ჯერ არ არის ყველაფრის თქმის დრო - კვირის პალიტრა

ჯერ არ არის ყველაფრის თქმის დრო

"ბაბუის ნაცვლად შვილიშვილს უნდა ავკიდოთ ცოდვის ტვირთი?"

"ბოლო დროს ხშირად გვესმის, ლუსტრაციის შესახებ კანონი უნდა მივიღოთო. არქივების გახსნით როგორ გამომჟღავნდება ის აგენტურა, ვინც დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის მუშაობს საქართველოში? გადარჩა თუ არა საარქივო მასალები 90-იან წლებში უშიშროების სამინისტროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ?

ლევან დიდებაშვილი, თბილისი".

ბოლო ხანს მსგავსი შეკითხვებით რედაქციას ხშირად მომართავენ, ამიტომაც  პასუხებისთვის უშიშროების ყოფილ მინისტრ ანზორ მაისურაძეს მივმართეთ:

- საიდუმლო არქივებს მთლიანად ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგაც არ გახსნიან, რადგან ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.  ერთხელ ერთ-ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მთხოვა, კომუნისტების მიერ დახვრეტილი კომპოზიტორ ევგენი მიქელაძის საქმე წამაკითხეო. შევთანხმდით, რომ დაბეჭდვამდე ტექსტს ერთად გადავხედავდით. როდესაც მისი წერილი წავიკითხე, სამი გვერდი გადავდე და ვუთხარი, ამას ვერ გამოაქვეყნებთ-მეთქი. იმ სამ გვერდზე დასახელებული იყო ხალხი, ვისი დასმენითა და ჩვენებებითაც ევგენი მიქელაძე დაიჭირეს და დახვრიტეს. გაოცდა წერილის ავტორი, რატომ არ გინდათ, რომ ყველაფერი ვთქვათო? ვკითხე, იცნობთ მიქელაძის და მისი დამსმენების შვილებს, ნათესაობას, იცით, რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან, ეგებ საერთო ოჯახებიც კი აქვთ შექმნილი, აბა, წარმოიდგინეთ, რა დაემართებათ, როდესაც გაიგებენ, ვის ვინ ჰყავდა წინაპარი-მეთქი. ეს არ გამითვალისწინებიაო, მიპასუხა და სტატია იმ სამი გვერდის გარეშე დაბეჭდა. როდესაც ლუსტრაციის კანონზე ვლაპარაკობთ, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორი: საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ყველას ნათესავი ან მეგობარია და თუ ერთ დღესაც გაარკვევენ წინაპრების საიდუმლოს, მაშინ ტრაგედია დატრიალდება. ერი ისედაც აგრესიით არის სავსე. კიდევ ერთმანეთზე გადაკიდება გვინდა? ვისაც ჭკუა აქვს, ამას არ გააკეთებს.

წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება იმის შვილიშვილი, ვისი ბაბუაც დამსმენი იყო, უდანაშაულო ადამიანები გაწირა. ბოლშევიკებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც უდანაშაულო ხალხს ათეული წლების განმავლობაში ატარებინეს მოღალატისა და ხალხის მტრის სტატუსი, ახლა ჩვენ იგივე უნდა გავიმეოროთ? ბაბუის ნაცვლად შვილიშვილს უნდა ავკიდოთ ცოდვის ტვირთი? საქართველოში მუშაობს უამრავი ქვეყნის სპეცსამსახური და არა მხოლოდ რუსეთის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ქვეყანას, რომელსაც ამდენ საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა, სადაც ამდენი საელჩოა აკრედიტებული, უამრავი თვალი ზვერავს. მე, დაზვერვის ყოფილი წარმომადგენელი, გეუბნებით, ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან უმრავლესობას აქვს დაზვერვის სამსახური, რეზიდენტურა, რომელიც ცდილობს თავისი სახელმწიფოსთვის ინფორმაცია მოიპოვოს. მნიშვნელოვანია სწორედ ამ რეზიდენტების ინფორმატორების გამომჟღავნება და არა ის, ვინ რა სიბინძურეს სჩადიოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში.

მე წავიკითხე ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი და იგი ვერ ერგება რეალობას. არ შეიცავს სწორ გათვლებს. როდესაც დასავლეთ გერმანიას ხელში ჩაუვარდა შტაზის არქივები, არც გაუნადგურებიათ და არც  გამოუქვეყნებიათ. რატომ არ გააკეთეს ეს გერმანელებმა? ქვეყანას არ უხდება ასეთი საიდუმლოს გამჟღავნება შიდა წესრიგის დასამყარებლადაც კი. როდესაც იცი, ვინ ვინ არის, ეს ძალიან კარგია, რადგან თუ იცი, უნდა მართო კიდეც და ყველას არ  უნდა გააგებინო, რომ ხელში გყავს მტრის ინფორმატორი. არ არსებობს ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც აგენტურის ინსტიტუტი არ ჰყავდეს. თუ სახელმწიფო თავს პატივს სცემს, ეს ხალხი უნდა გამოიყენოს და მტერს არ უნდა გამოაყენებინოს.

- თქვენი ასეთი კომენტარების შემდეგ, შესაძლოა თქვან, რომ ანზორ მაისურაძე ძველი, კა-გე-ბეს ეპოქის წარმომადგენელია და ყველაფრის გამოქვეყნება ხელს არ აძლევსო.

- ერთხელ პრეზიდენტმა გამსახურდიამ გამომიძახა და მითხრა, მართალია თქვენი არქივები სმოლენსკში წაიღეს, მაგრამ მსმენია, რომ შენ იცი, ვინ ვინ არისო. ვუპასუხე, ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც ვიცი-მეთქი. არ მითხრა, რომ ესა და ეს კაცი თქვენი აგენტი არ არისო. ვუპასუხე, ის ჩვენი კი არა, თქვენთან ერთად ჩვენი საერთო აგენტია-მეთქი. მთხოვა ინფორმაცია მის შესახებ, დავუწერე, წავაკითხე, თან გამოვართვი ის ნაწერი მაშინვე. ეგ კაცი მთხოვს, რომ მივიღოო. არ აგრძნობინოთ, რომ მასზე ყველაფერი იცით, მაგრამ თუ რამე გინდათ, სთხოვეთ და გაგიკეთებთ-მეთქი. როგორც ვიცი, იმ კაცს პრეზიდენტისგან არ უგრძნია, რომ მის შესახებ ყველაფერი იცოდა. ალბათ, რამე დაავალა და გაუკეთებდა კიდეც. აი, ასეა, ასეთი ხალხი უნდა გამოიყენო ქვეყნისთვის, სახელმწიფოს ძლიერებისთვის. პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ცხადია, ისიც, ვინ არის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვის. მეც იმის მომხრე ვიყავი, რომ პრეზიდენტს ყველაფერი სცოდნოდა. მაგრამ არ შეიძლება, პრეზიდენტმა ეს გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის. მოკლედ, ყოველთვის იმარჯვებდა ის სარდალი, მეფე თუ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახური ჰქონდა. ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელსაც იმ დროისათვის ყველაზე  ძლიერი მსტოვართა ინსტიტუტი ჰქონდა. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ  ყველაფერს გვეტყვის ამერიკა რუსეთთან ან თურქეთთან შეხვედრის შემდეგ. წინასწარ უნდა გაიგო ყველაფერი, მეგობართან შეხვედრისას მომზადებული რომ იყო და სხვამ არ გმართოს. სხვანაირად ვერ გაიმარჯვებ. სპეცსამსახურები ამისთვის არის შექმნილი და არა იმისთვის, რა გააკეთა პეტრემ ან ივანემ საბჭოთა კავშირის დროს. არც ამ არქივების მასალა დაიკარგება და ისტორია ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, მაგრამ ამ პროცესს ერთი საუკუნე არ ჰყოფნის. მეტი დრო უნდა, ყველაფერი რომ გაიფილტროს. თანამედროვე სპეცსამსახურის ინფორმაცია კი უნდა იყოს არა საარქივო თუ სამუზეუმო, არამედ საიდუმლო, დროული და აქტიური. ხუთი წუთით დაგვიანებაც კი საზიანო იქნება ქვეყნისთვის.

- თქვენ იცნობდით არქივებს, რომელთა ნაწილი დაიწვა, ნაწილი კი რუსეთში გაიტანეს. რა გადარჩა ხანძრის დროს?

-  როდესაც მე დავინიშნე მინისტრად, სამინისტროს შენობა მთლიანად დამწვარი იყო. ამიტომაც, რაც კი გადარჩა, პატარა ქაღალდიც კი, ისიც შევაგროვებინე თანამშრომლებს, ტომრებში ჩავაწყვე, მოვუკარი თავი და სახელმწიფო არქივს ჩავაბარე.

არქივის ნაწილს ჯერ კიდევ ხანძრამდე გავეცანი, გასული საუკუნის 80-იან წლებში. საქართველოს ისტორიისთვის ძალიან საინტერესო იყო დაზვერვის აგენტურის არქივი, რომელიც საუბედუროდ მთლიანად დაიწვა.

- არქივში მუშაობის დროს რა ნახეთ ისეთი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

- ვნახე ის, რითაც დაიწყო ე.წ. 37 წელი. ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად კომუნისტებმა ბევრი სტუდენტი გაუშვეს ევროპაში, რომელიც განათლების დონით უსწრებდა საბჭოთა კავშირს. უმრავლესობა გერმანიაში სწავლობდა. ეს ის დრო იყო, როდესაც გერმანიაში ფაშიზმი ძლიერდებოდა. ამიტომაც სტუდენტებიდან ბევრი გერმანიის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და მისცეს დავალება, საქართველოში ფაშისტური პარტიის უჯრედები შეექმნათ.

მოკლედ, მაშინდელმა საბჭოთა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია ამის შესახებ და ერთი პირი დააპატიმრეს. სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ის კი  მახსოვს, პირველად ქალი დააკავეს, რომელმაც 5 კაცი დაასახელა. იმ ხუთი კაცის ხელმძღვანელმა კიდევ სხვა უჯრედების ხელმძღვანელები, იმათ კიდევ სხვები ამხილეს და ჯაჭვი ძალზე გაგრძელდა. თურმე უამრავი ხალხი გახდა ფაშისტური ორგანიზაციის წევრი და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი. რა თქმა უნდა, ყველა მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო. მაგალითად, ტიციან ტაბიძე საარქივო ჩანაწერებში ამბობს, რატომ ის დღე არ დაიქცა, როდესაც ამ კრებაზე მივედიო. დაუძახეს, დაჰკითხეს და მანაც აღიარა, რომ იყო ფაშისტური უჯრედის კრებაზე, მაგრამ არ მომეწონაო. თუ არ მოგეწონა, ჩვენ რატომ არ გვითხარიო. მოკლედ, ამას მოჰყვა დიდი და უამრავი ტრაგედია. ჩეკისტებმა ყველას მოხვიეს ხელი და გაუსწორდნენ,  თუ ვინმე ახლოს გაეკარა ფაშისტურ უჯრედებს ან მათი ხელმძღვანელებისა და წევრების ნათესავები და ახლობლები იყვნენ. არადა, ძალიან ბევრი ტიციანივით მხოლოდ ერთხელ მივიდა კრებაზე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც საქართველოში დისიდენტური მოძრაობა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ დისიდენტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ 30-იან წლებში რეპრესირებულთა და სამშობლოს მოღალატეებად უკანონოდ გამოცხადებულთა შთამომავალნი ან ნათესავები იყვნენ. ეს არც გამკვირვებია. როგორია, როდესაც ჯერ ხალხის მტრის შვილად გაცხადებენ, მერე კი მამაშენის რეაბილიტაციას მოახდენენ და გეტყვიან, თურმე ის კაცი დამნაშავე არ იყოო. გაგიჟდა ხალხი, სძულდა ის რეჟიმი, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. თამრიკო ჩხეიძეს უკანონოდ ქმარდახვრეტილი ბებია აკვანს რომ ურწევდა, იქიდან მოყოლებული, ალბათ, იმას ეუბნებოდა, რა საშინელება იყო კომუნისტური რეჟიმი და არ გამოვიდოდა მისი შვილიშვილი დისიდენტი? საარქივო მასალების გაცნობისას გამაოგნა იმანაც, რომ თითქმის არც ერთი აღნიშნული საქმის გამოძიება ბოლომდე არ არის მიყვანილი. სპეცსამსახურების ჩვენს თაობას კი, თუ  ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდა, კაცს ვერ დავიჭერდით. 1961 წელს მივედი ამ სამსახურში და 30 წლის განმავლობაში 30-მდე კაცი დაიჭირეს, მაშინ, როდესაც 30-იან წლებში ათიათასობით კაცია დაჭერილ-დახვრეტილი.