"დიდ ტკივილს როგორ გადაფარავ ფოჩიანი კანფეტით?"
12-10-2009
"ყველაზე მეტად ქვეყანას ქართველების ერთმანეთთან შეურიგებლობამ ავნო"

"პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თითქოს უფრო დავმძიმდი, ზედაპირულად ვეღარ ვუყურებ ვერაფერს, ბევრად მეტი საფიქრალიც გამიჩნდა. ფაქტობრივად, აღარ მძინავს," - მითხრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა და თავის კაბინეტში გაკრულ საქართველოს რუკასთან მიმიყვანა, რომელიც 1923 წელს გამოუციათ ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით. რუკაზე 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე საქართველოს საზღვრებია მოხაზული. ბევრად დიდი და ფართოა საქართველო რუსეთის მფარველობაში შესვლამდე და მახსენდება რუსი პოლიტიკოსების არაერთგზის დანაყვედრები - мы
вас защищали и кормили. შარშან აგვისტოშიც ასე "იცავდნენ" ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებს...
რუსუდან კერვალიშვილი: - ამ რუკას რომ შევხედავ, ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა ევნოთ რუსებს-მეთქი. ან როგორ არ აღვიგავეთ პირისაგან მიწისა?! ახალგაზრდობაში ტაშს ვუკრავდი კომუნისტებს საბჭოთა საქართველოს გადარჩენისათვის, მაგრამ რის ფასად გადაგვარჩინეს? სამშობლო
წაგვართვეს, დაგვინაკუწეს, გასცეს, ბაგრატის ტაძარი აგვიფეთქეს...
უფრო ღრმად უნდა ჩავუფიქრდეთ იმას, რაც შარშან მოხდა და ვიფიქროთ, რა გზას დავადგეთ. როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი თავი "ჩვენადვე გვეყუდნოდეს" და თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. როდის ყოფილა, ძალით, ტერიტორიითა და მატერიალური რესურსებით მცირე ქვეყანას უზარმაზარი, გაზსა და ნავთობზე აშენებული იმპერიისთვის ეჯობნოს? Aასეთმა რეალობამ კიდევ უფრო უნდა განგვამტკიცოს, ერთმანეთი მეტად უნდა შევიყვაროთ. უნდა გავუფრთხილდეთ აფხაზებს, ოსებს და ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

- ოპოზიციის აზრით, სააკაშვილმა "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" სცადა ტალიავინის კომისიის დასკვნის გადაფარვა.
-  ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ არის. დიდი ტკივილის გადაფარვა რითი შეიძლება? როგორ გადაფარავ ფოჩიანი კანფეტით? მაგრამ ეკონომიკური თავისუფლების აქტი იძლევა იმედს, რომ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის საშველი მოიძებნება. ეკონომიკური თავისუფლების ქარტია დიდი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რათა ეჭვის საფუძველი არავის დაუტოვოს. საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზეა და მისი მაქსიმალური ფუნქციით დატვირთვაა საჭირო, რათა მეტი თავისუფლება მიეცეს ინვესტორებს. სახელმწიფო და ბიუროკრატიული აპარატის ზეწოლისაგან ეკონომიკის გათავისუფლება საშური საქმეა. რადგან გადასახადის გაზრდა რეფერენდუმის გზით იქნება შესაძლებელი, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება, გრძელვადიანი შემოსავალ-გასავალი დაგეგმონ. თუ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელების რაოდენობა მოიმატებს, ქვეყანა წინ წავა. გადასახადის არმომატება ნიშნავს იმას, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გაზრდილ დახმარებას ვერ მიიღებს ბიზნესის სფეროდან.

- ტელეეკრანით პრეზიდენტს მშენებლობის ფონზე ვხედავთ. ასეთი ხელოვნური ფონი სკეპტიციზმს უფრო აძლიერებს, სინამდვილეში არაფერი შენდებაო.
- ეს ფონი, ალბათ, უფრო უნდა დაიხვეწოს და ბუნებრივი გახდეს. მართლაც არაბუნებრივია, რომ მშენებელი არ იხედება და არ ინტერესდება, რა ხდება მის უკან... ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არაფერი შენდება. კერძო სექტორს უდიდესი კრიზისი აქვს, მაგრამ ქვეყანაში მაინც ბევრი რამ შენდება და ამის დაუნახაობა არ შეიძლება.

- კომპანია, რომელსაც დიდი ხანი ხელმძღვანელობდით, ვერ ამთავრებს მშენებლობებს.
- სამშენებლო ბიზნესში აღარ ვარ, ამის უფლებას კანონი არ მაძლევს, მაგრამ ვიცი, რომ ყველა მშენებლობა გაგრძელდება, ოღონდ მათი დასრულების ვადა გადაიწევს. მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შემცირდა და ამან დააზარალა სამშენებლო კომპანიები. ყველა კომპანია იმედით შეჰყურებს თბილისის რეაბილიტაციის პროგრამას, რომელმაც უახლოეს პერიოდში უნდა დაძრას ყინული. სირთულეები მხოლოდ წლის ბოლომდე იქნება.

- ითქვა, რომ შესაძლოა ჯანდაცვის მინისტრად დაგნიშნონ. არ გამორიცხავენ, მერობის კანდიდატადაც დასახელდეთ.

- იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას, რაც მაკისრია, ვერ შევძლებ. ქალაქის მერიაში იმდენი პროექტია დაწყებული და იმდენი პირია მასში ჩართული, რომ გულით მინდა მერმა შეძლოს საქმეების დასრულება. დღის განმავლობაში 30-მდე კაცი მაინც მომმართავს ოპერაციის დაფინანსების თხოვნით და წარმომიდგენია, ჯანდაცვის მინისტრი როგორ მდგომარეობაში იქნება... დიდ პატივს ვცემ სანდრო კვიტაშვილს, მაგრამ სხვას ვის უნდა ვუსურვო ასეთი არაადამიანური შრომა? ამდენ საქმეს მე ვერ მოვერეოდი.

- ტემპერატურა მართლაც მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ჯერ არ გააქტიურებულა. რას ელით?
- პარლამენტში გასულ კვირას კონფერენცია ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი პოლიტოლოგების მონაწილეობით და განიხილეს, რამ დააზარალა ყველაზე მეტად საქართველო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად ქვეყანას ქართველების ერთმანეთთან შეურიგებლობამ ავნო. როდესაც ადამიანი გაჯიქდება, სხვისგანაც შეურიგებელ დამოკიდებულებას მიიღებს. ახლა ვიწრო ხიდზე ვდგავართ და გაჯიუტება სიკეთეს არ მოგვიტანს. ოპოზიცია და ხელისუფლება მსოფლიოს წინაშე ერთიანი გუნდია და ამის განცდა ყველას უნდა გვქონდეს. ამ გუნდში, ცხადია წინააღმდეგობაც არის და როლებიც გადანაწილებულია, მაგრამ ამის გამო მან ერთიანობა არ უნდა დაკარგოს. მინდა ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ხალხისთვის თავისუფლად თვალებში შეხედვა შემეძლოს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?