ბენდუქიძე შეხვდა პუტინს - კვირის პალიტრა

ბენდუქიძე შეხვდა პუტინს

რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს?

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ამ ფოტოზე მითითებული იყო, რომ გადაღებულია 2002 წლის 20 მაისს, მაშინ, როცა კახა ბენდუქიძემ არ იცოდა, რომ ბედი საქართველოში მინისტრის პორტფელს უმზადებდა. რომ სცოდნოდა, ძნელი დასაჯერებელია, ფოტოკამერების წინ აწ უკვე ყოფილ მინისტრს საკუთარი თავისთვის ასეთი შეხვედრის უფლება მიეცა - მას ხომ უკვე არაერთხელ წამოაძახეს, რუსეთის ჯაშუში ხარო. მერე რა, რომ ამ ბრალდებას ოპოზიციური პარტიები უყენებენ, ბრალდება ბრალდებაა! რამდენიმე დღის წინ ბენდუქიძის რუსეთთან სიამტკბილობა ასევე "რუსეთის კაცობაში" ბრალდებულმა ბიძინა ივანიშვილმაც შეახსენა საზოგადოებას - რას ამომადინეთ ყელში რუსეთში ნაშოვნი ფული, ბენდუქიძემაც ხომ რუსეთში აიწყო ცხოვრებაო?! ისე კი, რა გახდა ეს რუსეთთან კავშირი. ნუთუ ამის გამო სულ მოსვენება უნდა ჰქონდეს დაკარგული საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესაც - ის ხომ, უკვე მინისტრის პოსტზე მყოფი, კარგა ხანს იყო რუსეთის მოქალაქე და ვინ იცის, ბენდუქიძის მსგავსად, მასაც რამდენჯერ ჩამოურთმევია ხელი იმ რუსებისთვის, რუსულ საგარეო პოლიტიკას რომ ქმნიან, თან არასდროს მალავენ ქართველების ზიზღსა და საქართველოსადმი იმპერიალისტურ ზრახვებს. ხელი ჩამოართვეს - დიდი რამე! სალამი ღვთისაა და კაცს, თუნდაც მტერს, გამოწვდილი ხელი რატომ არ უნდა შეაგებო?! ან რა დანაშაულია, თუ იმ ქვეყნის მოქალაქე იყავი, რომელმაც განათლებაც მოგცა და ფეხზეც დაგაყენა? ან რა შავდება იმით, თუ რუსეთში ბევრ ფულს იშოვი და შენს ქვეყანაში დახარჯავ?! წარმოიდგინეთ, ახლა, ამერიკელ ბიზნესმენებს ბრალი რომ წაუყენონ და ჯაშუშობაში დაადანაშაულონ იმის გამო, რომ რუსეთში ფულს შოულობენ და ამერიკაში გადასახადებს იხდიან, თან ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ. რა, ამერიკა რუსეთის მოყვარეა?!

ან რა დააშავა ივანიშვილმა, თუ დიდი კაპიტალი დააგროვა რუსეთში და დღემდე საქართველოს ახმარდა, თან ისე, რომ რევოლუციების ცნობილ დამფინანსებელ სოროსსაც კი შეაშველა ხელი და საქართველოში მხოლოდ ერთი მილიონი დაახარჯვინა ქართული მთავრობის სახელფასო ფონდისთვის, დანარჩენი კი საკუთარი ჯიბიდან გასცა. ისე, ამ ამბავზე სულ იგავი "კუ და მორიელი" მახსენდება - ხომ გახსოვთ, გასაჭირში მყოფ მორიელს როგორ უშველა კუმ, იმ უმადურმა კი შუა წყალში დაუწყო გესვლა...

მოკლედ, გასაკვირია პოზიცია - რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. თუ ბენდუქიძეს პუტინთან ვოიაჟები საძრახის საქმედ არ ეთვლება, რატომ უნდა მოეთხოვოს პასუხი ივანიშვილს რუსეთში ნაშოვნი ფულისა და გენერალ ლებედთან ურთიერთობის გამო (რაც პრესკონფერენციაზე ახსნა კიდეც), ან რატომ არ ჩამოართვეს გრიგოლ ვაშაძეს ქართული პასპორტი?

ბიოგრაფიული შტრიხებისთვის: კახა ბენდუქიძე დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ - ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია –"გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები", რომლის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი იყო 2004 წლამდე. ამის შემდეგ მისი ბიოგრაფია საქართველოში გრძელდება და საყოველთაოდ ცნობილია... აქ გაწერილ ქრონოგრამაში კი ერთი თარიღია გამორჩენილი - 2002 წლის 20 მაისს ის კრემლში შეხვედრია პუტინს!!!

ეს ფაქტია და ვერსად წაუვალთ!..

"სამარცხვინოა სხვისი შეცდომების კრიტიკა, როცა საკუთარს ვერ ხედავ" დემოკრიტე