილისიდან ოჯახის გაყვანას - ბენზოგასამართ სადგურებზე რიგები დადგა, იყო გულის შეტევები და მსხვერპლიც. იმ "ქრონიკამ" მთელი მსოფლიო გააოგნა და დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

"მასთან (მ. სააკაშვილთან, პ.მ.) დაახლოებულმა ტელეარხმა შაბათ საღამოს მაყურებელს რუსული ინტერვენციის შესახებ აცნობა. არხმა გადმოსცა, რომ ქვეყანა იბომბებოდა და მოაწყო იმის ინსცენირება, თუ როგორ იღებს ოპოზიცია ხელში ძალაუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის მოკვლის შემდეგ. ამით ამ ადამიანის სიგიჟეების რიგმა ახალ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მან, თავისი პროვოკაციების მეშვეობით, ნამდვილი კავკასიური ომი წამოიწყო. 2008 წლის ნოემბერში მან მიიყვანა პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი "სამხრეთ ოსეთის" საზღვართან და სროლის ინსცენირება მოაწყო. ახლა, როგორც ჩანს, მას დასჭირდა რაღაცა მოემოქმედა ოპოზიციაზე ჯავრის საყრელად. იმ ოპოზიციაზე, რომელიც ვითარების დამშვიდების მიზნით პუტინს დაელაპარაკა.

მშვიდობა? დღეს აბსოლუტურად ცხადია, რომ სააკაშვილის რეჟიმი მაღალი რისკების შემცველ განუკითხაობაზეა დამყარებული. ეს კაცი დასავლეთის მოკავშირე არ არის". აი, მაგალითად, რას წერდა იმ დღეებში "ბერლინერ ცაიტუნგი" (წერილის სათაურია "ინსცენირების დიდოსტატის მიერ დადგმული კავკასიური ომი"). ზოგი ჩვენს პრეზიდენტს "პატარა კავკასიური ქვეყნის შეშლილ დიქტატორად" მოიხსენიებდა; "სქაი ნიუსმა" საქართველოში არსებულ რეჟიმს "სააკაშვილის კლოუნების თეატრი" უწოდა. (სასაცილოა, მაგრამ სააკაშვილის კლოუნების თეატრის ერთერთი მთავარი კლოუნი გიგა ბოკერია უკვე რამდენიმე წელიწადია "კლოუნებს" ხელისუფლებას უწოდებს). მაშინ, დასავლურ პრესაში პუბლიკაციების ნიაღვარი რამდენიმე კვირის შემდეგაც არ წყდებოდა და "იმიტაციურმა ქრონიკამ" რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველა დროის "10 უდიდეს გაყალბებაშიც" დაიმკვიდრა საპატიო ადგილი - მიშაც ბედნიერი იყო.

რა ხდება ახლა?

დავიწყებ იმით, რომ სააკაშვილს პირადად ახლოს ვიცნობ (გავიცანი 1992 წელს - მიშა 24 წლისა იყო) და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იგი არის კლინიკური ფსიქოპათი (ეს კარგად იციან მისი ოჯახის წევრებმა) და მისთვის დამახასიათებელია ამ ავადმყოფობის ყველა ნიშანი: ის სრულიად მოკლებულია ზნეობრივ განცდას და სინდისის ქეჯნას; იგი მუდამ იტყუება და ხშირად სჯერა საკუთარი ტყუილისა; გამუდმებით ცდილობს სხვა ადამიანებით მანიპულირებას და ა.შ. ხაზს ვუსვამ - ეს თვისებები ავადმყოფობითაა განსაზღვრული და არ არის დამოკიდებული აღზრდასა და გარემოზე - ეს თვისებები ყველა ფსიქოპათს ახასიათებს. ფსიქოპათისათვის აუცილებელი თვისებების გარდა სააკაშვილს სწამს, რომ პოლიტიკაში მთავარია ტელეეკრანზე საჭირო სურათის შექმნა. "მთავარია სწორი "კარტინკა" დადგა, მერე რაც გინდა, აკეთე", ხშირად ამბობდა სააკაშვილი ვიწრო წრეში. ნორმალური ადამიანისათვის ძნელია იმის დაჯერება, რომ სააკაშვილი ჩქარობდა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში გამარჯვების აღლუმის ჩატარებას სწორედ საჭირო და მისი მრწამსით უებარი "კარტინკის" შესაქმნელად. სააღლუმო კორტეჟს მაშინ გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა - მიჰქონდათ წითელი ფიანდაზები, კათედრები, დროშები, ფეირვერკი და ა.შ. აღლუმი 8 აგვისტოს 13-14 საათზე იყო დანიშნული და უგულავა უკავშირდებოდა მობილურით ჩვენს ოფიცრებს, რომლებიც სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული და უყვიროდა, რომ მალე დაესრულებინათ ყველაფერი. სააკაშვილს კი სწამდა, რომ საკმარისი იყო ჩაეტარებინა აღლუმი, რომელსაც მაშინათვე მთელი მსოფლიოს ტელევიზიები აჩვენებდნენ, და რუსები ვეღარ გაბედავდნენ ცხინვალში შესვლას...

