"ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა უკიდურესობაში არ გადავვარდეთ" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა უკიდურესობაში არ გადავვარდეთ"

"20 წელია ახალი კერპების შექმნისა და ძველის ნგრევის გარდა სხვა არაფერი გაგვიკეთებია"

"ცხადია, რომ ჟურნალისტთა ერთი ნაწილის ფონზე რესპონდენტი უფრო ღირსეულად წარმოჩნდა"

"საქართველო არ უნდა იყოს გლადიატორების ბრძოლის არენა"

"ჩვენ ვიღაცის კი არა, ყველას საქართველო გვინდა"

გთავაზობთ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერ გიორგი თარგამაძესთან, რომელთანაც საუბარი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შეფასებით დავიწყეთ:

- როგორც ყოფილ ჟურნალისტსა და მოქმედ პოლიტიკოსს ძალიან მიჭირს შევაფასო ის, რაც ამ პრესკონფერენციაზე ვნახე. ეს იყო ისტერია, რომლითაც მოგებული არ დარჩენილა არც ჟურნალისტური სამყარო და ვერ ვიტყვი, ამით რაიმე მოეგო პრესკონფერენციის ორგანიზატორ მხარესაც, თუმცა,  ცხადია, რომ ჟურნალისტთა ერთი ნაწილის ფონზე რესპონდენტი უფრო ღირსეულად წარმოჩნდა.

ასეთი პრესკონფერენციით, რომელსაც პრესკონფერენციასთან საერთო ძალზე ცოტა რამ ჰქონდა, წააგეს იმ მედიასაშუალებებმა, რომელთაც აბსოლუტურად არასწორი ფორმა შეარჩიეს თუნდაც უმწვავესი შეკითხვების დასმისა.

- რა იყო ამ ისტერიის მიზეზი?

- ეს განაპირობა იმ ვითარებამ, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რომლის თავიდათავი მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზროვნების წესია. არც ერთი ადამიანი ავტორიტარი თავისით არ ხდება, ამისკენ უბიძგებენ ისინი, ვინც მას მესიად, მხსნელად რაცხენ. რაც საქართველოში ახლა ხდება,  იმის გამოძახილი იყო ეს პრესკონფერენციაც. ეს არის იმ არაჯანსაღი საზოგადოებრივი გარემოს ანარეკლი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. რომ ვიკითხოთ, ყველა თავდადებული მართლმადიდებელი ვართ და 20 წელია ახალი კერპების შექმნისა და ძველის ნგრევის გარდა სხვა არაფერი გაგვიკეთებია. ეს არის სახადი, რომელიც ვერა და ვერ მოვიხადეთ.

ეიფორიაში ჩავარდნილი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გარკვეული პირის ხელში თუ მოხვდა, რადიკალურად შეცვლის მათ ცხოვრებას ერთ დღეში, ერთ წელიწადში დემოკრატიას ააშენებს, ორ წელიწადში კი ყველა გავმდიდრდებით.

- გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის თქვენთან სტუმრობის მიზეზი რა იყო და ხომ არ გისაუბრიათ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე?

- თქვენს კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ - საუბარი გვქონდა იმ პოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია და იმ როლზე, რომელიც ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ უნდა ითამაშოს. აშშ-ის ელჩის მოსვლა ჩვენი პარტიის ოფისში მნიშვნელოვანი ჟესტი იყო და ბატონი ბასის განცხადებითაც ნათელი გახდა, რომ აშშ ცალკეულ პირებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არ უჭერს მხარს, არამედ კონკურენტული პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე ადამიანის პროდემოკრატიულობაზე, პროდასავლურობაზე, კარგ ხასიათზე თუ დიქტატორულ თვისებებზე, არამედ დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ბალანსზე, რომელიც კონკრეტული მექანიზმებით შეიქმნება. ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის, პოლიტიკური ბალანსისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიისა ან პოლიტიკური ჯგუფის არსებობა, რომლებიც არც იმდენად ძლიერები იქნებიან, რომ სხვები გაანადგურონ, მაგრამ იმდენი ძალა ექნებათ, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე. ეს არის ამერიკელებისა და ჩვენი სურვილიც. უპირველესად კი ქართველი საზოგადოება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არ განმეორდეს ის, რაც 20 წლის განმავლობაში ციკლურად მეორდება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკურ პროცესებს უნდა შევუწყოთ ხელი და არა ერთი დომინანტი პირის ან პოლიტიკური ჯგუფის მეორე დომინანტით შეცვლას.

საქართველო არ უნდა იყოს გლადიატორების ბრძოლის არენა, სადაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს  მტრად მოიაზრებენ, სადაც გამარჯვებული კლავს დამარცხებულს და თანამშრომლობის პერსპექტივა დაპირისპირების დაწყებისთანავე ისპობა. ზომიერი პოზიციის დაკავება ძნელია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარების ერთადერთი პერსპექტივა სწორედ ეს არის. ჩვენ სრულიად ადეკვატური დამოკიდებულება გვაქვს როგორც მმართველი გუნდისა და პირამიდის სათავეში მდგომი მიხეილ სააკაშვილის, ისე იმ ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც ბატონი ივანიშვილის ქოლგის ქვეშ ყალიბდება.

ჩვენ არც სააკაშვილის მეფობანას შევგუებივართ და არც აზროვნების მონოპოლიზაციაზე პრეტენზიის მქონე მილიარდერის ინტრონიზაციის მცდელობაში ვაპირებთ მონაწილეობას. ეს იყო ძირითადი შეტყობინება, რომელიც ჩვენთან სტუმრობის დროს აშშ-ის ელჩს გადავეცით.

