მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

პრესკონფერენცია, როგორც სარკე

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის აკრედიტაცია მქონდა, არ წავედი. იმიტომ კი არა, რომ ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა. უბრალოდ, მივხვდი - 230 ჟურნალისტს შორის კითხვის დასასმელად უნდა მეომა,  უაზრო ომში ჩართვა კი არ მიყვარს (იმედია, რუსეთის აგენტობას არ დამაბრალებენ). ეს ერთხელ უკვე გამოვცადე, როცა პრეზიდენტის პირდაპირი ეთერის დროს 30 ჟურნალისტი მიგვიყვანეს და გამოგვიცხადეს, მხოლოდ ოთხი კითხვის დასმის უფლება გაქვთო. თუმცა ის, რაც ივანიშვილის პრესკონფერენციაზე მოხდა, ამასთან რა მოსატანია. ორივე პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა ერთი შეცდომა დაუშვეს: იმაზე მეტი ჟურნალისტი მიიწვიეს, ვიდრე კითხვის დასმის საშუალება იყო და თავიდანვე შექმნეს კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ პრეზიდენტის პირდაპირი ეთერის დროს მაყურებელს ეს არ უგრძნია, რადგან ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტსაც კი არ მოსვლია აზრად ძალადობა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ სინდისის კარნახით მოქმედებდნენ.

როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემას დათანხმდა, სულ ვფიქრობდი, ნეტავ,  რა აქვთ ჩაფიქრებული-მეთქი. ჩემი ფანტაზია მწვავე, თუნდაც პროვოკაციული კითხვების დასმას ვერ გასცდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, მათი მთავარი სტრატეგია სიტუაციის არევა თუ იქნებოდა,  ტაქტიკას კი - "არ მოგცემთ მიკროფონს" ერქმეოდა. ეს პრესკონფერენცია, ალბათ, უნიკალური იყო ჟურნალისტიკის ისტორიაში, რადგან მისი დასრულების შემდეგ ხალხი იმაზე კი არ მსჯელობდა, რა თქვა რესპონდენტმა, არამედ იმაზე, რა ქნეს ჟურნალისტებმა, მათ კი ისეთი რაღაცები ჩაიდინეს, ვიღას ახსოვდა, რაზე და როგორ ილაპარაკა ივანიშვილმა. ეს, მგონი, თავად ივანიშვილსაც აღარ ახსოვდა. ალბათ, საყვარელი პინგვინის დაღუპვა ვერ დაამწუხრებდა და გააოგნებდა ისე, როგორც ქართველ ჟურნალისტებთან პირველმა შეხვედრამ გააოგნა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობოდა - გაოგნებულს მისი პრესმდივანი, ირაკლი ტრიპოლსკი უფრო ჰგავდა, რომელიც უმწეოდ ასავსავებდა ხელებს. მართალია, მას შეეძლო პრესკონფერენციის უკეთ ორგანიზება, მაგრამ თუ ჟურნალისტს სიტუაციის არევა აქვს დავალებული და იგი მზადაა, ეს დავალება პირნათლად შეასრულოს, ვერაფერი გიშველის. ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებში ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ყველაფრისთვის მზადაა. ასევე ჩემდა სამწუხაროდ, ეს პრესკონფერენცია ქართული ჟურნალისტიკის სარკე იყო და მის საშინელ სახეს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი ალამაზებდა.

სოლიდარობის რიგი

KvirisPalitra.Geუკვე რამდენიმე დღეა, ბიძინა ივანიშვილის ბანკ "ქართუსთან" თბილისელების რიგი დგას. ძირითადად, ხანში შესული ადამიანები არიან, პენსიონერები, თუმცა ახალგაზრდებსაც შეხვდებით. სხვა ბანკებისგან განსხვავებით, სადაც ასევე შეხვდებით რიგებს, ისინი არ დგანან იმისთვის, რომ კრედიტის გადახდის ბოლო დღე მოვიდა და აუცილებლად ვალი უნდა დააბრუნონ, არც კომუნალური გადასახადების გადასახდელად არიან მოსული - ბანკ "ქართუსთან" ისინი ანაბრის გასახსნელად მოვიდნენ. ბანკში ანაბრის გახსნაზე რიგი უპრეცედენტო შემთხვევაა. რა აქცია და წამახალისებელი ტრიუკი უნდა მოიგონოს ბანკმა, რომ მას "ანაბრის რიგი" დაუდგეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია! როგორც აღმოჩნდა, ასეთი რამ ადამიანებს მხოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა და სოლიდარობის განცდამ  შეიძლება გააკეთებინოს. ეს სწორედ სოლიდარობის რიგია. ექვსი ათასი ანაბარი ოთხ დღეში, სულ - ექვსასი ათასი ლარი! ასეთია სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თითო ადამიანს, საშუალოდ, ანაბარზე ათი ლარი შეაქვს.  შეაქვთ, ვისაც რისი საშუალება აქვს - ზოგს  ხუთი ლარი, ზოგს - ერთიც კი. არც ათი ლარი და არც ექვსასი ათასი  ბანკისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, არაფერს ცვლის და ეს არც არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ხალხს კიდევ შეუძლია, პროცესების მონაწილედ იგრძნოს თავი.

როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, მას იმედი აქვს, საქართველოს იყიდისო, ანუ ჰგონია, ადამიანები მხარს ბევრი ფულის გამო დაუჭერენო. დღეს კი ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით მოახერხა, რომ ხალხი იქით აძლევს ფულს მილიარდერს.

P.S. ვიღაც-ვიღაცებს უთქვამთ, ეს ხალხი რიგში იმიტომ დგას, ბანკი "ქართუ" მათ თანხების გაორმაგებას ჰპირდებაო. ნუთუ ასეთი დიდი თანხაა გაორმაგებული ათი ლარი?!

გადელდა, ჭო?!

კაცი რომ გაუგონარ რამეს იზამს, აჭარლები იტყვიან: "გადელდა, ჭო, მაი?" ანუ ჭკუიდან ხომ არ შეცდაო. ჰოდა, ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა, როდესაც გავიგე, საქართველოს პრეზიდენტი წინანდალში ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში მივიდა და მოილხინაო. არ ვიცი, ივანიშვილის გამოჩენამ იმოქმედა მასზე ასე ცუდად, თუ სხვა რამ მიზეზია, მაგრამ იქ რომ იყო, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ. ვიცი, ზოგიერთი, მოვლენათა არსში ჩაუხედავი, იკითხავს, რა მოხდა, თუ პრეზიდენტი რუს რეჟისორს ქორწილში ეწვია, ბოლოს და ბოლოს, ამ რუსმა საყვარელი ქალიშვილი ქართველ კაცს (მართალია, დიდი სკანდალის შემდეგ) მიათხოვაო. კი, ბატონო, დიდად ვაფასებთ მის ასეთ საქციელს. ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს დიდი პატივია და მზად ვართ, მას ერის უსაყვარლესი სიმამრის ტიტულიც მივანიჭოთ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ იგი ბატონი პუტინის უპირველესი მხარდამჭერია, ხოლო რამდენიმე თვის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონი მიხალკოვი საქართველოს პირველ და მეორე თუ არა, მესამე ნომერ მტრად მაინც გამოაცხადა\?!„"ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაფშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკანო. ჩვენი ტერიტორიის, მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად "ძალიან უყვარს", უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი  არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ," -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ÏÈÊ-ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.  ჰოდა, ახლა რა გამოდის, თავად მოიტყუა თავი? ან იქნებ სწორედ იმის საკითხავად მივიდა ქორწილში, არის თუ არა აფხაზეთი საქართველო? იქნებ არისო, უთხრა მიხალკოვმა და ჩვენი პრეზიდენტიც ამიტომ  გადაეხვია და გადაკოცნა?! ერთი სიტყვით,  ან უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გადელდა და თავმოყვარეობა დაკარგა, ან თავი უნდა მოვიტყუოთ და მიხალკოვის კეთილგანწყობა ვირწმუნოთ. სხვა გზა სააკაშვილმა, უბრალოდ, აღარ დაგვიტოვა!..