"ოქრუაშვილი ვერ მიკარნახებს, მხარი ვის დავუჭირო" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილი ვერ მიკარნახებს, მხარი ვის დავუჭირო"

"60-მდე ბიზნესმენი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ"

ხელისუფლებას ჰყავს მაროდიორი ბიზნესმენები, რომელთაც სასათბურე პირობებს უქმნიან

"უხმაუროდაც კეთდება დიდი საქმეები. არ არის საჭირო ტანკის ქვეშ შევარდნა"

გასულ კვირას "არტი ჯგუფის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ქიბარ ხალვაშმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით გამოუცხადა მხარდაჭერა: "ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როდესაც ვეღარავინ წაგვართმევს თავისუფლებას, ვეღარავინ გამოგვკეტავს ციხეში, ვეღარ გაგვაძევებს სახლიდან და სამშობლოდან იმიტომ, რომ გაგვაჩნია ჩვენი აზრი", - ნათქვამია მის განცხადებაში.

ბიზნესმენის აზრით, საზოგადოება უნდა შეებრძოლოს ურთიერთგაუტანლობას, ფასადურ დემოკრატიას, ფსევდოოპოზიციას, ტოტალურ სიყალბეს, ვითომ მოგებულ ომს, "ქაღალდის პირველობას", "ქვიშის სასახლეებსა" და "შუშის ეკონომიკას".

მან კოლეგა ბიზნესმენებსაც მიმართა: "სააკაშვილის გარემოცვა ყველაფერს იკადრებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მათ ხელშია ჯიბის სასამართლო და პროკურატურა, ციხეები და ყველაფერზე წამსვლელი ფინანსური პოლიცია. იმდენ ჯარიმას დაგაკისრებენ, რამდენსაც დაავალებენ. დაგიჭერენ, წაგართმევენ და გაყიდიან, რაც გაგაჩნიათ. თუ ეს ვერ მოახერხეს, გადაგიწვავენ ყველაფერს. არ დაგიდევენ იმას, ვინ ხართ და რა დამსახურება გაქვთ ქვეყნის თუ მათ წინაშე. ნუ გექნებათ პირადი კონტაქტების იმედი! ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით და სხვა მაგალითებიც სახეზეა", - ვკითხულობთ ქიბარ ხალვაშის წერილში.

ქიბარ ხალვაში: - ავწონ-დავწონე საფრთხე, რომელიც ქვეყნის გადარჩენას შეიძლებოდა შეჰქმნოდა, პოლიტიკურ სპექტრშიც საიმედო  ვერავინ დავინახე. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ნამდვილად გამახარა. ამ ადამიანს მას შემდეგ დავუჭირე მხარი, რაც მისი განცხადებები წავიკითხე. ძალიან გულწრფელად, ჩემთვის  გასაგებად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. კარგად მესმის მისი და აგრეთვე იმ დამოკიდებულებისა, რომელიც საქართველოს მიმართ აქვს. მთავარია, რომ ის საქმისა და სიტყვის კაცია. მისი დამოკიდებულება პოლიტიკური ძალებისადმი ჩემთვის ასევე მისაღებია. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა დაგვანახეს, რომ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც უნდა აკეთებდნენ. თუ პოლიტიკოსებს ეს არ შეუძლიათ, ბიზნესმენს მით უფრო აქვს მორალური უფლება, თავად მიხედოს ამ საქმეს. და კიდევ, ამ კაცმა ბევრ რამეს მიაღწია  დიდ ბიზნესში, ეს იოლი არ გეგონოთ. ასეთ სიმაღლეზე ასვლას სხვა უნარი სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავი მენეჯერია, რომლის სიტყვას უზომოდ დიდი ფასი აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები ურცხვად ასახელებენ ვიღაცების სახელებს, რომლებიც თითქოსდა ივანიშვილს წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ.  ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ჰყავს მაროდიორი ბიზნესმენები, რომელთაც სასათბურე პირობებს უქმნიან. ისინი სხვის ქონებას იტაცებენ, მაგრამ აბა, რომელიმე მათგანმა სცადოს და თავისი ბიზნესის მოცულობა იმ მასშტაბამდე გაზარდოს, როგორც ივანიშვილმა გააკეთა... ეს ხომ ძალიან ძნელია. ამიტომ მჯერა ბიძინა ივანიშვილისა და მხარდაჭერასაც ვუცხადებ.

