"ეს საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ" - კვირის პალიტრა

"ეს საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ"

"ქართუ ბანკის" კრედიტორებს იბარებენ და ეუბნებიან, არ დაფაროთ კრედიტები და ამით პრობლემა არ შეგექმნებათო"

ბოლო დროს ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ დააფინანსებს პოლიტიკურ ძალებს ბიძინა ივანიშვილი, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობას არ აღუდგენენ. ამ თემაზე  გვესაუბრა იურისტი კახა კახიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ გამოსავალი არსებობს.

- ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი 25 ნოემბერს დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას", რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ეს იქნება დე ფაქტო სახალხო მოძრაობა, რომელიც ოფიციალურად არ დარეგისტრირდება. ამ შემთხვევაში კანონი არ უკრძალავს ივანიშვილს საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობას. შეიძლება მან საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არ დააფინანსოს, მაგრამ სახალხო მოძრაობის თანხებით უზრუნველყოფას ნამდვილად მოახერხებს.

დარწმუნებული ვარ, ეს მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, რომლის ხელმძღვანელობის უფლებაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ შეუძლია პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს. ასეთ შემთხვევაში სხვაგვარი პოლიტიკური მანევრირება იქნება საჭირო.

ხელისუფლებას, ვიდრე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებოდა, არც აინტერესებდა პოლიტიკური პარტიის დაფინანსების მონიტორინგი. ერთადერთი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომელსაც შეძლებული შემომწირველები ჰყავდა. ახლა გამოჩნდა ოპონენტი, რომელსაც საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოზე მეტი თანხა აქვს. ამიტომაც ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა ვეღარ შეძლოს დაფინანსება.

"ქართუ ჯგუფის" არსებობა ხელისუფლებას სწორედ ამიტომ უქმნის პრობლემას. ის მეცენატია და შეუძლია ფონდიდან გამოყოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის თანხები. ამიტომაც ცდილობს ხელისუფლება "ქართუ ბანკს" პრობლემები შეუქმნას. გავრცელებული ინფორმაციით, მის კრედიტორებს იბარებენ და ეუბნებიან, არ დაფაროთ კრედიტები და ამით პრობლემა არ შეგექმნებათო. ეს ემსახურება პრობლემის ხელოვნურად შექმნას, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი გადაწყვეტს, შეიყვანოს თუ არა "ქართუ ბანკში" დროებითი მმართველი, რომლის წყალობითაც გააკონტროლებს მის ფინანსურ სისტემას. "ქართუ ჯგუფი" იურიდიული პირია, ახლა კი კანონპროექტების ინიცირების დონეზე საუბარია, რომ იურიდიულ პირს აღარ ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესაძლებლობა. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რომ ყოველგვარი ფინანსური მოძრაობა დაბლოკოს წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა ფულის გამოტანა თავისი ანგარიშიდან, გამოიტანს, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება გააკონტროლებს, ვის გადასცემს.

- როგორ?

- სწორედ ამას ესადაგება ახალინიცირებული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც შეიტანეს მუხლი, რომელშიც პოლიტიკური მოგების მიღების მიზნით სხვადასხვა სუბიექტის მოსყიდვაზეა ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებას მიიღებენ. ე. ი. თუ ბიძინა ივანიშვილის სახელით ვიღაც ვინმეს მისცემს ფულს პოლიტიკური აქტიურობის სანაცვლოდ, ეს პოლიტიკურ მექრთამეობად ჩაითვლება და მყისვე ჩაერთვებიან საქმეში კრიმინალური პოლიცია ან სამართალდამცავთა ჯგუფი.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც საარჩევნოდ დახარჯული თანხების კანონიერებას შეისწავლის. მხოლოდ ხელისუფლება იტოვებს უფლებას, შეისწავლოს სხვისი ფონდების დანახარჯები, საკუთარი პოლიტიკური პარტიის დანახარჯები კი გაუმჭვირვალე ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარსაც შეისწავლის და დარღვევებს აღმოაჩენს, ცხადია, არ გაახმაურებს. სამაგიეროდ, სხვისას დაწვრილებით შეისწავლის. ასე რომ, წინასაარჩევნოდ საკმაოდ არაკონსტრუქციული გარემო შეიქმნება.

მხოლოდ მოქალაქეებს (ფიზიკურ პირებს) ექნებათ შეწირულობების გაკეთების საშუალება. საარჩევნო კოდექსის პროექტით კი ფიზიკურ პირს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არა უმეტეს 60 ათასის გაღება შეუძლია. ეს სწორედ იმას ემსახურება, რაც ზემოთ მოგახსენეთ, - როცა ვიღაც ვინმეს  ბიძინა ივანიშვილის სახელით ფულს მისცემს და ეტყვის, საარჩევნო კამპანიის ფონდში შეიტანეო, ამას ფარულად გადაიღებენ, ტელევიზიით გვიჩვენებენ და გვეტყვიან, პოლიტიკური მიზნით ჩადენილი მექრთამეობა გამოვააშკარავეთო. ჩვენ კარგად ვიცით, ხელისუფლება როგორ იყენებს ფარულ ჩანაწერებს და როგორც ჩანს, იმავეს უნდა ველოდოთ.

- გამოსავალი რა არის?

- არის გამოსავალი, მაგრამ წინასწარ რომ ვთქვა, თუ როგორ შეიძLლება დაფინანსება ისე, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდაც მოიფიქრებს რამეს. ამიტომ ეს საკითხი ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ.