წინასაარჩევნო შეჯანჯღარება მთავრობაში გარდაუვალია!.. - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო შეჯანჯღარება მთავრობაში გარდაუვალია!..

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 5 პრემიერ-მინისტრი გამოვიცვალეთ, რომელთაგან "ნაბოლარა", ნიკა გილაური ყველაზე იღბლიანადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამ უკანასკნელს თითიც არ გაუნძრევია, ისე დაიკავა მთავრობის პირველი პირის სავარძელი. ეს მისმა ოპონენტებმა შემთხვევითობადაც კი მონათლეს. გილაურის ჯანმრთელობას, ზოგიერთი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, არც საფრთხე დამუქრებია და მას, ლაშა ჟვანიას თუ არ ჩავთვლით, მომდურავიც არავინ გამოსჩენია მთავრობაში. თუმცა, არცთუ დიდი ხნის წინ, სახელისუფლებო კულუარებში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის შეცვლაზე ავისმომასწავებელი საუბრები მაინც მოვისმინეთ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატების განხილვამ პრესის ფურცლებზეც გადაინაცვლა. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად მამუკა ხაზარაძეც დასახელდა. როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფიგურების საბანკო სექტორიდან პოლიტიკაში და პირიქით, პოლიტიკიდან საბანკო სექტორში გადანაცვლება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ყველას კარგად გვახსოვს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ "საქართველოს ბანკის" სახემ ლადო გურგენიძემ როგორ შესძინა სახელისუფლებო გუნდს ახალი იმიჯი. ხელისუფლება კი ახლაც ემზადება არჩევნებისთვის და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ,  არცთუ შორეულ პერსპექტივაში არა მხოლოდ ადგილობრივი, საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნება. თუმცა, დაუჯერებელია, მამუკა ხაზარაძემ კოლეგების გამოცდილება და პოლიტიკაში განცდილი კრახი არ გაითვალისწინოს და პრემიერმინისტრობას ადვილად დათანხმდეს. სხვათა შორის, გილაურის შემცვლელად  ეკა ზღულაძეც დასახელდა, რაც ცოტა არ იყოს, სკანდალური და დაუჯერებელიც კი გახლდათ. ასეა თუ ისე, ავი ენები ნიკა გილაურს ისევ ფინანსთა მინისტრად დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. აქამდე ლაპარაკი იყო დავით სიხარულიძის განათლების მინისტრად დანიშვნაზე, ხოლო ნიკა გვარამიას ისევ იუსტიციის მინისტრად დაბრუნებაზე, მაგრამ ეს საკითხიც ჯერჯერობით ღიად დარჩა (ზურაბ ადეიშვილი თურმე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს). გვარამიას იუსტიციის მინისტრად დაბრუნებას, როგორც ამბობენ, წყალი არ გაუვა; განათლების მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კი კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრად გიგა ბოკერიას კანდიდატურას განიხილავენ, პრიმაბალერინას მეუღლე გრიგოლ ვაშაძე კი "ჰაერში" რჩება. ამიტომ ზოგი მის განათლების მინისტრად დანიშვნასაც არ გამორიცხავს. ჯანდაცვის სამინისტროს კულუარებში უკვე ელოდებიან, რომ კვიტაშვილს რუსუდან კერვალიშვილი შეცვლის, თუმცა იგი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

"კვირის პალიტრამ" იმ სახელისუფლებო ინტრიგების შესახებაც შეიტყო, რომელიც, ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, ამ საკადრო გადაადგილებებზე საუბრებს წინ უძღოდა. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავა თურმე სოფლის მეურნეობის მინისტრობისთვის იბრძოდა და მას ზურგს პეტრე ცისკარიშვილიც უმაგრებდა, მაგრამ გეგენავამ საკუთარი ძალები სწორად ვერ შეაფასა და ნებსით თუ უნებლიეთ, ვანო მერაბიშვილის ფავორიტს, "სამტრესტის" მმართველს, ვასილ მანაგაძეს დაუპირისპირდა, რომელიც ღვინის ხარისხს ამოწმებს და მის საზღვარგარეთ გატანაზე საჭირო ნებართვას გასცემს. გეგენავას კოვზი ნაცარში ჩაუვარდაო, - უკვე ლაპარაკობენ პარლამენტის კულუარებში.

სახელისუფლებო ვერტიკალში არცთუ მაღალ საფეხურებზე მყოფი პირების ცნობისმოყვარეობის არეალში ისევ რჩება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაპირისპირების თემა. უკვე ცხადია, რომ უგულავა ქალაქის არჩეული მერის სტატუსისთვის იბრძოლებს, რაც შემდეგ მისი გაპრეზიდენტებისთვის კარგი ტრამპლინი იქნება. მერაბიშვილს კი უგულავას შემცვლელად  "უწყინარი" გიორგი გოგუაძე ესახება, რომელსაც "სახალხო ბანკი" ისე დაათმობინეს, ერთი ვაი არ უთქვამსო. გოგუაძეს პოლიტიკაში ძლივს ფეხი შეაყოფინეს და ახლა მის სიღრმეშიც ექაჩებიან. აშკარაა სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის სურვილი, - მერის თანამდებობა პრეზიდენტობისთვის საბრძოლველად ვერც ერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ ტრამპლინად ვერ გამოიყენოს. როგორც ჩანს, სააკაშვილს მემკვიდრეზე სულ სხვა წარმოდგენა აქვს და მას ვანო მერაბიშვილიც ეთანხმება. ასე რომ, არჩევნები არც ისე შორს არის, მანამდე კი დროებით მიძინებულ მინისტრთა კაბინეტს ერთი შეჯანჯღარება მაინც არ ასცდება...