- წარმოგიდგენიათ ივანიშვილთან თანამშრომლობა რომელიმე საკითხზე?

- ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მკვეთრი დაპირისპირების დროსაც კი ვითანამშრომლოთ პოლიტიკურ ძალებთან. როდესაც ასეთი პრეცედენტები არსებობს, ვერ ვხედავ პრობლემას თემატური თანამშრომლობისა რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან, მაგრამ არის წინა პირობები, რომლებიც ჩვენ დასახული გვაქვს. ეს უკავშირდება ივანიშვილის პირველ განცხადებებს. თუ ის ეპითეტები, რომელიც გამოიყენა ჩვენზე საუბრისას, ისევ ძალაში რჩება, ეს ავტომატურად გამორიცხავს ჩვენს შორის კომუნიკაციასაც კი. ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ამ კონტექსტში განვიხილავთ ნებისმიერ შესაძლო თანამშრომლობას, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკუთარი ღირსების დაცვაც. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას. ასე რომ, ჩვენი პოზიცია მისხლითაც არ შეიცვლება და როგორ შეიცვლება ბატონი ივანიშვილისა, ეს მომავალში მის განცხადებებში გამოჩნდება. თუმცა არის ბევრი რამ, რაც ჩვენ განგვასხვავებს, კერძოდ, რუსეთთან ჩვენი ქვეყნის პოზიცია,  2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მიზეზებისა თუ შედეგების შეფასება, ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ა.შ. ამ მხრივ ბატონი ივანიშვილისაგან დიდად განვსხვავდებით.

ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო დიდი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია. ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოში და ჩვენი ხელისუფლება მოექცა ხაფანგში, რომლიდან თავის დაძვრენა შეიძლებოდა, მაგრამ იმის თქმა, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარზე ქართველებს გვაწევს პასუხისმგებლობა, ძალზე არასწორი აზროვნებაა.

- რატომ მისცა ამ რეზოლუციას ხმა ქართულმა დელეგაციამ?

- რეზოლუციაში არ წერია, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. იქ წერია, რომ  სამხედრო მოქმედებები აქტიურ საომარ ფაზაში გადავიდა ცხინვალის მიმართულებით სროლის შემდეგ, მაგრამ ეს ქართველების დაწყებული ომი იყო თუ რუსების პროვოცირებული და მათი სამხედრო აგრესია, ამას ორივე მხარე განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვაძლევთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ევროსაბჭოს ამ რეზოლუციას განვმარტავთ. იქ პირდაპირ რუსეთია დადანაშაულებული, რომ მას ევროსაბჭოს წევრი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ უნდა დაეწყო. იქ არის მოთხოვნები, რომ უარყოს ამ ორი ტერიტორიის უკანონო აღიარება და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე ტერიტორიაზე, ხელი შეუწყოს ეთნიკური წმენდის გამო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ქართველების დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

- მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე საქართველოს დათანხმება სწორად მიგაჩნიათ?

-  არ უნდა ჩავვარდეთ უკიდურესობაში. უკიდურესობაა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამას ნათლავს დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად და ასევე უკიდურესობაა, როდესაც ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ, საქართველოს ეს არ უნდა დაეთმო და კიდევ მეტის მიღება შეიძლებოდაო. მეტის მიღება არ შეიძლებოდა. მეტიც, იმდენად სახიფათო მიჯნასთან ვიდექით, შეიძლებოდა, საქართველოსთვის არც ეკითხათ ამ საკითხის გადაწყვეტა. მთავარია, ამ შეთანხმებით რუსეთის ფედერაციამ აღიარა საქართველო-რუსეთის ეკონომიკური საზღვრები. ფსოუზე და როკის გვირაბთან ტვირთების მონიტორინგს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შვეიცარიის მიერ დაქირავებული საერთაშორისო ლიცენზიის მქონე კომპანია ჩაატარებს და საქართველოს ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია ექნება. ამ შეთანხმებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა გაგვიჩნდება რუსეთთან. ამაზე უკეთესი შედეგის მიღწევა დღეს შეუძლებელი იყო.

ოპოზიციურ ფლანგზე იმედგაცრუება სუფევდა, საზოგადოება ხედავდა, რომ ერთი-ორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებდა ხელისუფლებასთან თანასწორ პაექრობას. სააკაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილ ვაკუუმში ვიღაც უნდა გამოჩენილიყო და გამოჩნდა ბატონი ივანიშვილი. ამიტომაც მის პოლიტიკაში შემოსვლას დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა უკიდურესობაში არ გადავვარდეთ. ჩვენ უკვე გვქონდა პროექტი "საქართველო შევარდნაძის გარეშე". ახლა თუ დაიწყო პროექტი "საქართველო სააკაშვილის გარეშე", ეს ისევ მოიტანს მიშას ან ვიღაცის საქართველოს. ჩვენ ვიღაცის კი არა, ყველას საქართველო გვინდა, სადაც ყველას ინტერესი იქნება დაცული და ერთ პირზე არ იქნება დამოკიდებული, დემოკრატიას ააშენებს თუ თავზე დაგვამხობს.

"ბოლო სიტყვა მუდამ საზოგადოებრივ აზრს ეკუთვნის" ნაპოლეონი