მთავარია, საქართველოში ბოლო მოეღოს აზრს, რომ პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებია. ჩვენ, ხალხმა უნდა დავაყენოთ ისე საქმე, რომ პოლიტიკოსებმა აღარ მოგვატყუონ, არ გვაკადრონ ის, რასაც არ ვიმსახურებთ. "პოლიტიკაში ყველაფერი მოსულას" გამოხატულებაა ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს: - ტყუილს სიმართლედ ასაღებს და პირიქით, სიმართლეს უკუღმა გვაჩვენებს. არა, პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა! მაგალითად, ხალხის წინააღმდეგ ტერორი არ მოსულა, ადამიანისთვის სიცოცხლისა და შრომის უფლების წართმევა არ მოსულა! სააკაშვილს უნდა, ხალხი სიბნელეში ამყოფოს და არ იცოდეს, რა მოსთხოვოს ხელისუფლებას. დადგება დრო, როცა ხალხი ხელისუფლებას მოსთხოვს ზუსტად იმას, რაც თავად სურს და მიიღებს კიდეც.

- ბატონო ქიბარ, თქვენ ივანიშვილის მხარდაჭერისკენ სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდეთ.

- მე ვიცნობ დაახლოებით 60-მდე ბიზნესმენს, რომლებიც მხარს უჭერენ  ივანიშვილს, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. არც არის საჭირო! მე არ დავუშვებ, საქართველოს ფარგლებს გარეთ თავად უკეთ ვგრძნობდე თავს, სხვებს კი თავგანწირვისკენ მოვუწოდო. ცხადია, ბიზნესმენი ყველაფერს,  რაც აქამდე შეუქმნია, სასწორზე ვერ დადებს. ამიტომ დუმილი ჯობს, უხმაუროდაც კეთდება დიდი საქმეები. არ არის საჭირო ამისთვის შეკრება, პროტესტის გამოხატვა და ტანკის ქვეშ შევარდნა. დაფიქრდნენ და თავიანთი პოზიცია ყოველგვარი საჯაროობის გარეშე პატარა კოლექტივებსა თუ სამეგობრო წრეში დააფიქსირონ. ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა ორიოდე სიტყვით გამოხატა ის, რაც მე წერილით მსურდა მეთქვა, კარგი იქნება, თუ ბიზნესმენები არ ამოიღებენ ჯიბიდან ფულს ხელისუფლების სასარგებლოდ და არჩევნების დღეს ხმას მისცემენ თავისუფლებასა და ქვეყნის კეთილდღეობასო. მთავარია, არ იაქტიურონ ხელისუფლების დასახმარებლად. ამით დიდი საქმე გაკეთდება.

- თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრე და მეგობარი იყავით, რასაც, ფაქტობრივად, თქვენი ბიზნესი შეეწირა. როგორ უყურებთ იმას, რომ ივანიშვილმა "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობა გამორიცხა?

- ჯობს, ეს თავად ივანიშვილმა და ოქრუაშვილმა გაარკვიონ ერთმანეთში, მე ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე.

მეც თავისუფალი ადამიანი ვარ და იმას გავაკეთებ, რაც გამიხარდება. ოქრუაშვილმა როგორ ან რატომ უნდა გადაწყვიტოს, ვის დავუჭირო მხარი და ვის არა? ჩემი აზრით,  ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადებები, და შემდეგ ის, რაც არაკორექტულად მიიჩნია, შეასწორა. დროთა განმავლობაში შეიძლება კიდევ შეასწოროს რამე. მას შეცდომის აღიარება არ უჭირს.