"ჩვენც ვიცით, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია" - კვირის პალიტრა

"ჩვენც ვიცით, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია"

ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების შესაფასებლად პარლამენტარ ხათუნა ოჩიაურს დავუკავშირდით.

- რა შთაბეჭდილება დატოვა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციამ?

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი არ იქნება ნატო. მოგვიანებით ირაკლი ალასანიამ დააზუსტა, ნატოსთან ინტეგრაცია 20-30 წლის განმავლობაში არ მოხდებაო, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს ომი საქართველოს დაუწყია. ეს მესიჯები სრულიად საკმარისია, რომ გავიგო, რა ტიპის პოლიტიკოსთან მაქვს  საქმე.

-  თქვენი აზრით, რა ჰქვია ამ ტიპის პოლიტიკოსს?

- იანუკოვიჩი ჰქვია უკრაინაში, საქართველოში... (იცინის)

- ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ საქართველომ დაიწყო შეტევა.

- ტალიავინის დასკვნაში დიდი სიზუსტით არის აღწერილი, - 7 აგვისტომდე მობილიზებული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის სახით აშკარა იყო რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, ასევე ნათქვამია, რომ 8 აგვისტომდე იბომბებოდა ქართული სოფლები, 8 აგვისტოდან კი ქართული მხარეც ჩაება სამხედრო დაპირისპირებაში. ეს ჩვენც ვიცით, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, სამხედრო თავდაცვა, პასუხი აგრესიაზე.

- როგორ ფიქრობთ, ნატოში რამდენ ხანში შევალთ?

- დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შანსი გვაქვს, ნატოს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ.

- რამდენ ხანში?

- ვერ გეტყვით. ის კი ვიცი, როდესაც ალასანია და ივანიშვილი ვარაუდობენ 20-30 წელი ვერ შევალთ ნატოშიო,  ამით პუტინს უგზავნიან მესიჯს, რომ ამ ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას არ შეახსენებენ ნატოს, ანუ საქართველოსთვის პრიორიტეტად არ დასახავენ ნატოში გაწევრებას...

ჟურნალისტი ჩაეკითხა ივანიშვილს, იყო თუ არა მისი პრიორიტეტი ნატოსთან ინტეგრაცია.  მან კი უპასუხა, ნატოსთან დაგვაშორა მიხეილ სააკაშვილმაო, დავანებოთ თავი მიხეილ სააკაშვილს, პრიორიტეტი დაესახელებინა! ივანიშვილმა თქვა, რომ ნატოში ჩვენი სრულუფლებიანი წევრობა გადადებული იქნება დიდი ვადით. არ უთქვამს, რომ მისი პრიორიტეტი ნატო იქნება.

- სააკაშვილი მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში სტუმრობდა. მისაღებია "ჩახუტება" იმ კაცთან, რომელიც ქართველებს ყოველთვის ღვარძლიანად გვლანძღავდა?

- ქორწილში არ ვყოფილვარ. მაგრამ როგორც ვიცი, სტუმრად ჩამოსული იყვნენ რუსეთის კულტურის წარმომადგენლები და შესაძლოა მათთან შეხვედრას და გასაუბრებას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.

- მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოსაზრებით წავიდა ამ ქორწილში?

- ვერ გეტყვით, რა იყო ზუსტი მოტივი, მაგრამ ვერაფერს საძრახისს ვერ ვხედავ.

- კოტე კუბლაშვილმა გაახმოვანა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომ  საზოგადოების 72% ენდობა სასამართლოს. გჯერათ, რომ ეს რეალური მონაცემია?

- ეს კვლევები NDI-მ და IRI-მ გამოაქვეყნეს. შესაძლებელია, რომ ასეც იყოს, არავითარი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო.