"მერაბიშვილს ამერიკელებმა სთხოვეს, თქვენ იყავით გარანტიო" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილს ამერიკელებმა სთხოვეს, თქვენ იყავით გარანტიო"

"მიშას მდგომარეობაში რომ ვიყო, საკუთარ შვილსაც არ ვენდობოდი"

"ხელისუფლებასთან ტოტალურ ბრძოლას ვიწყებთ, რომელშიც  ყველა ფორმას გამოვიყენებთ. იქნება აქციებიც და მოლაპარაკებათა მაგიდასთან პაექრობაც. სააკაშვილი ყველა ფრონტზე უნდა დავამარცხოთ", - აცხადებს  "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის ახალი ფაზისთვის ემზადება.

სანამ ოპოზიციის გეგმებზე ვკითხავდით, საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრს ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის შეფასება ვთხოვეთ:

- რასაც სააკაშვილზე ვამბობდით და მეტ-ნაკლებად სჯეროდათ უცხოეთში, ტალიავინის დასკვნით დადასტურდა. აქამდე სააკაშვილისთვის ფარი იყო წარმოდგენა, რომ საქართველო დაჩაგრული დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც დიდი რუსეთი ებრძვის. დღეს ეს ფარი დაიმსხვრა და გაშიშვლდა ფაქტი, რომ ეს პატარა ქვეყანა არ არის დემოკრატიული და მაინცდამაინც არც კარგად იქცევა. ტალიავინის კომისიამ დაასკვნა, რომ ომი 7 აგვისტოს სააკაშვილის ცხინვალზე შეტევით დაიწყო და არა ქართველი მოსახლეობის დასაცავად. ცხადია, იმის გამო, რაც შარშან აგვისტოში მოხდა, რუსეთსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ სააკაშვილი მოვალე იყო, ომი ქვეყნისთვის აეცილებინა.

ტალიავინის დასკვნაში სიახლე ის არის, რომ რაც ყველამ ვიცოდით, ქვეყნის გარეთ გავიდა. სააკაშვილმა წამოიწყო ომი და წააგო. სხვა ქვეყნის ნორმალური ლიდერი მის ადგილას იტყოდა, შეცდომა დავუშვი, გადავდგები და ხალხმა გადაწყვიტოს, კიდევ მენდობა თუ არაო. ტალიავინის დასკვნით დასავლეთისთვის ნათელი გახდება ერთი რამ, - სადაც არ არის დემოკრატია, იქ არც სტაბილურობაა. ევროპისა და ამერიკის შეცდომა ის იყო, რომ სააკაშვილი დემოკრატად მონათლეს და მერე აღარ შეამოწმეს, მართლა იყო თუ არა. ხომ გამოჩნდა, როგორი დემოკრატიც ყოფილა. თავისი ავანტიურით სააკაშვილმა საქართველოს ფუნქცია დაუკარგა.

არადა, მსოფლიოს იმდენად ვაინტერესებთ, რამდენადაც სტაბილური ვიქნებით. თუ საქართველომ დაკარგა ფუნქცია, ფუნქციას დაკარგავს კავკასიაც.

ტალიავინის დასკვნის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ იკვეთება რუსეთის პასუხისმგებლობა ამ მოვლენებში. დასკვნაში ნათქვამია, რომ კოდორის ხეობაზე შეტევა აფხაზებმა და რუსებმა დაიწყეს. ევროკავშირს საფუძველი აქვს, რუსეთს პრეტენზია წაუყენოს და პასუხი მოსთხოვოს.

ტალიავინის დასკვნით ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანაა დამნაშავე, მაგრამ უფრო დამნაშავე საქართველოა, და რომ დაპირისპირების თავიდან აცილება შეიძლებოდა.

პრეზიდენტს კატასტროფული ვარდნა აქვს. მისი ადრინდელი გამოსვლებისა და შეხვედრების შედარებაც არ შეიძლება დღევანდელთან. სააკაშვილს ჰილარი კლინტონის გარდა არავინ შეხვდა, რადგან არ შეიძლებოდა, ისიც არ შეხვედროდა. პრეზიდენტი ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის გაგზავნით და გუანტანამოს ტყვეების მიღებით მხარდაჭერას ყიდულობს. გუანტანამო მოკავშირეების მოსყიდვის მეორე ხერხია. ობამას პრობლემა აქვს, არ იცის, რა უყოს ტყვეებს და ამერიკის ყველა პარტნიორს დახმარება სთხოვა, რომ ტყვეების ნაწილი მიეღოთ. ლაპარაკია არა ტერორისტობაში ბრალდებულ პირებზე, არამედ მათზე, ვისი ბრალიც დადასტურებული არ არის, მაგრამ შემჩნეული არიან ტერორიზმში. ეს ტყვეების ყველაზე რთული კონტინგენტია. რადგან ამერიკას ლეგალური საფუძველი არა აქვს, ეს ხალხი სასამართლო პროცესზე გაიყვანოს და ტერორისტობის გამო განაჩენი გამოუტანოს, ამიტომაც მათ თავიდან იცილებს. არ ვიცი, რა სტადიაზეა მოლაპარაკება, მაგრამ გუანტანამოს ტყვეების მიღება დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, რადგან ეს ტერორისტების სამიზნედ გვაქცევს. ქვეყნები, რომლებიც არ დათანხმდნენ ამერიკას ტყვეთა მიღებაზე, მისი არანაკლები პარტნიორები არიან, მაგრამ არ უნდათ თავიანთი ქვეყნების საფრთხეში ჩაყენება, გაურბიან ამხელა პასუხისმგებლობას. ნოემბერში ამერიკაში მივემგზავრები და Aამ თემაზე ვაპირებ ლაპარაკს.