სააკაშვილის მეორე ინდივიდუალური თვისებაა ის, რომ მუდამ უნდა იყოს მთავარი შოუმენი. ტელეეკრანებზე გამოჩენა და საკუთარი გვარის ნახვა პოპულარული გაზეთების პირველ გვერდზე მისთვის ისევე აუცილებელია, როგორც უიმედო ნარკომანისათვის ნარკოტიკი. ამისათვის იგი მზადაა ირბინოს სახურავებზე, გამოპანღურებული იყოს და ა.შ. ვაი იმას, ვინც ამაში შეეცილება - მიშა ამას ვერ აპატიებს, და ეცდება ეს გადაფაროს თავისი, თუნდაც გიჟური მოქმედებით. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ნაციონალური პარტიის თავმჯდომარედ სააკაშვილის ჯინაზე აირჩიეს მიშას წინააღმდეგ ამბოხებულმა თანამზრახველებმა (შეგახსენებთ -სააკაშვილმა მაშინ გრიგოლ ვაშაძე წარადგინა თავმჯდომარის თანამდებობაზე). სააკაშვილის მიმართ მისი თანამზრახველების განწყობა ადექვატურად აისახა სალომე სამადაშვილის ცნობილ სატელეფონო საუბარში, რომელშიც მიშას ხსენებაზე სამადაშვილი სულ "ნახუი, ნახუი"-ს იმეორებს. ამის შემდეგ მელიამ გადაფარა სააკაშვილი თავისი დაპატიმრების დრამატული კადრებით, ციხეში ჯდომით და ა.შ. მაშინათვე ვთქვი, რომ არჩევნებზე სააკაშვილი რაღაცას იზამდა, ამის გადასაფარად, თუმცა ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, ვინაიდან პათოლოგიური ლაჩარია და პსიქოპათი. მან იცის, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში თვითონ მოყვება თავის მრავალ დანაშაულზე და შეიძლება უვადო პატიმრობაც არ ასცდეს.

შესაბამისად, სააკაშვილი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩამოვიდეს, თუ დაიჯერებს, რომ არაფერი ემუქრება. მაგალითად, თუ იწამებს, რომ აეროპორტში ან სარფში მას ასობით ათასი თაყვანისმცემელი დახვდება მიშა-მიშას ძახილით და პრეზიდენტის რეზიდენციაში მიაბრძანებენ ერთგული პოლიციისა და არმიის თანხლებით...

მაინც როგორ აისახება სააკაშვილის ეს ყალბი ქრონიკა არჩევნების შედეგებზე? სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა არ შეიცვლება - მას ისევ ის ფანატები მისცემენ ხმას, რომლებიც მიდიან არჩევნებზე ნებისმიერ ფიზიკურ და პოლიტიკურ ამინდში და სულ არ აინტერესებთ, ვინ არის სააკაშვილის პარტიულ სიაში პირველი ნომერი - ბუბა კიკაბიძე, თუ სოფო ნიჟარაძე; ან ის, რომელ სახურავზე დარბის სააკაშვილი და მართლა ბათუმშია ჩასული, თუ ისევ უკრაინაში იმყოფება. სამაგიეროდ სააკაშვილის ექსცესები იწვევს პასიური ამომრჩევლის მობილიზებას ან "ოცნების", ან სხვა პარტიების სასარგებლოდ. ეს კი ზრდის არჩევნებზე მისულების რადენობას და ამცირებს "ნაცებისათვის" მიცემული ხმების ხვედრით წილს. "სულ არ ვაპირებდი არჩევნებზე წასვლას და ამ იდიოტებისათვის ხმის მიცემას. ახლა კი ამ იდიოტის გამო იძულებული ვარ წავჩანჩალდე არჩევნებზე და ხმა მივცე ამ იდიოტებს", მითხრა დღეს ერთმა მეცნიერმა. სხვადასხვა ფორმით ეს სხვებმაც მითხრეს.

ეს ყველაფერი კარგად ესმით "ნაცისტების" აქტივისტებს და ნიკა მელიას.

"ამ ტელეგადაცემაზე დასავლური კომენტარების უმრავლესობა შეიცავს იმის მინიშნებებს, რომ შეუძლებელია ქართველებს გაუგო, ისინი ან გიჟები არიან, ან რამე უფრო უარესიც სჭირთ". სინანულით წერდა "იმიტაციური ქრონიკით" გამოწვეულ კომენტარებზე პოლ გობლი - საქართველოს ნამდვილი მეგობარი, შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნება. დარწმუნებული ვარ, ამჟამად უცხოელების კომენტარები უშუალოდ სააკაშვილს შეეხება და არა ჩვენ ხალხს.

პეტრე მამრაძე, 1 ოქტომბერი 2021 წელი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს