"ნეტავ, იმ ომის დროს სად იყო თავად მალაშხია, რომელი ქალის კალთის ქვეშ იმალებოდა?!" - კვირის პალიტრა

"ნეტავ, იმ ომის დროს სად იყო თავად მალაშხია, რომელი ქალის კალთის ქვეშ იმალებოდა?!"

"სიმართლის აღიარება რუსოფილობაა?!"

"ჩვენი მთავრობა მტერთან არის მხდალი, თორემ თავის ხალხთან შეუვალია"

გენერალი გიორგი ყარყარაშვილი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებების ანალიზისას არც შოთა მალაშხიასა და არც გოკა გაბაშვილს თანაბარ წონით კატეგორიაში არ განიხილავს, თუმცა მათ დებატებში მაინც იწვევს.მიზეზი ერთია, - გიორგი ყარყარაშვილი ივანიშვილთან გაჩაღებულ იდეოლოგიურ ომს პასუხობს.

- სულაც არ მიკვირს, რომ  ბიძინა ივანიშვილმა  სამშობლოს ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის გამო მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა ამ გასაჭირში სწორედ  ხელისუფლების უგუნური სამხედრო-პოლიტიკური კურსის დამსახურებით ჩავარდა. სამწუხაროდ, სინანულს ან წუხილს  ვერ ვამჩნევ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ნუთუ ერთი კაცი არ არის მათ შორის, რომელიც იგრძნობს პასუხისმგებლობას, რაც სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს?! ხელისუფლება გვაიძულებს, დავიჯეროთ, რომ ომი "მოვიგეთ", მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მართალია, ის ყოველდღე ოკუპაციაზე საუბრობს, მაგრამ დეოკუპაციაზე კრინტს არ ძრავს, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა.

ვინ არის პასუხისმგებელი 2004-დან 2008 წლამდე ყოვლად გაუაზრებელ და უშედეგო სამხედრო-პოლიტიკურ კურსზე, თუ არა ეს ხელისუფლება?! როგორ მივედით 2008 წლის ტრაგედიამდე?! როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, შენი უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კეთილი უნდა ინებო და ერთი მხრივ, გაატარო ისეთი სამხედრო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ომს ააცილებს, მეორე მხრივ კი უნდა ემზადებოდე თავდაცვისთვის. ეს არის ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა და არა კონცერტების გამართვა და ზარ-ზეიმი.

- ნაციონალური ტელეარხები გადმოსცემენ, რომ ომი რუსეთმა საქართველოსთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო.

- ეს ხდება იმიტომ, რომ აღარ გავიხსენოთ ხელისუფლების  საარჩევნო დაპირება - აღადგენდა ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით 2004-დან 2008 წლამდე გადადგმული ნაბიჯები: სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა; სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის "აღდგენა" და ახალგორის ცხინვალთან მიერთება, კოდორის ხეობაში უაზრო "ფანდარასტები" და ავანტიურისტული ზარ-ზეიმები... ხომ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იმთავითვე შეცდომა იყო? ყოველდღიურად მწვავდებოდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არა მარტო სამხრეთ ოსეთის პლაცდარმზე სამხედრო კუთხით, არამედ დიპლომატიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ  დონეზეც. კონფრონტაცია დღითი დღე მწვავდებოდა, რაც რუსეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევით დაგვირგვინდა. ცხადი იყო, ამგვარ ვითარებაში რუსულ აგრესიას თავიდან ვერ ავირიდებდით. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი.

- თქვენ ამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

- სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის შედეგად ვაცხადებ, - ხელისუფლებამ არაფერი იღონა, რომ ომი არ დაწყებულიყო. როდესაც რადიკალიზმი უკიდურესობამდე მიდის, როდესაც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა გასცდება მშვიდობისთვის დასაშვებ ზღვარს, ომი გარდაუვალია. როცა ხედავ, რომ 4 წლის განმავლობაში მეზობელ სახელმწიფოსთან უკიდურესად დაგეძაბა ურთიერთობა, ხდება დღითი დღე კონფრონტაციული, რასაც შეიძლება ნებისმიერ დროს სამხედრო მოქმედებები მოჰყვეს, ქვეყანა თავდაცვისთვის, ტერიტორიები კი მოსალოდნელი აგრესიისთვის უნდა მოამზადო.  რასაკვირველია, ესეც არ გაკეთებულა, ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან ვერ დაიცვა. ამდენად, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უუნარო და უპასუხისმგებლო აღმოჩნდა. თუ ვინმეს ჰგონია, სიმართლის აღიარება რუსოფილობაა, ძალიან ცდება! პირიქით,  სიმართლის თქმას სამშობლოს ტკივილის განცდა გაიძულებს და არა რუსოფილობა! რადგან ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე თქვა, ამიტომაც არის რუსული პროექტი? კაცს, რომელიც მთელი სიცოცხლე სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს, სულიერ ტაძარს, სამებას აშენებს, ცოდნის ტაძარს (უნივერსიტეტს) არემონტებს, შეიძლება უთხრა პრორუსი ხარო?!

მაშინ მეც იგივე მითხრან, უფრო მეტიც, დებატებში ვიწვევ ნებისმიერს და მზად ვარ ნებისმიერმა ჭკუათამყოფელმა "გამანათლოს", როგორ იწყება ომი და რა არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა. მე კი ვეცდები მათ გავაგებინო, რომ ქართველობის განსაზღვრა შეუძლებელია იმ ნიშნით, ვის დაარქმევ პრორუსს და ვის არა!

- ჩანს, თქვენს ქართველობასაც ამ ნიშნით განსაზღვრავს მალაშხია...

- მაგრამ ვინ არის მალაშხია? ის ერთი კაცის  აზრის მონაა. ვინ აღირსებდა პარლამენტში  მოხვედრას, რომ არა მისი  მლიქვნელობა?! ჩემი ბიოგრაფია კი ომის და მშვიდობის ჟამსაც საქართველოს მოსახლეობამ ორჯერ შეაფასა და მალაშხიასგან  განსხვავებით, მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩია.

ადამიანის შეფასება შეიძლება მხოლოდ გაკეთებული საქმეებითა და განვლილი ცხოვრებით. მალაშხიებსა და მისთანებს ვეტყვი, რუსობა არ არის, სამშობლოს ბედი რომ გაწუხებს, პირიქით, ეს ქართველობაა! რუსეთ-საქართველოს ომის ისტორია ჩემი ღვიძლი ძმისა და ომში შეძენილი ძმების სისხლით არის დაწერილი და ნეტავ, მისი აზრით, რომელი ისტორიული წიგნი უნდა წავიკითხო, რომ ამაზე უფრო მრავლისმთქმელი იყოს?! ჩვენი ხელისუფლება მტერთან არის მხდალი, თორემ თავის ხალხთან ასეთი შეუვალია! ნეტავ, იმ ომის დროს სად იყო თავად მალაშხია, რომელი ქალის კალთის ქვეშ იმალებოდა?! თუკი თავად ვაჟკაცობის მაგალითი არასოდეს უჩვენებია, სხვისაზე როგორღა იმსჯელებს?! თუმცა რა მიკვირს, დიდი ხანია გაჩაღებულია ქართველ ხალხთან იდეოლოგიური ომი, რომელიც ჩემისთანებისთვის ყოველდღიური ბრძოლაა.