- რამდენადაც ვიცი, ოპოზიციონერ კოლეგებთან გქონდათ შეხვედრები. ალბათ, აქტიურობის შემდგომი ფაზისთვის ემზადებით.

- აქციების ფაზა, ზოგი რომ ამბობს, მარცხით დამთავრდაო, სინამდვილეში ჩვენ შევწყვიტეთ ბაიდენის ჩამოსვლის გამო. გვინდოდა, მოგვესმინა, რას იტყოდა. ამის შემდგომ დაიწყო მეორე, ასდღიანი სიჩუმისა და უკან დახევის ფაზა, რადგან სააკაშვილმა ეკონომიკის დანგრევა ჩვენს რუსთაველის პროსპექტზე დგომას დააბრალა. თურმე სააკაშვილი მედიას იმიტომ ვერ ათავისუფლებს, რომ პირველი არხის შესასვლელთან ვიდექი. ამიტომაც უკან გავიწიეთ, გავჩუმდით და ამით ყველა ბრალდებისა და თავის დაცვის საშუალება მოვუსპეთ. როდესაც ბაიდენი ან სხვა ისევ ჰკითხავს სააკაშვილს, რა გააკეთეო, ხომ ვეღარ ეტყვის, ოპოზიციამ შემიშალა ხელიო. და რა გააკეთა ჩვენი სიჩუმის პერიოდში სააკაშვილმა? მეტი მოქალაქე დაიჭირა, ახალაია დანიშნა თავდაცვის მინისტრად, უფრო დაანგრია ეკონომიკა და ის ბიზნესიც, რაც კიდევ არსებობდა, ბოლომდე მოსპო. ტელევიზიებს რაც დამართა, ამას ყველა ხედავს. ამ ასდღიანი ფაზის შემდეგ ოპოზიციაც წარმოადგენს დასკვნას, რა გააკეთა სააკაშვილმა ოპოზიციის დუმილის დროს. ამას მოჰყვება მესამე ფაზა, - ტოტალური ბრძოლა. გავიაზრებთ, რა იყო სწორი და რა შეგვეშალა ამ ხანგრძლივ ბრძოლაში. ამ ხელისუფლებასთან გარიგება არ მოხდება, - ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა. რაც უნდა თქვან, ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალება უნდაო, კატეგორიულად ვაცხადებთ, - ამას არ დავუშვებთ, რადგან თბილისიდან 40 კილომეტრში რუსები დგანან. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ისმინება, გადატრიალება არ მოხდება.

ოპოზიცია ისეთივე ერთიანია, როგორიც აპრილის აქციებამდე იყო, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები აქტიურობის სხვადასხვა ფორმას ემხრობიან. მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და არავის უთქვამს, ეს მოთხოვნა შევცვალოთო. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნებითა და მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს.

- მაგრამ მერობის კანდიდატების დასახელება ზოგიერთ ოპოზიციონერს არ მოეწონა.

- ხელისუფლებასთან ბრძოლის ნებისმიერი ფორმის მომხრე ვარ. ბრძოლაა არჩევნებიც. ჩვენ პოტენციურად ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, მთავარი მიზნის მიღწევაში ერთად ვიყოთ. თუ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, ადგილობრივ არჩევნებზე უნდა წავიდეთ. სააკაშვილს ყველა ფრონტზე უნდა მოვუგოთ. როდესაც სააკაშვილს შევხვდი, ეს ჩემთვის ბრძოლა იყო. იქ ხომ იმისთვის არ მივსულვარ, გამეღიმა, კეთილი სურვილები გაგვეცვალა და მისი საუბრისთვის მომესმინა. მე იქ წავედი კონკრეტული შედეგის გამოსატანად. სააკაშვილს კიდევ შევხვდები და შედეგს ან გამოვიტან, ან არა, მაგრამ მე ხომ ვიბრძოლებ?

სად გინახავთ პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდეს და მუშა მიწის თხრას აგრძელებდეს ან ტრაქტორს აგუგუნებდეს?! ამ ხელისუფლებას აღარაფერი შეუძლია და წავა, მაგრამ რა ფორმით, არ ვიცი. არ ვიცი, ეს კაცი გაგიჟდება, კოკაინის ზედმეტ დოზას მიიღებს, გულის შეტევა დაემართება თუ საკუთარი გარემოცვა გაუსწორდება. შესაძლოა, სააკაშვილი მერაბიშვილს დაეჯახოს, რადგან მერაბიშვილს ამერიკელებმა სთხოვეს, თქვენ იყავით გარანტი, რომ საქართველო ომში აღარ ჩაებმებაო. როგორ იქნება სააკაშვილი მშვიდად, როდესაც ყველა სადავე მერაბიშვილის ხელშია? სააკაშვილის მდგომარეობაში რომ ვიყო, საკუთარ შვილსაც არ ვენდობოდი. თუ გონის ნატამალი შერჩენია, უნდა იფიქროს, მერაბიშვილი რომ ოპოზიციაში გადავიდეს, რა მოხდებაო. ასევე მერაბიშვილმაც უნდა იფიქროს, სააკაშვილი თუ ჩაიძირება, რა მეშველებაო.